воскресенье, 2 февраля 2014 г.

"ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით…".9

თავი 9


"ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით…"



ჩვენი დროება ცხოვრებისადმი მსუბუქი, ზედაპირული მიდგომით არის დასნებოვნებული. უმუშევარი და თვითკმარი "ცხოვრების წესი" ნორმა ხდება და ჩვენც ყველგან ვხედავთ არასერიოზულობას, უგუნურობასა და გაუნათლებლობას, განსაკუთრებულად განებივრებულ, ეგოისტურ და შინაგანად ცარიელ ახალგაზრდათა შორის. ამგვარი სულის მკაფიო გამოვლინებაა დაცინვა, რომელიც იმდენად არის გავრცელებული და ჩვეული, რომ უკვე არც კი აღიქმება როგორც რაიმე ცოდვისეული.

ამ კატეგორიასვე შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტელეწამყვანთა თუ პაროდისტთა ბრიყვულ-აღვირახსნილი გამონათქვამები, საყოფაცხოვრებო ანეკდოტები. პოლიტიკაში სიცილს იმისთვის იყენებენ, რათა მსმენელს, მაყურებელს ან ამომრჩეველს საკუთარი პიროვნების აღქმა გაუადვილონ.

როგორ საგანზეც უნდა იყოს ლაპარაკი მრავალფეროვან პროგრამებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (და არა მარტო ახალგაზრდულ პროგრამებში), - ყველაფერი სიცილით, ცქმუტაობით, ცუნდრუკობითაა გაჯერებული. ეს არის ბრიყვული, უაზრო სიცილი იმაზე, რასაც ჟარგონის ენაზე "პრიკოლს" უწოდებენ. "პრიკოლია" ადამიანის ჭიპში ბეჭდის გაყრა. ვიღაც დედაბერი წაიქცა? – "პრიკოლია". ვიღაცას თავი გაუხეთქეს ისე, რომ ტვინმა ყველა მხარეს გაასხა?! - ესეც "პრიკოლურია".

"ანეკდოტური სიცილი", როგორც ტელეეკრანების წინ, კონცერტებზე, წვეულებებზე და საღამოებზე იცინიან "მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე ახალგაზრდები" და ადვილად დასცინიან მოყვასთ, ამა თუ იმ ადამიანის სისუსტეს, ან ადამიანურ ღირსებას, სინდისს და ცოდვებს თავისთავად არის უდიდესი ცოდვა. ისინი სხვატა დარდის გასაქარვებლად იგონებენ ათასგვარ უაზრო ოხუნჯობებს და სიამაყის გრძნობით აცინებენ მაყურებელს, - ეს ყოველივე ცოდვილი ვნება და სულის დასნებოვნების სიმპტომია.

სამწუხაროდ, დაცინვა საკმაოდ არის გავრცელებული საეკლესიო გარემოშიც: თვით მღვდელმსახურთა, ბერ-მონაზონთა, სასულიერო სასწავლებლების აღსაზრდელთა (ასევე მასწავლებელთა) და "თანამედროვე ღმრთისმეტყველთა" შორის. ეს უკანასკნელნი სიცილს მართლმადიდებლური სწავლების გადმოსაცემადაც კი იყენებენ, ვითომცდა სალექციო მასალის უკეთ "აღქმის" მიზნით, როგორც აკეთებს ამას, მაგალითად, დიაკვანი ა. კურაევი. "თანამედროვე ღმრთისმეტყველებს" ძალიან უყვართ პირადი კოდებისა და აპოსტასიის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ გამომავალ "მართლმადიდებელ მარგინალთა" დაცინვა და მათ "იენენისტებს" (რუს.:иэнненисты) და "ესქატოლოჟნიკებს" უწოდებენ.

ჭეშმარიტების დაცინვა - ბოლო ჟამის ნიშანია. როგორც დასავლელი რელიგიური ფილოსოფოსი კირკეგორი (1813-1855) ამბობდა: "ქრისტე ჩვენს დროში რომ მოსულიყო, მას ჯვარზე კი არ გააკრავდნენ, არამედ სასაცილოდ აიგდებდნენ". იყო დრო, როდესაც მოწამეები კვდებოდნენ, სახალხოდ აღიარებდნენ თავიანთ რწმენას, ღმრთის სიმართლეს. დღევანდელი იდეოლოგია კი აკნინებს და დასცინის ადამიანის რწმენას, რათა გათელოს ჭეშმარიტება. ასე, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ სიცილით მოეკლათ რელიგია, ამ მიზნით გამოიცემოდა ჟურნალები: "Безбожник" და "Антирелигиозник".

ჰიტლერი ამბობდა: "არ მსურს ზოგიერთი მოწამედ გავხადო. ჩემთვის საკმარისია ისინი საჯაროდ უხეშ და გაუთლელ დამნაშავეებად გამოვფინო. მე მათ კეთილშობილების ნიღაბს ჩამოვგლეჯ და თუ ესეც არ აღმოჩნდება საკმარისი, ყველას წინაშე დავცინებ და გავანადგურებ". ამ დეკლარაციების მიღმა შეუძლებელია არ დავინახოთ ჰიტლერის საყვარელი მწერალი ნიცშე, რომელიც თავის "ანტიქრისტეში" ასე მიმართავს "ღვთისმეტყველებს", ანუ ქრისტეს მორწმუნეებს: "ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ შესაძლებლობას მოგცემთ გახდეთ მოწამეები თქვენი სიცრუისთვის?" (აქ ნიცშეს პირით თვით ეშმაკი მეტყველებს, რომელიც ჭეშმარიტებას სიცრუედ, მოწამეებს კი - დამნაშავეებად წარმოაჩენს). "ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, - გვანუგეშებს უფალი, - ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის" (მათე 5:10-11).

მართლმადიდებელი ფსიქიატრი ნ. გურიევი სიცილის მიზეზს და მისგან გამოწვეულ ქმედებას გადმობრუნებული ბინოკლის მოქმედებას ადარებს, როდესაც მის პრიზმაში დანახული ობიექტები გვშორდებიან და პატარავდებიან. ყველაფერი, რისკენაც არის მიმართული სიცილი, უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და მისდამი დამოკიდებულება მსუბუქდება და რბილდება. სიცილი ერთნაირად აკნინებს სიკეთესაც და ბოროტებასაც. როდესაც კარგ რამეზე იცინიან, მას თავის კარგ და ღირსეულ თვისებებს უკარგავენ ისე, რომ მისთვის ღვაწლი უკვე უაზრობადაც გეჩვენება. ხოლო როდესაც სიცილი ბოროტებისადმია მიმართული, ბოროტება ადამიანების თვალში პატარავდება, უმნიშვნელო და "უბოროტო" ხდება; ის უკვე სულაც არ ეჩვენებათ საშიში, რომელთან დაკავშირებითაც არც კი ღირს ბრძოლა და ისიც კი არ ღირს, რომ ჩამოშორდე მას ან გეშინოდეს მისი.

რა მოაქვს სიცილს? უპირველეს ყოვლისა, მოცინარი ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, მკვეთრად აღარიბებს თავის ცხოვრებას, გამოაქვს მისგან სერიოზული სიმწარე და დიდი სიხარულილ, - ყველაფერი მცირეა, პატარაა, არაფრისმთქმელია, ამიტომაც, ამაზე ყურადღების შეჩერებაც კი არ ღირს; და მეორე, ადამიანი დროებით იმსუბუქებს ცხოვრებას, რადგან ის, რაც მცირეა და უმნიშვნელო უფრო ადვილად აღიქმება; და ბოლოს, მესამე, დამცინავი ადამიანი, რომელიც თავისი ირონიით ყოველივე გარემომცველს აკნინებს, ილუზორულად აღზევდება საკუთარ თვალში.

შემწყნარებლობასთან შეერთებით დაცინვა იმ გლუვ და გარეგნულად მიამიტურ ხასიათს წარმოქმნის, რომელსაც ხშირად ირონიულობას უწოდებენ, და რომელსაც მიზნად გარშემომყოფთა დამცირება იმდენად არა აქვს გამიზნული, რამდენადაც დაცინვით ადამიანში აღძრას საკუთარი მისი და კნინობა ირონიული ადამიანის "უეჭველ" სიდიადესთან შედარებით.

ირონის, დაცინვას, სიცილსა და იუმორს თან ახლავს სულიერი გამოფიტულობის შეგრძნება. სიცილის შეტევის შემდეგ ადამიანი ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედებისთვის ადვილად მისაწვდომი და ადვილად მოწყვლადი ხდება. ამიტომაც, დიდი ხანია შემჩნეულია, რომ სიცილს, განსაკუთრებით ბავშვებში, მოსდევს ცრემლი.

დაცინვის მეორე მხარეა - გაუცხოება. "მწვავე" სიცილი - არ არის ღმრთისგან. გესლიანი ღიმილი, სარკაზმი, მახვილსიტყვაობა არის პაროდია სახარებისეული სიბრძნის მარილზე. სიცილის სულიერი უწმინდურობის ზღვარი გახლავთ - "ჰომერული ხარხარი", ჭახჭახი, ხვიხვინი...

ხუმრობას ხშირად ბადებს არა სიკეთე, არამედ რაღაც საპირისპირო: ამპარტავნება, მედიდურობა და სადიზმი; როდესაც ადამიანს ხუმრობით დავცინით, მიამიტი და უბოროტო თამაშის სახით უდიდეს ნეტარებას განვაცდევინებთ საკუთარ გულქვაობას. ამიტომაც, ხუმრობა სულიერ ცხოვრებას განაშორებს ადამიანს. ხუმრობა ეს არის სიცრუე, კარიკატურა, მაშასადამე დემონის სამყარო, რადგან სიცრუის მამა არის ეშმაკი.

არსებობს ორგვარი სიცილი: ნათელი და ბნელი. მათი გარჩევა შესაძლებელია ღიმილითა და მოცინარი ადამიანის თვალებით. საკუთარ თავში კი ის შეიძლება აღმოაჩინო თანმდევი სულის მიხედვით: თუ სიცილს არ მოაჰქვს მსუბუქი სიხარული, ფაქიზი და გულისთვის სასიამოვნო მონაბერი, მაშინ სიცილი არანათელია. ამგვარი სიცილი იცის ანეკდოტმა, ან სამყაროს ჰარმონიაზე დაცინვამ. სამყაროს დამახინჯებული ჰარმონია ადამიანის სულსაც ამახინჯებს, რაც ადამიანის სახის ნაკვთებზეც აისახება.

წმ. მამათა სწავლებით უჯერო სიცილი - გემოთმოყვარე გულის, მდაბიო და არავაჟკაცური სულის ნიშანია; სიცილს, ამპარტავნებისგან, კადნიერებისგან და ნაყროვანებისგან წარმოქმნის მრუშობის დემონი; სიცილი აბნევს სულში დაგროვილ სათნოებებს, განაშორებს ღმრთის მადლს, კლავს სიკვდილისა და საშინელი სამსჯავროს შიშს. მოცინარ კაცს წმიდა მამები უდარდელ და სულიერი ცხოვრებისადმი უდიერ ადამიანად მიიჩნევენ.

ღირ. ისააკ ასურელის სწავლებით "არაფერი ისე არ გვანათესავებს ამ წუთისოფელს და მათ, ვინც ლოთობასა და სიძვას არის მიძალებული, არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საცავსა და ღმრთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და აზრთა ფარფატი". მისივე თქმით: "მახვილსიტყვაობა გულში ქრისტესადმი მხურვალე სიყვარულს აცივებს" (Слова подвижнические, слово 68). "თუკი არაფერი ისე არ ესათნოვება ღმრთისმოშიშებას, როგორც გლოვა და ცრემლი, - გვმოძღვრავს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი, - მაშინ, უეჭველად, არაფერი ისე საძულველი არ ყოფილა მისთვის, როგორც სიცილი" (კიბე. სიტყვა 7-ე).

წმიდა წერილში დაცინვა დაგმობილია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ქამის ისტორია, რომელმაც მძინარე მამის, მართალი ნოეს სიშიშვლეს დასცინა (იხ. დაბ. 9:21-23). ქამის ამ ცოდვამ მთელი მისი შთამომავლობის წყევლა გამოიწვია (ისხ. დაბ 9:24-25).

ქრისტე ეფერება არა მოცინართ, არამედ მგლოვარეთ და ამბობს: "ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან" (მათე 5:4). "ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით" (ლკ. 6:25). ატირდებით, რადგან ნახავთ, რომ ღმრთისგან მოცემული ნიჭი სიხარულისა იქ კი არ გამოიყენეთ, სადაც საჭირო იყო, არამედ იქ, სადაც ჯოჯოხეთის ტანჯვას იწვევს. სიცილის გამომწვევნი მომავალ საუკუნეში შერცხვენილ იქნებიან და იმ დროს, როდესაც მართალნი საუკუნოდ გაიხარებენ, ესენი იტირებენ და იქვითინებენ.

თუ ადამიანი საკუთარ თავს უფრთხილდება და იცავს, თუ მას შიში იპყრობს სიცოცხლის საიდუმლოს წინაშე, ის დაიცავს როგორც მთელს თავის ცხოვრებას, ასევე თავის სიცილსაც. მეტიც, ის თავის ღიმილსაც კი გაუფრთხილდება ღმრთის წინაშე. და ყოველივე წმიდად და ნათლად ექნება დაცული. ეკლესიის გადმოცემით, უფალი იესუ ქრისტე არასოდეს იცინოდა, არამედ, როგორც ამას წერილიც გვამცნობს ხშირად ღვრიდა ცრემლებს (ინ. 11:35).

წმიდა მამათა უმთავრესი საზრუნავი, რომლებიც ქრისტეს მისაბაძ გზებს გვიკვალავდნენ, სინანულსა და საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობდა. ამიტომაც გაურბოდნენ ისინი სიცილს და გლოვობდნენ, რომელიც უმთავრეს ქრისტეანულ სათნოებად მიაჩნდათ. და გლოვობდნენ არა მარტო საკუთარ თავზე, არა მარტო საკუთარ სულზე, რომელსაც ხშირად "მიცვალებულს" უწოდებდნენ, არამედ მთელს მსოფლიოზე, ყველა ადამიანზე. მსოფლიოში იმდენი ტკივილია, რომ ქრისტეანისთვის დიდი უდარდელობაა, დაივიწყო სხვისი გაჭირვება და დაიწყო სიცილი.


გაგრძელება

თავი 10

გაუსახურება

Комментариев нет:

Отправить комментарий