четверг, 1 августа 2013 г.

მადლი.

სიტყვას - „მადლი“ (ბერძნ. χαρίς - სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა) წმიდა წერილში განსხვავებული მნიშვნელობანი ენიჭება.

იგი ზოგჯერ აღნიშნავს ღვთის წყალობას ზოგადად: „ღმერთმან ყოვლისა მადლისამან“ (I პეტ. 5,10). ამ ყველაზე ფართო გაგებით, მადლი არის ყველა დროში ღირსეულად მცხოვრები ადამიანების სათნოყოფა (ასეთნი არიან მაგ. ძველი აღთქმის მართალნი: აბელი, ენოქი, აბრაამი, მოსე წინასწარმეტყველი და გვიანდელი წინასწარმეტყველნი).

ახალ აღთქმაში მადლის ცნება უფრო დაზუსტდა. განასხვავებენ მის ორ ძირითად მნიშვნელობას: პირველი - საღვთო ანუ ქრისტეს მადლში იგულისმხება ჩვენი გადარჩენის მთელი განგებულება, რომელიც ძე ღვთისას ამქვეყნად მოსვლით, ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ზეცად ამაღლებით აღსრულდა: „მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს“ (ეფ. 2,8-9). მეორე - მადლი ეწოდება სულიწმიდის ნიჭებს, რომლებიც ვლინდება და გარდამოდის ქრისტეს ეკლესიაში მისი წევრების განწმედის, სულიერი ზრდისა და მათ მიერ ზეციური სასუფევლის მისაღწევად.

ამ მეორე, ახალი აღთქმისეული მნიშვნელობით მადლი არის ზეციდან გარდამოვლენილი და ქრისტეს ეკლესიაში დავანებული ძალა ღვთისა, ამაღორძინებელი, მაცოცხლებელი, სრულმყოფი, მორწმუნე და კეთილმსახური ქრისტიანის წარმმართავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული ცხონების მისაღებად.

ამიტომ მოციქულები თავიანთ ნაწერებში ხშირად ხმარობენ ბერძნულ სიტყვას χαρίς - მადლი, რომელიც მნიშვნელობით იგივეა, რაც სიტყვა δΰναμι - ძალა. ტერმინს „მადლი“ წმიდა ცხოვრებისათვის ზემოდან მონიჭებული „ძალის“ მნიშვნელობით სამოციქულო ეპისტოლეებში მრავალჯერ ვხვდებით (2 პეტ. 1,3; რომ. 5,2: რომ. 16,20; I პეტ. 5,12; 2 პეტ. 3,18; 2 ტიმ. 2,1; I კორ. 16,23; 2 კორ. 13,13; გალ. 6,18; ეფ. 6,24 და სხვა). პავლე მოციქული წერს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12,9).

მხედველობაში უნდა მივიღოთ სიტყვა „მადლის“ უკვე ნახსენებ მნიშვნელობათა შორის განსხვავება და, აგრეთვე, ახალი აღთქმის წმიდა წერილში მისი უპირატესად საღვთო ძალად გააზრების გარემოება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროტესტანტიზმში დამკვიდრდა სწავლება, რომელიც მაცხოვრის მიერ ჯვარზე აღსრულებულ ღვაწლში - ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვის დიად საქმეში, მადლს ზოგად მნიშვნელობას ანიჭებს. პროტესტანტების აზრით, მაცხოვრის ღვაწლით ცოდვებისგან გათავისუფლებული, მორწმუნე ადამიანები უკვე გადარჩენილებად ითვლებიან. მაგრამ მოციქულები გვასწავლიან, რომ ქრისტიანს საჩუქრად ებოძა განმართლება საერთო გამოსყიდვის მადლით. მაგრამ ქვეყნად იგი, როგორც პიროვნება, ჯერ მხოლოდ „ცხორებულია“ (I კორ. 1,18) და ესაჭიროება მადლმოსილი ძალების მხარდაჭერა. ,,... მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ“ (რომ. 5,2): „რამეთუ სასოებით ვცხონდებით“ (რომ. 8,24).

როგორ მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა?

ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე - მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი მისი შეთვისებისა ისე, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა,რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები.

ამ ორი საწყისის ერთობლივ მოქმედებაზე საუბრობს პეტრე მოციქული: „რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ... და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ და ღმრთისა მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ“ (2 პეტ. 1,3,5-9). ასევე პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: „შიშითა და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფლპ. 2,12-13), ანუ თავად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე საღვთო მადლით გეძლევათ. „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“ (საკვირაო ცისკრის წარდგომა, ხმა 3).

ამ წმიდა სწავლების შესაბამისად, კართაგენის (III ს.) კრებამ განმარტა: „ვინც ამბობს, რომ საღვთო მადლს, რომლითაც განვმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ ჩადენილი ცოდვების მოტევება შეუძლია და არ მოგვმადლებს შემწეობას, რათა შემდგომში აღარ ვცოდოთ, შეჩვენებული იყოს! რამეთუ საღვთო მადლი არა მარტო გვაძლევს ცოდნას, თუ რა უნდა ვაკეთოთ, არამედ სიყვარულს შთაგვბერავს, რათა შევძლოთ, აღვასრულოთ ის, რასაც შევიცნობთ“.

მართლმადიდებელ მოსაგრეებს თავიანთი გამოცდილება კარნახობს, მთელი ძალით მოუწოდონ ქრისტიანებს, თავმდაბლად შეიგნონ თავიანთი უძლურება, რათა იმოქმედოს ღვთის მაცხონებელმა მადლმა. ამის თაობაზე შთამბეჭდავია ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარიგებანი (XI ს.):

„თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს. როგორც ნეტარი პავლე მოციქული ამბობს, სულმა უნდა იღაღადოს მთელი ხმით, კაცთა და ანგელოზთა გასაგონად, რომ მოქმედებს არა თავად, არამედ „მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა“ (I კორ. 15,10). მოციქულები და წმიდანები, მოწამენი და იერარქები, ღირსნი და მართალნი - ყველა აღიარებს სულიწმიდის ამგვარ მადლს. ისინი ასეთი აღიარებისათვის იღვწოდნენ და მისი (მადლის) შემწეო აღასრულეს ღვაწლი კეთილი და სლვაჲ თჳსი“.

„ქრისტიანის სახელის მატარებელს, - ვკითხულობთ იმავე მამასთან, - თუ გულით არ სწამს, რომ სარწმუნოებით ბოძებული საღვთო მადლი არის წყალობა ღვთისა... თუ იგი იმ მიზნით არ იღვწის, რომ პირველად საღვთო მადლი ნათლისღებით მიიღოს, ან თუ გააჩნდა და ცოდვის ჩადენის გამო დაკარგა, ისევ მოიპოვოს სინანულით, აღსარებითა და თავის დამამდაბლებელი ცხოვრებით: და ამის ნაცვლად არიგებს მოწყალებას, მარხულობს, მღვიძარებს, ლოცულობს და ა.შ. და თან ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან სათნოებებსა და თავისთავად დასაფასებელ კეთილ საქმეებს ასრულებს, ამაოდ გაირჯება და დაშვრება“.

რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტანულ ღვაწლს? იგი იარაღია, რათა დაითრგუნოს „გულისთქუმაჲ ხორცთაჲ, გულისთქუმაჲ თუალთაჲ,სილაღე ამის ცხორებისაჲ“ (I ინ. 2,15-16). მისი საშუალებით განიწმიდება სულიერი ველი ქვათაგან, სარეველებისა და ჭაობის წუმპესგან და მომზადდება წმიდა ნათესისათვის, რომელსაც ზემოდან გარდამოსული საღვთო მადლი მორწყავს. საღვთო განგებულება და მადლი ნათქვამიდან გამომდინარე გვმართებს, განვასხვავოთ ცნებები:


საღვთო განგებულება და საღვთო მადლი.


საღვთო განგებულებას ვუწოდებთ ძალას, რომლის შემწეობითაც ხდება სამყაროს, შესაბამისად კაცობრიობისა და თითოეული ადამიანის არსებობისა და ცხოვრების შენარჩუნება. საღვთო მადლი არის სულიწმიდის ძალა, რომელიც მოიცავს ადამიანის შინაგან არსებას და მას სულიერი სრულყოფისა და ცხონებისაკენ წარმართავს.


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий