понедельник, 7 октября 2013 г.

ღვთის გმობის შესახებ.

რას გულისხმობს ღვთის გმობა და რატომ არის ადამიანი ღვთისმგმობელი? “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:

„ღვთის გმობა მისი სახელის შეურაცხყოფასა და მისი ნების გავრცელების წინააღმდეგობას (მიზანმიმართულ) წარმოადგენს. ამგვარი მოქმედების არ შენანება ფატალური შედეგებით დამთავრებულა – ამ სოფელშიც და მერმისშიც. ჰეროდე წინ აღუდგა უფლის გზის შემამზადებელ წინასწარმეტყველს – იოანე ნათლისმცემელს და მას ცოცხლად მყოფს მატლები დაეხვია. ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელი არიოზი საპირფარეშოში საშინელი ტანჯვით ნაწლავებად დაიცალა. ერთობ შორს წაგვიყვანს ასეთი მაგალითების მოყოლა და თვალსაჩინოებისთვის, ვფიქრობ, მოყვანილიც საკმარისია. თავად უფალი ამ კუთხით ამგვარად გვასწავლის: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.“ არათუ გმობა-შეურაცხყოფა, ღვთის სახელის წარმოთქმის მიზეზი მის სიყვარულთან, დიდებასთან, მადლიერებასთან, სიხარულთან, დიდებულებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. და ამას მოკრძალებით უნდა აღასრულებდე.“

საიდან ჩნდება ადამიანში ღვთის მგმობელი აზრები და სურვილები?

ღვთის მგმობელი აზრების წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაა, სახე კი – ღვთისგან განდგომა. იგი რამდენიმე კატეგორიად იყოფა: შეგნებული მოქმედება, მოტყუებული-უმეცარი და შეუგნებელ-გაუაზრებელი მდგომარეობა. გამართლება არცერთს აქვს, მაგრამ ვითარების სიმძიმე სხვადასხვაა.

1) პიროვნება თავისი შეგნებული მოქმედებით განუდგება შემოქმედს. უარყოფს თავის საწყისად, ან არ სურს მისი არსება. გამოხატულება მისი ცნებების მიზანმიმართული უგულებელყოფაა. მის სახელს შეურაცხყოფს. ასეთს სინანულის სურვილი ნაკლებად უჩნდება. შესაბამისად, მისი ხსნა მეტად რთულია. პირადი ნებისა და გადაწყვეტილების გარეშე საღვთო შეწყნარებისგან შორს არის.


2) ძირითადად ეს უცოდინრობაა. სუბიექტი უვიცობით სხვისი აზრის მატარებელი ხდება და ვითარების გამოუძიებლად იზიარებს მოწოდებულ იდეას. ამგვარი მდგომარების სახეა ადამის შეცოდება. ასევე, მრავალთათვის ნაცნობი ვითარებაა მე-20 საუკუნეში ათეიზმის თარეში, როდესაც იდეის ჩაგონება მოტყუებითა და ძალადობით ხდებოდა. ამ შემთხვევაში პიროვნების ხსნა მის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. თვითშემეცნება და ობიექტურობა მას სიმართლესთან მიიყვანს და უფალში სინანულით გამთლიანდება.

3) ესეც უვიცობისა და საკუთრივ უდიერების, გულგრილობის, გონებადაბნელებულობის შედეგია. ადამიანი ღვთის შეურაცხმყოფელ ნიშანს გაუაზრებლად სჩადის ან წარმოსთქვამს. ამ პრობლემის გადაწყვეტა მის მიერ არჩეულ ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. არ შეცვლის შემთხვევაში სავალალო შედეგია მოსალოდნელი. გულწრფელი სინანული კი ყოველივეს აღხოცავს.

საზოგადოების ნაწილისთვის ღვთის გმობა „პროგრესის“ გამოხატულებად მიიჩნევა… რატომ არ აქვთ ადამიანებს ამ დროს სირცხვილის გრძნობა?

ღვთის წინააღმდეგ მებრძოლობა ყოველი ეპოქისთვის დამახასიათებელია. სხვაობა მხოლოდ მეთოდებშია. ყოველ დროს თავისი ნიშან-თვისება ჰქონდა. ბოლო წლებისთვის სამი მკვეთრი ნიშანი გამოიყო: უღმერთობა, სექსუალური რევოლუცია და მამონა. მათი მიზანი ამქვეყნიური-წარმავალი ტკბობა-ძალაუფლებაა. თავისთავად, სამივე მდგომარეობა რეგრესს წარმოადგენს და ადამიანის არსს რადიკალურად არღვევს. ამ ცნებებით შეპყრობილებს კი ეს სასტიკად აღიზიანებთ და საკუთარი გულისთქმების დასაცავად „ვითარცა ცოფნი“ (ფსლნი) კბილებს აღრჭიალებენ. მინდა აღვნიშნო: ჯანყის ეს სამი სახე ამასოფლის მეტად ძლიერი გულისთქმანია და აპოლოგეტებიც მრავლად ჰყავს. მიზანმიმართულად მიდის ამ ყოველივეს „მეცნიერულ“ ჭრილში გატარება და ამით მისი გამართლება, ხოლო რელიგიური შეხედულებანი დროს ჩამორჩენილ მოსაზრებებად ცხადდება. ეს ერთგვარ პრიორიტეტულ და პროგრესულ სახედ წამოუჩნდება ნეოფიტს. ამგვარად მიდის მისი მორალური წნეხი და სულიერი ტერორი. აქ გასაკვირი არაფერია. მაცხოვარი ამბობს: „უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.“ (იოანე. 15.18). ვნებამორეული სუბიექტი გულისწადილის აღსასრულებლად სინდისის ხმას აღშობს, შესაბამისად, მას სირცხვილის გრძნობა ეკარგება. ყოველ იმ ფაქტორს კი, რომელიც მის სინდისს აღვიძებს და ამხელს, კბილებალესილი ებრძვის. თავისთავად ის გარემო, სადაც მისი ვნებადამოკიდებულება ჩანს, მეტად აღიზიანებს და თვალსაჩინო ყოფიდან თავის დასაღწევად ცდილობს გარშემომყოფთა გადაბირებას. სიმრავლეში მისი სიბინძურე უჩინარდება.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც გარშემომყოფებისგან ღვთის გმობას ისმენს?

ღვთისმგმობელობა გარეშემო სამყაროში, ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა აქტიური იყოს. მისდამი დამოკიდებულება რამდენიმეგვარია: 1) გამიჯვნა სიტყვითა და საქმით; 2) უმეცართა განსწავლა და აპოლოგია; 3) მათი გამიჯვნა საღვთო სწავლებისგან; 4) განრიდება.

1) პირველ რიგში, მათი ცხოვრების წესისგან სრულიად გამიჯვნა. არ თანაზიარება მათი ყოფისა. „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.“(მათ.6.24). „რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (კორნთ2. 6.15).

2) შეცდომილის მოქცევა ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა, საღვთო სწავლების განმარტება და მტკიცედ დაცვა. „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ“ (მათ.28.19,20). „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა.“(მათ.10.32.33). ადამიანები ხშირად თანაგრძნობასა და კომპრომისს ერთმანეთში ურევენ. ეს არამართებული დამოკიდებულებაა. გულისტკივილი და ზრუნვა პიროვნებაზე საღვთო წესია. ხოლო საღვთო სწავლების დათმობა-ცვლილება უგუნურებაა. პავლე მოციქული გვასწავლის: „და ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა“.

3) „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.“(მათ.5.6). ბევრი დამეთანხმება, ღვთისმგმობელებთან, კეთილი სურვილის იმედით, დისპუტში მაცხოვრის ეს სიტყვები მწარედ გახსენებიათ. მათი მხრიდან ირონიასა და ცინიზმს ადგილი ხშირად ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ პოლემიკაში კი არ ვერთვებით, ვსაუბრობთ სუბიექტთან, რომელსაც გულწრფელად აინტერესებს ჭეშმარიტება და ის თავისი ცოდნით ჩვენთან დისპუტში შემოდის. პოლემიკაში მხოლოდ მაშინ ვერთვებით, როდესაც მესამე პირთა წინაშე საღვთო სიტყვის აპოლოგიას ვეწევით.

4) განრიდება, არ შიშისდა გამო, ისევ წინ მდებარე მაცხოვრის სიტყვებით მათე მახარებელში. უფალიც დუმდა, როცა მას ჯვარცმის წინ უსამართლოდ განსჯიდნენ.

მორწმუნეთა შორის გავრცელებულია შემდეგი ცდომილება, რომელიც უმეცრებითა და დაუფიქრებლობით არის გამოწვეული: ღვთის განგებულების განკითხვა, დაყვედრება, ურწმუნოება-ეჭვიანობა. დასაწყისშივე აღვნიშნეთ სინანულის საჭიროება. თუმცაღა სინანული შეგნებული-გააზრებული განსჯის შედეგია. ეს კი საქმის ცოდნასთანაა დაკავშირებული. საღვთო ბუნებისა და საკუთარი არსის შემეცნება ადამიანს სწორად განსჯაში ეხმარება. ამას მისდამი დამატებული რწმენა უკვე ნაყოფს გამოიღებს და ნაბიჯი თავისთავად გადაიდგმება. პირველ რიგში, ქრისტიანი ამაოდმეტყველებას, მრავალმეტყველებას, სულსწრაფობასა და უიმედობას უნდა განერიდოს. შემდგომ კეთილკრძალული მოთმინებით საღვთო სწავლებას დაეწაფოს, სადაც, გარდა შემოქმედის განგებულებისა, სასოებასა და რწმენას ჰპოვებს, რაც მას შემდეგ სიტყვებამდე მიიყვანს: „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა“(ფსალმნ.5.1). დიდება უფალს!

თეონა ნოზაძე


http://www.ambioni.ge/gvtis-gmoba

Комментариев нет:

Отправить комментарий