пятница, 2 августа 2013 г.

მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე.I

სახელმწიფოებრივი კატეხიზმო

მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე



მეფობა ღვთივდადგენილია
„უთხრა უფალმა... დაუდგინე მათ მეფე"
(1 მეფეთა 8.22)


„ხალხთა მართვის საქმე - ყველაზე რთული საქმეა, - ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი, საუბრობს რა ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე - თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას".

,,ვინ სვამს მიწიერ მეფეებს ტახტზე? იგი, ვინც ერთი მხოლოჲ ზის დაუსაბამობიდან ცეცხლივით მოტყინარე საყდარზე, - აგრძელებს მამა იოანე. - მიწიერ მეფეებს ერთი მხოლოდ მისგან ეძლევათ სამეფო ძალაუფლება; იგი აკურთხევს მათ სამეფო დიადემით (გვირგვინით). მხოლოდ ღმერთს შეუძლია რჩეული ადამიანი უფლებამოსილი გახადოს მეფობაზე და უბოძოს მას თვითმპყრობელური ძალაუფლება, შემოსოს დიდებითა და ძალით.

მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი წერს, რომ ,,წმ. წერილი ამ ჭეშმარიტებას საკმაოდ მკაფიოდ გადმოსცემს, როდესაც ამბობს:

1. რომ ღმერთი მაღალ არს და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა (ფს.46.3-8;94.3), რომ იგი მეფობს ყველა ხალხზე (94.3), მას მორჩილებს ყოველი ტომი (ფს.21.29), მოჰხედავს ყოველთა (ფს.65.7), განსჯის თითოეულ ერს (ფს.66.5).

2. რომ იგი - ა) თვითონ უდგენს ხალხებს მეფეებს: უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს (დანიელი 4.29); ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს (დანიელი 2.21), ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ (ზირ.17.14, სიბრძნე 6.1-3) თითოეულ სამეფოში ადგენს, როგორც თავის ხილულ მოადგილეებს: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი (ფს. 81.1-6; გამოსვლ. 22.28);

ბ) და ამ მიზნით ანიჭებს მათ ძალასა და ხელმწიფებას (სიბრძ. 6.3) გვირგვინოსან-ჰყოფს მათ დიდებითა და პატივითა (ფს.8;6), თავის წმინდა საცხებელს სცხებს მათ (ფს.88.21, ისაია 41.1), ისე რომ იმ დღიდან და მერეც უფლის სული წარმართავს მათ (1 მეფ.16.13); და ბოლოს, მეფეთა მიერ თვითონ მართავს მიწიერ სამეფოთ; მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს (იგავნი 21.1).

3) რომ იგი - ა) თავის ცხებულის მიერ დაადგინებს სხვა დაბალ ხელისუფალთაც: დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი (რომ.13.1); ღმერთის გულისთვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას: გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავართ, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ (1 პეტრე 2.13-14);

ბ) და დაადგენს მათ, როგორც თავის მსახურთ, ადამიანთა საზოგადოებისთვის ბედნიერების მისანიჭებლად: მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა არ გეშინოდეს ხელმწიფისა? კეთილი ჰქმენ და იქები მისგან. რადგანაც იგი ღვთის მსახურია, შენდა სასიკეთოდ, მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ გეშინოდეს. ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი: იმისათვის რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისითაც. (რომ. 13.3-5).

წმინდა მამები და ეკლესიის მსწავლებლები ასევე ხშირად იმეორებდნენ, რომ ღმერთი მართავს ადამიანური სამეფოებით და უგზავნის მეფეებსა და სხვა ხელისუფალთ. აი, მაგალითად, სიტყვა წმ. ისიდორე პელუსიოტისა: ეკლესიას ოდითგანვე ესმოდა, რომ სამეფო ხელისუფლება ღვთისგანაა დადგენილი.

წმ. ფილარეტ მოსკოველისა: ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი - ღირსია ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი - ამ გზით სათნო-ეყოფა თვითონ ღმერთს: რამეთუ მეფე ღვთის მიერაა განწესებული

წმ. იოანე კრონშტადტელისა: სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცებული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფის მიერ.



სამეფო ხელისუფლების აუცილებლობა

„ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება,
ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა"
ღირსი სერაფიმ საროველი


დე ნურავინ ირწმუნებს მაცთურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთია სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, - წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, - არა, ჩვენ - ქრისტიანები - ამ სოფლად ვცხოვრობთ და ამ ქვეყნიდან არ გავალთ, უფრო ადრე, ვინემ შემოქმედმა დაგვიწესა (1კორ.5.10). ამდენად სულერთი სულაც არაა რა ხდება ჩვენს სამოქალაქო ყოფა-ცხოვრებაში, რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.

ფიზიკურად შეუძლებელია ყველა იმ წმინდანთა ნააზრევის მოყვანა, რომლებიც ხალხისთვის სამეფო ხელისუფლების აუცილებლობისა და სარგებლობის შესახებ მსჯელობდნენ. გამონაკლისი დავუშვათ მონარქიული სახელმწიფოებრიობის უმთავარესი იდეოლოგისა და აპოლოგეტის ფილარეტ მოსკოველისათვის.

„რამდენადაც, უეჭველია, ზეცა უკეთესია მიწაზე და ზეციური მიწიურზე: უსათუოდ ამდენადვე დედამიწაზე ყველაზე უმჯობესი ის უნდა იყოს, რაც ზეციური ხატების მიხედვითაა მოწყობილი, რასაც ასწავლიდა უფალი ღვთისმხილველ მოსესაც: იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე (გამოს. 25.40), ანუ ღვთისმხილველობის სიმაღლეზე.

მსგავსად ამისა, თავისი ზეციური ერთმმართველობისდა დარად მოაწყო ღმერთმა მიწაზე მეფობა, თავისი ყოვლისმპყრობელობისდა მიხედვით - მეფე თვითმპყრობელი; თავისი წარუვალი სასუფეველისდა დარად, საუკუნიდან და უკუნისამდე რომ ჰგიეს, - მეფობა მემკვიდრეობითი. ნეტარება ხალხსა და სახელმწიფოს, რომელშიც ერთიან, საყოველთაო, ნათელ, ძლიერ, ყოვლადმიმზიდველ, ყოვლისმამოძრავებელ ცენტრად ქცეულა მეფე, მსგავსად მზისა თავის გალაკტიკაში, და რომელიც სიბრძნით, სულგრძელებით, სიყვარულით ხალხისადმი, საყოველთაო სიკეთის სურვილით, კეთილი რჩევისათვის ყურის მიპყრობით, თავის წინამორბედთა და საკუთარი კანონების პატივისცემით ზღუდავს თავის შეუზღუდველ თვითმპყრობელობას ნებითა ზეციური მეუფისათა.



სამეფო ხელისუფლების კეთილისმყოფელობა

„შეუძლებელია ქრისტიანებს ჰქონდეთ ეკლესია,
მაგრამ არ ჰყავდეთ მეფე"
მსოფლიო პატრიარქი ანტონი


„სამეფო ხელისუფლება არსებითად აუცილებელი და საერთო სარგებლობის მომტანია, - განგვიმარტავს წმ. იოანე კრონშტადტელი, - საღი და მშვიდი გონების ადამიანები ყოველთვის აღიარებდნენ ხალხისთვის 'სამეფო ხელისუფლების აუცილებლობასა და სარგებლობას და სამეფო თვითმპყრობელობის ხელყოფას პირდაპირ უაზრობად სთვლიდნენ. მეფე თვითმპყრობელურად მართავს ხალხს, მსგავსად ღვთიური ხელისუფლების ერთმმართველობისა, მეფეთა მეფის დარად, როგორც თავი სახელმწიფოსი, ამ ვეებერთელა პოლიტიკური გვამისა, რომელიც მწყობრად შენაწევრებულა და გამთლიანებულა ერთი თავით... მაშასადამე, ერთმმართველობა და თვითმპყრობელობა სახელმწიფოსი, ეკლესიასთან კავშირში აუცილებელია და არის უდიდესი სიკეთე მისთვის, ისე როგორც სამყაროსთვის ღვთიური ერთმმართველობა და ყოვლისმპყრობელობა".

„მაშასადამე, საჭირო კია გავიმეოროთ: ღვთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდეთ? (1 პეტრე 2.17). მოხარული ვიქნები, თუკი არაა საჭირო; ვფიქრობ, ეს არ იქნება ზედმეტი. გვაქვს მოვალეობა არამარტო ღვთის წინაშე, არამედ მეფისაც; ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ერთიც და მეორეც ერთად შეიძლება და საჭიროცაა აღვასრულოთ. მოციქულის ამ ნააზრევში განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი რა შეიძლება შევნიშნოთ? - წერს ფილარეტ განმანათლებელი, სურს რა განგვიმარტოს, რომ სახარების მცნება მეფის პატივისცემაზე ქრისტეანებს სამარადჟამოდ მიეცათ. - ვიდრე ვუპასუხებდეთ წარმოდგენილ კითხვას, საჭიროა მოვიგონოთ, პირველ საუკუნეში დაწერილი ქრისტეანობა ამ საუკუნის ადამიანებისთვისაა შემოთავაზებული, თუმცაკი სხვაფრივ, სული სახარებისა, როგორც სული ღვთისა მოიცავს ყოველ დროს; და ამდენად რასაც ის წარმოთქვამს პირველ საუკუნეში საჭიროა და დამაკმაყოფილებელი ჩვენშიაც, ისევე როგორც სხვა საუკუნეებში.



მეფე - ცოცხალი ხატი ღვთისა

„მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა"
ღირსი მაქსიმე ბერძენი


მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ „ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია: მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში" - სიტყვისამებრ წმ. დიმიტრი როსტოველისა.



მიწიერი სამეფოს ზეციური ღირსება

„რწმენა აკურთხევს მიწიერ ხელისუფლებას,
წარმოაჩენს მათ ზეციურ წარმომავლობას"
წმ. ფილარეტ მოსკოველი


„ოხ, ნეტა კი ყველა ხალხი ჩასწვდებოდეს მეფის ზეციურ ღირსებასა და მიწიერი სამეფოს წყობილებას ზეციურისდა მიხედვით და გამუდმებით გამოისახავდნენ თავის თავში იგივე ხატებას, - კეთილმოკრძალებითა და სიყვარულით მეფისადმი, მისთა კანონთა და განკარგულებათა მიმართ თავმდაბალი მორჩილებით, ურთიერთთანხმობითა და ერთსულოვნებით და განიშორებდნენ ყოველივეს, რასაც არა აქვს მსგავსება ზეცაში, - თავის ამაღლებას, განხეთქილებას, თავნებობას, ანგარებასა და ყოველგვარ ბოროტ აზრს, განზრახვასა და ქმედებას! მაშინ ყველა მიწიერი სამეფო იქნებოდა ღირსეული წინკარი ზეციური სასუფევლისა" - განმარტებას იძლევა ფილარეტ განმანათლებელი, რათა თითოეული გულისხმაჰყოფდეს, რომ მიწიერი სამეფო იქმნება თავისი ზეციური პირველხატის მადლით. ამდენად - აზრი და მოქმედება ზეციურ და მიწიერ სამეფოთა, - როგორც გვასწავლის იგივე მწყემსი ეკლესიისა, - საგონებელია ერთგვაროვნად: „თუკი ვინმე თავს არიდებს ღმერთის განდიდებას, ასეთს უნდა მივუთითოთ, რომ იგი სცილდება ყველა ღვთიურ ქმნილებათა რიგს, რამეთუ ესაა მათი საერთო დანიშნულება, თუმცაღა სხვადასხვაგვარად აღსასრულებელი, ქმნილებათა მრავალგვაროვნებისადა გამო. დედამიწა სანერგეა და სასწავლებელი ზეცისა; რის გამოც აქ იმის საწყისებს მაინც უნდა დავეუფლოთ, რასაც ზეცაში იქმან, რათა მან მიწიერი ცხოვრების შემდეგ არ უარგვყოს, როგორც სავსებით უუნარონი. სხვაგავარად რომ ვსთქვათ „მიწიერი სამეფოს უღირსი მოქალაქე ზეციური სასუფევლისთვისაც უვარგისია".



ერთმმართველობა და თვითმმართველობა

„ღმერთმა უბრძანა მეფეებს იმეფონ და მართონ ქვეყანა,
ამადაც იწერებიან ტიტულებში თვითმპყრობელებად"
ღირსნი სერგი და გერმანე ვალაამელები


ერთმმართველის ნება არ უნდა იზღუდებოდეს ქვეშევრდომთა ნებით: სწორედ ესაა ერთ-ხელისუფლებიანობა (მონო-არქი). თვითმპყრობელის ძალაუფლება კი - ესაა ხელისუფლება, რომელიც ეკლესიიდან ამოიზარდა, ეკლესიის იდეალიდან და ამ რელიგიური პრინციპითაა შეზღუდვილი.

„ესმოდათ რა თავიანთი თვითმპყრობელური ხელმწიფება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ღვთის მსახურება და მათდა მინდობილი ხალხისა, მეფეები ცდილობდნენ ცხოვრებაში მონარქიის არსი გაეტარებინათ, ხელმწიფება ზეკლასობრივი და ზეპარტიული, და მაშასადამე ერთადერთი თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში" - შენიშნავს ეკლესიის ისტორიკოსი ნ. ნ. ვოეიკოვი.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა საერთო აზრს გამოხატავს ღირსი იოანე კრონშტადტელის ავტორიტეტული სიტყვა: „მეფე, რომელმაც უფლისაგან მიიღო სამეფო ხელისუფლება, თვით ღვთისგან არის და უნდა იყოს კიდეც თვითმპყრობელური."

„მართლმადიდებლობა ეროვნულ სამეფოსთან შედის კავშირში და მას ეფუძნება. სამეფო წარმოუდგენელია მეფის გარეშე, რომელიც იფარავს და სიმბოლიზირებს ყოველი მხრით, მათ შორის რა თქმა უნდა, მართლამადიდებლობასაც. ასე იყო ბიზანტიაში, სადაც იმპერატორები არსებითად წარმოადგენდნენ მართლმორწმუნეობის დამნერგველებსა და დამცველებს, გაითავისებდნენ საკუთარი ძალაუფლების ღვთიურ წარმოშობასა და საეკლესიო-იერარქიულ ღირსებას. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისტორიულად წარმოშვა მართლმადიდებელი მეფე და უზრუნველჰყო იგი ერთმმართველობით, ხოლო მეფე პატრონობდა და იცავდა მას, მოჰქონდა რა მისთვის შინაგანი მეუფება და გარეგანი დიდება. თვითმპყრობელ ცხებულში მართლმადიდებლობა ერწყმოდა ხალხს.



ხელმწიფების სიმფონია

„ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა-
მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი
საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად"
ღირსი თეოდორე სტუდიელი


მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეს ღმერთკაცობრივ ცხოვრებასთან ზიარებით, რომელიც მან თავის თავში იწყო დედამიწაზე. შეურევნელი და განუყოფელი შეერთება ქრისტეში ღვთიური და ადამიანური საწყისისა საუკუნოდ განსაზღვრავს მართებულ იდეალს და ამდენად სამღვდელო დასისა და სახელმწიფოს ჯეროვან ურთიერთმიმართებას. სახელმწიფო კი ნაყოფია ადამიანის შეგნებული და მიზანდასახული მოღვაწეობისა და არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც სამართლის მიხედვით თავისუფალი იქნებოდა ღვთისა და მისი კანონისაგან: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისაგან" (მათე 12.27), მთელი ცხოვრება უნდა ემორჩილებოდეს ღვთიურ სჯულს.

მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას, სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიულ ერთობას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთისგანკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასოდეს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, უფრო ზუსტად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს.

„დროებითსა და ადამიანურ, მიწიერ სფეროში განხორციელება და განმტკიცება სხვაგავარი სამეფოსი - ზეციური სასუფევლისა, მარადიული, ღვთიური სამეფოსი, ქრისტეანობის სანუკვარი მიზანია. ამაზე ძველთაგანვე საკვირველად წინასწარგვამცნობდნენ წინასწარმეტყველნი, მათ შორის წინამორბედი ქრისტესი, ამაზედვე უქადაგებდნენ თითოეულ ქალაქსა და სოფელს და ყოველსა ქვეყანასა მაცხოვარი და მისი მოციქულები. ადამიანური სამეფოს გზით მივაღწიოთ ღვთიური სასუფევლის მიზნებს, განვახორციელოთ ცხოვრებაში სახელმწიფო და სახელმწიფოს გზით ქრისტიანობის საკითხები - სიყვარული, მშვიდობის, გამოხსნის რელიგია; სახელმწიფოებრიობის გზით გავატაროთ ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები; ვაქციოთ ღვთიური სასუფეველი მიზნად, ხოლო ადამიანური სამეფო საშუალებად, გავაერთიანოთ ისინი როგორც სული და სხეული, - აი, იდეალი და აღთქმანი, აი საიდუმლო ლტოლვა და სასოება ჩვენი! - გვმოძღვრავს წმ. ახალმოწამე მამა იოანე ვოსტორგოვი, - ღვთივგვირგვინოსანი მეფე თავის ხალხთან შედის საღვთო-საიდუმლო კავშირში სული წმიდით ცხებულობისას. ამგვარად მეფე და ხალხი თითქოს ერთ მძლავრ სულიერ-ზნეობრივ კავშირში ერწყმის ერთმანეთს, როგორც იდეალურ ქრისტეანულ ოჯახში, სადაც წარმოუდგენელია განყოფა, დაუშვებელია უნდობლობა, სხვაგვარი დამოკიდებულება, გარდა ურთიერთსიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა და მზრუნველობისა.

„ვხედავთ, რომ ქრისტეანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალ-ყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო - მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება" - ვკითხულობთ წმ. ტიხონ ვორონეჟელთან. მაშსადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანთა და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ.

„წმ. იმპერატორი იუსტინიანე თავის VI ნოველაში უფრო მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ შეხედულებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით: „ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღწვის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანურ საქმეებზე, ორივე კი, მომდინარეობს რა ერთი და იგივე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს". - ნათქვამია „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის" ფურცლებზე.

ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს: შინაგანი, საკრალურ-ევქარისტიული, მიმართული წმინდა ბარძიმისკენ და გარეგანი - ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან (1 იოანე 5.19) ურთიერთობის განხორციელება.

პირველი ამოცანის განსახორციელებლად ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც სათავეში ეპისკოპოსი უდგას, ანუ ზედამხედველი; ხოლო მეორე ამოცანის გადასაწყვეტად ეკლესიაში დაწესებულია იერარქია საეროთა, ანუ მეფობა, რომელსაც ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი უდგას სათავეში - ცხებული ღვთისა.

სიტყვა „მეფე" თავისი უძველესი წარმოშობით არამეულსა და სანსკრიტში ნიშნავს „დამცველი, მფარველი, ხელმძღვანელი", ხლო სიტყვა „მეფობა" - ეს, რაღა თქმა უნდა, ხალხისა და სარწმუნოების „დაცვა, ზღუდეა". მაგრამ უნდა გავასხვაოთ - მართლმადიდებელი თვითმპყრობელი, რომელიც ქრისტეს სხეულშია მღვდლობის ელემენტთან სიმფონიური სახით და წარმართი კეისარი, რომელიც, რათქმა უნდა, ღვთის ეკლესიის გარეთაა. ეპისკოპოს ნიკოდიმოს დალმატინელს მოჰყავს ისტორიული ფაქტი მეფე კონსტანტინეს საეკლესიო სამსახურში შესვლისა და ამიტომ „მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მამები აღფრთოვანებით შეხვდნენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უწინდელი ურთიერთობის აღდგენას და ჩვენ კრების აქტებში ვკითხულობთ შემდეგს: „მღვდელი საიმპერატორო ძალაუფლების კურთხევა და განმტკიცებაა, ხოლო საიმპერატორო ძალაუფლება მღვდლობის ძალა და მხარდაჭერა... სამღვდელოება იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, ხოლო იმპერატორის ძალაუფლება სამართლიანი კანონების გზით განაგებს მიწიერს. ახლა ზღუდე დაირღვა, ხოლო სასურველი კავშირი აღსდგა". ამ აქტით კანონიკური ბეჭედი დაესვა სწავლებას ორი ხელისუფლების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელსაც ძველი დროის ეკლესია ქადაგებდა და რომლითაც გამსჭვალულნი იყვნენ როგორც ეკლესიის მამები, ასევე ქრისტეანი ხელმწიფენი".

მართმლადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ: მეფე თვითმპყრობელი - სახეა ქრისტეს, როგორც მეფის, მსახურებისა, ხოლო პატრიარქი - ქრისტეს მღვდელთმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში. მაგრამ (მისტიურად) მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს, იმდენად რამდენადაც მეფეცა და პატრიარქიც ერთი და იგივე ჩვენი უფლის ცოცხალი ხატებანი არიან.

მასზედ, რომ მღვდლობისა და მეფობის სიმფონია - ეს სწორუფლებიანი კავშირია დამოუკიდებელ ღვთიურთა დადგენილებათა, შეიძლება მოგაგონოთ მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის ოქროს სიტყვებით: „დიახ, სარგებლობაა იმაში, როდესაც საკურთხეველი და ტახტი მოკავშირენი არიან; მაგრამ მათი კავშირის უპირველესი საფუძველი არის არა ურთიერთსარგებლიანობა, არამედ დამოუკიდებელი ჭეშმარიტება, რომელიც ერთსაც და მეორესაც განამტკიცებს. სიკეთე და კურთხევა საკურთხევლის მფარველ მეფეს; მაგრამ არ ეშინია საკურთხეველს დაცემისა ამ მფარველობის გარეშეც. მართალია მღვდელი, მქადაგებელი მეფის პატივისცემისა: მაგრამ არა მხოლოდ ნაცვალცემითობის წესით (უფლებით), არამედ წმინდა მოვალეობისა, თუნდაც ეს მოხდეს ნაცვალცემითობის იმედის გარეშე.

ახლა კი საცნაური გახდა, თუ რას ფიქრობდა მოციქული, როდესაც აზრს ღვთის შიშის შესახებ უშუალოდ მიუერთებდა აზრს მეფის პატივისცემაზე. მას სურდა მოკლედ და ამასთან მკაფიოდ და საფუძვლიანად მოეცა სწავლება თუ რა ევალება ქრისტეანსა და მოქალაქეს. სთქვა რა: ღვთისა გეშინოდეთ, წარმოადგინა სწავლება ქრისტეანისა და ამასთან საფუძველი დაუდო მოქალაქის სწავლებასაც. სთქვა რა უშუალოდ ამ სიტყვების შემდეგ: მეფესა პატივსცემდეთ, მან გადმოგვცა სწავლება არა მარტო მოქალაქისა, არამედ დააფუძნა იგი ღვთიური რელიგიის შეურყეველ საძირკველზე. მან გვიჩვენა - როგორც დამოუკიდებელი, ღვთიური ღირსება რელიგიისა, ასევე სამეფო ტახტის ღვთიურ მოწყობაზე დამოკიდებულება; როგორც კავშირი საკურთხეველსა და ტახტს შორის, ესრეთ არარაობა მდაბალ, უღირს გულისსიტყვათა როგორც ერთზე, ისე მეორეზე.



მეფე - საეკლესიო ხომალდის მესაჭე



მღვდლობასა და მეფობას შორის სიმფონიური კავშირი, არა როგორც მოცემულობა, არამედ როგორც წინასწარ მოცემულობა, - „არის მოძღვრება, რომელიც წმ. წერილს ეყრდნობა და რომელიც ყოველთვის იქადაგებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და რომელმაც მის სამართალშიც შეაღწია: „მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან" (ისაია 49.23), ნაწინასწარმეტყველებია ისაიას მიერ ძვ. აღთქმაში და ისინი იქნებიან სარწმუნოებისა და ღვთიური მცნებების დამცველნი (2 მეფეთა 5.2) და ამით დაედო საფუძველი კავშირს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდა არსებულიყო.

ისტორიულად საეკლესიო კანონები განსაზღვრავდნენ და აძლევდნენ მიმართულებას სამოქალაქო კანონმდებლობას, რომელიც თანდათანობით საეკლესიო გადმოცემათა წრეში ხვდებოდა. მაგალითისათვის, ბულგარეთის არქიეპისკოპოსი დიმიტრი ხომატინი, რომელიც XIII საუკუნეში ცხოვრობდა, ამბობს, რომ „იმპერატორი, რომელიც არის და იწოდება საეკლესიო წეს-წყობის უმაღლეს დამცველად, საკრებო დადგენილებებზე მაღლა დგას და მათ ძალასა და მოქმედებას ანიჭებს. იგი სამღვდელოების ქცევასა და ცხოვრებასთან მიმართებაში არის საეკლესიო იერარქიის წინამძღოლი და კანონმდებელი; იგი უფლებამოსილია მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებსა და სამღვდელო დასს შორის არსებული კამათი გადაწყვიტოს და ვაკანტურ საეპისკოპოსო ადგილებზე დანიშნოს. მას შეუძლია საეპისკოპოსო კათედრების ამაღლება, ასევე ეპისკოპოსებისა მიტროპოლიებისა და მიტროპოლიტების დონეზე... მის დადგენილებებს კანონის ძალა აქვთ.

რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი კანონი პირდაპირ ამბობდა: „იმპერატორი, როგორც ქრისტეანი ხელმწიფე, არის გაბატონებული სარწუნოების დოგმატთა უზენაესი დამცველი და შემნახველი, მართლმორწმუნეობისა და ყოველი საეკლესიო კეთილმოწესეობის ზედამხედველი"... ამ აზრით იმპერატორი... იწოდება ეკლესიის თავად". მეფის მიერ მიწიერი ეკლესიის მეთაურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არა მარტო სიმფონიური საერო არქიეპისკოპოსია, არამედ ეკლესიის საგარეო საქმეთა ერთადერთი ეპისკოპოსი.



მეფე - ეკლესიის საგარეო ეპისკოპოსი

„უფალი, - გვასწავლის ფილარეტ მოსკოველი, - დედამიწაზე თავის ზეციურ სასუფეველში, ანუ ეკლესიაში, განსაკუთრებული სახით ქმნის, იოანე ღვთიურ საიდუმლოებათა მხილველის განმარტებით, მეფეებსა და მღვდლებს, ზეციურსა და მათთან მიწიერ მღვდელმთავრებს". ამიტომაც „ეკლესია მეფეებს ყოველთვისაც თვლიდა და თვლის ასეთებად (მღვდელმთავრებად) და აკურთხებდა რა მათ განსაკუთრებული წესით და მირონცხებს რა მეფობაზე, შერაცხავს სამღვდელო პირებში, ვისზედაც გადმოსულია მადლი ღვთისა. კონსტანტინე დიდი ნიკეის კრების მამათა მიმართ სიტყვაში ეპისკოპოსებს უწოდებს ეკლესიის შინაგანი ცხოვრების საქმეთა ეპისკოპოსებს, ხოლო საკუთრ თავს - ეკლესიის საგარეო ცხოვრების საქმეთა ეპისკოპოსს... ქალკედონის კრების მამები მარკიანე იმპერატორს მიესალმებიან როგორც „მღვდელ-მეფეს"; ხოლო მართლმადიდებლობის მკაცრი მასწავლებელი, პაპი ლეონ დიდი, უხერხულად არ გრძნობს თავს ხელმწიფეთა ხელისუფლება აღიაროს სამღვდელოდ, რომელიც განმსჭვალულია საეკლესიო ინტერესებით და იღწვის მისი წარმატებებისათვის" - ნათქვამია „მართლმადიდებლურ საეკლესიო სამართალში".

მართლმადიდებელი თვითმპყრობელნი იძლეოდნენ ბრძანებებს ღვთისმსახურებისას ცნობილი ჰიმნების საყოველთაო გამოყენების შესახებ.. ასე მაგალითად, თეოდოს მეორის ბრძანება სამწმიდა საგალობელის საყოველთაო გამოყენების შესახებ. ზოგჯერ კი თვითონაც ქმნიდნენ საგალობლებს. ცნობილია იუსტინიანეს საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება", რომელიც მწუხრის ლოცვაზე იგალობება. იოანე მრისხანის ღვთისმშობლის სტიქარონები. „ამდენად V ს. საეკლესიო ისტორიკოსს სოკრატს - სრული უფლება ჰქონდა ეთქვა, რომ მას შემდეგ რაც მეფეები ქრისტეანები შეიქმნენ საეკლესიო საქმეები მათზე დამოკიდებული გახდნენ". - გვამცნობს კანონისტი ნ. სუვოროვი.

აი, რა არის ნათქვამი კონსტანტინეპოლის პატრიარქის ანტონის ეპისტოლეში მეფის საეკლესიო მსახურების შესახებ: „მეფეს ეკლესიაში მაღალი ადგილი უჭირავს. მასთან არ შეიძლება თავადთა და მთავართა შედარება. მეფეებმა თავდაპირველად მთელს ქვეყანაზე განამტკიცეს ღვთისმოსაობა; მეფეებმა მოაწყვეს საეკლესიო კრებები; მათ თავიანთი კანონებით დაამტკიცეს იმის დაცვა, რაზეც მეტყველებდნენ საღვთო და წმინდა კანონები სწორი დოგმატებისა და ქრისტეანული ცხოვრების კეთილმოწყობაზე. და ამასთან ბევრი იღვაწეს მწვალებლობათა წინააღმდეგ; დაბოლოს, მეფეებმა კრებებთან ერთად თავისი დადგენილებებით განსაზღვრეს სამღვდელმთავრო კათედრების თანმიმდევრობა და დაადგინეს სამიტროპოლიტო ოლქებისა და საეპისკოპოსო ეპარქიათა საზღვრები. ყოველივე ამისთვის მათ უდიდესი პატივი აქვთ და ეკლესიაში უჭირავთ მაღალი ადგილი.

კართაგენის კრების 104-ე კანონის თანახმად: „ეკლესია, რომელმაც კეთილმსახური წიაღიდან ქრისტეს მეფეები აღმოუშობა და რწმენის სიმტკიცით აღუზარდა" აღიარებს, რომ ყოველ „მართალ მეფეს გააჩნია მღვდელმთავრის წოდება"; „მღვდელმოქმედებათა გამოკლებით იმპერატორი თავის თავში ითავსებს ეპისკოპოსის ყველა პრივილეგიას, რის საფუძველზეც მის საეკლესიო განკარგულებებს კანონიკური მნიშვნელობა ენიჭებათ", - მისწერდა XIII ს-ში ბულგარეთის არქიეპისკოპოსი დიმიტრი ხომატინი არქიეპისკოპოს კონსტანტინე კავასილს.

Комментариев нет:

Отправить комментарий