суббота, 28 декабря 2013 г.

შვილების აღზრდისა და ახალგაზრდა თაობის შესახებ.

ბერი პორფირი კავსოკალიველი


შვილების აღზრდისა და ახალგაზრდა თაობის შესახებ




შვილების აღზრდა მათი ჩასახვიდან იწყება. დედის მუცელში ემბრიონს ესმის და გრძნობს. დიახ, მას ესმის და ის ხედავს თავისი დედის თვალებით, ის აღიქვამს დედის მოძრაობებს და გრძნობებს, იმის მიუხედავად, რომ მისი გონება ჯერ განუვითარებელია. დაღვრემილია დედის სახე, მისი სახეც დაღვრემილია; ნერვიულობს დედა, ისიც ნერვიულობს. რასაც დედა გრძნობს – მწუხარებას, ტკივილს, შიშს, მოუსვენრობას და ა.შ., – ჩვილიც იმავეთი ცხოვრობს. თუკი დედას არ სურს შვილი, არ უყვარს ის, იგი ამას გრძნობს და მისი სული ტრავმებს იღებს, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ამის საპირისპირო ხდება დედის წმინდა გრძნობების შემთხვევაში. როდესაც დედას აქვს სიხარული, სიმშვიდე, სიყვარული შვილის მიმართ, ეს საიდუმლოდ გადაეცემა მას, ისევე როგორც ეს ხდება უკვე დაბადებული ბავშვების შემთხვევაში.

. . .

მომისმინე, რას გეტყვი: ჯერ ილოცე და შემდეგ ილაპარაკე. ასე მოიქეცი შენი შვილების მიმართაც. თუკი გამუდმებით მათ დარიგებაში იქნები, მათთვის დამამძიმებელი გახდები და როცა გაიზრდებიან, შენგან მხოლოდ ზეწოლას იგრძნობენ. ასე რომ, უპირატესობა ლოცვას მიანიჭე.

. . .

აშკარაა, რომ ბავშვების ცხოვრებაზე ზემოქმედებას ახდენს ის, რაც გამოკრთის მშობლებისგან. მშობლები დაჟინებით მოითხოვენ: „მოდი აღსარება თქვი, მოდი ეზიარე, მოდი ესა და ეს გააკეთე...“. არაფერი ხდება. მაგრამ ისინი ხომ გხედავენ შენ! რითიც ცხოვრობ, ის გამოკრთის შენგან. ქრისტეს მიერ ხარ გაბრწყინებული? ეს ახდენს შენს შვილზე ზემოქმედებას, ამაშია საიდუმლო.

. . .

ბავშვებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს გამუდმებულ ქებას. ისინი ეგოისტები და მზვაობრები ხდებიან. მათ სურთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველანი აქებდნენ, თუნდაც ეს ქება სიცრუე იყოს. სამწუხაროდ, დღეს ყველამ ისწავლა სიცრუე და მზვაობრები ამას იღებენ, ეს მათი საკვებია. ღმერთს ეს არ სურს, ღმერთს სურს სიმართლე. სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის და პირიქით იქცევიან.

. . .

ამგვარად, როდესაც ჩვენ ქებით ვანვითარებთ ბავშვში ამ ჰიპერტროფირებულ „მე“-ს, როცა მის ეგოიზმს ვანვითარებთ, ამით მისთვის დიდ ბოროტებას ჩავდივართ. ჩვენ მას ვხდით უფრო მიდრეკილს საეშმაკო საქმეებისკენ. თუკი ჩვენ მას ასე ვზრდით, ვაშორებთ ცხოვრების ჭეშმარიტი ღირებულებებისგან. არ ფიქრობთ, რომ სწორედ ესაა ის მიზეზი, რომლის გამოც ბავშვები ფუჭდებიან, რომლის გამოც ადამიანები შფოთავენ? ეს ეგოიზმია, რომელიც მშობლებმა ბავშვობიდან ჩანერგეს მათში.

აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“ – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...

. . .

დასკვნა ასეთია: ჩვენ უნდა ვასწავლოთ შვილებს, იცხოვრონ სიმდაბლით და უბრალოდ, არ ეძებონ ქება და „ბრავო“. უნდა ვასწავლოთ, რომ არსებობს სიმდაბლე, რომელიც არის სულის სიჯანსაღე.

თანამედროვე საზოგადოების აზრთა წყობა ბავშვებს აზიანებს. საზოგადოებას სხვა ფსიქოლოგია აქვს, სხვა პედაგოგიკა, რომელიც ათეისტ ბავშვებზეა გათვლილი. ასეთ აზრთა წყობას თავნებობისკენ მიჰყავს. შედეგს თქვენ ხედავთ ბავშვებში და ახალგაზრდებში. დღეს ახალგაზრდობა გაჰყვირის: „თქვენ უნდა გაგვიგოთ ჩვენ!“. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მათკენ. პირიქით, ვილოცოთ მათთვის, ვილაპარაკოთ ის, რაც სწორია, ვიცხოვროთ სწორად, ვიქადაგოთ ეს (სწორი ცხოვრება), მაგრამ არ შევეგუოთ მათ სულისკვეთებას. არ დავარღვიოთ ჩვენი სარწმუნოების დიდებულება. ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით იმით, თუკი მათნაირ აზროვნებას მივიღებთ. ჩვენ ისეთები უნდა ვიყოთ, როგორებიც ვართ და უნდა ვიქადაგოთ ჭეშმარიტება, ნათელი.

დაე ბავშვებმა ისწავლონ წმიდა მამებისგან. მამათა მოძღვრება ასწავლის ჩვენს შვილებს აღსარებას, მოუთხრობს მათ ვნებების შესახებ, ბოროტების შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ ამარცხებდნენ წმინდანები ბოროტებას საკუთარ თავში. ჩვენ კი ვილოცოთ, რომ ღმერთი დაემკვიდროს მათში.


თარგმნილია ფრაგმენტები წიგნიდან: Старец Порфирий Кавсокаливит. Житие и слова.

http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba35.html

Комментариев нет:

Отправить комментарий