среда, 9 октября 2013 г.

რა მოეთხოვება სასულიერო პირის ოჯახს?

სასულიერო პირის ოჯახი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული… საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა, თუ როგორ იქცევიან მოძღვრის ოჯახის წევრები… ამ საკითხზე “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:
„სასულიერო პირისთვის ოჯახი მისი მომავალი სარბიელის სახეა. სწორედ აქ იწყებს მამობრივი თვისებებისა და პასუხისმგებლობის შეძენას. შემდგომშიც მათთან განცდილი სიყვარული და მზრუნველობა მიუთითებს სამწყსოსადმი დამოკიდებულების ფორმას. მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურის კანდიდატის პირველადი შესარჩევი ნიშანი სწორედ ეს იყო. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ტიმოთესადმი ამგვარად წერს: „თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?”(1ტიმ .3.4,5). თავად ოჯახის ინსტიტუტი სახეა ღვთისა და კაცობრიობის ურთიერთობისა.

ქორწინების საიდუმლოში, რომელიც საფუძველია ოჯახისა ამგვარი სწავლება მექორწინეთ ეკითხება: „ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს. რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა, რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა(ანუ საღვთო კაცობრიობას).(ეფეს.5.25-29). ეს საკითხი ანალოგიურად ძველ აღთქმაშიც არის გაჟღერებული. ეკლესიასტეში სიძე თავის დაკარგულ სატრფოს ეძებს. ეს ალეგორია ღვთის მიერ მისგან განმდგარი კაცობრიობის მოძიების სახეა. ამგვარად, ქრისტეს მსახურს უფლის კრებული-ერთიანი ოჯახი მიებარება. ამიტომ, მას, უპირველესად, ოჯახის ცნება უნდა ჰქონდეს გათავისებული.


სასულიერო პირის ცხოვრებაში მის ოჯახს მნიშვნელოვანი როლი აბარია. ფაქტობრივად, იგი მისი მსახურების შინაგანი სახეა. პროზელიტიზმის შედეგობრივობა მასზეა დამოკიდებული.
სამღვდელოდ შესარჩევი კანდიდატის ოჯახს გარკვეული მოთხოვნილებები წაეყენება. „დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა.“(ტიტ.1.5,6). „ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.“(1ტიმ.3.7). ზოგადად, პავლე მოციქული მორწმუნეთა ყოფაში ზნეობრივ საკითხებს წინა ხაზზე აქტიურად აყენებს და ეს ეპისტოლურ კორპუსში აქტიური თემაა. ცხადია, სასულიერო პირის ოჯახის წევრებისთვის ამგვარი მოთხოვნები თავისთავად განსაკუთრებულად იმპერიული იქნება. მათი რეალური სახე რიგით ქრისტიანთა შედარებით აღმატებული და მაგალითის მომცემი უნდა იყოს.

მღვდლის ოჯახი მუდამ გარეშე მყოფი ხალხის ყურადღების ქვეშ არის. შესაბამისად, ყოველი დადებითი და უარყოფითი ქმედებანი გამოძახილს ჰპოვებს. პასუხისმგებლობა თავისთავად დიდია, თუმც ბუნებრივია, რომ ცხოვრების დინამიკაში ყოველთვის ამგვარად არ ხდება. მით უმეტეს, დღევანდელობაში. ვითარების რაიმე მიზნით გამართლებას არ ვაპირებ. მაგრამ პასუხი კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს. მიზეზები მრავალია. პირველ რიგში, მღვდლის ოჯახიც იმ საზოგადოების ნაწილია, რომელმაც დრო უღვთოობის გარკვეულ ვაკუუმში გაატარა. თავისთავად პირველადი მსოფლმხედველობა გარეშე მყოფთა იდენტურია. მიუხედავად ამ სარბიელის შესახვედრად არსებული წინა პირობა შემამზადებელ საფეხურს ქმნის, ეს მაინც არ უზრუნველყოფს მათ სრულ გარდასახვას. ამგვარი სახეცვლილება ხანგძლივ შინაგანი შრომას მოითხოვს. ასეთი მსახურების აღსასრულებლად კი მონდომება და გარკვეულწილად ჩამოყალიბებული უნარებია საჭირო.

ზრდასრულ სუბიექტში (სამღდელო პირის მეუღლე) ამგვარი მზაობა ეტაპობრივად ყალიბდება. პირველ რიგში, ის არჩევანს თავიდანვე აკეთებს, მზადაა, სურს თუ არა ასეთი ცხოვრების წესი. მოზარდისთვის, ყრმისთვის კი შედარებით შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინოთ. აქ ყველასათვის საერთო ბუნებრივ თვისებებს ვგულისხმობ. მიუხედავად აღზრდისა, მასში სხვადასხვა სახის ცელქობისა და ონავრობის გამოვლინება სრულიად კანონზომიერია. ზოგადად ბავშვური თამაში და თავხედობა სხვადასხვა ცნებაა. მღდვლის შვილსაც ისეთივე ინტერესები აქვს რაც სხვა ბავშვებს. სხვაობა ეტაპობრივად ჩამოყალიბებულ შეგნებაშია, რაშიც აღზრდას მიუძღვის წვლილი. როგორც ადამიანი, შეცდომისა და ცდუნებისგან არც ის არის დაზღვეული. გასაკვირი არაფერია. კორექტული მითითება, როგორც სხვას მასაც სჭირდება. მღვდლის ოჯახზე საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენა არსებობს. მიაწერენ ერთგვარ კონსერვატორულ ყოფას, გარე სამყაროსგან ჩაკეტილ და მოწყვეტილ სოციუმს. უცხოს საჯარო ცხოვრებისგან. საპირისპირო ამპლუაში დანახვისას კი გაოცებას იწვევს. ეს მეტად არასწორია. მღვდლის ოჯახის წევრებისთვის არსებობს მხოლოდ ზნეობრივი ჩარჩო, როგორც ყველა დანარჩენისთვის. ამა თუ იმ სახის კულტურა მათთვის უცხო ხდება მაშინ, როდესაც ეს ჩარჩო ირღვევა.

დასკვნისთვის: ქრისტიანთათვის სამყარო გამიჯნულად არ მოიაზრება. ქრისტე სამყაროსთვის მოვიდა და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველი ადამიანი მისი კრებულის შემადგენელი ნაწილი ხდება. ქრისტიანები თავისი ცხოვრების წესით მაცხოვრის სიტყვის გავრცელებას ხელს უნდა უწყობდნენ. მღვდელმსახური მათი განმსწავლელია. მისი ოჯახი კი კუთრი მცირე სამწყსო, სადაც მისი პრაქტიკული მოქმედება ვლინდება.”

თეონა ნოზაძე


http://www.ambioni.ge/sasuliero-piris-ojaxi#more-23284

Комментариев нет:

Отправить комментарий