пятница, 11 октября 2013 г.

როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?

წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?

უკვე გითხარით, იმისათვის, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ თვითონ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად. ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შმწყნარებლურად, სიყვარულით ნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უცქერს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.
   
    იმისათვის, რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან - რასაც ვხედავთ, კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა, თავისი მზაკვრული "დეპეშების" გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად გავთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ, გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვეღარაფერს დაგვაკლებს.

წმიდაო მამა, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?

მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ "გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ აზრებს ჩვენში შეოსვლის ნებას არ ვაძლევთ.

წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?

აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნება იმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განსწმენდს. მართლაცდა, "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყვანი ბოროტნი" და "ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი". მაგრამ გარდა იმისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადამიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.


  პაისი მთაწმინდელი



Комментариев нет:

Отправить комментарий