вторник, 29 октября 2013 г.

პავლეს ეპისტოლენი ებრაელთა მიმართ.

თავი მეთორმეტე

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.

5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს – მშვიდობას.

12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

13. მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.

14. თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.

15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.

16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.

18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,

19. არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.

20. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.

21. იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.

22. არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,

23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,

24. ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.

25. ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?

26. ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.

27. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.

28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.

29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.





Комментариев нет:

Отправить комментарий