воскресенье, 15 декабря 2013 г.

“პატივმოყვარეობა ადამიანის სულის სნეულებაა”

“ვინც ამქვეყნიურ პატივს ეძიებს, ვერ ეღირსება ზეციურ პატივს.”

წმ.იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)


რაში უშლის ხელს ადამიანს პატივმოყვარეობა და როგორ განვეშოროთ მას? პატივმოყვარეობის შესახებ გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა მალხაზ ყიფიანი:

“პატივმოყვარეობის ცოდვა ადამიანის ბუნებაში ღრმად ფესვგადგმული სნეულებაა. თითქმის ყოველ ადამიანს გააჩნია საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა, რასაც რეალურად წარმოადგენს. თითოეული ადამიანი ცდილობს, თავისი თავი განასხვაოს ან აღამაღლოს სხვაზე მეტად. საზოგადოებაში ყურადღება მიიქციოს და გავლენა მოიპოვოს. ეს შესაძლებელია დამოკიდებულია იმაზე, რომ პიროვნებას სხვაზე მეტი ნიჭი გააჩნია, ან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა აქვს. რაც საბაბს აძლევს ამ კატეგორიის ადამიანებს, რომ პატივისმოყვარეებად გამოჩდნენ. ხშირად ხდება, რომ უნიჭო და არაფრით გამორჩეული ადამიანებიც კი პატივის ძიებაში არიან. თუმცა კი ღირსი პატივისა, არაფერი მოუპოვებიათ.

პატივმოყვარეობა პატივცემულ ადამიანებს აამაყებთ და როგორც ვთქვით, იგი ერთგვარი სულის სენია. პატივმოყვარეობა ეუფლებათ მას, ვისაც ღვთის შიში არ გააჩნია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „უფრო ადვილად დავთანხმდები რომ ვიყო ბარბაროსის მონა, ვიდრე მხოლოდ პატივმოყვარეობისა“.


გონიერი და ბრძენი ადამიანები სამყაროს შემოქმედზე საუბრობენ და მის დიდებასა და უსაზღვრო სიყვარულს აქებენ, ხოლო პატივმოყვარე მხოლოდ საკუთარი თავის ქებითა და მოჩვენებითი ღირსებებით ამაყობს. ის რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენს საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად მეტად ჩანს უმწეობა და ნაკლოვანება ასეთი უგუნური თვითკმაყოფილებისა. იმაზე დიდი სიბრმავე არ არსებობს, რომ ადამიანი საკუთარი საქმეების გამო ქება-დიდებასა და პატივმოყვარეობას ეძიებდეს.

თუ პატივსა და დაფასებას დავიმსახურებთ ადამიანებისგან, ეს მხოლოდ იმისთვის უნდა გვსურდეს, რომ მოყვასს სარგებლობა მივცეთ, დავიცვათ კაცთა შორის მშვიდობა და სიმართლე, ობოლი და ქვრივი შევიბრალოთ და მადლიანი, კეთილი საქმეების ძიებაში ვიყოთ მუდამ. მაშინ ასეთი დამოკიდებულებით მეტ სარგებელს მოვუტანთ ჩვენს სულსაც და საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და გაჯანსაღებასაც ხელს შევუწყობთ. ამ გზით პატივმოყვარეობის დაძლევა შესაძლებელია თუმცა, ძალიან დიდ ღვაწლს მოითხოვს და ხშირი ლოცვისა და ფარულად გაკეთებული სიკეთის მადლიც შეგვეწევა. ხოლო ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ამ საშინელი ვნებისაგან გათავისუფლდება, როგორც ამბობს წმ. მაქსიმე აღმასრებელი: „ავის მთქმელზე ურისხველობაა“. ანუ ვინც ჩვენზე ცუდს ამბობს, არ უნდა გავუნაწყენდეთ, განვურისხდეთ. უკეთესია ადამიანმა არანაირი კეთილი საქმე აღასრულოს, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდეს თავს.

ღვთის სასუფეველში უპირველესი ის იქნება, რომელმაც ამქვეყნად უმეტესი სარგებლობა მოუტანა მოყვასს და არა ის, რომელმაც მაღალ თანამდებობას მიაღწია და სხვათაგან პატივის ღირსი შეიქმნა. ან კიდევ მრავალი სხვა ადამიანი გაიჩინა მსახურად. ზოგი ამას საკუთარ ღირსებად მიიჩნევს, რაც დიდი შეცდომაა და უფრო და უფრო მეტი პატივმოყვარეობის ცოდვაში ვარდება. ასეთი ადამიანის გაკეთებული სიკეთე ფასს კარგავს.

პატივმოყვარე ადამიანთან ასეთ შემთხვევაში კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომელიც შესაძლებელია მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი გულიდან განდევნა. თუმცა ერთია დაძლევა მტრის წინააღმდეგობისა და მეორე ის, თუ როგორ შემოზღუდავს საზღვრებს საიმისოდ, რომ მომავალშიდაც არ გაუჩნდეს მტერს ცდუნება, რომ ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს ეს პიროვნება.

ადამიანი თავისით არასდროს უნდა ისწრაფოდეს პატივის, ჯილდოებისა და მაღალი თანამდებობისკენ. პირიქით, უნდა გაექცეს მას, რადგან პატივი – ეს არის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როდესაც მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზეს, უპასუხა: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. ანუ თავმდაბალი ადამიანი პატივის ძიებაში არ უნდა იყოს და თუ მისგან თავისუფალია, უნდა უხაროდეს კიდეც. ამქვეყნიური პატივის მძებნელი დაკარგავს ღვთის საუკუნო დიდებასა და თაყვანისცემას.

სულიერი კანონებით პასუხისმგებლობის ტვირთი ადამიანს უნდა ამძიმებდეს და თუ არ ხარობს მისგან გათავისუფლებისას, ე.ი. მასში ამპარტავნებაა დამალული. კაცობრივი დიდების მაძიებელი ქრისტეს მიერ არ განდიდდება. ჩვენ არ უნდა გავცვალოთ ამქვეყნიურ პატივზე მომავალი საუკუნო დიდება. ყველაზე მაღალი ხარისხითაც რომ მოვიხვეჭოთ რაც კი ამქვეყნად პატივი და ქება–დიდება არსებობს, რა სარგებლობას მოგვიტანს? განა სამოთხის კარს განგვიღებს?! ამქვეყნიური პატივი წარმავალია და ვინც არაფრად მიიჩნევს ადამიანურ დიდებასა და პატივმოყვარეობას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება. როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში: „მადიდებელი ჩემი ვადიდო და თაყვანისმცემელთა ჩემთა თაყვანი ვცე“.

ჭეშმარიტი დიდება და პატივი ისაა, რომ ადამიანური პატივმოყავრეობა არარაობად მიიჩნიო და ყოველივე უფლის სადიდებლად აღასრულო.

წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა… მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ხშირი დაცემით მასზე, თითოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომაგრდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლევს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაიზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს.“

თეონა ნოზაძე


http://www.ambioni.ge/pativmoyvareoba

Комментариев нет:

Отправить комментарий