пятница, 13 декабря 2013 г.

მამა ილია: "თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ" (ექსკლუზივი)

13-12-2013
”შესაძლოა, ადამიანი სხვა რელიგიური აღმსარებლობის იყოს, მაგრამ იყოს ქართველი.”

”სასულიერო პირს ყოველთვის უფრო მეტი მოეთხოვება”

"ქართველებს თანადგომის უნარი რომ გვქონდეს, ამდენი გაჭირვებული აღარ გვეყოლებოდა”

"როდესაც ძვირადღირებულ შესამოსელს ყიდულობ, იაფის ნაცვლად, ეს უკვე ცოდვაა"

"ძალიან ხშირად მარხვა დიეტას ემსგავსება, ეს კი მარხვა აღარ არის - თუ მარხულობ, სამარხო ნამცხვრის მომზადება არ არის აუცილებელი"

ბოლო დროს საზოგადობაში სასულიერო პირების ცხოვრების წესის მიმართ გაჩენილ კითხვებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ქარელის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა ილია ჩიკვაიძე გვესაუბრება:

- მამაო, საზოგადოებაში დიდი კამათი გამოიწვია ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ მუსლიმ ქართველებთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებამ... როგორ ფიქრობთ, ქართველობა რელიგიით განისაზღვრება?..

- შესაძლოა, ადამიანი სხვა რელიგიური აღმსარებლობის იყოს, მაგრამ იყოს ქართველი. თუმცა, მენტალიტეტი, ჩვენი ეროვნული ტრადიციები, მენტალური ხედვა არის მართლმადიდებლური. ქართველობა, მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი კი არა, გენეტიკური მოვლენაა... ჩვენ ვართ სრულიად მართლმადიდებლური ქვეყნის შვილები. ამიტომაც არის ნათქვამი: - ”ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, სადაცა ყოველი ჟამი ქართულითა ენითაი შეიწირების და ლოცვაი ყოველი აღესრულების...” ასევე, შეიძლება, ადამიანი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს, მაგრამ მენტალიტეტით ქართველი იყოს. უწმინდესმა წლების წინ, თუ არ ვცდები, ფერეიდანში ყოფნისას ბრძანა, იქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ერთი პოეტიც არ ჰყავთ და იცით რატომო? - მართლმადიდებლობა აღარ არის და სულიწმინდის მადლმა მოიკლო და ამაში გამოიხატაო... ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუმცა მე დიდ, ტრადიციულ რელიგიებს არ ვეხები...

- რას გულისხმობთ?

- დიდმა გაბრიელ ბერმა ბრძანა, მეჩეთში ვიყავი და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიმიღესო, სინაგოგასა და კათოლიკურ ეკლესიაშიც ასევე შემხვდნენ, მაგრამ როდესაც სექტანტებთან მივედი, გამომაგდესო. ეს იცით, რას ნიშნავსო? ეს ტრადიციული რელიგიებიაო და მათ სხვა სარწმუნოების მიმართ პატივისცემა აქვთო... აი, ასეთი განსხვავებული მიდგომებია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვიწყნარებთ, მაგრამ მართლმადიდებლობა უპირველესია.

- მამაო, სხვა თემაზეც მინდა გკითხოთ, რომლის გარშემოც კამათი არ წყდება, - სასულიერო პირების მფლობელობაში არსებული მანქანები. თქვენ ბრძანეთ, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, მოძღვარი 100 ათასიანი ”ჯიპით” არ უნდა დადიოდეოსო...

- დიახ, მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ არის მარხვა, პირიქით, მარხვის დარღვევაა, ასეთი დამოკიდებულება, არის ზოგადად მინიშნება, ფუფუნების განხმრწნელ მდგომარეობაზე, რადგან ფუფუნება საშინელი სულიერი მრუშობაა. ჩვენ კი, სასულიერო პირები, ვალდებული ვართ, ამ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ ადამიანები, თუ მღვდელი ფუფუნებით იხრწნება, მაშინ ვალდებული ვართ, მასაც მივუთითოთ. იცით, როდის იღუპება ადამიანი? - როდესაც ის ფუფუნებით ცხოვრობს, გვერდით კი ვიღაც მშიერი ჰყავს და მას დახმარების ხელს არ უწვდის. ჩვენ, ქართველებს თანადგომის უნარი რომ გვქონდეს, ამდენი გაჭირვებული აღარ გვეყოლებოდა... ფრანგი განმანათლებელი, ჟან ჟაკ რუსო ამბობდა, არავის აქვს უფლება იცხოვროს ფუფუნებაშიო. ეს ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირად უნდა გავიმეოროთ, თუკი ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება გვსურს და არც საერო და არც სასულიერო პირებმა თავს უფლება არ უნდა მისცენ, რომ ასე იცხოვრონ...

- თუმცა, სასულიერო პირს ალბათ უფრო მეტი მოეთხოვება, მამაო...

- დიახ, სასულიერო პირს ყოველთვის უფრო მეტი მოეთხოვება, რადგან მამად ”იწოდა”, მამას კი შვილებზე აქვს პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის შვილებს უჭირთ და მისი თანადგომა სჭირდებათ. ნორმალურია, მამა კარგად იყოს და ცუდად მყოფ შვილებზე არ დარდობდეს?.. მღვდლობა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, წვალება და ტანჯვაც უნდა იყოს. მღვდელს პირადი ცხოვრება არ აქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს, ყველანაირად მზად უნდა იყოს ამისთვის. და ასევე ვიტყვი ერისკაცებზეც, რომლებიც მარხვას ძვირადირებული საკვებით იცავენ, მაშინ როდესაც მათ გვერდით მყოფს ხმელი პური არ აქვს. ეს არ არის სულის ცხონებისკენ მიმავალი გზა. ახლა სამყაროში ძალიან მძიმე ეპოქა დგას და ადამიანებს, ამ სიმძიმეში ერთ-ერთ ”ნუგეშად” საჭმელი აქვთ. ამიტომ ისინი ცდილობენ, მრავალფეროვანი სამარხვო კერძები მიირთვან. ძალიან ხშირად, ადამიანების მარხვა დიეტას ემსგავსება, ეს კი მარხვა აღარ არის. ძვირფას მანქანებსა და შესამოსელზე უარის თქმაც, მარხვაა. როდესაც ძვირადღირებულ შესამოსელს ყიდულობ, იაფის ნაცვლად, ეს უკვე ცოდვაა. თუ ამდენი გაქვს, ცოტა იაფიანი იყიდე და ღატაკებს მიეცი... ასევეა საკვებზე, თუ მარხულობ, სამარხო ნამცხვრის მომზადება არ არის აუცილებელი, მის გარეშეც შეიძლება. თუ ნამცხვრის ფული გაქვს, სხვას პურის ფული რომ არ მაქვს, იმას მოუმართე ხელი.

მესმის, რომ ძნელია ამის გაკეთება, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არის ნამდვილი მადლი და სწორი გზა. მარხვის შენახვის შინაგანი არსი ვნებების მოკვეთა, გემოთმოყვარეობის, ვერცხლის მოყვარეობის დაძლევაა.. იფიქრეთ ამაზე...

- მამაო, თქვენ ასევე ბრძანეთ, არ შეიძლება პატრიარქის მანქანა საზოგადოებრივი განსჯის საგანი იყოსო...

- დიახ, ასეც არის, უწმინდესს პირადი არაფერი აქვს, მას სახელმწიფოს მანქანა ემსახურება და ის ვერც განსაზღვრავს, რა მოდელის მანქანას გამოუყოფენ მას, ეს არის, თორემ პატრიარქზე უბრალო ადამიანი არც მეგულება. როგორ შეიძლება, ის იმის გამო განვიკითხოთ, რო, საზღვარეთ დადის სამკურნალოდ. აბა რა გვინდა, პატრიარქი რომ გავწიროთ? მასზე დგას დღეს მთელი ქვეყანა. მან ეპოქა შექმნა, - რომ არა ილია II, არ ვიცით, დღეს როგორი იქნებოდა საქართველო. მან ქართველ ხალხს ზნეობრივი, სულიერი და სახელმწიფოებრივი მთლიანობა შეგვინარჩუნა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)



http://www.kvirispalitra.ge/public/19867-mama-ilia-qthu-mghvdeli-fufunebith-ikhrtsneba-mashin-valdebuli-varth-masac-mivuthithothq-eqskluzivi.html



Комментариев нет:

Отправить комментарий