пятница, 29 ноября 2013 г.

“გლობალიზაცია” და დღევანდელობა

ავტორი: დეკანოზი ლევან მექოშვილი

ამონარიდი წიგნიდან “სექტანტობა და მართლმადიდებლობა”

დიდი მადლობა მამა ლევანს მისი წიგნების მოწოდებისა და მათი გამოქვეყნების უფლებისთვის.



ჩვენს დროში ბევრს საუბრობენ და წერენ `გლობალიზაციაზე~, მის წარმოშობაზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. ჯერ-ჯერობით ის ჩვენთვის ბოლომდე ამოუხსნელი მოვლენაა, რადგანაც მისი ნამდვილი სახე არ გვინახავს. უფრო ხშირად მის შესახებ პროგნოზებს გამოვთქვამთ, ან გასული საუკუნის მოვლენებს ვიხსენებთ, რომლებიც გლობალიზმთან იყო დაკავშირებული.


ამ თემაზე რელიგიური ადამიანებიც გამოთქვამენ თავის აზრს, რადგანაც თვლიან, რომ გლობალიზაცია აუცილებლად შეეხება მათ მრწამსს. ზოგს ეშინია გლობალიზაციის მომძლავრებული ტალღისა, ზოგიც მშვიდად ხვდება მას, რადგანაც თვლის, რომ შეუძლებელია მისი შეჩერება და ამაოა მათი ყოველგვარი მცდელობა. ვინც კარგად იცნობს საეკლესიო ტრადიციას, ის ფრთხილად და ფხიზლად მოეკიდება გლობალიზმის თემასაც. უმჯობესია გადაიაროს პირველმა ემოციურმა ტალღამ, მხოლოდ მერე გაკეთდეს შეფასებები. თუ კეთილი აზრი არაზუსტი არგუმენტებითაა გამყარებული ბოროტებასთან ბრძოლაში, ის აუცილებლად შეირყვნება. მაგალითად აპოლინარის გამოსვლა არიოზის სწავლების წინააღმდეგ სამართლიანი იყო, თუმცა მისი არგუმენტები არ გამოირჩეოდა სწორი საწყისით და ამიტომ იგიც მწვალებლობაში ჩავარდა. აპოლინარის მწვალებლობას ნესტორის აღშფოთება მოჰყვა. იგი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა. მიუხედავად ამისა, არც მისი მსჯელობა იყო მართლმადიდებლური. ნესტორის სწავლებას ევტიქი დაუპირისპირდა, თუმცა მისმა სამართლიანმა აღშფოთებამ, შემდგომში მონოფიზიტობას დაუდო საფუძველი.

რაიმე საკითხზე ნებისმიერი საღვთისმეტყველო აზრის გამოთქმას ისტორიის მოშველიება არ აწყენდა. ამა თუ იმ საკითხზე უნდა გავარკვიოთ ეკლესიას (სხვადასხვა ეპოქაში) თუ გამოუთქვამს თავისი შეხედულება. ხოლო თუ ჩვენი მსჯელობა საეკლესიო ტრადიციის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, შენდობის და პატიების თხოვნას არაფერი უნდა დაუდგეს წინ.
ამიტომ ხელაღებით ნუ მივყვებით `გლობალიზაციის~ კრიტიკას.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეკლესია ყოველთვის უჭერდა მხარს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს და თუ გლობალიზაცია აქეთკენ იქნება მიმართული, მაშინ მასში ცუდი არაფერი ყოფილა. `გლობალიზმის~ სინონიმია იმპერია. იმპერია კი ერთიანი სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე ეროვნულ სუვერენიტეტს მოიცავს. ეკლესიას იმპერიის გაფართოებისთვის არასოდეს არ შეუშლია ხელი, რადგანაც მისი დანიშნულება სულ სხვა რამაა: ცათა სასუფევლის ქადაგება და `დანერგვა~ ნებისმიერი წყობის სახელმწიფოში. საშობაო სტიქარონში ვკითხულობთ, რომ ქრისტე დედამიწაზე `ერთ-მთავრობასა მას ავგუსტოსისასა ქვეყანაზედა~ დროს მოვიდა. ე.ი. ეკლესია რომის იმპერიის `ერთადერთობას~ აღიარებდა. ზოგიერთი წმიდა მამა წარმართულ რომის იმპერიას (ანტიქრისტეს) `შემკავებელ~ ძალას უწოდებდა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით `ეს აზრი პავლე მოციქულიდან მოდის, იგი ამის შესახებ მინიშნებით საუბრობს, რადგანაც არ უნდა, რომ მისდამი უსაზღვრო სიძულვილით აღივსონ და თავი განსაცდელში ჩაიგდოს. პავლეს რომ ეთქვა, რომ უახლოეს დროში დაინგრეოდა რომის იმპერია, მას როგორც არეულობის მოთავეს მოკლავდნენ, მასთან ერთად კი არცერთ მორწმუნეს არ დაინდობდნენ. . . როდესაც რომის იმპერია შეწყვეტს არსებობას, მაშინ მოვა იგიც (ანტიქრისტე). სანამ ეშინიათ ამ სახელმწიფოსი, ანტიქრისტეს არავინ დაემორჩილება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დაიშლება, არეულობა გამეფდება. მაშინ ის შეეცდება მიიტაცოს ადამიანური და ღვთაებრივი ხელისუფლება~. (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება თესალ. წერილისა). იგივე აზრს გამოხატავს ტერტულიანე თავის აპოლოგიაში: ‘უდიდესი კატასტროფები და საშინელი უბედურებანი, რომელიც სამყაროს ელოდება აღსასრულის ჟამს, რომის იმპერიის არსებობის გამო გადაიწევს. ჩვენ ამ უბედურებების თავიდან აცილება გვსურს და ვლოცულობთ, რომ მათ გადაიწიონ, ჩვენ რომის იმპერიის დიდი ხნის არსებობისათვის ვლოცულობთ~.
სანამ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, სანამ მისგან არ მოითხოვს რწმენის საქმეებში კომპრომისს, ეკლესიას მისდამი (მისი მოწყობისადმი) ლოიალური დამოკიდებულება ექნება. ხოლო გლობალიზაცია რწმენის საქმეს არ ეხება, ამიტომ მისი დაგმობის თუ აკრძალვის უფლება, ალბათ, არც გვაქვს. საღმრთო გადმოცემასა და წერილში ვერ ვნახავთ მოწოდებას `ქრისტიანის ბრძოლა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისათვის~, `თუ მოწოდებული ხარ როგორც მონა, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო. …ძმანო თითოეული იმ მოწოდებით დარჩეს ღვთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო~ (I კორ. 721). ჩვენს დროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამოკიდებულებაში (რომის იმპერიის დროის სურათთან შედარებით), და ქრისტეს სიტყვებიც თავისუფლად შეგვიძლია გავიმეოროთ: `კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა~.
თუმცა ისინი, ვინც პროტესტს გამოთქვამს გლობალიზმის შესახებ, ყველა მოდერნისტი როდია. მათი მწვალებლად გამოცხადების უფლება არავის აქვს. უბრალოდ მათ ძველი მამების გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ და იმათ პოზიციაზეც დაფიქრდნენ, ვისაც არ სურს მათთან ერთად პროტესტის გამოთქმა.
თუ პირველი საუკუნის ქრისტიანები ქაოსსა და უწესრიგობას ანტიქრისტეს დაბადების და გამოჩინების დედად თვლიდნენ, ახლა ანტიქრისტეს დაბადებას მკაცრ ტოტალურ სახელმწიფოდან ფიქრობენ. ზოგიერთ დღევანდელ ქრისტიანს ‘ახალი მსოფლიო წესრიგი~ აშინებს და არა ქაოსი და უწესრიგობა.
კონსტანტინე დიდიდან დაწყებული ეკლესია ყოველთვის ხელისუფლებასთან იდგა. ეკლესია არ ეწინააღმდეგებოდა იმ სახელმწიფო რეფორმებს, რომლითაც საზოგადოება იმართებოდა. ეკლესია ამ რეფორმებს ღმრთის სიტყვის გასავრცელებლად იყენებდა. მაგრამ შეიცვალა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, მათ შორის ძველი თანხმობა აღარ არსებობს. ეკლესიას სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პროტესტის და მითითების გამოთქმა უხდებოდა. თუ გლობალიზაციის დროს ხელისუფლება ადამიანთა ცნობიერების და მსოფლმხედველობის შეცვლას ან კონტროლს შეეცდება, პროტესტი მის შესახებ უადგილო არ იქნება. რადგან გლობალიზაცია ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და მისი შეჩერება არ ძალგვიძს, სჯობს მის უარყოფას, მასთან `ბრძოლის~, თუ მიდგომის ხერხები სწორად შევარჩიოთ. მაგრამ სანამ ეს შტრიხები ჯერ არ იკვეთება, ცრუ განგაშის ატეხვა ალბათ არ ღირს. ჯერ-ჯერობით ეკლესიათა სინოდებს გლობალიზაციის მიმართ მკაცრი პროტესტი არ გამოუხატავთ. ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი ილია II, საშობაო ეპისტოლეში წერს: `ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს~. აქ გადმოცემულია თხოვნა (ღვთის მიმართ) და ნატვრა იმისა, თუ როგორი მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ პროცესებში, არაა მითითება მისდამი წინააღდგომისა, დაგმობისა, მაშინ არც ეკლესიის მამამთავრის წინააღმდეგ უნდა წავიდეს თითოეული ქრისტიანი, რადგანაც სინოდს დაუმორჩილებლობა არ გამოუცხადებია. ნურც არაზუსტი და ცრუ ფაქტებით შეაშინებენ რწმენაში ახლადმოსულებს (ამის მაგალითი ბევრია დღევანდელ გამოცემებში). ნურც ეკლესიის სახელით შეეცდებიან ცალკეული პიროვნებები ახალი დოქტრინის შემუშავებას. თუ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ღვთის გმობისკენ და უზნეო ქმედებისკენ მოუწოდებს, მაშინ ეკლესიის დაუმორჩილებლობა არც არავის უნდა გაუკვირდეს. ასეთ შემთხვევაში ეკლესია სახელმწიფოსთან დიალოგს მიმართავს. თავის წევრებს კი მიღებული კანონების შეცვლის კანონიერ ხერხებს მიუთითებს, ან კიდევ საერთაშორისო ინსტანციებს და მსოფლიო საზოგადოებას ამცნობს ამ პრობლემის შესახებ. მაგრამ რადგანაც ეკლესია გლობალიზაციაში სულიერი ცხოვრების გადაგვარების საშიშროებას ვერ ხედავს, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენაც არ მოუწოდებს თავის შვილებს. ქრისტიანი საერო ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური მეთოდებით არ უნდა იბრძოდეს. ხოლო ვისაც დაშვებული ხერხებით შეუძლია პროტესტის გამოთქმა ისე, რომ არ ავნებს საკუთარ სულს, დაე ნუ განიკითხავს იმას, ვისაც ანალოგიური ნიჭი არ გააჩნია, ვინც მსგავს ქმედებას ქრისტიანულ ნორმად არ თვლის. რადგან ყველას ხვედრი არაა `გლობალიზაციასთან ბრძოლა~, ყველას ხვედრი არაა საქართველოს გადარჩენა, მით უმეტეს მკვეთრი განცხადებებით, რომ გლობალიზაციას შეუძლია ღმერთი დაგვაკარგვინოს, ანტიქრისტეს შეგვაერთოს, არ უნდა შევაშინოთ მრევლი. ჩვენი ვალია მათი დაცვა მომავალი საფრთხისაგან და საღი გონებით მიდგომა საკითხთან. რადგანაც თუ ჩვენ განვიყოფით, ნამდვილად ვერ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას. გლობალური პროცესების ანალიზი და შეფასება პროფესიონალებს უნდა დავუთმოთ (არაპროფესიონალი შეფასება კი სასაცილო და მავნებელია) ამისთვის კი სწორად შერჩეული არგუმენტები უნდა წარმოვაჩინოთ.
გლობალური პროცესები რთული და არაერთგვაროვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესების ის მხარე, რომელიც უარყოფს ქრისტიანულ და კულტურულ საფუძველს. მისდამი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი ფესვების ცოდნით შეუძლებელია, აუცილებელია კულტურულ-რელიგიური ერთობის გათვალისწინება. იმის თქმა, რომ დასავლეთიდან შემოსული ყოველივე მიუღებელია, ჩვენს ცრუპატრიოტიზმსა და უცოდინარობაზე მიუთითებს. რასაც დასავლეთიდან ვიღებთ, ყველაფერი ხომ ანტქრისტიანული იდეოლოგიური ბეჭდით არაა დაღდასმული. ევროპული ქრისტიანული კულტურა არ შეიძლება გავაიგივოთ დღევანდელ რეკლამირებულ `პროდუქციასთან~. ქრისტიანული თავისუფლება, კაცთმოყვარეობა და გონიერება არ უნდა აგვერიოს სეკულარულ ჰუმანიზმში, ან ყველაფერს `ლიბერალიზმის~ იარლიყი მივაკეროთ. თანამედროვე დასავლური სამყაროს კულტურა და ხელოვნება მთლიანად ანტიქრისტიანული არაა (ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენში ყველაფერი სახარებისეული მცნებებით არ მიმდინარეობს), ოღონდ იგი უნდა განვასხვავოთ იმ ევროპული კულტურისაგან, რომლის საფუძველი ქრისტიანობა იყო. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ `გლობალიზმის~ მინუსებსა და დადებით მხარეებზე. თეორია: ‘ჩვენი ყველაფერი კარგია, უცხო კი მიუღებელი!~ აშკარად ანტისახარებისეულია და არაობიექტური.
გლობალიზაციაში არის კეთილი მარცვალი, არის ისეთი რამ, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ. მაგრამ გლობალური პროცესები თავისთავად საშინელებად (საფრთხობელად) არ უნდა ვაქციოთ. თუ გლობალიზაცია სულიერი და კულტურული ექსპანსიით დაგვემუქრება, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ჭეშმარიტ, თანასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდენენ ზესახელმწიფოები და მცირე ერები. ამის მისაღწევად ყველა ხალხს უნდა ჰქონდეს საბაზო ტექნოლოგიურ რესურსებთან მისასვლელი გზა.
გლობალიზაციის დროს სხვა კულტურასთან სხვა აღმსარებლობებთან მოგვიწევს შეხვედრა. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე სეკულარულ სამყაროში, უკეთესად უნდა გავიგოთ თუ რა ევალება ქრისტიანს და რაა სამყაროს დანიშნულება. ე.ი. უკეთ უნდა გვესმოდეს მართლმადიდებლობა, რომ შევძლოთ მისი დაცვა, ხოლო უსაფუძვლო შიში გლობალიზაციის წინაშე ჩვენს წინასწარ კაპიტულაციას მიანიშნებს. იმის ნაცვლად, რომ აქტიური როლი ვითამაშოთ ისტორიის შექმნაში, მსხვერპლის სტატუსს ვჯერდებით. თუ სხვა აღმსარებლები უკეთ გამოიყენებენ გლობალიზაციის ნაყოფს, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ მასზე უარი? საქადაგებლად წასვლას და სხვა სახის მოღვაწეობას ხომ არავინ დაგვიშლის? პირიქით, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებანი ქრისტეს დასამოწმებლად ამასოფელში. სხვების აქტიურობის ლანძღვას სჯობს ჩვენ გავძლიერდეთ. ჩვენ ჩვენი მოძრაობის მიმართულება გვექნება და უნდა შევძლოთ ხელისშემშლელი წინაღობების გადალახვაც. ვინც ვერ შეძლებს ქადაგებას, დაე, ინფორმაციის მიღებას დასჯერდეს. თუ სხვას ვერ დააინტერესებს მართლმადიდებლობით, იმედს ნუ გადაიწურავს, ნუ შეეშინდება იმის, რომ გლობალიზაცია შემოიჭრება რა მის ქვეყანაში, ამით მართლმადიდებლობას ბოლო მოეღება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალიზმის პროცესების შეფასება პირადი მისიონერული ღვაწლის წარმატება-წარუმატებლობაზეც ყოფილა დამოკიდებული. ნუთუ წარუმატებლობის გზით უნდა ვიაროთ ყველამ?
მოციქულები თანადროული გლობალური პროცესების წინააღმდეგ არ წასულან. იმპერიის გზებს წარმართი იმპერატორები მიმდევრებთან ერთად აქტიურად იყენებდნენ ტაძრების და კერპების აღსამართავად. მოციქულებსაც არ დაუწყევლიათ ის გზები, არ უთქვამთ ამაზე უარი, რომლებიც წარმართებმა გაიყვანეს და თვითონაც გამოიყენეს. პალესტინაში დაბადებული სასიხარულო ამბის გავრცელებას მსოფლიოში რომის იმპერიის გლობალიზაციამ შეუწყო ხელი. რომის იმპერიაში რომ არ ყოფილიყო შემწყნარებლური პოლიტიკა რელიგიის მიმართ, სახარების გავრცელება გაჭირდებოდა მთელ მსოფლიოში.
ზოგნი გლობალიზაციას თანამედროვე ცხოვრების რეალურ ტენდენციად მიიჩნევს, ზოგიც მხოლოდ `იდეად~ აღიარებს. თუ ის აუცილებლად განხორციელდება მაშინ ფუჭად არ უნდა დავშვრეთ მისი კრიტიკით, უმჯობესია მოვემზადოთ მასთან შესახვედრად. ხოლო თუ მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი, მაშინ შიშის საფუძველი სულაც არ გვქონია. თუ გლობალიზაციის სურვილია ერთიანი ზენაციონალური მართვადი ცენტრის შექმნა (რაზედაც ქრისტიანული იმპერიის მშენებლებიც ოცნებობდნენ), უმჯობესი იქნებოდა იმაზე ფიქრი, თუ ვინ იქნებოდა ამ ცენტრის ხელმძღვანელი, ვის ხელში იქნებოდა მართვის სადავეები. ჩვენი მიზანი საზოგადოების ცნობიერების შეცვლაა, ზნეობის გაუმჯობესება და არა მსოფლიო პროცესების შეჩერება. ხოლო თუ გლობალიზმი ქრისტიანობის წინააღმდეგ დაბადებული იდეოლოგიაა, მაშინ ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ სახარებით უნდა ვიბრძოლოთ და არა კომპიუტერების, ინტერნეტის, ტელევიზიის და სხვა საშუალებების დაგმობით.


http://www.orthodoxtheology.ge/globalization/

Комментариев нет:

Отправить комментарий