воскресенье, 15 декабря 2013 г.

ადამიანი ყოველთვის ეძებს ღმერთს.

რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების დანიშნულება? ამ და სხვა საკითხებზე წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე) ესაუბრება "გუმბათს". 

– მამაო, რას იტყვით ადამიანზე, როგორც ქმნილების გვირგვინზე. რა რადიკალური ნიშნით გამოირჩევა ის სხვა არსებებისგან?

– ადამიანი რადიკალურად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ქმნილებისგან. მასში ჩადებულია ღმრთის ხატება და მსგავსება და ეს უნარი იმდენად მკვეთრადაა ჩადებული, რომ იგი, მართლაც, ქმნილების გვირგვინია და გამორჩეულად მაღლა დგას ყველა სხვა არსებაზე, რადგან მას აქვს საოცარი უნარი – მადლით მიემსგავსოს ღმერთს. მადლის მიღების უნარი არც ერთ სხვა არსებას არ აქვს. მაგრამ გააჩნია, ადამიანი ამ უნარს რად აქცევს – მადლის მიღებით ღმერთთან მიახლოების საშუალებად, თუ უფლისგან გაქცევის ფენომენს ექნება ადგილი. გააჩნია, ადამიანი ცხვარია თუ თხა, მარჯვნივ დგას თუ მარცხნივ. უკვე აქ, მიწაზე და მერეც, რა თქმა უნდა, მომავალშიც ექნება იმის პერსპექტივა, რომ იგი იქნება ის, რასაც აქ ჩაეყარა საფუძველი. ვფიქრობ, დღეს თუ ჩვენ ადამიანს განვიხილავთ, როგორც განსაკუთრებულ ქმნილებას, რომელიც უფალს უნდა მიემსგავსოს და ეცადოს, შეიმეცნოს ღმრთისმეტყველება, მართლმადიდებელი ეკლესია მას ყველა სწორ და მართალ კითხვაზე ფუნდამენტურ პასუხს აძლევს.

– მაგრამ ღმერთთან მიახლოების აუცილებლობას ყველა რომ ვერ ხვდება?

– ადამიანი რაც უნდა მოსწყდეს თავის სულიერ საწყისებს, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დადგება ღმრთის შემეცნების პრობლემის წინაშე. არ არსებობს, პიროვნების სულმა დაწყნარება ჰპოვოს მანამ, სანამ ის არ მიიღებს ფუნდამენტურ პასუხებს მისთვის საინტერესო კითხვებზე. ადრე თუ გვიან მაინც მივა იმ აზრამდე, რომ მან უნდა შეიმეცნოს ღმერთი და გახდეს მისი მსგავსი, რაც თავად უფლის მიერ მოცემული დავალებაა. საკითხი ასე არ დგას, რომ კარგი იქნება, თუ მიემსგავსები და უფრო უკეთესი იქნება, თუ იქნები "სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათას სრულ არს". რა თქმა უნდა, არა! ესაა დავალება! ანუ მცნება–დავალება – "იყვენით სრულ", ე.ი. ბრძანება არის ღმრთისგან. ასე რომ, ეს დავალება–პროცესი ადამიანმა სავალდებულოდ უნდა გაიაროს.

– არსებობს საღმრთისმეტყველო დოგმატები, რომლებსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ სწვდება. მაგალითად, ყოვლადწმიდა სამების დოგმატის ახსნა. რამდენად შესაძლებელია მორწმუნისთვის ამის შეცნობა?

– გავამახვილოთ ყურადღება ყოვლადწმიდა სამების შემეცნებაზე. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველაფერი დაფუძნებულია წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე, ჯამში – საღმრთო გამოცხადებაზე. ანუ ყოვლადწმიდა სამების დოგმატი საბუთდება რაციონალურად და ინტელექტუალურადაც, მაგრამ გარკვეული ზღვარის შემდეგ, უკვე იგი სარწმუნოებით უნდა გაიხსნას. ზუსტად ყოვლადწმიდა სამების დოგმატის შემეცნება არის ბარომეტრი და თერმომეტრი იმისა, თუ რა დონეზე არის ადამიანი სულიერად წინ წასული. და ეს შემეცნების პროცესი მთელი ცხოვრების საქმეა. სამების დოგმატის შემეცნება ხდება განღმრთობილი გონებით, ადამიანის ინტელექტუალური გასულიერებული შესაძლებლობა–უნარებით. რამდენადაც ხშირად არის ადამიანი ნაზიარევი, რამდენადაც შედის ქრისტეს საიდუმლოებაში, იმდენად იხსნება მისთვის ყოვლადწმიდა სამების დოგმატი. წმიდა წერილში უამრავ ადგილს ვნახავთ, სადაც წერია, თუ რა არის ადამიანში ღმრთის ხატება და მსგავსება, როგორ უნდა ფორმირდეს მასში ეს უნარები, როგორ უნდა უყვარდეს სწორად და მართლად ადამიანს, რა არის სიყვარული ღვთისა, რომელსაც სწავლა სჭირდება.

– ანუ ჭეშმარიტი სიყვარული უნდა ვისწავლოთ?

– როგორ უნდა გვიყვარდეს, ეს უნდა ვიცოდეთ. მართლმადიდებლური სარწმუნოების დოქტრინაში მოცემულია, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს უფალი და მოყვასი, მათ შორის საკუთარი თავიც – "შეიყვარე მოყვასი, როგორც საკუთარი თავი". რა თქმა უნდა, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს არა ეგოცენტრული, გამრუდებული სიყვარულით, არამედ სწორად, მართლად. ზოგი სიყვარულს ეწოდებს ლათინო–ამერიკული სერიალების ვნებას, ზოგი ფულის, ძალაუფლების, თავისი კაპრიზების სიყვარულს. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი კი სიყვარულს უწოდებს ღმერთს. "ღმერთი სიყვარული არს" ადამიანის სულის ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული. სიყვარული პირდაპირ დაკავშირებულია შემეცნებასთანაც. ზუსტად ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული შემეცნების ძირითადი დამახასიათებელი. ქრისტიანული ანთროპოლოგია სიყვარულს, როგორც შემეცნების იარაღს, ისე უყურებს. ესაა ის საშუალება, რომლითაც ადამიანი საღვთისმეტყველო ცოდნას იღებს. თუ ადამიანს აქვს ქრისტიანული სიყვარული, იგი მეტად ვითარდება ცოდნაში. ანუ რაც გიყვარს, იმას უკეთესად შეიმეცნებ. არ არსებობს უმიზნო, უჯვარო და უმისიო ადამიანი. ყველა ადამიანი ეძებს ღმერთს. ღმერთი რომ არსებობს, ჩვენც იმიტომ ვეძებთ. ოღონდ ჯერ ღმერთმა გვიპოვა ჩვენ, ჯერ ღმერთი მოდის ჩვენსკენ და მერე ჩვენ მივდივართ უფალთან, ანუ იმიტომ მიდიხარ მასთან, რომ იგი მოდის შენთან. არარსებულს არავინ ეძებს და არარსებულისთვის არავინ გახდება მოწამე. ათეიზმიც კი, უნებლიედ, თავისდაუნებურად, ღმერთის არსებობაზე მოწმობს, იმიტომ, რომ ებრძვის იმას, რაზეც ამბობს, არ არსებობსო. თუ არ არსებობს, მაშინ რას ებრძვი? არის ასეთი ისტორია, ათეიზმის დროს ერთ–ერთი მასწავლებელი ბავშვებს ღმერთს და ხატებს აგმობინებდა. ერთმა ბავშვმა თქვა, თუ არ არსებობს, რა დავგმო, ფეხი რას დავადგაო. ღმრთისმეტყველური სიმდიდრე, რომელიც ადამიანის გონებას ანათლებს, ეკლესიაში არის მოცემული, როგორც თავისთავად ცხადი. მაგრამ ამისთვის ეკლესიამ ზღვა სისხლი და ლოცვითი ოფლი დაღვარა, შრომა გაიღო, რომ ეს ყოველივე ჩვენამდე მოეტანა. ღმრთაებრივი სიყვარული ადამიანს მართლად ალაპარაკებს, აზროვნებას ძალას აძლევს. საღმრთო სიყვარული მართალი ქმედების ძალას აძლევს, იმ ძალას, რომელიც ადამიანს ანიჭებს იმუნიტეტს ცხოვრებისეულ ბრძოლებში, ცდუნებებსა და განსაცდელებში პრობლემების გადალახვისათვის. ურწმუნო ადამიანი მორწმუნისგან იმითაც განსხვავდება, რომ ურწმუნო რაღაცნაირად უხეშიც არის, როგორც გაუთლელი, გაურანდავი ქვა. სიყვარული კი არის ის ძალა, რომელიც ადამიანს დაამუშავებს. სარწმუნოებრივი სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანი ბევრად უფრო რბილი, სათნო და ჰუმანურია, ვიდრე ურწმუნო. იგი ემსგავსება იმ გამოფიტულ ხეს, რომელსაც ქარი დაუბერავს და წააქცევს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი და სქელიც კი იყოს. მადლითა და სიყვარულით დარბილებული ეკლესიური ადამიანი გადაიხრება განსაცდელისგან, მაგრამ მერე ისევ გაიმართება.

– სულიერი თავისუფლება ყველაზე მეტად სიყვარულს მოაქვს?

– სამი საღვთისმეტყველო სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული არის მწვერვალი ადამიანის სულიერი გათავისუფლებისა. მიწაზე მოცემულია ყველა ის ობიექტური პირობა საიმისოდ, რომ ადამიანმა მიიღოს ქრისტიანული სასიცოცხლო გამოცდილება და არა საიმისო გამოცდილება, თუ როგორ დაიპყროს, მოიპოვოს, ფლობდეს ძალაუფლებას, მოყვასს, როგორც მსხვერპლს ან ნადავლს, ისე უყურებდეს და დაემსგავსოს გავეშებულ მტაცებელს. რა თქმა უნდა, არა. ეს არაა შეჯიბრი და ბრძოლა არსებობისთვის, როგორც ეს არის დარვინიზმის გაგებით.

– მამაო, ჩვენ ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ ვსაუბრობთ. დღეს კი, აპოკალიფტურ დროზე მიგვანიშნებენ, როდესაც აღარც სიყვარულია და გამრუდებული ცნობიერების გამოვლინებებსაც უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით.

– დიახ, დღეს ჩვენ აპოკალიფტურ დროში ვცხოვრობთ. არასდროს ყოფილა ცნობიერების ამგვარი გამრუდებები, როგორიც დღეს არის. განსაკუთრებით იმძლავრა გამრუდებულმა აზრებმა. ამიტომ ახლა განსაკუთრებით მართებს ადამიანს ცოდნის სისუფთავე, რათა ერთმანეთისგან გაარჩიოს მარჯვენა და მარცხენა, ბოროტება და სიკეთე. მაგრამ მარტო გარჩევაც არ არის საკმარისი, უნდა დავაფასოთ სიკეთე. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ სიკეთე". ე.ი. როცა მოიქცევი ბოროტებისგან, ამ ეტაპზე არ უნდა გაჩერდე. უნდა შეხვიდე სიკეთის ქმნის ეტაპზე. ანუ ბოროტების მოძულების შემდეგ, ადამიანი სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს. ესაა უკვე მშვიდობის მოძიება და მისდამი მიყოლა.

ეფემია წიკლაური
sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий