четверг, 2 января 2014 г.

შავბნელი ამბები.

ქართლში ძალიან გახშირებულია „პოლიტიკურ“ დამნაშავეთა შეპყრობა… ვიზედაც ცოტა რამ ეჭვია, ყველას მიერეკებიან. არც ძევა, არც კვლევა. უნდა ნახოთ თავის თვალით ეს „დამნაშავენი“, რომ კარგათ შეიგნოთ დღევანდელი დღის ვითარება: მენახშირე, მეურმე, ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი ხალხი, რომელთაც ოდესმე სადმე უთქვამთ გვშიანო, და ამ თქმისათვის დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი, როგორც „ბუნტოვჩიკები“, როგორც საზოგადოების მავნებელნი პირნი. არავითარი ცოდნა იმათ არა აქვთ, გარდა იმისა, რასაცა გრძნობენ, და განა არ მოგეხსენებათ, სიმშილ-წყურვილ-სიტიტვლე და სიცივე ყოველ სულიერ არსებას უსიამოვნებას აგრძნობინებს…
რასაკვირველია, ზემორე აღნიშნულ ჯურის „დამნაშავეთა“ შორის მოჰყვნენ ისეთნიც, რომელთაც გონება საკმაოდ აქვთ განვითარებული და ამ მშიერ-ტიტველს ხალხს თანაუგრძნობენ, – ებრძვიან, ჰკიცხავენ გამეფებულ შავ ძალებს. ზოგი მათგანი მხოლოდ მწერლობით, გაზეთის საშუალებით ებრძვის იმათ, ჰგმობს ზოგიერთ ადამიანთ დროების შეუფერებელ ქცევისათვის… შეურაცხყოფილნი შურს იძიებენ, დროებაც ხელს უწყობს, მირბიან და საცა ჯერ არს აცხადებენ: „ესა და ეს პირნი არიან ქვეყნის ამრევნი, კომიტეტის წევრნი, ყუმბარების მკეთებელნი, ყალბის ფულის მომჭრელნი; ვინცა კვდება, სულ იმათი ბრალია, ისინი აგულიანებენ მკვლელებს და, თუ ისინი არ გააძევეთ, ქვეყანა არ დაწყნარდებაო, და სხვადასხვა. მაბეზღრობენ და იმდენად უგუნურნი გახლავან, რომ ჰგონიათ, – ამისთანა „გაძევებით“ მოისპობა უკმაყოფილება ხალხში, მშიერი გაძღება და ტიტველი შეიმოსება და იმათ აღარავინ დაჰსახავს თავის გაბეჩავების მიზეზად. აი, სადამდე მიდის დღეს ბობოლების უგუნურება!.. მე თითონ ვიცი ერთი ამისთანა მაგალითი: ერთი სოფლის მასწავლებელი გახდა მსხვერპლი სწორედ ამისთანა სულმდაბლობისა და უმსგავსობისა. ამ მასწავლებელმა გაკიცხა გაზეთში მემამულენი, იმათი ყოფაქცევა. უკანასკნელთ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავიანთ თავი და საცა ჯერ იყო, გაჭიმეს კარგი გრძელი და მსუქანი „დანოსი“, რომელსაც მათთვის სასიამოვნო შედეგი მოჰყვა…
ვინც მიჰყავთ, ხომ მიჰყავთ, და ვინც აქ რჩება, იმათი ყოფა-მდგომარეობა სულ მთლად აუტანელია. იმათ „ეგზეკუცია“ უყენიათ. გლეხებს დაწიოკების გარდა, ასე აშინებენ და ამშვიდებენ, თუ არ წახვედით ამ საათში და მემამულეს მოსახნავი არ მოუხანით, დასაფარცხი არ დაუფარცხეთ, თქვენს ცოლებს კაზაკებს დაურიგებენო!.. აი, როგორ, რა საშუალებით სურთ მოარიგონ გლეხები და მემამულენი, – რა წამალს იძლევიან დღევანდელ გამწვავებულ მდგომარეობის სალბუნებლად… გლეხები ქედს იხრიან, ან რა ეთქმით, რას გახდებიან წინაშე ხმლისა და ხიშტისა, მაგრამ ახლა შიგ, ღრმად ჩაიხედეთ ხალხის გულში, – იქ რა ამბები ხდება, რა თესლი ითესება!.. ამის შემდეგ ან მემამულემ რა პირით უნდა იცხოვროს სოფლად და ან გლეხებს რა გული უნდა ჰქონდეთ იმაზე? ეს თქვენ განსაჯეთ და ის სახელი დაარქვით, როგორიც მოუხდება და შეეფერება ხალხის ამისთანა დამშვიდებას. დღეს ქართლის ცხოვრება მეტისმეტად ამღვრეულია მებადურთა სალხენად, სასიხარულოდ, ხოლო თევზების საუბედუროდ. როდის უნდა დაიწმინდოს ეს მღვრიე წყალი, ნუთუ ძალმომრეობის მეტი სხვა საშუალება არ მოიპოვება? ნუთუ მხოლოდ მათრახია ერთადერთი წამალი, ამღვრეულის დამწმენდელი!..
საკვირველი ის არის, რომ „ცირკულიარები“ კარგი გამოდის. კითხულობ და ცოტაოდნად წყლულზე მალამო გედება, ვინაიდან ურჩევს იგი და აფრთხილებს მოხელეებს: ფრთხილად მოიქეცით, საქმის გაურჩევლად, გამოუძიებლად ნუ იჭერთ, ხალხს ნუ ატუსაღებთ, ნუ სჯითო; იარაღს, თუ საჭირო არაა, ნუ იხმარებთო და სხვა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ვეღარ კარგი, რომ ცირკულიარის ხმა მხოლოდ ქაღალდზე გაისმის და ცხოვრებაში იმის ნატამალიც არ მოიძევება, იგი თითქოს არც კი სადმე არსებობდეს; რჩევა ცირკულიარისა რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველა ადმინისტრატორი ისე იქცევა, ვითარცა ხანი თვის სამფლობელოში… დიახ, სიტყვა სხვაა, საქმე – სხვა და მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია… არა, ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმის შორის არ დამყარდება სრული თანხმობა, – ვიდრე ადმინისტრაციის მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავის კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანერთში აურიოს…
არა, ნუ ჰგონიათ, უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ…

1905 წ.


ვაჟა-ფშაველა





Комментариев нет:

Отправить комментарий