среда, 4 декабря 2013 г.

სიცილის შესახებ - მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)

  არის ორი სიცილი: ნათელი და ბნელი. მათი გარჩევა იოლად შეიძლება ღიმილის, მოცინარის თვალების მიხედვით. საკუთარ თავში კი მისი გარჩევა შესაძლებელია მისი თანმხლები განწყობით: თუ არ არის მსუბუქი სიხარული, ფაქიზი, გულის დამალბობელი აზრთა მიმართულება, მაშინ სიცილი არ არის ნათელი. ხოლო, თუ მკერდში სიმკაცრე და სიმშრალეა და ღიმიც იღრიცება, მაშინ სიცილი - ბინძურია. მას ყოველთვის ადგილი აქვს შემდგომ ანეგდოტისა, შემდგომ სამყაროს ჰარმონიის რაიმენაირად დაცინვისა.

"ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით"(ლკ.6,25). იტირებთ! იმიტომ, რომ სიხარული შეუკავშირე იმას. რასთანაც არ შეიძლებოდა შეკავშირება, ანუ იმას, რაც ტანჯვის ღირსია.

"სახიერი ღიმილი"არის სარკე მოპოვებული ჰარმონიისა. წმინდანნი იღიმებიან თვინიერ სიცილისა. სიცილი, როგორც წმინდა სიხარულის სავსება არის მერმისი საუკუნის მდგომარეობა. "ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ, რამეთუ იცინოდეთ". ადამიანის განსპეტაკებისა და ფერისცვალების ასკეტური გამოცდილება კბილების დაკრეჭის გარეშე გაღიმებასაც კი გვირჩევს (უმჯობესია ოდნავ ნაკლები სიხარული, ვიდრე თუნდაც სრულიად უმნიშვნელო მწიკვლი მასში).

"ანეკდოტური სიცილი", რომლითაც იცინიან კინემატოგრაფებში, თეატრებში, ღრეობებსა და საღამოს წვეულებებზე, რომლითაც იოლად იგდებენ სასაცილოდ მოყვასს, დასცინიან ადამიანის ღირსებასა და სისუსტეს, დასცინიან მის სინდისსა და ცოდვებს, რათა განმხიარულდნენ და დაივიწყონ მწუხარება, უაზროდ და ქედმაღლურად აცინებენ სხვებსაც, ყოველივე ეს - სნეულებაა სულისა, შეიძლება უფრო ზუსტადაც იტქვას: ეს - სულის სნეულების სიმპტომია.

სულთა სამყაროში ბინადრობენ უწმიდური სულები; ისინი შეიმჩნევიან სიცილით "გადაფიჩინებულ" სახეებზე... ანგელოზებრივი სიხარული სახეს ღიმილით აცისკროვნებს.

კეთილი სიცილით უხმაუროდ შეგვიძლია გავფანტოთ მოგროვილი ღრუბლები ბოროტი კინკლაობისა, სიძულვილისა, მკვლელობისაც კი. კარგი სიცილით აღდგება ხოლმე მეგობრობა, ოჯახური კერა.

"გესლიანი სიცილი" - ღვთისაგან არ არის. გესლიანი ღიმილი, ხუმრობის სარკაზმი, ეს - პაროდიაა სახარებისეული სიბრძნის მარიილისა. პაროდია, რომელიც ღიმილად გადაიმანჭება ხოლმე.

"მახვილი" სიტყვა ყოველთვის განგმირავს სულს. თუმცა კი ორი დანის - ქირურგიულისა და საავაზაკოსი, - სიმახვილე ერთნაირიც კია, მაგრამ განსხვავებულ ქმედებებს წარმოქმნის. ერთი, გაჭრით გაატარებს ზეციურ ნათელსა და სულის სითბოს, ან მოკვეთს ჩირქგროვას და ჭრის მკვდარ ნაწილს; მეორე - უმადლო სიმახვილე - ჭრის, კაფავს სულს და ხშირად კლავს. მახვილგონიერნი მხოლოდ წმიდანნი არიან და მხოლოდ სიწმინდეა მახვილგონიერება. ბილწი სულები კი პაროდირებას უკეთებენ მახვილსიტყვაობას და მრავალი ადამიანი ხელოვნდება ქვეყნად ამ მახვილსიტყვაობათა მეშვეობიტ, საკუთარი თავის წარმოჩენაში.

სიცილის სულიერი სიბილწის ზღვარია" ჰომერული სიცილი" - ხორხოცი... ასეთი სიცილი ადამიანებს უხვი ტრაპეზის შორიახლოს წამოეწევა ხოლმე.

საკუთარი თავის დამცველი, საკუთარი ცხოვრების საიდუმლოს წინაშე მოკრძალებული, დაიცავს, როგორც მთელ თავის ცხოვრებას, ასევე თავის სიცილსაც. თავის ღიმილსაც კი დაიცავს ის ღვთის წინაშე. მას ყველაფერი ექნება - მისი უხილავი მცველების მეშვეობით- წმინდად და ნათლად. წმიდანნი უნათებდნენ ქვეყნიერებას მათი სიცილითაც და ღიმილითაც. როგორც ბავშვები, რადგანაც მხოლოდ ბავშვებს - და ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანებს გააჩნიათ წმინდა ცხოვრება, რომელიც ხორციელი თვალებით იხილვება სახის ნაკვთებშიც კი. ბავშვებს შორის, რომელნიც ჯერ არ შეხებიან ხრწნად სულს, ყველაფერი მარტივი და წმინდაა. სიკვდილი ჯერ არ გამოვლენილა მათი მოკვდავი ბუნების დაცინვაში, მათ უბოძეს სიცოცხლის გაზაფხული, ვითარცა საწყისისა და ვითარცა მოგონება სამოთხისა; და აი, ისინი წმინდად იყურებიან, ალალად იცინიან, უზაკველად საუბრობენ, იოლად ტირიან, იოლად ივიწყებენ თავიანთ ტირილს...

"უკუეთუ არა მოიქცეთ და არა იქმნეთ, ვითარცა ესე ყრმანი, ვერ ხელგეწიფების შესლვად სასუფეველსა ცათასა"... ცხადია - რატომ.

უმაღლესი შექებაა ადამიანისა - უთხრა: " მას ბავშვური სიცილი აქვს"... უბიწო სიცილი, მიახლოებული სამოთხისეულ ჰარმონიასთან.


http://orthodoxy.ucoz.de/news/sitsilis_shesakheb_mtavarep_39_isk_39_op_39_osi_ioane_shakhovsk_39_oi/2012-06-08-327

Комментариев нет:

Отправить комментарий