четверг, 19 декабря 2013 г.

გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა.

ა) წმიდა წერილის სწავლებით.


ღვთაებრივი გამოცხადება არ უარყოფს იმას, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა გამოცხადება ცოცხალთათვის. წმიდა წერილიდან ჩანს, რომ იუდეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობაში. მაცხოვრის თანამედროვე იუდეველებს ამ გამოცხადების რწმენა სრულად ჰქონდათ.

იესო ქრისტე საუბრობდა მასზე, როგორც უეჭველზე, და არასოდეს ამბობდა რაიმე ისეთს, საიდანაც შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ იგი არ იწონებდა ან განსჯიდა ამ რწმენას. მოციქულებს ეჭვი არ ეპარებოდათ სულთა გამოცხადების შესაძლებლობასა და სიმართლეში: როდესაც მათ მაცხოვარი დაინახეს, რომელიც გენესარეთის ტბაზე ფეხით მოდიოდა მათკენ, თავიდან იფიქრეს, რომ სულს ხედავდნენ (მათე 14, 26). სახარებისეული მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთის ტანჯვაში იყო, აბრაამს სთხოვდა, მიწაზე ლაზარე მისი ძმების გასაფრთხილებლად გაეგზავნა, რათა დაეცვა იმავე საშინელ მდგომარეობაში მოხვედრის საფრთხისაგან, რომელშიც თვითონ იმყოფებოდა. მაშასადამე, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გარდაცვლილთა სულებს ღვთის ნებით შეუძლიათ დაბრუნდნენ სამყაროში და ადამიანებს გამოეცხადონ. თაბორის მთაზე იესო ქრისტეს ფერისცვალების დროს გამოცხადდნენ მოსე და ილია, მანამდე დიდი ხნის გადასულნი იმქვეყნიურ სამყაროში, და ესაუბრებოდნენ ქრისტეს (მათე 17, 3). მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მრავალი გარდაცვლილი აღდგა და იერუსალიმში ხალხს გამოეცხადა (მათე 27, 52-53).

ბ) წმიდა მამათა სწავლებით


ნეტარი ავგუსტინე საუბრობს გარდაცვლილთა გამოცხადების შესახებ და, ამასთან ერთად, აღიარებს, რომ ძალიან ძნელია მოუნახო განმარტება ჩვენს სულში, როგორც ფხიზელ, ისე ძილის მდგომარეობაში მომხდარ მრავალ რამეს. მაგრამ იგივე ავგუსტინე აღიარებს, რომ ხშირად გარდაცვლილნი ეცხადებოდნენ ცოცხალ ადამიანებს, უჩვენებდნენ მათ ადგილებს, სადაც მიწას იყო მიბარებული მათი სხეულები შესაფერისი დაკრძალვის გარეშე და მათგან შესაბამის დაკრძალვას ითხოვდნენ. ამასთან ერთად, იგი აღნიშნავს, რომ ხშირად ტაძრებში, სადაც მიცვალებულები იყვნენ დაკრძალულნი, ისმოდა ხმაური და გალობა, და ხშირად ხედავდნენ, როგორ შედიოდნენ გარდაცვლილნი სახლში, რომელშიც ისინი მიწაზე ყოფნისას ცხოვრობდნენ (ნეტარი ავგუსტინე თავი 10). წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები არ ეჭვობდნენ გარდაცვლილთა გამოცხადებას და არა მარტო ამტკიცებდნენ ამ ჭეშმარიტებას, არამედ თვითონაც, ასე ვთქვათ, ემორჩილებოდნენ მას, ასრულებდნენ იმას, რასაც მათგან გარდაცვალებულნი ითხოვდნენ. ჩვენი ეკლესიის მწყემსებს არა მარტო თვითონ ყოველთვის სწამდათ, რომ გარდაცვლილთა გამოცხადება ჭეშმარიტი და ნამდვილია, არამედ თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ, ნუ უგულვებელყოფდნენ მას. წმიდა ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტი ერთ-ერთ თავის სწავლებაში ამბობს: „სულიერი სამყაროდან გამოცხადება აუხსნელია, მაგრამ მისი უარყოფა არ შეიძლება“. თვითონაც არათუ ეჭვი არ შეჰპარვია, როდესაც გარდაცვლილი მშობელი გამოეცხადა (რომელმაც თავისი სიკვდილის დღე ამცნო), არამედ საიქიო ცხოვრებაში გადასასვლელად მზადება დაიწყო (სულისათვის სასარგებლო საკითხავი“, 1876 წ. თ. I). როდესაც იგივე წმიდანმა ძილში იხილა გარდაცვლილები, რომლებიც მის წინაშე ერთი მღვდლისათვის შუამდგომლობდნენ, მან პატივი მიაგო გარდაცვლილთა თხოვნას.

ეკლესიის ერთ-ერთი მამა ბრძანებს: „ძველი გარდამოცემებიდან ჩანს, რომ სულის უკვდავების რწმენა მუდამ იყო დაკავშირებული გარდაცვლილთა გამოცხადების რწმენასთან. ამის შესახებ გარდამოცემები ურიცხვია... არსებობს გარდაცვლილთა გამოცხადებები ანდა ქმედებები, რომლებიც იშვიათია, თუმცა უეჭველია“.


სულის მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ


გარდაცვლილ ადამიანთა სულები, ღვთის ნებით, სიკვდილის შემდეგაც არ წყვეტენ ურთიერთობას ცოცხალ ადამიანებთან. ჩნდება კითხვა: ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული ერთსა და იმავე ადგილას და ერთნაირ მდგომარეობაშია? წმიდა წერილი გვასწავლის, რომ სული სხეულთან გაყრისთანავე წარსდგება სამსჯავროს წინაშე, რომელიც, საყოველთაო და საბოლოო სამსჯავროსაგან განსხვავებით კერძოა, რამდენადაც აღესრულება არა საზეიმოდ, მთელი სამყაროს წინაშე და მიზნად აქვს სულის განწესება სამარადისოდ, უკანასკნელ სამსჯავროზე, არამედ მხოლოდ დროებით, საყოველთაო აღდგომამდე მიეჩინებინა ადგილსამყოფელი.

კერძო სამსჯავროს შესახებ


კერძო სამსჯავროს არსებობა წმიდა წერილიდან დასტურდება. პავლე მოციქული ბრძანებს: „წინაუც კაცთა ერთ-გზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9, 27). იგავი ლაზარესა და მდიდრის შესახებ მიგვითითებს, რომ გარდაცვალებისთანავე ცნობილი ხდება მიცვალებულის ხვედრი მისი საქმეების მიხედვით და ამას მოსდევს სამსჯავრო.

უეჭველია ისიც, რომ გარდაცვლილთა სულებს საყოველთაო აღდგომამდე არ ექნებათ სრული დამოუკიდებლობა და ვერ დაიწყებენ თავისუფლად ახალი ტიპის ქმედებებს; არ ექნებათ აზრებისა და გრძნობების ახალი სახე, და საერთოდ, არ ძალუძთ საკუთარი თავის შეცვლა და სხვად გარდასახვა, განსხვავებით იმისაგან, ვიდრე ის იყო ამ ცხოვრებაში, არამედ შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ აქ დაწყებულის წარმოჩენა. რატომაა შეუძლებელი იქ სინანული, ამას წმიდა წერილი გვიხსნის: რომელიც გვასწავლის, რომ ეს ცხოვრება თესვის ჟამია, მომავალი კი - მხოლოდ მომკა: [center]„ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხიქმნების. რამეთუ რაიცა იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. რამეთუ რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილებაი; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრებაი საუკუნოი“ (გალ. 6, 7-8).[b][/b][/size]

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
www.orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий