воскресенье, 5 января 2014 г.

მორმონები.*

მორმონთა სექტა XIX საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-ში ჩამოყალიბდა. მას სხვაგვარად „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას“ უწოდებენ. სექტის დამაარსებელ ჯოზეფ სმიტს (1805-1844) მიმდევრები „წინასწარმეტყველად“ იხსენიებენ. იგი ახალგაზრდობიდანვე ოკულტიზმით იყო გატაცებული - მაგიური კრისტალების საშუალებით განუწყვეტლივ ეძებდა განძს. ამ გატაცებამ ცრუმორწმუნე სმიტს ფსიქიკა იმდენად შეურყია, რომ რეალურ და წარმოსახვით სამყაროს ერთმანეთში ურევდა. 1826 წელს იგი მკითხაობისა და ჯადოქრობის გამო დააპატიმრეს. მერე ყალბი ფულის ბეჭდვაში ამხილეს, მაგრამ სასჯელს თავი დააღწია.


1823 წელს ჯოზეფ სიმტმა ნიუ-იორკის შტატში „ზეციური მითითებით“ „ოქროს ფირფიტები“ იპოვა, რომლებზეც თითქოს ამერიკის კონტინენტის უძველესი ცივილიზაციის სულიერი ისტორია ეწერა, 4 წლის შემდეგ კი განაცხადა, რომ უზენაესმა ნება დართო, ტექსტი „ახალეგვიპტურიდან“ ინგლისურ ენაზე ეთარგმნა. სმიტმა თარგმანს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟის მორმონის სახელი დაარქვა. ასე შეიქმნა „მორმონის წიგნი“ და წარმოიშვა ამ ოკულტურ-ნეოწარმართული სექტის სახელწოდება.

ჯოზეფ სმიტს მალე პირველი მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. მისი თანაშემწე ოლივერ კუდერი გახდა. თანამოაზრეებმა განაცხადეს, იოანე ნათლისმცემლი გამოგვეცხადა და ერთმანეთის მონათვლა გვიბრძანაო. ამის შემდეგ მეგობრები „მღვდლებად“ იქნენ „ცხებულნი“. ერთი წლის შემდეგ, 1830 წელს, „მორმონის წიგნი“, რომელსაც სმიტმა „ღვთაებრივი გამოცხადება“ უწოდა, 5000-იანი ტირაჟით გამოიცა. იმავე წლის 6 აპრილს ფაიეტში (ნიუ-იორკი) დაარსდა მორმონთა „ეკლესია“, რომელშიც თავდაპირველად ექვსად ექვსი კაცი გაერთიანდა. სექტის წევრებმა „უკანასკნელი დღეების წმინდანები“ დაირქვეს. მოგვიანებით სმიტი თავის მიმდევრებთან ერთად ნიუ-იორკიდან ოჰაიოში გადაბარგდა და რამდენიმე შტატში მისიონერები დაგზავნა. მოსახლეობის მტრული დამოკიდებულება მორმონებს აიძულებდა, ხშირად ეცვალათ საცხოვრებელი ადგილი - „უკანასკნელ წმინდანთა ეკლესია“ ჯერ მისურის, შემდეგ კი ილინიოსის შტატში გადავიდა. ისინი დაბა კომერსში დამკვიდრდნენ და ქალაქ მოვოდ აქციეს.


ოქროს ფირფიტები

 როგორც თვით ჯოზეფ სმიტი ამბობდა, მას იმდენი „გამოცხადება“ ჰქონდა, რომ ძალიან უჭირდა განესხვავებინა, რომელი იყო „უფლისგან“ და რომელი - ბოროტ სულთა შთაგონებით. მაგალითად, 1831-1844 წლებში 135-ჯერ გამოეცხადნენ „ანგელოზები“, რათა მისთვის „უფლისგან“, „იესო ქრისტესგან“, „პეტრე და იაკობ მოციქულებისგან“, „იოანე ნათლისმცემლისგან“ მიცემული დავალებები გადაეცათ. „გამოცხადებათა“ საფუძველზე შეიქმნა მორმონთა მეორე წიგნი „დოქტრინები და აღთქმები“, რომლებიც მორმონთა სექტის საფუძვლებს გადმოსცემდა.

1842 წელს სმიტი მიმდევართა ორასკაციან ჯგუფთან ერთად მასონურ ორგანიზაციაში გაერთიანდა. ამის შემდეგ მორმონთა „ღვთისმსახურებაში“ ბევრი მასონური სარიტუალო ნივთი და რიტუალი დამკვიდრდა. ამ რიტუალებს ფართოდ აღასრულებდნენ. „ღვთაებრივი გამოცხადებით“ სექტაში დაწესდა მრავალცოლიანობაც.

ქალაქში მორმონების გავრცელების კვალდაკვალ გაიზარდა ადგილობრივ მკვიდრთა არაკეთილგანწყობაც სმიტის მიმართ - ჯერ ერთი, მრავალცოლიანობის დაწესების გამო (თავად სმიტს 27 ცოლი ჰყავდა), მეორეც - იმიტომ, რომ იგი თავის შეხედულებებს აგრესიული მეთოდით ავრცელებდა. ხალხის აღშფოთებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ადგილობრივ პრესაში სმიტი მისივე თანაშემწემ ჯონ ბენეტმა ცრუ სწავლების ქადაგებასა და აღვირახსნილობაში ამხილა. პასუხად სმიტმა და მისმა მხარდამჭერებმა გამომცემლობა დაწვეს. ამის შემდეგ კონფლიქტში ილინიოსის შტატის ხელისუფლება ჩაერია და ჯოზეფ სმიტი და მისი ძმა დააპატიმრა. ამან ვნებათა ღელვა ვერ ჩააცხრო - 1844 წელს ბრბო ციხეში შეიჭრა. სმიტიც და მისი ძმაც ატეხილი სროლის დროს დაიღუპნენ.

ბრაიმ იანგი

სმიტის მემკვიდრე, ბრაიმ იანგი, რომელსაც ოცდაათამდე ცოლი ჰყავდა, ნამდვილი დიქტატორი გახლდათ. იანგმა სკანდალური რეპუტაციის მქონე სექტა იუტას შტატში გადაიყვანა. ახალ წინამძღოლსაც, სმიტის მსგავსად, „გამოცხადებები“ ჰქონდა, რომელთა საფუძველზე მან მორმონთა სწავლება „გაამდიდრა“ კიდეც. 1857 წელს იანგმა თავის ეპისკოპოსს ჯონ ლის სექტის „არასასრუველი წევრებისგან გასუფთავება“ დაავალა. ეს საშინელი დანაშაული, რომელმაც 137 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისტორიაში „მთიანი მდელოს ხოცვა-ჟლეტის“ სახელწოდებით შევიდა. 1877 წელს ამ სისხლიანი კალოს გამო ჯონ ლი აშშ-ის მთავრობამ გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა, იანგი კი, რომემლიც იმავე წელს გარდაიცვალა, სასჯელს გადაურჩა.


ჯონ ლი

მორმონები მრავალი წლის მანძილზე სთხოვდნენ აშშ-ს ხელისუფლებას, ოფიციალურად დაერთო მათთვის მოღვაწეობის ნება, მაგრამ მრავალცოლიანობის გამო მთავრობამ სექტის ლეგალიზებაზე უარი განაცხადა. ხელისუფლების ზეწოლით 1890 წელს მორმონებმა მრავალცოლიანობაზე უარი თქვეს. 6 წლის შემდეგ იუტას შტატში მორმონებს მართლაც მისცეს ლეგალურად საქმიანობის უფლება. მიუხედავად ყველაფრის, მორმონებს დღემდე სჯერათ პოლიგამიის მართებულობისა და სექტის წევრებს შორის მრავალცოლიანობის შემთხვევებიც გვხვდება.

თავიანთ წიგნებში სმიტი და მისი მიმდევრები ფართოდ იყენებდნენ ქრისტიანულ-ბიბლიურ ტერმინოლოგიას, მაგრამ მას სულ სხვა მნიშვნელობას აძლევდნენ, რითაც ახალ, არაქრისტიანულ მოძღვრებას ქმნიდნენ. მაგალითად, მორმონების სწავლებით, მამა ღმერთს ჰყავს მეუღლე (!), რომლის სახელი არსად იხსენიება, რადგან საიდუმლოა, მამა ღმერთის შვილები კი იესო ქრისტე, ლუციფერი (!) და ადამიანები არიან. მამა ღმერთს თურმე ფიზიკური სხეულიც გააჩნია და ერთ-ერთ ვარსკვლავზე ცხოვრობს. მორმონთა თქმით, იესო ქრისტეს მრავალი ცოლი და შვილი ჰყავდა, ამჟამად კი ცოლებთან ერთად ზეცაში ცხოვრობს (მორმონთა ამ და სხვა მსგავს ერეტიკულ მოძღვრებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან! ღმერთმა შეგვინდოს სექტანტური მკრეხელობის გამეორება).

სექტის ამჟამინდელი პრეზიდეტი
გორდონ ჰინკლი

სექტაში საიდუმლოდ ინახავენ იმ ფაქტს, რომ ის მორმონები, რომლებმაც განსაკუთრებული განდობის რიტუალი გაიარეს, ვალდებულნი არიან ატარონ ქვედა საცვლები მასონური სიმბოლოების გამოსახულებით. სექტაში სასტიკი ავტორიტარიზმი და ტოტალური კონტროლი სუფევს, ითრგუნება პიროვნება და იდევნება განსხვავებული აზრი. ყოველი სექტანტი ვალდებულია, შემოსავლის 10% ორგანიზაციას შესწიროს. რიგითმა მორმონებმა არც კი იციან, რომ მათ სექტაში არსებობენ ე.წ. „სიკვდილის ანგელოზები“ ანუ ჯალათები, რომლებიც ლიდერების მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს აღასრულებენ. თეოკრატიული პრინციპით მოქმედ ორგანიზაციას სათავეში „წინასწარმეტყველი“ ანუ „მომავლის მჭვრეტელი“ უდგას, რომელიც „ზეციურ გამოცხადებებს“ იღებს და განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. სექტის მართვაში მას სამკაციანი უზენაესი საბჭო ეხმარება. ამჟამად სექტის პრეზიდენტი გორდონ ჰინკლია. მორმონიზმის ცენტრი იუტას შტატში, ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში მდებარეობს, სადაც დღეისათვის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მორმონები შეადგენენ.

აღსანიშნავია, რომ მორმონები ამა თუ იმ ქვეყნის არქივებში გარდაცვლილთა შესახებ მეტრიკულ ჩანაწერებს იკვლევენ. ეს მონაცემები შემდეგ სოლტ-ლეიკ-სიტიში, სექტის პრეზიდენტის კორპორაციაში, იგზავნება, სადაც საგანგებოდ ინახება. მორმონთა განსაკუთრებული ცერემონიის დროს, ამ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქრისტიანების, მუსულმანების, ბუდისტების „მორმონებად მონათვლა“ ხდება. ამით თითქოსდა მათ „გადარჩენაზე ზრუნავენ“. არ არის გამორიცხული ამ მონაცემების სხვა მიზნით გამოყენებაც. 1992 წლიდან მორმონებმა საარქივო დოკუმენტების ასლების გადაღების მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყეს რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის, საქართველოს, სომხეთის საარქივო სამმართველოებთანაც.

მორმონთა ტაძარი

პირველი მორმონი მისიონერები საბჭოთა სივრცეში, კერძოდ - ლენინგრადში, 1990 წელს გამოჩნდნენ, დღეისათვის კი რუსეთში უკვე თერთმეტი ათასი მორმონი ცხოვრობს. საქართველოში მორმონები 90-იან წლებში ჩამოვიდნენ. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში მისიონერთა მცირე ჯგუფი მოქმედებს. თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს (რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ) მფლობელები სწორედ მორმონები არიან. სასტუმროს ყველა ნომერში კლიენტთა დაინტერესების მიზნით მორმონული ლიტერატურა დევს, ამავდროულად კი თანამშრომელთა სექტაში გადაბირებასაც ცდილობენ (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უკვე პირველი ქართველი მორმონებიც გვყავს). აქ ქართულად თარგმნილია მორმონთა ლიტერატურა. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ სექტამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგა. რამდენიმე წლის წინ მორმონებმა თბილისში გახსნეს კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის უფასო ცენტრი, სადაც შეფარვით თავიანთ მოძღვრებასაც ავრცელებენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში მორმონებიც გააქტიურდნენ.

P.S. სხვათა შორის, მორმონების შესახებ ქართველმა მკითხველმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იცოდა. ილიას „ივერია“ (1890 წლის 5 მაისის ნომერი) „წვრილ ამბებში“ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მორმონების შესახებ მოგვითხრობდა. მაშ, რამდენად მეტის ცოდნა გვმართებს ამ ტოტალიტარული სექტის შესახებ დღეს, XXI საუკუნეში, როცა მორმონები საქართველოშიც გამოჩნდნენ!



მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 6, 2004 წ.
orthodoxy.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий