четверг, 2 января 2014 г.

როგორ ვიდღესასწაულოთ ახალი წელი?

ერთი დღე ერთი წლის და, მითუმეტეს, მთელი ცხოვრების საკითხს არ წყვეტს

საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.
დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე.
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა, ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.

ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე


თუ როგორ უნდა ვიდღესასწაულოთ სწორად საერო ახალი წელი, გვესაუბრება გლდანის ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი (ნოზაძე).

მამა დავითი: “დღესასწაულის დადგენას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულები დაკავშირებულია ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულთან – აღდგომასთან, შობასთან, ღვთისმშობლობასთან, ნინოობასთან, გიორგობასთან, მარიამობასთან… შესაბამისად, გასაგებია ამ საეკლესიო დღესასწაულების დადგენის მიზეზი. საერო დღესასწაულების დადგენასაც აქვს საფუძველი.


რადგან ახალი წელი საერო კალენდრული წელიწადის დასაწყისის პირველი დღეა, ადამიანი იმედითაა აღსავსე და მას დასაწყისშივე ლოცავს. მორწმუნეები ახალ წელს ვხვდებით, როგორც სხვა საერო დღესასწაულებს: დედის დღეს, 26 მაისს, თბილისობას…

საეკლესიო ტრადიციებში არსებობს ახალი წლის სხვა ათვლა. თუ ახალი წელიწადი ძველი სტილით 1 სექტემბერს იწყებოდა, ახალი სტილით, საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დასაწყისს 14 სექტემბერს აღვნიშნავთ.”

ახალი წლის სუფრის მორთულობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყველას სურს, უხვი სუფრა დაებედოს…

ჩვენ ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა. ერთი დღის საკითხი არ წყვეტს 1 წლის და, მითუმეტეს, მთელი ცხოვრების საკითხს.
ზომიერება და გამოზოგება უნდა შეგვეძლოს, მათ შორის, საკვებისაც.

შეიძლება ერთ დღეს მიირთვა ყველაფერი და მერე მშიერი დარჩე? ამით რა გამოვა? როგორ შეიძლება ასე მოაზროვნე ერსა და ადამიანს ხელი მოემართოს, როცა ფიქრობს, მარხვაში თუ გოჭი არ შეწვა, მთელი წელი საქმე ცუდად ექნება?! ჭამა-სმაზე რომ ბედნიერება იყოს დამოკიდებული, ამაზე ადვილი რა იქნებოდა. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. ასევე, 2 იანვარსაც ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ბედობა არ არსებობს. როგორც ნათქვამია, ყველა ადამაინი თავისი ბედის მჭედელია.

ხშირად ახალი წლის სუფრასთან მარხული ადამიანი საკვებზე თავის არიდებისას ადამიანებში გაღიზიანებას იწვევს; ზოგჯერ ოჯახის წევრები მარხვაზე მყოფი შვილისგან ახალი წლის აღნიშვნას ითხოვენ. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

თუ ქრისტიანი თავმდაბლურად მარხულობს და მასპინძელთან ხაზს არ უსვამს თავის მარხვას და ითხოვს ბოდიშს, ის გაღიზიანებას არ გამოიწვევს. თუ შეტევაზე გადავა და ზედმეტ ახსნა-განმარტებას დაიწყებს, რა თქმა უნდა, საპირისპირო მოხდება. ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, ქრისტიანული სინდისით იმოქმედოს, რაც ყველაფერს განსაზღვრავს.

ვინც მარხვას ინახავს, მან მარხვა უნდა შეინახოს. მაგ.: გიორგობა ამა თუ იმ წელიწადს ზოგჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს ემთხვევა, ამიტომ მარხვას ხომ არ დავარღვევთ?! შვილმაც მარხვის შენახვა უნდა განაგრძოს. ვისაც სურს, შეუძლია, სამარხვო წესით ახალი წელი პირველ იანვარსაც აღნიშნოს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ზომიერად. ამ დროს ქრისტიანულ ოჯახებში დიდი პურმარილი არ იშლება გასაგები მიზეზების გამო. მწირია საკვები, ზედმეტის დალევა არ შეიძლება. ადამიანი ელოდება შობას.

უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, ვისი წელი მოდის?

ეს საერთოდ არავითარ კავშირში არ არის ქრისტიანულ კულტურასთან. გამომდინარეობს ჩინური და ინდოეთის რელიგიებიდან. ცნობიერების აღრევის შედეგია, რომ ჩვენს იმედებს კურდღელზე, ვირთხაზე, ლომზე, თაგვზე… ვამყარებთ. ეს ბავშვური გონიერებაა. ყოველთვის არის ყველას წელი, თუ იქნება ღვთისნიერი ადამიანი და თუ გონივრულად იცხოვრებს.

იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად შეხვდები ახალ წელს. ტრანსპორტის გამო რომ ქუჩაში მომიწიოს შეხვედრა, ამ დროს რა ვქნა? ამას არავითარი სერიოზული დატვირთვა არ აქვს..

ჯობს, მოვემზადოთ შობისთვის, რომელიც არის რანგით მეორე დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ. შობას არის გახსნილების პერიოდი და დღესასწაულის უდიდესი საბაბი.

თეონა ნოზაძე



http://www.ambioni.ge/rogor-vidresaswaulot-axali-weli

Комментариев нет:

Отправить комментарий