среда, 9 октября 2013 г.

ქართული ძველი წარმართული, საერო და შემდეგ გაჩენილი საეკლესიო მუსიკა და ბრძოლა მათ შორის.

(ამონაწერი ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიდან "ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები". კარი მესამე: ქართული ძველი წარმართული, საერო და შემდეგ გაჩენილი საეკლესიო მუსიკა და ბრძოლა მათ შორის. თბილისი 1938. ფედერაცია. რეპრინტ. "ხელოვნება". თბილისი 1990 წ. გვ. 211-219. სტილი დაცულია).
"ისევე, როგორც ყველა ერების, ქართული მუსიკის დასაწყისიც, ვითარცა უსხსოვარი დრონიდელი ამბავი, წყვდიადით არის მოცული. ყველა წინასწარ განსახილველი საკითხების გარჩევის შემდგომ, ამ დასაწყისის მთავარი საფეხურების გამორკვევასაც შევეცდებით, მაგრამ უნდა გათვალისწინებული გვქონდეს, რომ არამც თუ დასაწყისი ხანის, არამედ ისტორიული ხანის ქართული მუსიკის განვითარების მთლიანი სურათის აღდგენაც კი, ქართული მუსკის ჯეროვნად შეუსწავლელობის გამო, შეუძლებელია. ამიტომ მთავარი საფეხურებისა და ზოგიერთი საკითხების გამორკვევა ხერხდება.

ბერძენთა ცნობილი ისტორიკოსის ქსენოფონტეს თხზულებითგან ჩანს, რომ წარმართობის ხანაშიც, IV ს. ქ. წ. ქართველურ ტომთა შორის საერო მუსიკა, მაგ. სამხედრო და საცეკვაო სიმღერები, ძალიან გავრცელებული ყოფილა. ჭანების ტომები ომსაც კი თურმე საომარი სიმღერა-ცეკვით იწყებდენ. უეჭველია, საერო მუსიკა ასევე დანარჩენ ქართველურ ტომებსაც უნდა ჰქონოდათ და ჰქონიათ კიდევაც. ეს ცხადად მტკიცდება თუნდაც დღევანდლამდე დაცული არაერთი წარმართული ხალხური სიმღერით, რომელთა ჰანგებიცა და სიტყვებიც უხსოვარი დროის ანარეკლს შეიცავს.

ამ წარმართული სერო და სარწმუნოებრივი მუსიკის ბუნებრივს განვითარებას ქრისტიანობამ დაუდვა საზღვარი, რომელსაც ახალ რწმენასა და მსოფლმხედველობასთან ერთად, საქართველოში წირვა ლოცვის ახალი ჰანგებიც შემოჰყვა (გვ. 211)".

"ცხადია, რომ ახლა გაბატონებულ ქრისტიანობასა და წარმართობას შორის უეჭველად ბრძოლა უნდა გაჩაღებულიყო. ამ ამტყდარ ბრძოლას უნდა გალობაშიც ეჩინა თავი. ხალხი მიჩვეული იყო ძველ წარმართულ სიმღერებს, რომელსაც ლხინისაცა და ჭირის დროსაც ამბობდნენ ხოლმე. ვითარცა წარმართულ რწმენასა და ცეკვა-გასართობებთან უმჭიდროესად დაკავშირებულს, ამ საერო სიმღერას ახალი სარწმუნოებისათვის ძლიერი მეტოქეობის გაწევა შეეძლო, ამიტომაც ყველგან ქრისტიანობის მესვეურნი წარმართული სიმღერის ასეთი გავლენის ყოველნაირი საშუალებით ჯერ შესუსტებას, ხოლო შემდეგ მის სრულიად მოსპობასაც ცდილობდენ. გამოჩენილი ასურელი მოღვაწის ბარდესანის ბიოგრაფიითგან ვიცით, რომ, წარმართობისთვის თანამემამულეთა შორის ნიადაგის გამოსაცლელად, მან წარმართული ჰანგები და ცეკვაც კი გამოიყენა, ოღონდ წარმართული სიტყვების მაგიერ ქრისტიანული ლოცვა-ვედრებას ათქმევინებდა ხოლმე.

ასეთი ბრძოლა, უეჭველია, საქართველოშიც უნდა ყოფილიყო. ამის დამადასტურებელი ორი სრულებით მკაფიო ცნობა ძველ წყაროებში დაცული გვაქვს კიდევაც. სახელდობრ პეტრე ქართველის ცხოვრების ასურულს ტექსტში ნათქვამია, რომ, თუ ბევრ დიდებულებს დროს გასატარებლად მგოსან კაცთა და ქალთა სიმღერების მოსმენა ჩვეულებად აქვთ, არჩილ მეფემ ამის მაგიერ, დავით მეფის მსგავსად, საეკლესიო საგალობლების მგალობლები გაიჩინა, რომელნიც პურისჭამისა და ყოველ სხვა დროსაც ღმრთის წმინდა სიტყვებს გალობდენ ისე, რომ მისი სასახლე ეკლესიისგან არაფრით არ განხვავდებოდაო (იხ. R. Raabe. Petrus der Iberer, ასურ. ტექს. გვ. 11 და გერმ., თარგმ. გვ. 19).

საფიქრებელია, რომ პეტრე ქართველის ბიოგრაფს პირველ ქართველ ქრისტიან მეფეთა სახელის წინაშე მოწიწების გამო არა აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ არჩილ მეფის წინამორბედნიც პურობისა და სხვა გასართობების დროს ქალ-ვაჟ მგოსანთა სიმღერებს გულიანად ეტანებოდნენ. ამიტომ ამ შემთხვევაში არჩილ მეფეს მიზნად ქართ. წარმართული მუსიკის განდევნა და ქრისტიანული საგალობლების გაბატონება უნდა ჰქონოდა დასახული.

ზემოთმოყვანილი ცნობითგან ჩანს, რომ მე-5 ს-ში საქართველოში ბრძოლა წარმართული ქართული მუსიკის წინააღმდეგ უკვე დაწყებულა და სასახლითგან იგი არჩილ მეფეს განუდევნია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ერთი შემთხვევის მიხედვით ქრისტიანული გალობის საეროზე საბოლოო გამარჯვებაზე მსჯელობა არ შეიძლება. უეჭველია, ამას ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდებოდა, მეტადრე ხალხში, სადაც სიმღერა მის მთელ ყოფაცხოვრებასა და საქმიანობასთან უმჭიდროესად იყო დაკავშირებული.

ვინც გ. მერჩულისა და გრ. ხანძთელის ვრცელ ცხოვრებას გულდასმით გადაიკითხავს, ის შეამჩნევს, რომ ასკეტიკოსთა თავგადასავლისა და მოღვაწეობის ამ მომთხრობელის თხზულებაში საერო ყოფაცხოვრებისა და გრძნობის მონაბერი უკვე საკმაოდ არის შეჭრილი. ამის დასარწმუნებლად საკმარისია თუნდაც აშოტ კურაპალატის სიყვარულის ამბავი გავიხსენოთ. ეს ძეგლი ხომ მეათე საუკუნის შუაწლებისაა. მეთერთმეტე საუკუნითან მოყოლებული ხომ ქართ. საერო მხატვრული მწერლობაც ჩნდება, ჯერ ნათარგმნ-გადმოქართულებული, შემდეგ ორიგინალურიც. ამგვარად საერო სულისკვეთება და თავისუფალი აზროვნობა მაშინდელს საქართველოში უკვე ძლიერ ნაკადად მოჩანს. საერო მსოფლმხედველობა უკვე საეკლესიოზე უფრო ძლევამოსილი და საბოლოოდ გამარჯვებულია.

განა შესაძლებელია ასეთ პირობებში ქართ. საერო მუსიკას, რომელსაც, წინა საუკუნეების განმავლობაში, საეკლესიო მესვეურთაგან დევნის გამო, თავისუფალი, ბუნებრივი განვითარების გზა და სამოქმედო ასპარეზი უაღრესად შეზღუდული ჰქონდა, ჯერ კვლავ გამოცოცხლება არ დასტყობოდა, ხოლო შემდეგ უკვე მისი ცხოველმყოფელი გავლენაც კი საგრძნობი არ გამხდარიყო?

ძველი ქართ. წარმართული მუსიკის დამცველი სწორედ ხალხი იყო და მისი ძველი მარაგი ხატობა-დღეობებთან დაკავშირებულ სიმღერა-გასართობების წყალობით იყო გადარჩენილი. მაგრამ ქრისტ. ეკლესიის მესვეურნი ცდილობდენ აქეთგანაც ამოეფხვრათ. 1103 წ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ მონასტრების დღესასწაულობის დროს ყოველივე საერო ზნეჩვეულების გამოხატულების წინააღმდეგ გაილაშქრა და აკრძალა: "ნუღარამცა კადრებულ არს ქმნად ამიერითგან ნუცა მონასტერთა შინა შექმნაი სავაჭროთა ერის კრებათა, ნუმცა რაი სხუაი სამოქალაქოი და სოფლიო წესი ქმნილ არს მონასტერთა შინა ოდესცა, რათა სალოცველთ მათ ადგილთ ქუაბ ავაზაკთა შექმნითა" არ წარსწყმდეთო (ქკბ_ი, II, 65). ამნაირად, ხატობა-დღეობებთან დაკავშირებული ბაზრობის ("სავაჭრო ერის კრებაი") აკრძალვასთან ერთად ყოველნაირი "სხუაი სამოქალაქოი და სოფლიოი წესი"-ც არის დაგმობილ-განდევნილი. ცხადია, რომ აქ დღეობის დროს ჩვენში მიღებული ხალხური სიმღერა-გასართობიც იგულისხმება.

ასეთი დადგენილების დაწერა ადვილი იყო, განხორციელებით კი დასახული მიზნის სრულად მიღწევა მეტად ძნელი იქნებოდა; თუ ხალხის მთელი ზნეჩვეულების გადასაქმნელად შესაფერისი პირობები არ არის, დადგენილება დადგენილებად დარჩება და ცხოვრება თავისას გაიტანს. აქაც საქმე ასევე დატრიალდა. მაგრამ ეკლესიაც მარტო ზემომოყვანილი დადგენილებით არ დაკმაყოფილებულა. უეჭველია, ამავე წრეების ზეგავლენით, ხალხური წარმართული სიმღერა ჯარშიც აუკრძალიათ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამბობს: ამ მეფის (ანუ დავითის დროს - რედ.) დროს "საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება, ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მათთა"-ო (ც_ა მეფისა დავითისი, § 20, გვ. 11-12).

რასაკვირველია, საეშმაკოდ აქ წარმართულია ნაგულისხმევ-სახელდებული. მაშასადამე, არჩილ მეფეთგან მოყოლებული ბრძოლისდა მიუხედავად და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აკრძალვისა და დაგმობის შემდგომაც ქართ. წარმართული სიმღერები და სხვადასხვაგვარი გასართობი ხალხს მაინც შენარჩუნებული ჰქონია და მხოლოდ ლაშქარში მოუხერხებიათ მათი მოსპობა".

"... იმ ბრძოლაში, რომელსაც ეკლესია წარმართულ ქართულ სიმღერა-გასართობთან საუკუნეთა განმავლობაში აწარმოებდა, სწორედ წარმართულს და ხალხურ საერო მუსიკას იმ მხრივ გაუმარჯვია, რომ ეკლესიის მესვეურთა და საეკლ. მუსიკას მისი მოსპობა ვერ მოუხერხებია" (გვ. 215-219).

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий