вторник, 10 декабря 2013 г.

ქებათა-ქება (იუდასავით ქრისტესა)

ვაჟა-ფშაველა

იუდასავით ქრისტესა
რადა ჰღალატობ, ძმობილო,
გველ-ბაყაყებთან ჰბინადრობ,
ვაჟკაცო კეთილშობილო?!
აიღე თავი, გამხნევდი,
გულს მოიკრიბე სიმართლე.
რად გიყვარს ბნელი, ნეტავი,
რისთვის შეგძულდა სინათლე?
ნუ დაჰბრმავდები გონებით,
ნუ დასჩლუნგდები გრძნობითა,
მოძმეს რად ჰხუთავ პირში სულს
თავის კეთილის ყოფითა?

მანამ სცოცხლობდა, გულს ედო
მას სიყვარული ქვეყნისა,
იმაზე იყო ალალი
ძუძუ და ნანა დედისა.
მოკვდა უცხოეთს, შეიქმნა
ის მსხვერპლი შავის ბედისა.
ჩვენ დავივიწყეთ მის ღვაწლი,
ღირსი ხსოვნისა მეტისა.
მრავალჟამიერ იკურთხოს
მადლი მაგ შენის ქედისა!
ბევრს დავუკარგეთ ამაგი,
ღვაწლი და გრძნობა ციური,
ვაწამეთ იესოსავით,
ვუგინეთ სახე ღვთიური.
სიცოცხლით დაგვავიწყდება
შრომის ფასება მშრომლისა;
მოკვდება, უნდა ვუკურთხოთ
ნიჭი და ძუძუ მშობლისა!..
ეს ჩვენში ხდება, იკითხეთ,
სხვაგან მომხდარა როდისა?!.

მეღორე ღორებს მიუქსევს,
მეძროხეები – ძროხებსა,
ხარაზი ჰკერავს წუღებსა,
მეჩოხეები – ჩოხებსა;
მუშები მინდვრად გასულან,
იტრიალებენ თოხებსა,
შევხარით, შევსტრფით ყველანი
თავის ჩამოშლილს ქოხებსა;
სად მეგაზეთე გაზეთს სწერს,
ქვეყნის მტრებს ესვრის კოხებსა,
სად დიაკვანი დიაკვნობს,
მღვდელი ხმას მოიბოხებსა,
შეავედრებენ უფალსა
ქვეყნის მადლს, ქვეყნის ცოდვებსა,
შესძღვნიან დამბადებელსა
ცხელს და მდუღარე ლოცვებსა.

ერთი მხრით ცოდვა დამდგარა
და მეორე მხრით – მადლია.
მადლსა ჰსურს ცოდვა დაჩაგროს,
ცოდვა კეთილის ადლია.
უნდა იბრძოლონ მანამდე,
სანამ ქვეყანა არია,
მანამდე ვარსკვლავებია,
მანამდე მზე და მთვარეა.
სიტკბოს რა დაჰლევს ქვეყნადა,
მანამა სუფევს მწარია?
ერთი ბატონობს იმიტომ,
მეორე ეყმოს იმასა,
უღრუბლოდ, განა არ იცით,
სად რა მოიყვანს წვიმასა?!
ვინაც მოკვდება, დავმარხავთ,
გაჩნდება – ვურწევთ აკვანსა,
წამოიზრდება – დაიწყებს
მღერას და ტკბილად კაკანსა.
საქმრო საცოლეს დაეძებს,
საცოლე კიდევ – საქმროსა.
ერთსაც ის უნდა, სხვასაცა,
რომ პირი ჩაიშაქროსა.
წავა, გაივლის დროება,
სიკვდილი მოდგა ახლოსა.

სადღაა ძველი გრძნობები,
ღაწვისა ღაწვზე ტოლება?
აღელვებულსა გრძნობებსა
ახლა ჰბრძანებლობს გონება.
სულის საქმეზე-ღა ჰფიქრობს
უძლურად ქმნილი ლეშია,
და აგერ მეკუბოეცა,
კუბო უჭირავს ხელშია!
ესაა ჩვენი სიცოცხლე,
მისი თავი და კუდია,
თავს ვეხარბებით სასმელად,
თუმცა-კი ბოლო ცუდია.

სამსახურიდან გამაგდეს,
დავეხეტები ცალადა,
მწადიან ცოლი შევირთო,
კარგი ვარ თვალად-ტანადა.
საცა რამ მაჭანკლებია,
ყველასა ვსთხოვე ვალადა,
იარონ კიდით-კიდემდე
და მიმაჭანკლონ კვალადა.
შემოკრბა ბებრის ნახირი,
ყველა ჩაცმული შავადა;
შემოვიმწკრიე გარშემო,
შუაში ჩავჯექ თავადა.
მაშინ შეგვექმნა თათბირი,
გავმართეთ ბჭობა დიდია.
ვსთქვი: ჩემის საქმის წამართვა
ეხლა თქვენზედა ჰკიდია.
თქვენ იცით, ნათლიდედებო,
როგორც აუბნებთ ენასა!
ვიმედობ, ჩემის ქებითა
მსმენელთ დაუხშობთ სმენასა.
სიმდიდრით მაქეთ, სხვას ყველას
თავი ანებეთ, სჯობია.
„ეგ ჩვენც ვიცითო, – იმათ სთქვეს, –
რა დიდი ასაცნობია!
განა არ ვიცით, რომ ფული
მეფობს ეხლანდელს დროშია“.
თუ რას ბებრები მიშველენ,
ჯიბეს არ მიძე გროშია.

ყველგან არა სძოვს ირემი,
არც ყველგანა ჰსვამს წყალსაო.
რა მიჭირს, თუ დაგინახავ,
ცოტათი მოგკრავ თვალსაო.
ხანდახან შენაც მომხედე
შენის ეშხითა მთვრალსაო.
გიყვარვარ, ისა ჰგონია
გარე შემორტყმულს ხალხსაო.
მე ხომ თვით ვიცი, ჰთვალთმაქცობ,
ნახვისას გვირევ კვალსაო,
შენ ხომ სხვას ეარშიყები,
მე ტყულად მდებენ ბრალსაო.
არც ისე ლამაზიცა ხარ,
ნუ მოიწონებ თავსაო.
მე შემიყვარდი, არ ვიცი,
რად არ მოსწონხარ სხვასაო?!
ჩემი ოცნება გამშვენებს,
გარიდებს ყველა ავსაო,
დაბრმავებული ტრფობითა
შენს ავს ეძახის კარგსაო.
როდის მოვიხდი, არ ვიცი,
ამ სიყვარულის ბარგსაო!?

ის აღარა ვარ, ძმობილო,
რაც გინახივარ წინადა…
წუწკმა დიაცმა გამხადა
თავის ბაშმაკის ძირადა;
ორ გროშად აღარ მიყიდი,
აქამდის ვღირდი ძვირადა;
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი:
გელაკლუკება პირადა,
თუნდ არ უღირდე, იცოდე,
უბრალო პანტის ჩირადა.
ვინ იცის, ვინ უკერია
მკერდზე პერანგის ღილადა!..
მე ნუღარ ჩამთვლით, მოძმენო,
თქვენთან მამულიშვილადა.
შენაც კუდს გიქნევს, სხვასაცა,
ამით სულდგმულობს წყეული!
ვის არ ჰქმნის გულ-დაკოდილსა
დიაცი გამოსეული!..

რამდენჯერ გითხარ, ძმობილო,
თავში მოიეც გონია!
არ დაიჯერე, გამიწყერ,
რჩევა არ გამიგონია.
წახველ და წყალში ვერ გახველ,
ვერსად იპოვნე ფონია.
ცოლ-შვილი დააწიოკე,
დედა ატირე ზარითა.
მთაში შენ ვინ მოგიგონებს,
წყევლას გითვლიან ბარითა,
ნეტა-კი უჭკო ჯიუტი
არ დამანახა თვალითა!

ლიხის მთას გადავიხედე,
მოსჩანდა მხარე ლამაზი;
ვნახე ერთობით ხალხიცა,
იმერ-მეგრელი, აფხაზი…
ვნახე და დიდხანს ვუცქირე,
ვსტკბებოდი იმათ ცქერითა.
მომწონდა ქალი და კაცი
ჩაცმა-დახურვით, ფერითა.
თქვენც რომ გენახათ, იტყოდით,
ნაწკეპებია კვერითა.
მაგრამ შევნიშნე ერთი რამ,
იმან გულსა მცხო მურია.
ხომ იცით, იმას ისე ვმტრობ,
როგორც ღორის ხორცს ურია.
აბა, გაიგეთ, ვინც ისმენთ
და სმენადა გაქვსთ ყურია!..
რად არ გვძულს, თუკი ქვეყნისთვის
მართლა სიკეთე გვწყურია?!

ერთხელ შენც ჰლოთიფოთობდი,
ბლომადა გქონდა გროშები.
დღეს ვინაც გნახავს და გიცნობს,
უთუოდ შაეცოდები…
გაგხუნებია შლიაპა,
დაგძველებია ქოშები.
დოსტებიც შემოგფანტვია,
ვიზედაც გედვა ამაგი,
რაღა დროსია, რას უშველ,
თუმც გენანება ახლა-კი?
დასდიხარ, ადგილს დაეძებ
ოც-მანათიანს თვეშია;
თხოვნა მიეცი ჩვენს ბანკში,
ოცი სხვა მიდის დღეშია.
მარგალიტივით ბიჭი ხარ,
შენ გეთაყვანე ღმერთშია.

დაბერდა, მაგრამ ჯეილობს,
ლამაზთ აყოლებს თვალებსა.
არ უნდა თქვენი სამოთხე,
ოღონდ ჰხედავდეს ქალებსა.
თუ ბალღმა გამოიჩხავლა,
მსახურებს დააბრალებსა.

გამიგონია ამბადა
ერთი რამ ძველი თქმულობა:
ერთხელ ერთს დიდრონს ჭაობში
ბაყაყთ ჰქონიათ ყრილობა.
იმ ბაყაყებში რეულა
ერთი დიდრონი ყიყინა,
ის თურმე წამომჯდარიყო
გზისაკე ყველაზე წინა.
მოჯარებულან სხვანიცა,
წამოუყვიათ თავები.
ამაყად იცქირებიან
სახით მრისხანე, ავები,
და ღმერთს შესთხოვდენ, დაეშრო
ტლაპო ბედ-გასაშავები, –
მით მოსწრებოდენ ვაჟკაცნი
ცაზედა ბინადრობასა,
ვარსკვლავებთანა ყოფნასა,
ძმობას და მეგობრობასა…
დილისთვის გაშრა ჭაობი,
მტვერმა დაიწყო ადენა
და მოახლოვდა ნამდვილად
ბაყაყთა გვარის წახდენა.
უცდიან, სად და როდისა
ავფრინდებითო ცაზედა
და დავბრძანდებით მძიმედა
გაშლილს სუფრაზედ, მზაზედა!..
ვაი რომ ბაყაყთ კეთილს ფიქრს
სეტყვამ მოასწრო გზაზედა!
ამ დროსა მოლახლახებდა
მაღლა ბაყაყიყლაპია;
ბაყაყთა მოსისხლე მტერსა
გრძელი ფეხები აბია.
შენიშნა ბაყაყთა გუნდი,
რიყედ ნაყარი მშრალზედა.
იამა მსუნაგს ფრინველსა,
მსწრაფლად დაეცა თავზედა
და გადარეკა ბაყაყნი
ვარსკვლავებს შორის ცაზედა!
არ ვიცი, საით წავიდე,
სადღა ვეძებო წამალი?..
წინ გზას მიბნელებს წყვდიადი,
ადგილი არ სჩანს სავალი.
ან რისთვის მინდა მე ის გზა,
ბრიყვთა ფეხებით ნათელი?!.
არ მინდა, არა, რადგანაც
მან არ გვაჩვენა ნათელი!
თვით უნდა დავსდო ბილიკი,
ვიხეტიალო ბნელაში,
და უნდა სული დავლიო
კეთილის საქმის შველაში.
ეს არის სულის ნარჩევი,
გონების დანაბეჭდია,
ეს არის ჩემი წადილი,
ეს არის ჩემი ბედია.
დავდივარ გაკაჟებული,
არ მომიხრია ქედია,
იქნება ღმერთმაც მიშველოს,
ასრულდეს დანაყბედია.

1893 წ.





Комментариев нет:

Отправить комментарий