пятница, 20 декабря 2013 г.

ფიქრები_ვაჟა-ფშაველა.

ფიქრი უსამზღვროა, ვითა სამყარო, და უკეთუ ადამიანი მიჰყვა ფიქრს, ვინ იცის სადამდე მიიყვანს; შეიძლება კლდეზედაც გადასჩეხოს. ხოლო ისიც შესაძლებელია, – სამოთხეში ამოაყოფინოს თავი; შეიძლება ისე გავიფაქიზოთ ფიქრი, პურსაც ვეღარა ვჭამდეთ და წყალსაც ვეღარა ვსვამდეთ – ცოდვააო, ვამბობდეთ; ვეღარ ვაბიჯებდეთ დედამიწაზე ფეხს – შეურაცხყოფას ვაყენებთო; ვეღარაცა ვხნავდეთ დედამიწას, რადგან ხვნა კვლასა ჰგავს – სახნის-საკვეთის მიწაში გატარება ხმლისა და ხანჯლის ცხოველის სხეულში გატარების მსგავსია. თუ რა უკიდურესობამდის შეიძლება მიიყვანოს ფიქრმა ადამიანი, ამაზე ერთი რუსული აქია არსებობს:
ვისმე კუპრიანს შვილი ტიტა მოუკვდა; ერთხელ საყდრის კარებთან გაიარა გულჯავრიანმა მშობელმა: დადგა საყდრის კარებთან, დაიწყო პირჯვრის წერა, ავედრებდა უფალს თავის შვილის სულსა: „მოიხსენე, უფალო, შვილი ჩემი ტიტა:“… ტიტა… ტიტა… ტიტა… იმდენი იძახა საბრალომ „ტიტა“, რომ ბოლოს „ტარარაც“ თან დააყოლა და „ტრეპაკაც“ თან დაუარაო“. აი უკიდურესობამდე მისულმა ფიქრმა რა იცის!..



✱ ✱

ღმერთმა დაიფაროს კაცობრიობა, – ზემოხსენებულმა ფიქრებმა შეიპყრას; რაც ბოლო ექმნებოდა ამ მახინჯს ფიქრებს, ყველაც კარგად წარმოიდგენს. მაგრამ არის ისეთი ფიქრები, რომლითაც, თუ კარგად გავიმსჭვალენით, ღრმად ჩავიჭდიეთ გონებაში, ყველა ხეირსა ვნახავთ: უფროს-უნცროსნი, ერი და მღვდელი.
მაგალითად, ვისთვის რა საზარალო იქმნებოდა, ვიფიქროთ და ამ ფიქრების განხორციელებასაც ხელი შევუწყოთ, რომ ყველა სოფელში თითო სასწავლებელი იყოს, ერთ და ორ კლასიან კი არა, არამედ ექვს კლასიანი, ეროვნულს ნიადაგზე დამყარებული; ყველა დაბებში საშუალო სასწავლებლები სხვადასხვა სპეციალურის საგნების შესასწავლ განყოფილებით და კავკასიაში ერთი სამიოდე უნივერსიტეტი?! – ჩვენი ერი იყოს მდიდარი, ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს ათობით კი არა, ათასობით ჰყავდეს ხელის მომწერლები და ჩვენი თეატრი მუდამ წარმოდგენის დროს მაყურებლებით იყოს სავსე. რას დაგვიშავებდა, რომ ჩვენშიაც ერობა იყოს შემოღებული?
თქვენ, ჩემო მკითხველო, ვიცი ეხლავე იმას ამბობთ: შენ აგაშენა ღმერთმა! ძალიან კარგია, მაგრამ სად არის?! ეშმაკები ტიკებსა ჰბერავდენ, ღვინო კი არსად იყოვო!..
არა სტყუით, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჯაგლაგა ფიქრებს მუდამ მადლიანი, ბარაქიანი ფიქრები სჯობია. ზოგ ფიქრს, ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ განვახორციელებთ, სხვა რამდენია ისეთი ფიქრი, რომ მის ასრულებას არავინ დაგვიშლის? ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ ჩვენის უხეირობით საქმედ ვერ გვიქცევია. ამერიკაში ბაყაყების მომშენებელი საზოგადოებაც კი არსებობს და ჩვენში ერთადერთი ჩვენი იმედი, ჩვენი მაცხონებელი, წერა-კითხვის საზოგადოებაც კი რის ვაი-ვაგლახით სულს იბრუნებს.
ძალიანაც რომ არ ეწადოს, ადამიანის ტვინს დაჩემებული აქვს ფიქრი, ეს მისი თვისებაა. ფიქრია ტვინის სიცოცხლე. იგი ძილის დროსაც არ ასვენებს ადამიანს და სხვადასხვა სურათებს უხატავს, ხოლო, როცა ადამიანი კვდება, მისი წილი ფიქრიცა კვდება, რამდენი კარგი თუ ავი ფიქრი განისვენებს დედამიწის გულ-მკერდში უხმოდ, უსიტყვოდ!..
ადამიანის ფიქრისა ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზის ძიებაა. როცა ადამიანის ფიქრი კითხულობს: „რადა? რისთვის? საიდან და როგორ?!“ ეს ნიშანია ადამიანის კეთილგონიერებისა. სწორედ ამისთანა ფიქრების ბრალია კაცობრიობის წინსვლა: რკინისგზა, ტელეგრაფი, ტელეფონი, ფონოგრაფი და სხვა ათასი მანქანა, ადამიანის ფიქრისა და ცოდნის ნაყოფი. ახლა ამას ისიც დავუმატოთ, რამდენს რასმე კიდევ მომავალში გააკეთებს ადამიანის ფიქრი და მაშინ ცხადად დავინახავთ ფიქრისა და ცოდნის ძალას.
ეს კი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ, თუ ადამიანი თავის ცხოვრების ავკარგის მიზეზს არ ეძებს, საკეთილოს არ ახეირებს და მავნებელს არ სპობს, ცალკე ადამიანი, ერთი ღერი კაციც კი ვერ წარმართავს კეთილად თავის ცხოვრებას, განაღამც ერმა შესძლოს უამისოდ. სწორედ ამ „რადა-რისთვინაობის“ ბრალია დღეს, რომ ვწყევთ და ვკრულავთ ძლიერს, როცა სუსტს ჩაგრავს, – როცა მდიდარი ღარიბს ატყავებს, – როცა ერთი მეორეს ჩაგრავს, ტვინსა სწოვს, და ერთი ერი მეორეს და სხვადასხვა…



✱ ✱

თუ დღესაც ბევრი რამ ასახსნელი და გამოსაკვლევი აქვს ადამიანის ფიქრს, ბევრი რამ ხომ მაინც გაიგო, ბევრის მიზეზი შეიგნო, ავს და კარგს თავ-თავიანთი საკუთნო ბინა მიუჩინა. განათლებამ დიდი, ძალიან დიდი ძალა გამოიჩინა, ამას ქვანიც კი ჰღაღადებენ; დიდ ძალთან დიდი მადლი, მაგრამ დიდს მადლთან – დიდი ცოდვაც.
მართალია, განათლებამ, ცივილიზაციას რომ ვეძახით, სწორედ საკვირველი მოქმედება გამოიჩინა სხვადასხვა ასპარეზზე, ხოლო ზნეობის სამფლობელოისა კი რა მოგახსენოთ. არაო, მეტყვიან, – ზნეობრივადაც ბევრად წინ წავიდა კაცობრიობაო. შეიძლება, არც ამაზე აგიხირდებით, ხოლო მე კი იმას ვიტყვი, რომ ამ მხრივ იგი ისევ პირუტყვად დარჩა, დარჩა კი არა, პირუტყვთა საერთო, საყოველთაო თვისება, რომელსაც გრძნობა თავის დაცვისა ჰქვიან, უფრო ძლიერადა სჩქეფს დღეს მის გულში. ეს იქნება არც დასაძრახისი იყოს და განათლებას უნებლიედ თან სდევს.
მაინც საქმიდამაც ეგრე სჩანს. იქნებ დამისახელოთ განათლებულ ქვეყნებში მრავალი საქველმოქმედო საზოგადოებანი, სნეულთა ბრმათა, კეთროვანთა თავშესაფარნი, სამოწყალეო სახლები? გეთანხმებით, მაგრამ განა ცხოველების ცხოვრება ცოტა მაგალითს იძლევა ამის მსგავსსა?.. ქორმა რომ ქათამი წაიღოს, თუმცა მერცხლების მოდგმისა და ჯიშისა არაა ქათამი, მაგრამ უნდა ჰნახოთ, რა ჟივილ-ხივილით გამოეკიდებიან ქორს ჯგუფად და ცდილობენ, როგორმე გაანთავისუფლონ მის ბრჭყალებიდგან.
კიდევაც მოგახსენებთ მაგალითს, თუმცა კი შედარებისათვის ბოდიშს ვითხოვ: ღორზე მეტად წუმპის მოყვარული ერთი ცხოველიც არ არის და იმათ ფარას, როცა მგელი მიუახლოვდება, წვრილებს, გოჭებს, ბურვაკებს შუაში მოიმწყვდევენ, კერატები, ტახები უშვერენ მტერს მკერდს სუსტთა დასაცავად და, რასაკვირველია, განათლებულმა კაცმა ერთი გროში მიაწოდოს თავის მზგავსს, თანამოძმეს, თანამემამულეს?! მოიგონეთ, ამ განათლებულმა ქვეყნებმა რა ოინები გასწიეს ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა სხვის ხელში გამოსახრავი ძვალი დაინახეს. ვიცი, ამაზედაც იმას მიპასუხებენ: ერი რა შუაშია, ეგ მთავრობათა ბრალიაო?! მეც ჩემის აზრის გასამართლებლად იმას მოგახსენებთ ზოგ ქვეყნებში თუ ასეთი წესია, სხვაგან ხომ სხვა წესია. და მართვა-გამგეობა ქვეყნის საქმეთა საუკეთესო კაცებს აბარია, იმ კაცებს, რომელთაც რუსები ნაღებს ეძახიან საზოგადოებისას და მაცხოვარმა კი მარილი ქვეყნისა დაარქვა, მაშ ისინი რადღა ეტანებიან სხვის ამაგს, სხვის ლუკმას? აქ მარტო გრძნობა თავის დაცვისა კი არ გამოსჭვირს, სხვაგვარი გრძნობაც აჩენს ყურებს, ცივილიზაციის სავალალოდ…
დღევანდელს განათლებულს ქვეყნებს თავის სამტვრევადა აქვთ მუშათა საქმე და, თუ რომელიმე ფიქრობს და ცდილობს მუშათა ყოფა-მდგომარეობის გაუმჯობესობას, ეს იმიტომ როდი, ვითომ უყვართ ისინი, ან ებრალებათ, არა, სხვა ფიქრი ამოქმედებთ: სამეფოში სამეფო აიცდინონ თავიდან. ასეთი სიყვარული ხომ არსენასაც გამოუცხადა ერთ დროს სომეხმა, როცა მან ფული მოსთხოვა ხმალამოღებულმა: „არსენჯან, ოჰ, შენ მხარ-ბეჭს კი ვენაცვალეო!“
როგორც უნდა იფიქრეთ: ერთი კაცი იმას არ იკადრებს, რასაც მთელი ერი კადრულობს.



✱ ✱

ასე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, იქნება მე ჩემის ფიქრებით კიდეც ვაშავებდე და შენ უნდა მომიტევო, უკეთესად შენ იფიქრო. ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა… ვაშავებდეო?
სწორედ არც უმისობაა: შენ ძალაუნებურად გათქმევინებენ, მე ვიცი: ბიჭოს, მაშ, ჩვენ ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს, ჩვენთან რომ პროგრესის ნატამალიც არ იბადება და ამ ყოფაშივე რომ დავრჩეთ, ათას წილად ის აჯობებსო… არა, ღმერთმა დამიფაროს, მე პროგრესის უარმყოფელი ვიყო: ნეტავი როტშილდის მილიონები ჩვენ მოგვცა, მე და შენ, და იმისი ცოდვაც ჩვენს კისერზედ იყოს, როგორც იქნებოდა მოვინანიებდით.
დასწყევლა ღმერთმა, ეს რა ცუდმა საათმა ჩამოიარა! ამ ბოლო დროს რაღაც უხამს ქართულებს დავუწყე ხარჯვა, – ახლა როტშილდის მილიონებს შევეპოტინე!.. ღმერთმა დაიფაროს: ერთმანეთს დავხოცდით, ძმურად ვერ გავიყოფდით. თუ არ დავხოცდით, დავაზე ხომ, უეჭველია შემოგვეხარჯებოდა ორივეს საერთო თანხა „სუდებში“ და აქეთ-იქით დავიდარაბაში… რადა? მადა რომ… რომ… რომ „ქანი“ გვიზის თავში… „სანები“ რომ გვეჯდეს მაშინ? „შენც – სუ, მეც – სუ!“
ვენაცვალე უფალს! ჰა, ნახე?.. მოვედით ჭკუაზედ?.. მადლობა უფალს! დიაღ, ღმერთსაც დიდს მადლობას შევსწირავდით და თელეთსაც მრავალ კელაპტრებს ავუნთებდით და საერო საქმეებსაც ბევრში დავეხმარებოდით.
ჩვენ, ერთს დროს სულისა და ღვთისმოყვარეობით განთქმული ერი, ღმერთსაც კი აღარ ვლოცულობთ სწორედ. თუ ქონებით ვართ ღარიბნი, განა ეს იმის მომასწავებელია, სულითა და გონებითაც გავკოტრდეთ? ან ქონებით რადა ვართ ღარიბნი? აბა, მიბძანდით, მიიარ-მოიარეთ შირაქის მინდვრები, თრიალეთის მთები, თუ ღარიბნი ვართ, ვისი ცხვრისა და საქონლის ფარები და ცხენის ჯოგები სძოვს იქ ბალახს?
ვინ არ დამეთანხმება, რომ ევროპაში % ღარიბთა, ბოგანო ხალხისა ბევრით მეტია, ვიდრე ჩვენში. ჩვენს გლეხკაცობას მკვიდრად უდგა ფეხი მშობელს დედამიწაზე, იმას ეალერსება და იმას ეხუტება და იხუტებს გულ-მკერდში.
დღეს ჩვენის ერის სისუსტესა და ძლიერებას აქა აქვს თავი და ბოლო. თუ რამდენიმე დიდი მემამულე წინდაუხედაობით ჰყიდის მამაპაპეულს მიწა-წყალს, მაინც კიდევ საკმაო ჰრჩებათ იმათაც და ეს დიდი დასაკლისიც არ არის, ოღონდ უმრავლესობა არ დაადგეს ამ უკუღმართს გზას. მართალია, დღეს ესოდენი სიყვარული თავის მიწა-წყლისა და უფრო გუთნისა, ბევრში ზარალს აძლევს ჩვენს ხალხს, არ აძლევს ნებას გარეთ გასვლისას, – მოეკიდოს სხვადასხვა ხელობას, მაგრამ საბოლოვოდ კი დიდად და ბევრად სახეიროა ჩვენთვის, ვინაიდგან ტერიტორია გვენახება და ხომ მოგეხსენებათ, უმიწაწყლო ერი იგივეა, რაც უფრთოთ ფრინველი, უწყლოდ თევზი და უჰაეროდ სიცოცხლე.

✱ ✱

ვაჭრობა, ყველამ კარგად ვიცით, სარფიანი ხელობაა და ქართველი ხალხი კი ნაკლებად მისდევს. რადა? ზოგს ზერე-ზერე მოაზრეს ჰგონია, ვითომ ჩვენ უნიჭონი ვიყვნეთ და ჩვენი მეზობლები, ჩვენი მტერ-მოყვარენი კი, ნიჭიერნი და „ლავ-ჯეჰილები“. დიაღ, ჰგონია მეთქი, ვამბობ და ასეც არის, რადგან ამ უგუნურებამ ანდაზაც კი შეთხზა: „შემირცხვეს სომხის გუთანი და ქართვლის დუქანიო“. რამდენია ქართველი ვაჭარი სომეხსა სჯობდეს, ან სომეხი გუთნისდედობით – ქართველს? ძალიანაც ბევრი.
რად მოჰხდა, მაგალითად, ისე, სომხობამ რომ ვერ მოიკიდა ფეხი იმერეთში და თვით იქაურნი მკვიდრნი ქართველნი მისდევენ ამ ხელობას? თქვენ რამდენიც გნებავდეთ იმერლის მოხერხებულებას, სიმკვირცხლეს დააბრალეთ ეს გარემოება, თავი და თავი მიზეზი კი მაინც სხვაგან იფარება.
ინგლისელი თუ მოუხეშავი და ზლაზნია არის, მე ვიცი, არ დაიწუნოთ როგორც ვაჭარი, ან სავაჭრო ნიჭის მქონე! „ბევრჯელ სიმძიმე გმობილი სჯობს სიფიცხესა ქებულსა“.
მაშ რისაგან მოხდა, იმერეთმა შეიგნო ის, რასაც ამერეთის გონება ვერ შესწვდა, – ერთი და იმავე ვაშლის ანაპობი ნახევარი მწარე გამოდგა, ხოლო მეორე – ტკბილი; რა თქმა უნდა საჭიროებისაგან. „გაჭირება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო“. ეს საჭიროება დაჰბადა სახნავ-სათესის სიმცირემ: იმერეთში მცხოვრებთა რიცხვი მოერია დედამიწას, ეს უკანასკნელი ვეღარ ასაზრდოვებდა, ძუძუს ვეღარ აწოვებდა თავის შვილებს და ძალაუნებურად უნდა გამოსთხოვებოდნენ. „ზოგი ჭირი მარგებელია“, ნათქვამია, და სწორედ ეს ჭირი იმერეთს ეწამლა. ამერეთსაც ვიდრე ეს ჭირი არ შაეყრება, ვიდრე დედამიწას არ დაითხოვს მომეტებულს, უსაზრდოვოდ დარჩენილ თავის ძეთა და არ ეტყვის, წადით, თქვენი კვება აღარ შემიძლიანო, მანამდე ვერც ამერეთი ეღირსება მადლიანს რიცხვს ქართველი მოვაჭრეებისას, – მანამდე, ვიტყვი, სულ ამაოა ღაღადისი და ქადაგება მოვაჭრეთა შექმნისა…



✱ ✱

მეცნიერება, სხვათა შორის, სამს საშუალებას აღიარებს ერის საბედნიეროდ: ქონების სწორედ, სამართლიანად განაწილება, გავრცელება ცოდნისა და გამრავლება ერისა; ეს უკანასკნელი მოვლენა ორ გზას აძლევს ერს თავის ცოდვა-შენახვისას: მომეტებული რიცხვი ან უნდა მოშორდეს დედამიწას, მის შემუშავებაზე ხელი აიღოს, სხვა ხელობა რომ დაიჭიროს; თუ იმავე მიწას შეჰრჩა, მაშინ უნდა რამ ღონე გამოსძებნოს, გონების ჩარხი დაატრიალოს, რათა მცირე ნაწილმა მიწისამ საკმაო საზრდო მისცეს. ორსავე შემთხვევაში ადამიანი მოგებული რჩება, ვინაიდგან გონების ვარჯიშობას, ფიქრს ჰკიდებს ხელს; აქედან იწყება სხვადასხვა სატეხნიკო იარაღების მოგონება და სხვა. სომხების ვაჭრებად გარდაქმნა იმათ ნიჭიერებისა საზრიანობის ბრალი კი არ არის, როგორც ზოგიერთსა ჰგონია, არამედ ისტორიულ გარემოებათა ნაყოფია, დევნილნი მტრისაგან ისინი შემოგვეხიზნენ ჩვენ, აქ ამათ ძალაუნებურად ვაჭრობას მიჰყვეს ხელი საზრდოს მოსაპოვებლად, ეს ჭირი იმათ ეწამლა, დღეს ისინი ჩვენზე ნიჭიანებიც არიან და პირიანებიც. ამ საგანზე კიდევ გვექნება ცოტა ხანს უკან მკითხველთან საუბარი, ეხლა კი ისევ იმ საკითხავს უნდა დავუბრუნდეთ და გამოვჩხრიკოთ, მართლა სომხები ნიჭიერნი არიან ქართველებზე თუ არა? ნასკვის გამოხსნა ფაქტებსვე მივანდოთ.
დღეს ჩვენ ნიჭს ვაბრალებთ იმას, რაიც სრულიად მარტივის მიზეზის ბრალია და არა ნიჭისა. ეს მიზეზი გახლავთ ხელობა. ზოგი ისეთი ხელობისაა, როგორც მაგალითად, ვაჭრობა, რომელიც გონებას ავარჯიშებს, ავითარებს და სხვის ხელობა კი გონებას ადუნებს, აჩლუნგებს. ამიტომ ორი ერთის ნიჭის პატრონი და ერთის ტვინისა რომ ავიღოთ მაგალითად, ორივე უსწავლელი, ხოლო ერთი მიწის მუშა და მეორე ვაჭარი, სომეხი იყოს იგი, თუნდა ქართველი, დიდს გარჩევას დავინახავთ: სად შაედრება პირველი მეორეს გამოცდილებაში, ენის მოქნილობაში?! პირველის ხელობა მარტივია და მარტივ ფიქრს, მარტივად ტვინის მოძრაობას თხოულობს, ხოლო მეორის ხელობა რთულია, რთულს ფიქრებზე დამოკიდებული. ჰხედავს იგი ათასნაირის ჯურის ხალხს და მაშასადამე, მისი დაკვირვების მოედანიც ფართო და მდიდარია; ბევრი რამ ესმის მის ყურებს, ბევრს რასმე ავსა და კარგსა ჰხედავს მისი თვალები, ყველა ეს ერთად მომასწავებელია ცოდნისა, გამოცდილებისა. მათ შორის გარჩევას, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ჩემზე კარგად ბოკლი განგიმარტავს.



✱ ✱

ვაჭრის ასეთ გამოცდილება-გამობრძმედებას ცხოვრებაში უმეცარნი ნიჭს ეძახიან. თითქოს არც სტყუიან: ამგვარი ხალხი თავის ქვეყნისათვის, რადგან ქონებითაც ზურგი მაგარი აქვთ, ბევრით სასარგებლონი არიან; იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებში, ზრდიან სასწავლებელში შვილებს, აწვდიან გონებას საზრდოს, კითხულობენ გაზეთებს და სხვა, რაღა ბევრი და გრძელი საუბარია, ქალაქის კაცი, თუნდა სკოლა თვალითაც არ ენახოს, ბევრად ბევრის მცოდნეა სოფლელზე.
მუშაღა? იმის გონებას სძინავს, მაგრამ მძინარა ხომ მკვდარი არ არის?! ხანდახან თუ მის გონებასაც ქიმუნჯი წაჰკრა იმავე ვაჭარმა და გამოაღვიძა, მაშინ ვაჭრის ენაგაქნილობა ბათილდება.
ერთს მაგალითს მოგახსენებთ, ფშაველმა თაფლი გაიტანა ბაზარში გასაყიდად, შეხვდა ვაჭარი. თაფლს თითით ამოჰკრა, შელოკა, უსუნა: „ჰო, ეს იელზე ნატარია, ბიძიავ, არა?“ არა, კაცო, იელზე ფუტკარს რა უნდოდა? „მაშ დაიფიცე!“ შენმა სიცოცხლემა, რომ დღისით კი სუ თან დავდევდი და არც უშვებდი იელზე, ვიცოდი რო თაფლი დამიფოლდებოდა და ღამით თუ გამეპარნენ ეგ კი არ ვიციო, – მიუგო გლეხმა.



✱ ✱

თუმცა ქართველები, ქონებას არ ვიტყვი, ფულით ჩვენს მეზობლებთან ვერ მოვალთ, მაგრამ არც ისე ღარიბნი ვართ, როგორც ვტირით და ვჩივით. რაც გვაბადია, სახეიროდ ვერც იმასა ვხმარობთ, როგორც წესია და როგორც უფრო სახეიროა ჩვენის ქვეყნისა და მომავლისათვის. მაშასადამე, ჩვენ გვაკლია ის გრძნობა თავის დაცვისა, რომელიც თავს იჩენს განათლებულ ერთა ცხოვრებაში კი არა მარტო, არამედ პირუტყვთა ცხოვრებაშიც. ჩვენ ავღნიშნეთ ის ფაქტი, თუ განათლებულნი ერნი როგორც იცავენ თავგამოდებით თავიანთ საკუთრებას, თავიანთ სარგოს (ინტერესს) და ამასაც არა სჯერდებიან, სხვის კუთვნილებასაც ხელს ატანენ. ჩვენ თუ ამას ვიტყვით და ვამბობთ პოეტთან ერთად: „თავზე დამატყდეს ცა რისხვით, სხივი ნუ ვნახო მზისა მე, მაღალი ღმერთი გამიწყრეს, თუ რამ ვინდომო სხვისა მეო“ და მტაცებლობას არ ვიკადრებთ, ის ხომ აღარ არის სირცხვილი, თავისი სარგო დავიცვათ, თავისი საკუთრება, თავისი ყოფამდგომარეობა ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენთვის იქნება გამოსადეგი და იმავე დროს არც რამ სხვას ვავნოთ?.. როგორც ადამიანნი, როგორც ერი, მოვალეცა ვართ აგრე მოვიქცეთ, თუ სიცოცხლე და არსებობა გვწადიან ამ წუთისოფელში, თუ გვინდა, რომ ამაზე უარესად არ გავსაწყლდეთ, არ დავბეჩავდეთ. ალტრუიზმი, ჩემო მკითხველო, ფილოსოფოსთაგან მხოლოდ ტვინის მოსაფხანად ყოფილა გამოგონილი: იმას თითო-ოროლა, ათასში ერთი თავგამოდებული ადამიანი თუ შეიძლებს ემსახუროს მთელს ერს, მთელს ქვეყანას ალტრუისტული სწავლა-მოძღვრება ხელს არ მისცემს. ან რა ჭკუაა, ხალხი თავს იხოცავდეს ნებაყოფლობით მხოლოდ იმიტომ, რომ მის თავზე მომბრუნავი ყვავ-ყორნები თავის ლეშით გააძღოს – ჰშიანთ საწყლებს, გაძღნენო?!. ჩვენ თითქოს ასე ვიქცევით და ასეთი ქცევა რა ხელსაყრელია ჩვენთვის? ყველა ეს შეუგნებლობისა, უსწავლელობისა, ჩვენის სოფლურის ცხოვრებისა და, ღმერთო ნუ გვიწყენ, გუთნისა და მწყემსურის ცხოვრების ბრალია. სწავლა-ცოდნა რომ ჰქონდეს ჩვენს ხალხსდა ისე სცხოვრობდეს სოფლად, ისე მისდევდეს მეურნეობას, რა გვეთქმოდა, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ სწავლა არ გვახლავს და ეს ჩვენი ხელობა კი ისეთია, რომ ნაკლებს ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევს. გამოღვიძების მაგივრად გვაძინებს.



✱ ✱

ამიტომ, რაკი განგებამ, ჩვენმა ბედისწერამ, სოფლური ცხოვრება დაგვიწერა, სოფლად უნდა სწავლა-ცოდნა მოვიშველიოთ. საცა სწავლაა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება. თორემ სულ ამ ვითარებაში რომ დავრჩეთ, ათასი წელიც რომ გავიდეს, ისევ ესენი ვიქნებით, რაცა ვართ.
ნასწავლი ხალხი სოფელსაც ქალაქად გარდაჰქმნის. რა ნაკლსაც ჩვენს თავს ვამჩნევთ, მტერი და მოკეთე გვაყვედრის, ყველა ის, ვიმეორებ, ჩვენის უცოდინრობით და შეუგნებლობით გვემართება. ჩვენს ერს რომ შეგნება ჰქონდეს, განა ესე თავ პირის მტვრევით ვივლიდით ცხოვრების გზაზე? განა ჩვენი საზოგადო საქმეები ასე დაცარული და განაცარტუტებული იქნებოდა? შეგნებული მცოდნე საქმისა, თუ მთელი ერი არა, უმრავლესობა მაინც უნდა იყოს!
სად არის ჩვენთან გრძნობა თავის დაცვისა? ან ფიქრი იმ მიზეზზე, რა მიზეზითაც დავძაბუნდით? რომ არც ერთია და არც მეორე, კიდეც იმიტომ არც ხეირია ჩვენკენ. შეგნება ხმალია ამ წუთისოფლის ბრძოლაში, ხოლო გრძნობა თავის დაცვისა – ფარი. ჩვენ ხელში ჯოხიც არ გვიპყრია, ან რად გვინდა, როცა ბრძოლაში მონაწილეობას არ ვიღებთ?!.
დიაღ, ეს არის ჩემი საფიქრებელი: ან გავნათლდეთ და ან გავმრავლდეთ, და ორივე თუ ერთად მოხერხდება, ის უკეთესია…

1902 წ.




Комментариев нет:

Отправить комментарий