среда, 29 января 2014 г.

ღმერთს გული შესტკივა მწუხარე ადამიანებზე.

რა სასტიკ წამებას განიცდიან ადამიანები! რამდენი პრობლემა აქვთ მათ! ზოგიერთი მოდის აქ, რომ ორიოდე წუთში მიამბოს თავისი ტკივილის შესახებ და მცირეოდენი ნუგეში მიიღოს. ერთი დატანჯული დედა მეუბნებოდა: „წმიდაო მამაო, დგება წამები, როცა მოთმინება სრულიად მელევა. მაშინ ვითხოვ ხოლმე: „ქრისტე ჩემო, ახლა მცირედ შემასვენე და მერე თუნდ კვლავ მომივლინე ტანჯვა“. როგორ სჭირდებათ ადამიანებს ლოცვა! მაგრამ გარდა ამისა, ნებისმიერი განსაცდელი ამავდროულად ღვთის წყალობაცაა. ეს კიდევ ერთი, დამატებითი „ქულაა“ იმისათვის, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოხვდე. მომავალ ცხოვრებში გამზადებული საზღაური არის იმედი, სიხარულს, ნუგეშსა და ძალას რომ მანიჭებს და მამარცხებინებს ტკივილსა და მწუხარებას უამრავი ადამინის გამო რომ განვიცდი. ჩვენი ღმერთი ბაალი კი არ არის, ის სიყვარულის ღმერთია“ იგი მამაა, რომელიც ხედავს, როგორ იტანჯებიან მისი შვილები ათასგვარი განსაცდელითა თუ საცდურით. იგი მოგვიზღავს სამაგიეროს, თუ დავითმენთ ამ მცირე მოწამეობას, რომელიც განსაცდელის სახით - კურთხევის ნიშნად მოგვევლინა.

- წმიდაო მამაო, განა სისასტიკე არ არის, რასაც ღმერთი უშვებს, განა მას ჩვენზე გული შესტკივა?!

- ადამიანებზე, რომლებიც სნეულებით, ეშმაკებისაგან, ბარბაროსებისაგან და სხვა ამდაგვარებით იტანჯებიან, ღმერთს გული შესტკივა, მაგრამ ეს გულისტკივილი საკუთარ თავში შეიცავს სიხარულსაც იმ ზეციური საზღაურის გამო, რომელიც მათ განუკუთვნა. ანუ, ღმერთი ხედავს იმ ჯილდოს, რომელიც განსაცდელგამოვლილ ადამიანს ზეცაში მიელის. სწორედ ეს „აძლევს ძალას“ ღმერთს, რომ მათი ტკივილი მოითმინოს. ღმერთმა ხომ დაუშვა, რომ ჰეროდეს ამდენი დანაშაული ჩაედინა!  ჰეროდემ გაწყვიტა თოთხმეტი ათასი ყრმა და მათი მშობლები, რომლებიც შვილების დაცვას ცდილობდნენ, - ამ მშობლებსაც ხომ ხოცავდნენ ბარბაროსი მეომრები. ისინი წინამძღოლების საამებლად პატარა ბავშვებს კუწავდნენ. და რაც უფრო მეტ ტკივილს გრძნობდნენ ეს ბავშვები, მით მეტად სტკიოდა მათი ტკივილი ღმერთს. მაგრამ რაოდენ ხარობდა იგი იმ აღმატებული დიდებისათვის, რომლითაც ამ ბავშვებს ზეცაში დაუხვდებოდა. ის ხარობდა ამ პატარა ანგელოზების გამო, რომლებიც ანგელოზთა და მოწამეთა დასში შეირაცხებოდნენ. ანგელოზები და მოწამეები! 

მწუხარებისას ღმერთი ჭეშმარიტი ნუგეშინისცემით ანუგეშებს ადამიანს. ღმერთი ახლოსაა, ხედავს თავისი შვილების მწუხარებას და როგორც კეთილი მამა გვანუგეშებს კიდეც. ან, რა გგონია, განა მას სურს ნახვა იმისა, როგორ იტანჯება მისი შვილი?! ღმერთი აღრიცხავს მის ყველა ტკივილს, მის ყოველ ცრემლს და შემდეგ ამისთვის მიუზღავს კიდეც. მწუხარებისას მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტი ნუგეშისცემა. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტი ცხოვრება არ სწამს, არ სწამს ღმერთი, სულის შემძვრელი განსაცდელებისას მისგან წყალობას არ ითხოვს და სრულ სასოწარკვეთილებას მისცემია. ასეთი ადამიანის ცხოვრება აზრს მოკლებულია. ის ამ ცხოვრებაში გამუდმებით შეუწევნელი, გაწამებული და უნუგეშო რჩება, მაგრამ გარდა ამისა, ის საკუთარ სულს საუკუნო სატანჯველისთვისაც სწირავს.

თუმცა სულიერ ადამიანებს პირადი მწუხარება არც აქვთ, რადგანაც მათზე მოწევნულ ყველა განსაცდელს ქრისტესთან ახლომყოფობით სძლევენ ხოლმე. ასეთი ადამიანები სხვათა მწუხარების სიმწარეს ტვირთულობენ, მაგრამ ამავდროულად ისინი ღვთის უდიდეს სიყვარულსაც იკრებენ. როდესაც ვგალობ, „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ“ თუკი მწუხარებას არ განვიცდი, მაშ როგორღა ვთქვა: „ურვამან შემიპყრა მე და არა მაქუს დათმენაი“ [6] როგორ ვიცრუო? განსაცდელებთან სულიერი მიდგომა მწუხარებისათვის ადგილს აღარ ტოვებს, რადგანაც, თუ ადამიანი თავს სწორად, სულიერად განაწყობს, მაშინ ყველაფერი იცვლება. თუკი კაცი თავისი ტკივილის სიმწარეს ტკბილ იესოს მიუპყრობს, მაშინ მთელი მისი სიმწარე და ტანჯვა თაფლად გადაექცევა.

როდესაც სულიერი ცხოვრების საიდუმლოს მისწვდება და იმ საიდუმლო საშუალებებსაც შეიცნობს, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, ადამიანს უკვე აღარ გააწყრობს ის ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. ის სიხარულით იღებს მწარე წამალს, რომელსაც ღმერთი სულის განსაკურნებლად აძლევს. ყველაფერს, რაც ემართება, ეს ადამიანი თავისი ლოცვის შედეგად მიიჩნევს, რადგანაც გამუდმებით სულის განწმენდას შესთხოვს მას. განსაცდელებისადმი ერული მიდგომით კი ადამიანები უაღრესად იტანჯებიან. მაგრამ, რამდენადაც ღმერთი ყველას აკვირდება, თითოეული ჩვენთაგანი მოვალეა, სრულად მიანდოს მას თავი. თუ არა და, ადამიანს ცხოვრება სატანჯველად ექცევა. კაცს უნდა, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ ხდებოდეს. მაგრამ რაკიღა ეს ვერ ხერხდება, სული მოსვენებას ვერ პოულობს.

ადამიანი მშიერია, თუ მაძღარი, აქებენ მას თუ უსამართლოდ ეპყრობიან, უნდა ხარობდეს და ყოველივეს სიმდაბლითა და მოთმინებით უცქერდეს. მაშინ ღმერთი კურთხევებს ანიჭებს მას, იქამდე, ვიდრე ეს სული არ მივა ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც ღვთის კურთხევას ვეღარ დაიტევს. ღვთის კურთხევას ასეთ ადამიანებზე უკვე აღარანაირი ძალა აღარ ექნება. და რაც უფრო წარემატება ადამიანი სულიერად, მით მეტად შეძლებს ღვთის სიყვარულის დანახვას და დადნება ამ სიყვარულით.



მამა პაისი მთაწმინდელი





Комментариев нет:

Отправить комментарий