вторник, 8 октября 2013 г.

ღვთის ძიება.

ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგანაა.



ვისაც სიმართლე სწყურია, იგი უფალს ეძიებს.


ეძიე ღმერთი, მაგრამ ნუ ეძიებ, თუ სადაა იგი დავანებული.


ღმერთის ძიება სიკვდილამდეა, ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.


ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და აუცილებლად ჰპოვებ მას.


ეძიე ღმერთი ზეცაში ფიქრებით, გულში სიყვარულით, ღვთისმოსაობით ტაძარში, ყველგან ეძიე იგი - მისთვის განზრახული და აღსრულებული საქმეებით.


ეძიე უფალი, - მაგრამ არა საცხოვრებელი მისი..., სადაც უფალია, იქ სიბოროტე არ არის, ღვთიურის მიღებით ადამიანის გული ხარობს, ხოლო ეშმაკეულის მიღებით - შფოთავს.


თუ შენ მენელსაცხებლეთა მსგავსად დილით უფლისათვის იღვიძებ და მისკენ სულით ისწრაფი, მაშინ, თუკი ვერ იხილავ მას, რჩევა-დარიგებას მაინც მიიღებ, თუ სად იხილო იგი.


ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).


სადაც ქრისტეა, მარადიული და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი სიკეთეც იქაა. ამიტომაც თქვა მან, მხოლომან ჭეშმარიტმან: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე წარმავალს დამატებითურთ მოგცემთ"


სულის უდიდესი სნეულება, დაღუპვა და წარწყმედა არის არცოდნა ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა ადამიანისთვის და მიუბოძა მას გონება და სიტყვა; ამათ მიერ ზეაფრენილი ადამიანი ღმერთს შეერთვის, შეიმეცნებს რა და ადიდებს მას.



ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32).



როცა ადამიანი გაძღება მადლით და გულისხმიერია და არასდროს არ სულმოკლეობს, არ ენდობა საკუთარ თავს და იშიშვის სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ იგი ხედავს, მაცთურის მოახლოებისას, რომ რაღაც არანორმალურობაა, რაღაც იმგვარად არ ხდება. და მაშინ ჭკუა, გული, გონება - სულის მთელი ძალა ეძებს მაცხოვარს. ეძებს მას, ვინც ყველაფერი არარსებობიდან არსებობისათვის გამოიხმო და ყველაფერს ყოფს. მას შეუძლია წყალთა გაყოფა წყალთაგან. და როცა მხურვალედ, ცხარე ცრემლები თ უხმობენ მას, აშკარავდება სიცრუე, და შენ შეიტყობ ხიბლისაგან თავის დაღწევის საშუალებას. და როცა ამას მრავალჯერ ცდი, გამოცდილი ხდები. და უსაზღვროდ განადიდებ და მადლობ ღმერთს, რომელიც გონებას გვიხსნის, რათა შევიცნოთ მაცთურის ხაფანგები და ხრიკები და გავექცეთ მათ.



ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით იწყნარებს ყველა მასზე მოწეულ განსაცდელს, როგორც სულის საკურნებელ წამალს, და მოთმინებით შემოსილი ადიდებს და მადლობს უფალს. ბედნიერებაა, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რადგან სხვაგვარად საშინელ სამსჯავრო ჟამს დაფარული ვნებები და გადაჭარბებული მოთხოვნილებები აღმოგვიჩნდებოდა. ღმერთს რომ ამაზე თვალები დაეხუჭა და სამოთხეში ისეთები დავემკვიდრებინეთ, როგორებიც მაშინ ვიქნებოდით, იქაც გამოვავლენდით საკუთარ თავს. ამიტომ უფალი აქ, ამ სოფელში, უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რათა ამ განსაცდელებმა მტვერი ჩამოგვიბერტყოს, ჩვენი სული მწუხარებისა და ცრემლების ხელშეწყობით განწმინდოს და ხსნის გზა ღვთის ძიებაში დაგვანახოს.



ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც იგივე ცოდვაა), მანამდე გაუცხოებულია იგი თავისუფლებისგან, ვინაიდან სანამ არსებობს მამხილებელი, არსებობს ბრალმდებელიც და სანამ არსებობს ბრალდება, არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ, თუკი ნახავ, რომ შენი ლოცვისას შენს მიმართ უკვე აღარ არსებობს არანაირი სამხილი ბოროტებისა მაშასადამე, თავისუფალი ხარ და შესულიც უფლის წმინდა მოსვენებაში, მისი ნებისებრ. თუკი ნახავ, რომ გაძლიერებულია კარგი ნაყოფი და აღარ აშთობს მას მტრის სარეველა, თუკი მოქიშპეები, თავიანთ მზაკვრობას დანდობილნი, უკვე განდგნენ (თუმცა არა თავისი ნებით), რომ მეტად აღარ ჰქონდეთ ომი შენს გრძნობებთან, თუკი უკვე ღრუბელმა მოუჩრდილა კარავს და მზემ აღარ დაგწვა შენ დღისით, არც მთვარემ - ღამით, თუკი შენში თავი იჩინა სრულმა მზადყოფნამ კარვისათვის, რომ აღმართო და დაიცვა იგი ღვთის ნებისამებრ, მაშ გამარჯვება გრგებია უკვე ღვთის შემწეობით. ამიერიდან თვით უფალიც მოუჩრდილებს კარავს, რადგან თავისია იგი. ვიდრე ომია, ადამიანი შიშშია და ძრწოლაში, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება დღეს, სძლევს თუ იძლევა ხვალ, რადგან შერკინება გულს ბოჭავს უწინარეს (ე.ი. წინდაწინ გულს კუმშავს, გულს აღელვებს შერკინების მოლოდინი), უვნებობა კი უბრძოლველია, რადგან მიღებული აქვს მას თავისი ჯილდო და აღარ შფოთავს სამი დაყოფილი ნაწილის გამო, მიაღწიეს რა ამ ნაწილებმა ურთიერთთან მშვიდობით ყოფნას ღვთის შემწეობით, ხოლო ეს სამი ნაწილია: სამშვინველი, სხეული და სული. მაშ, როდესაც ეს სამივე ერთი ხდება სულიწმინდის მოქმედების გზით, აღარ ძალუძთ მათ კვლავაც ურთიერთდაცილება, შენ კი ნუ ჩათვლი, რომ უკვე მოკვდი ცოდვისთვის, სანამ ჯერ კიდევ მძლავრობენ შენზე შენი მტრები, - გინდ სიფხიზლეში, გინდ ძილში, - რადგან ვიდრე კვლავაც ასპარეზზეა უბადრუკი ადამიანი, არა აქვს მას უფლება სითამამისა.


sibrdzne.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий