понедельник, 30 сентября 2013 г.

სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე.

სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა, და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია, როგორც ბუშტი, ისე სკდება. ყველაფერი ამაოა
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთისა, რადგან ისაა საშინელება სულისთვის
წმ. ანტონი დიდი

სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულში აშკარად იკითხება "ხვრინვა"), რომლებიც საწოლებზე წვანან, და ღამის გასვლას დალოდებულნი განთიადზე ტოვებენ სასტუმროს საწოლს, ერთად გადიან რა ყველანი, და რაც მათია, ის მიაქვთ მხოლოდ. სწორედ ასევე, ამ ცხოვრებაში შემოსულთაგან ყველა, - ზომიერად მცხოვრებიც და ისიც, დიდებაში და სიმდიდრეში რომ უცხოვრია, _ ამა ყოფიდან ისე გადის, ვით სასტუმროდან, არ მიაქვს რა თან არაფერი ამა ქვეყნის შვებისა და სიმდიდრისგან, თუ არა მხოლოდ თავისივე საქმეები, კარგი და ცუდი, ამ ცხოვრებაში რაც აკეთა.
წმ. ანტონი დიდი

თუ ზეაღმატებული უფლებამოსილება გაქვს, იოლად ნურავის დაემუქრები სიკვდილით, იცი რა, რომ ბუნებითად შენც სიკვდილის ქვეშ ხარ და რომ ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს. ამის აშკარად მცოდნემ თავმდაბლობა იღვაწე და როდესაც სიკეთეს გააკეთებ, დღემუდამ ჰმადლობდე ღმერთს, რადგან ვინც უწყალოა, არა აქვს მას სათნოება თავის თავში.
წმ. ანტონი დიდი

სიკვდილისგან განრიდება შეუძლებელია და განუხორციელებელი. ამის მცოდნე ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, სათნოებებში და ღვთისმოყვარე მსჯელობაში გაწვრთნილები, იღებენ სიკვდილს კვნესის, შიშისა და მოთქმის გარეშე, იაზრებენ რა როგორც მის გარდაუვალობას, ასევე მის მიერ ამა ყოფის ბოროტებათაგან თავის დაღწევას.
წმ. ანტონი დიდი

მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმე მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წინაშე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკანაისკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მრავალნი პირველ იყვნეს ძვირის მოქმედ დღეთა მათთა და უკანაისკნელი მათი იქმნა კეთილ და წმიდა და ღმერთი დაჯერებულ იქმნა მათგან, რამეთუ მეძავი იგი პირველად იყო ეშმაკისაი და უკანაისკნელ იქმნა იგი ღმრთისად. და სოლომონ პირველად იყო ღმრთისაი და შემდგომად ეშმაკისაი, და იუდა პირველად ღმრთისაი იყო და უკანაისკნელ იქმნა იგი ეშმაკისად. ამისთვის, ძმანო ჩემნო, არა ვთქუათ კაცისათვის ნეტარებაი ვიდრე სიკუდილადმდე, და არა უდებ ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის ვიდრე განსლვად ჩვენდამდე ამიერ სოფლით. რამეთუ ჰრქუა ღმერთმან ეზეკიელ წინასწარმეტყველსა, ვითარმედ: რომელსაცა ვპოო კაცი დღესა განსლვისა მისისასა ამიერ სოფლით, კეთილსა გინა ბოროტსა, მითცა განვიკითხო. რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი იზმნიან ხმასა მფრინველთასა. ვაი არს მზმნელთა, რამეთუ არნ ოდესმე პირუტყვი შუენიერი, იხილის ეშმაკმან, გინა ხენი, დასცის მას თუალი კაცისაი და მოკუდის, და თქვიან, ვითარმედ: მან კაცმან თუალითა მოკლა იგი. რამეთუ ბოროტი იგი ეშმაკისაგან არნ და ყვნის კაცნი მიზეზად თუალსა კაცისასა. და ოდეს იხილნის ეშმაკმან კაცნი მზმნელად და მგმობელად ღმრთისა, მაშინ დააჯერის მათ და ათქუმიის ესევითარი და მსგავსი ამისი მრავალი
წმ. იოანე ოქროპირი

სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

უწყოდეთ საყვარელნო, რამეთუ სიკვდილი ახლოს არს და ხმობს მეუფე იღვიძებდით, რამეთუ არა იცის ოდეს მოვიდეს მპარავი. ნუ უკუე განხურიტოს გუერდი სახლი.
წმ. შიო

ძმაო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა იგი გუეგულვების ყოველთა წარდგომა, შიშუელთა და ქუე დამხედველთა თუალთათა; უწყოდეთ უკვე, საყუარელნო, ვითარმედ ხორცნი ესე ხრწნადნი და წარმავალნი არიან, ხოლო სული უკვდავად დაადგრების მხოლოდ, ვიღუაწოთ შვილნო აქასა შინა ნუ ვრიდებთ თავთა ჩუენთა, ნუ განვსცემთ აზნაურებასა ჩუენსა ვნებათა მიმართ, მოვითმინოთ ტკივილნი წუთიერნი, რამეთუ ჟამი ესე ჭირისა არს, ხოლო საუკუნო იგი განსვენებისა, ვსძლოთ აქა შინა მხნედ ბრძოლითა მბრძოლსა ჩუენსა, რათა მერმესა რას შინა საძლეველნი გვირგვინი მოვიხუნეთ, განვეკრძალნეთ ჟამისა მისთვის საზარელისა, რაჟამს ხორცთა ამათ ნივთთაგან განეშორებოდის სული, რამეთუ საშინელ არს ჟამი იგი მხედრობანი ზეცისანი მოუწოდდენ სულთ მიყვანებად იგი ადგილსა მისთვის განმზადებულსა და მიგებად მისსა საქმეთა მისთაებრ, კეთილთა გინათუ ბოროტთა.
წმ. იოანე ზედაზნელი

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნენ მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
შოთა რუსთაველი

ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა, ვიგონებდეთ მეორედ მოსვლასა დიდისა მეუფისასა მოვიხსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა,რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვიპოოთ განუმზადებელ ხელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკვლა ჩვენი, და ჩვენცა განვემზადნეთ და ვიყოფოდეთ განკრძალვით.
მოვიმტკიცნეთ სინანული ციხად ჩვენდა, მოვივლნეთ ზღუდედ ლოცვანი მხურვალენი, შევზიდნეთ ნუზლად გლახაკთ-მოწყალებანი, განვამრავლნეთ წყლად ცრემლნი მწარენი, დავიდგინნეთ ებგურად მოღვაწებანი, შევიმოსნეთ ჯაჭვად სიმართლენი, შევიბნეთ მახვილად მოყვასთა სიყვარული და ამათ მიერ ვყვნეთ თავნი ჩვენნი, რათა განმზადებული შევემთხვივნეთ მტერსა ჩვენსა სიკვდილსა და ვერღარარა საჯაბნე პოოს ჩვენ თანა, და ესრეთ განწმედილი მივეახლნეთ ჩვენთვის სიკვდილად დასჯილსა ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სულხან-საბა ორბელიანი

სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი, აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება, თუ მარადიული სიკვდილი. სხეულიდან გასვლის შემდეგ ყოველი ქრისტიანის სულს ელოდება ღვთის პირუთვნელი სამსჯავრო; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „...წინა–უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9, 27).
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში დამკვიდრდა არაბუნებრივად. ამიტომ ეშინია ადამიანურ ბუნებას სიკვდილის და განევლტის მას.
ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე

არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილ–სიცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ, მიჰყავს იგი ამქვეყნიდან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგი უეცარი სიკვდილით წამოეწევა ცოდვილთ, ზოგჯერ, ოღონდ უფრო იშვიათად – წმიდანებს.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს. მშიერი მეკუბოვე რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ერთმა მონაზონმა მომწერა, რომ იტანჯება და თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, მოკვდება. მე ვუპასუხე მას და სრულიად საპირისპირო ვუხარი. იგი ისევ მწერს, რომ ექიმმა უთხრა, თუ არ გაიკეთებდა ოპერაციას, რამდენიმე დღეში მოხდებოდა გახვრეტა და საბოლოოდ სიკვდილი. მე ვუმეორებ: "იქონიე რწმენა, მიენდე ღმერთს, სიკვდილი ირჩიე." მან პასუხად მომწერა, რომ ავადმყოფობამ პირი იბრუნა.
ხედავ? ათასგზის გამოვცადე ეს. როცა ცხვირწინ იდებ სიკვდილს, იგი შორს გაგირბის. როცა გეშინია სიკვდილის, მუდამ გდევნის. სამი ჭლექიანი დავმარხე, იმ იმედით, რომ მეც შემეყრებოდა. ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც მკვდარს გავხადე, მაგრამ სიკვდილი მათთან გაიქცა, ვისაც მისი ეშინოდა. მთელი ცხოვრება ავად ვარ. და არასდროს მიმკურნალია. კიუტად ვჭამ საპირისპიროს. და სად არის სიკვდილი?
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილს წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე. მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ვიდრე ცოცხლები ვართ, სულიერი სამყარო დაფარულია ჩვენგან. სიკვდილი ამ სამყაროში შესვლაა, აქ ჩვენთვის ყველაფერი ახალია, ეს შეხვედრაა იმ სულებთან, რომელთა ნება–სურვილსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა ადამიანი. ეს სულის გზაა, რომელიც ენით გამოუთქმელ შავ უფსკრულებზე და კლდეებზე გადის, ამ გზას სული მფარველ ანგელოზთან ერთად გაივლის, მას დემონები კვალდაკვალ მისდევენ მტაცებელი მხეცებივით და ნადავლივით უნდათ მისი დაჭერა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი – ერთადერთი ღმერთია. ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, სიკვდილი – ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად – არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა რწმენეს ჩემი, მო–ღათუ–კუდეს, ცხონდესვე“.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ზოგიერთი იძიებს და ვერ გაუგია, თუ უფალმა რად არ მოგვცა სიკვდილის ჟამის წინასწარ შეტყობის უნარი, თუკი მისი ხსენება ასე სასარგებლოა ჩვენთვის. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი ამასაც სასწაულებრივად – ჩვენი ცხონებისთვის იქმს, რადგან არცერთი მათგანი, ვინც თავისი სიკვდილის ჟამს დიდი ხნით ადრე შეიტყობდა, არ იჩქარებდა ნათლისღებას, არც მონაზვნობას შეუდგებოდა, არამედ თითოეული ადამიანი ცხოვრებას ურჯულოებით განლევდა და მხოლოდ ამქვეყნიდან განსვლის ჟამს იღებდა ნათელს ან შეინანებდა (მაგრამ ხანგრძლივი ჩვევის გამო ამ დროს ცოდვა უკვე ადამიანის მეორე ბუნებად გადაიქცეოდა და სრულიად გამოუსწორებელი დარჩებოდა).
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)


shemoqmedi.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий