воскресенье, 25 августа 2013 г.

“”ვირტუალურ რწმენას” მორწმუნეობასთან კავშირი არ აქვს…”

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად იქმნება ისეთი შინაარსის საეკლესიო “გვერდები”, რომლებიც, ერთი მხრივ, ადამიანთა რწმენაში განმტკიცებას ემსახურება, მეორე მხრივ კი ფანატური მახასიათებლების შემცველია. რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი “გვერდების” შექმნა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ამბიონს” თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა:

“თანამედროვე კაცობრიობა ტექნოგენეზისის ხანაში ცხოვრობს. ეს არის ეპოქა, როცა მეცნიერულმა მიღწევებმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს. სხვადასხვა ინოვაციურმა თეორიებმა თუ ჰიპოტეზებმა ხორცი შეისხა, რამაც თავისი მატერიალური ნაყოფი გამოიღო. წინსვლის კოლოსალური შედეგები მოგვცა მობილური სისტემებისა და კოსმოსური კომუნიკაციების ახალმა, მოდერნისტულად დახვეწილმა და გაუმჯობესებულმა შესაძლებლობებმა. ამან ერთგვარად გაამარტივა და ფიზიკურად გააიოლა ცხოვრება, თუმცა ისმის ლოგიკური შეკითხვა: ადამინისთვის ყოველთვის სარგებლის მომტანია ტექნიკური პროგრესი? რამეთუ ხშირ შემთხვევაში მისი არაჯანსაღი მოხმარება იწვევს პიროვნების შიდა სამყაროს, სულიერი თუ ფსიქიკური მდგომარეობის დაზიანებას. ამიტომ ამ მიმართებით, იმისათვის, რომ მავნე ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, სერიოზული წინდახედულობა და სირთხილეა საჭირო.


რაც შეეხება სოციალურ ქსელებსა და იქ რელიგური შინაარსის გვერდების მოხმარებას, აქ უფრო მეტად ფაქიზ და სათუთ საკითხებზეა გადასული აქცენტი, სადაც მეტწილად არაკომპეტენტური, ისტერიული ხასიათის ფსევდო მისიონერობას ვაწყდებით, რაც ძალზე სახიფათო ტენდენციაა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც პრობლემების წინაშე ვიმყოფებით. კონტროლის მექანიზმი კი, ალბათ, ერთადერთია – კვალიფიციური მხილება სიყვარულით, შეურაცხყოფისა და აგრესიის გარეშე. თუმცა ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა გამონაკლისის სახით ძალიან საინტერესო და პოზიტიურ მასალებსაც შეხვდებით ინტერნეტსივრცეში, კერძოდ კი – facebook-ის არეალში, რაც ჩემს პრაქტიკაში არც თუ ისე იშვიათად შემინიშნავს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ზომიერი მიდგომა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ზოგადად კი უფრო მეტი ეფექტურობა პირად მაგალითს მოაქვს, მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრების წესით, მდუმარედ ქადაგებს და არა ილუზორული და ვირტუალური მეთოდებით.”

საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარი სულიერი პრობლემებისას მოძღვართან მისვლის ნაცვლად ხსნას სოციალურ ქსელებში საკუთარი “სტატუსებისა” და “პოსტების” გამოქვეყნებით ცდილობს, რა განაპირობებს ასეთ მიჯაჭვულობას სოციალურ ქსელებზე?

ამ თემასთან დაკავშირებით რთულია კონკრეტული დიაგნოზის დასმა, რადგან ცალკეული ადამიანები ინდივიდუალურად გრძნობენ სამყაროს რეალობას და ეს მათი ფუნდამენტური უფლება თუ პირადი მდგომარეობაა. დღეისათვის კი ადამიანთა გემოვნებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ გონებისა და გულის ურთიერთდაპირისპირებამ გონების სასარგებლოდ იმუშავა. ინერნეტსივრცის ნეგატიურ მხარეს უპირველესად რეალურიდან ვირტუალურ ურთიერთობებში ადამიანის “გადაქაჩვა“ წარმოადგენს, რაც, რასაკვირველია, ფიტავს და აცარიელებს სულიერ ორგანიზმს. საერთოდ კი უმთავრეს პრობლემას, ალბათ, ის საყოველთაო დეპრესია და კარჩაკეტილობა წარმოშობს, რაც ესოდენ მძაფრად აისახება დღევანდელ საზოგადოებაზე. ამჟამად, მიწიერი თუ ყალბი მისწრაფებები და მატერიალისტური იდეები წამყვან ზრახვებად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში, რამაც საგრძნობლად დააქვეითა ადამიანების ფასეულობათა სისტემა. ადამიანთა დაუოკებელმა ამბიციებმა მათ შეგნებაში, თავის მხრივ, გამოიწვია ღმერთის, როგორც ავტორიტეტისა და უმაღლესი ღირებულების უკანა პლანზე გადაწევა, რაც ბუნებრივად აისახა კიდეც თანამედროვე სამყაროზე. მატერიალისტურ–რაციონალისტური აზროვნება გულს “იმშვიდებს” და რეალურ სახეს ემიჯნება.

ყველაზე უფრო მტკივნეული პრობლემა გახლავთ საყოველთაოდ გავრცელებული ეგოიზმი, რომელიც „მე“–ს გაკერპებიდან მომდინარეობს და შეიცავს ამპარტავნულ თვისებებს. თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ჭეშმარიტი მოშურნეობა, ნამდვილი ძიება ღვთისა თითქმის დაკარგულია საზოგადოებაში და უმეტესად ადამიანები ეკლესიაში დადიან ნომინალური მორწმუნის სტატუსით. ისინი მხოლოდ გარეგნულ თაყვანისცემას ეშურებიან და ოდნავადაც არ ზრუნავენ გულისთქმების, ყოფაქცევისა და აზროვნების განწმენდაზე. მხოლოდ ფსიქო–სოციალურ ნუგეშსა და მხნეობას ეპოტინებიან და მარტოოდენ ეკლესიური ადამიანის სტატუსს ჯერდებიან. არადა რელიგიური აზროვნება მუდმივ დინამიკასა და ზეაღსვლას უნდა წარმოადგენდეს, იგი არასდროს სტატიკურ დახუთულობაში არ უნდა შეჩერდეს და მოტივირებული უნდა იყოს საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: “ჩემი ყველაზე დიდი მტერი თავად ჩემშია და ეს არის საკუთარი ვნებები”. ქრისტიანისათვის ბრძოლის სარბიელად პიროვნული “მე” მიიჩნევა. იქ მიღწეული წარმატება კი გმირობის ტოლფასია. აი, მაგალითად: ძველ რომში გმირობა უფრო მეტად თვალსახილველ სივრცეში ვლინდებოდა: პოლიტიკაში, სპორტში, ხელოვნებაში, ბრძოლაში და ა.შ.; მაშინ, როცა ქრისტიანულმა სწავლებამ საკუთარი თავის (ვნებების) დათრგუნვაში მოიაზრა გმირობა და მას სულის ღონე უწოდა და არა სხეულის. სწორედ ამის გაანალიზება გულისხმობს სულიერი კათარზისის ასპარეზზე სწორ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ყოფითი სიმძიმეებით დატვირთული ცხოვრების დაძლევას.

საინტერესოა ერთი რამ: კბილი როცა გვტკივდება, მაშინ დაუზარელად მივიჩქარით სტომატოლოგთან და facebook–ით არასოდეს ვიწყებთ მის მკურნალობას, მოძღვართან მისვლა კი გვეზარება და არც გვცალია ამისათვის. არადა უფალმა თავად დაადგინა სამღვდელოება ჩვენდა საცხოვნებლად და დასახმარებლად, თანაც თავადვე დასძინა: „მოვედ ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენო თქუენ“–ო, ანუ უფალი დაგვიამებს ყველა ტკივილს, თუკი ეკლესიაში მივალთ მასთან, რაც, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელია შუამავლის -სასულიერო პირის გარეშე, ისევე, როგორც ოპერაციას ვერ გაგიკეთებს თავად საავადმყოფოს შენობა, თუკი ექიმს არ მიმართე. უშუალო და ცოცხალი შეხებაა საჭირო ცოცხალ ღმერთთან, რომელიც არასოდეს არ გვტოვებს, თუკი ჩვენ მას გულით ვეტრფით და იგი მუდამჟამ თბილად გვიმეორებს ერთსა და იმავეს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა… აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ“.

როგორ დაიცვან ზომიერება, ბალანსი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, როდესაც ჩვენს “გვერდზე” ყოველწუთიერად ჩნდება “სტატუსებად” წმიდანთა შეგონებები, ეკლესია-მონასტრების სურათები და მათ “გაზიარებას” გვთხოვენ?

პირადად მე, ცალსახად უარყოფითი და ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ მაქვს რელიგიური შინაარსის “გვერდებზე”. როცა ვაკრიტიკებ თავად ტენდენციას, აქ ჩემი გულისწყრომის სამიზნე არიან ის ადამიანები, რომელნიც მარაზმში ვარდებიან და სხვებს თავს ახვევენ თავიანთ (იდეაში) ფაქიზ შეხედულებებს. როცა ვხვდებით ისეთ “სავალდებულო” მოწოდებებს, როგორიცაა “გააზიარე, თუ ქრისტიანი ხარ”, ეს არის არაჯანსაღი და დამახინჯებული მიდგომა საკრალური საკითხისადმი. თუმცა აქვე დავძენდი, რომ უმეტესობას, ალბათ, გაუცნობიერებლად მოსდის ეს და შესაბამისად, დაბალი თეოლოგიური კულტურით ემართება, რაც იმედია, დროთა განმავლობაში თუ სრულად ვერა, ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად საღვთისმეტყველო კატეხიზაციის საკითხი დღევანდელი ქართული ეკლესიის ყველაზე უფრო დიდი საწუხარი და ჯერჯერობით მოუშუშებელი პრობლემაა.

საკმარისია თუ არა დღევანდელობაში მხოლოდ „ვირტუალური რწმენა“ ქრისტიანული ცხოვრების სწორად წარმართვისათვის?

რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი! მეტიც, „ვირტუალურ რწმენას“ არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის შინაგან სარწმუნოებასთან. სწორად ცხოვრების ხელმწიფება ეკლესიას გააჩნია მხოლოდ, რადგან იგია ანარეკლი ზეციური მეუფებისა და მხოლოდ მის წიაღშია შესაძლებელი წონასწორობის დაცვა. უფალს ჩვენი გული აინტერესებს, ჩვენი მცნებებისადმი ერთგულება, მოყვასის სიყვარული და ზეციური სამყაროსადმი რეალური თაყვანისცემა და არა ვირტუალური “ღვაწლი”. უნდა გავხსოვდეს, რომ გულიდანაა მარადისობაში გასასვლელი, გულის მდგომარეობის მიხედვით წარვსდგებით თითოეული ჩვენგანი ღვთის წინაშე და არა ვირტუალური გაწაფულობით. უფალი დაფარულში აღსრულებულ სათნოებებს უფრო მეტად შეიწირავს, ვიდრე საჯაროდ გამოფენილ რელიგიურ გრძნობებს.

საკმარისია ადამიანი დაკვირვებით ჩაუღრმავდეს საკუთარ გულისთქმებს, ის მაშინვე აღმოაჩენს თავის თავში ფრიად გამეფებულ ფარისევლობასა და თვალთმაქცობას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრჯერ შემინიშნავს ამ კუთხით facebook–ზე აქტიური ადამიანები, თუ როგორი აგრესიითა და ზიზღით ეკიდებიან ოდნავადაც კი განსხვავებულ მოსაზრებებს, ზოგჯერ, პირიქითაც, მოჩვენებითი თავმდაბლობით ვითომდა იწყებენ ქრისტეს ქადაგებას და ამ დროს რეალურ ცხოვრებაში მიტევების უნარიც არ გააჩნიათ, არ ლოცულობენ, მშობლებს პატივს არ სცემენ, უფროსებს ამცირებენ, მოყვასის მანკიერ მხარეებს ცინიზმით აქილიკებენ, მუდმივად სასულიერო პირებს განიკითხავენ და რომ ჰკითხო, ღვთისნიერებაზე აქვთ პრეტენზია. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება და მათ შორის მრევლის უმეტესობაც ქრისტიანული ეთიკის მხრივ ჯერ კიდევ გამოუწრთობი და უმწიფარია.

მიმაჩნია, რომ გარეგნული ღვთისმსახურება იმდენად არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რამდენადაც ის შინაგანს სჭირდება და ემსახურება პიროვნების სრულყოფასა და მის გაჯანსაღებას.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა გულისხმობს დიდსულოვნებას. წმიდანების შეყვარება ადვილია, ისინი ხომ ამის ღირსნი არიან… ძნელი დაცემული ადამიანის შეყვარებაა, ალბათ, თუ უფალს ვერ დაინახავ უარმყოფელი პეტრეს ცრემლებში, მეძავი მარიამის სიწმინდესა და ჯვარცმული ავაზაკის სიმართლეში, მაშინ ძალიან შორს ხარ სულიერი აზროვნებისაგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთის სახელი სიყვარულია და ეს არა მარტო მისი ეპითეტი, არამედ, უპირველესად, მდგომარეობაც გახლავთ… და კიდევ, საოცარია თითოეული იგავი სახარებიდან, მაგალითად: მოწყალე სამარიტელზე, მეზვერესა და ფარისეველზე, მეთერთმეტე ჟამის მუშაკზე და სხვა.

ალბათ, უფალი კვლავაც მიწაზე ზის და თავისი მოწყალე თითებით კაცობრიობის ცოდვებს წერს ქვიშაში… და მაინც მოწყალე თითებით აკეთებს ამას…

თეონა ნოზაძე


http://www.ambioni.ge/virtualuri-rwmena



Комментариев нет:

Отправить комментарий