пятница, 3 января 2014 г.

შობა მაცხოვრისა – წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, – და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და რისხვისა ამასთანავე კაცთმოყვარე, მადლის მომფენი, ყოვლად მოწყალე და ყოველთა შემწყნარებელი ღმერთიც უნდა იყოს.

ამ ქვეყნის რყევასა და რღვევაში ჯერ კარგად ვერგამორკვეული სასოება ადამიანისა, ჰხედავს-რა ძველს დედა-ბოძს სულის საფარისას წარსაქცევად გამზადებულს, ჰკვნესის და ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებულთ კაცთა ბაგითა. რყევისა და რღვევისაგან თავის ბუდიდამ ამომფრთხალი გული ადამიანის უთვისტომოდ, უბინაოდ ჰრჩება. გული შეშინებული, ელდაცემული ეძიებს ახალ სადგურს, ახალს ბინას, რომ ამოვიდეს ახალი ვარსკვლავი, ახალი ალიონი, რომელმაც უნდა გზა აჩვენოს და გააგებინოს ძველის ქვეყნის რყევისაგან ატეხილს მტვერ-ბუქსა და ბინდ-ბუნდში. ერთხელ წაირღვნა ქვეყანა, ეხლა-კი უნდა დახსნილ იქმნას და აი, ამ მხსნელს ელის ხსნის მწყურვალე სული.

„შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი! – ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებული წანასწარმეტყველი: – არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერთი ჩემი, ისრაელი!“

ადამიანი რაღაც ლოდინშია, გარღვეულ უფსკრულის წინაშე მდგომარე, სასოს არ იკვეთს, რომ მოვა მაცხოვარი და თავის ყოვლად-მხსნელს ხელსა მომაწვდისო, სასოებით აღსავსენი, სულით განდიდებულნი და აღფთოვანებულნი წინასწარმეტყველნი წინათ-ჰგრძნობენ ამა მოსვლასა და ვითა მახარობელნი ნუგეშს სცემენ გულწასულს ადამიანს, მოვაო, ოღონდ შენ „განმზადნე გზანი მისნიო“.

„აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსაო, – ჰღაღადებს სრულის რწმენის ღაღადითა წინასწარ-გრძნობით აღტაცებული ისაია წინასწარმეტყველი: – განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელჰყვენით ალაგნი მისნი“.

და აჰა ამა „გზათა განმზადებად და წრფელ-ყოფად ალათა მისთა“ მოევლინა ქვეყანას იოანე წინამორბედი „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. გულშერყეულს და ნუგეშის მწყურვალს ქვეყანას ჰგონია, რომ აი ეს არის იგი, ვინც ასე ძლიერ სწყურიან ჩვენს ობლად შთენილ სულსა და ვისაც ასეთის სასოებით მოველოდებითო. არაო, ეუბნება წინამორბედი იოანე:

„ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განხსნად ხამლთა მისთასა. მე ნათელ-გცეთ თქვენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეთ თქვენ სულითა წმიდითა“.

იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, – „დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა… რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა… რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე:

„აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს“.

„ნუ გეშინინ, – ახარებს ქვეყანას ანგელოზი: – ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა „აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი“. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, – მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ“, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“… მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, – რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ „კურთხეულ არს დედათა შორის: „ყრმა-ღმერთი „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველი „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ამის მაგიერ შთაუდგა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი… შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ… საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება – მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, – და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“.

1886 წ. 24 დეკემბერი


Комментариев нет:

Отправить комментарий