пятница, 27 сентября 2013 г.

ტყუილის წინააღმდეგ.

ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი ეგოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა (გამოცხ. 21, 9)

ცხადია, რომ ქრისტიანის სიტყვები უნდა იყოს მართალი და გამოხატავდეს მხოლოდ ჭეშმარიტებას და იწვევდეს თანამოსაუბრეთაგან მთხრობელისადმი სრულ ნდობას. უფლის სიტყვებით, ტყუილი - მზაკვარისაგანა, რამეთუ „მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8, 44). ხოლო, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი: „ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა“ (გამოცხადებაჲ 21, 8).

თვით უფალი არის ხორცშესხმული ჭეშმარიტება (ინ. 14, 6). ქრისტიანში კი უნდა სახლობდეს ქრისტე. ამიტომაც ქრისტიანი ქრისტიანად რჩება მხოლოდ იქამდე, სანამ ის ჭეშმარიტებით ცხოვრობს და გაურბის სიცრუეს მისი ყველა სახითა და გამოვლინებით.

ტყუილი არაა დამახასიათებელი ადამიანის სულისათვის ვითარცა ღვთის მსგავსისათვის. ბავშვს, სანამ არ გაფუჭებულა, არც ძალუძს და არც იცის ტყუილის თქმა და თუკი ის ჩაიდენს ამას, მაშინ ის გაწითლდება სირცხვილისაგან, როგორც ჩამდენი რაღაც უაღრესად ბილწისა და მისი სულის გამაბინძურებლისა.

ასეთივე რეაგირებას მოახდენს ყოველი უბიწო სული, რომელსაც სიცრუე ზიზღს ჰგვრის. თუ ასეთი ადამიანი მოტყუვდება, ის განიცდის ამას ისე, თითქოს მან ჭუჭყით დათხვარა მანამდე წმინდა და სპეტაკი სამოსელი სულისა.

ყველა ხალხებში, საზოგადოების ყველა ფენაში და ყველა დროში მეცრუენი იწვევდნენ და იწვევენ ზიზღს, მაგრამ საჭიროა ითქვას, რომ თუ აშკარა სიცრუე ყველას ასე სძულს, აი, სხვადასხვა სახის დახვეწილი, შეფარული ტყუილი კი ყველგან არის გავრცელებული და მას ბევრი ქრისტიანიც არ გაურბის.

ამგვარ ნაკლებშესამჩნევ სიცრუეს წარმოადგენს საუბრისას შელამაზებისკენ მიდრეკილება, გაზვიადება, წინასწარ გამიზნული უზუსტობა ფაქტების გადმოცემაში, საკითხის ცალმხრივი გაშუქება და ა.შ. თუნდაც ეს არ იყოს მკვეთრი შავი ლაქები ჩვენს სულიერ სამოსელზე, არამედ ნაცრისფერი, მაგრამ თავისი სიმრავლით ისინი მაინც აკარგვინებენ ჩვენი სულის სამოსს სისუფთავეს.

სიცრუის ნაირსახეობას წარმოადგენს თვალთმაქცობა, რომელიც საპირისპიროა სათნოება - გულწრფელობისა. უკანასკნელი ჩვენ მიერ მტკიცედ იქნება შეთვისებული, თუკი ჩვენი გული ყველასთვის ღია იქნება და ყველასთვის გულწრფელად ენდომება სიკეთე, არავის არ დასდებს მსჯვარს და არ განიკითხავს.

მაშინ თითქოსდა თავისით გაქრება ჩვენი თვალთმაქცობა, რადგანაც ჩვენ არ გვექნება საჭიროება სიტყვებით დავფაროთ კაცთაგან ჩვენი მათდამი არაკეთილმოსურნე გრძნობები. ძლიერ არის გავრცელებული დაპირებათა მოუფიქრებელი მიცემა, მათი შემდგომი შეუსრულებლობით. დაპირების შეუსრულებლობა რაღაც წვრილმანად მიიჩნევა, მაშინ როდესაც ეს წარმოადგენს ნამდვილ ტყუილს.

ქრისტიანი ძალზე ფრთხილად უნდა იძლეოდეს დაპირებას, ისიც პირობითი ფორმით, დათქმით - „უკეთუ ღვთის ნება იქნება“, ე.ი. თუ არ შემიშლის ხელს რაიმე, რაც ადამიანზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ, თუ დაპირება უკვე მიცემულია, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი ზუსტად და დროულად შესრულებისათვის. ქრისტიანი უნდა იყოს სულიერად წმინდა და წვრილმანებშიც კი კეთილსინდისიერი, რადგანაც „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“ (მთ. 25, 23).

ძველ ქრისტიანულ რუსულ ყოფიერებაში დანაპირების ზუსტ აღსრულებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. მაგალითად, რუს ვაჭართა საუკეთესო წარმომადგენელთა შორის იყო ასეთი შეხედულება: თუ ადამიანი სესხულობდა და დებდა დაპირებას, რომ ფულს დააბრუნებდა დათქმულ დღეს 12 საათზე, მაშინ მას ეს ფული ზუსტად 12 საათზე უნდა მიეტანა. ხოლო თუ ის მიიტანდა ფულს, თუნდაც იმავე დღეს, მაგრამ დაგვიანებით, მაშინ მისდამი ყველანაირი ნდობა იკარგებოდა.

ყველაზე მძიმე ცოდვას სიმართლის წინააღმდეგ წარმოადგენს გატეხა ფიცისა - დაპირებისა, რომელიც დადებულ იქნა წინაშე სიწმინდეთა - ჯვრისა და სახარებისა.

საშინელი არის ხოლმე სასჯელი ღვთისაგან ამ ცოდვის გამო, ზოგჯერ კი ეს სასჯელი თავს ატყდება არა მხოლოდ ფიცის გამტეხს, არამედ მის შთამომავლობასაც.

www.orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий