вторник, 11 февраля 2014 г.

ოქროს მილიარდი.

გადაცემის "Обретение смыслов" სტენოგრამა


მასმედიაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ე. წ. "ოქროს მილიარდზე", განსაკუთრებით იმ მღელვარების პირობებში, რასაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი იწვევს. მაგრამ რა არის "ოქროს მილიარდი"? არსებობს თუ არა ის სინამდვილეში? არის თუ არა ეს მილიარდი? ვინ შედის მასში, ვინ რჩება "ოქროს" მიღმიერ უმრავლესობაში? სიტუაციაში ერკვეოდნენ პრობლემური ანალიზისა და სახელმწიფო-მმართველობითი პროექტირების ცენტრის ექსპერტები.


ს. გ. ყარა-მურზა: "ოქროს მილიარდის" კონცეფციის საფუძველზე შენდება ახალი მონათმფლობელური საზოგადოება.

ოქროს მილიარდის შემადგენლობა და რაოდენობა მოძრავია, ისინი სიტუაციისგან გამომდინარე მერყეობენ, მაგრამ მისი არსი უცვლელი რჩება. ეს არის ფუნდამეტალისტური და ნეომალთუსიანურ-ნეოლიბერალური კონცეფცია, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში, კაპიტალიზმის ღრმა და გლობალური კრიზისის წინათგრძნობის ფონზე აღმოცენდა. მაშინ მრავალი კერძო კრიზისები - პოლიტიკური, ფინანსური, ნედლეულის, ეკოლოგიური და სხვა - სისტემური კრიზისის შეგრძნებას იწვევდა.

გაჩნდა ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ეპოვათ ხერხი, რომელიც მსოფლიოს მდიდარ ნაწილს ამ კრიზისის გადალახვის შესაძლებლობას მისცემდა. კერძოდ, შეიქმნა რომის კლუბი, და პირველივე იქ წარმოდგენილი მოხსენება გახლდათ - დ. მედოუზის "ზრდის საზღვრები". 1972 წელს ეს მოხსენება ათობით ენაზე გადაითარგმნა და საერთო ჯამში 4 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით გამოიცა. დასავლეთის ათასობით უნივერსიტეტში ის მიიღეს როგორც სასწავლო კურსი. დასავლეთის ელიტა ამ წიგნზე გაიზარდა.

ამ კონცეფციის ლოგიკა ასეთია: რესურსები ყველას არ ეყოფა, შედეგად, საჭიროა ჩამოყალიბდეს მსოფლიო მთავრობა, რომელიც დასაქმდება გლობალური საწარმოო და საბაზრო სისტემის რეკონფიგურაციით და უზრუნველყოფს ცალკეული ქვეყნების ბუნებრივი რესურსების მისაწვდომობას მსოფლიო ბაზრისთვის. ფაქტობრივად კი მთელი დედამიწის რესურსები აღმოჩნდა ოცი მაღალგანვითარებული ქვეყნის განკარგულებაში.

აი როგორია თავისუფალი ვაჭრობის "ოქროს სამკუთხედი": აშშ - დასავლეთი ევროპა - იაპონია, ყველა სხვა დანარჩენი, დედამიწის ღარიბი მოსახლეობა ჩაყენებულია ისეთ პირობებში, რომ რესურსების მოხმარება იქ არ გაიზრდება. გარდა ამისა, ღარიბი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გაჩენილი მასობრივი ფსიქოზის გამო იბადება არა მარტო მისი შეზღუდვის იდეა, არამედ შემცირებისაც. პროექტის პოლიტიკური და ფილოსოფიური, ასევე ანთროპოლოგიური საფუძველი ნეოლიბერალური თეორია გახდა.

1974 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ახალი ეკონომიკური მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომელიც გახდა "ოქროს მილიარდის" დოქტრინისადმი დაპირისპირებული მანიფესტი. ამ დეკლარაციამ შექმნა საფუძველი მომავალი გლობალიზაციისთვის.

რომის კლუბის პრეზიდენტი ა. პეჩეი წერდა, რომ მასში საქვეყნოდ გამოცხადებულია ღარიბთა სოციალურ-პოლიტიკური რევოლუცია, რომელიც ძალას მოიკრებს და დამუხტული იქნება პროტესტით უსამართლობის წინააღმდეგ. მილიარდობით ადამიანი დაბეჯითებით დაიწყებს ძალაუფლების, სიმდიდრისა და შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ეს რევოლუციური პროცესები შეუძლებელია შეჩერდეს და ყველაზე ბობოქარი მოვლენები ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველდოება. ასე ფიქრობდა ა. პეჩეი.

ის ამას ამბობდა იმიტომ, რომ არსებობდა სოციალისტური ბანაკების ძლიერი ბლოკი, რომლისკენაც მიილტვოდნენ მესამე სამყაროს ქვეყნები. სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, ის ახორციელებდა "ოქროს მილიარდის" საპირისპირო კონცეფციას. საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციამ მკაფიოდ შეცვალა სიტუაცია. დაიწყო ორ რასას შორის მსოფლიოს გადანაწილების ინტენსიური, იდეოლოგიური კამპანია. უნდა განადგურებულიყო ის საერთაშორისო სამართალი, რომლის თანახმადაც უნდა ეღიარებინათ ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა. მას უნდა შესძლებოდა თავისუფლად გამოეყენებინა საკუთარი ბუნებრივი რესურსები.

ეს პროცესები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა 1990-იან წლებში. მაგალითად, აშშ-ში დაიწერა მთელი რიგი დისერტაციები ეთნიკურ კონფლიქტებზე, რომლის შედეგადაც იხოცება ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა. მაგრამ საქმე მხოლოდ შესწავლით ან მოსახლეობის შემცირების მალთუსიანური იდეის შემუშავებით როდი შემოიფარგლა: ისინი პრაქტიკაშიც მოწმდებოდა, ექსპერიმენტები რეალურ პირობებში ტარდებოდა. მაგალითად, რუანდაში აშკარად პროვოცირებულ იქნა ხოცვა-ჟლეტა ორ ტომს შორის, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა.

1990-იან წლებში გამოდის "ოქროს მილიარდის" ძირითადი მანიფესტი, კერძოდ ჟ. ატალის ფუტუროლოგიური ნაშრომები, რომლებშიც აღწერილია მსოფლიოს მომავალი ამ კონცეფციის წარმატებული განვითარების შესაბამისად.

თვით სიტყვათშეხამება "ოქროს მილიარდი" დასავლეთში ოფიციალურ დოკუმენტებში არსად გამოიყენება, თუმცა იქ კარგად ესმით მისი მნიშვნელობა. რუსეთში ეს ტერმინი მემარცხენე პატრიოტულ ფენებში გამოიყენებოდა. პირველად ოფიციალურ გამოსვლებში ის ვ. ვ. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა.

თავისი ტიპით "ოქროს მილიარდის" კონცეფცია ჩვეულებრივი ფაშიზმია. ამ კონცეფციის საფუძველზე შენდება მონათმფლობელური საზოგადოება. მაგრამ მსოფლიოს არ შეუძლია ასეთი დაყოფის ატანა. ეს არის მალთუსიანური და ნეოლიბერალური უტოპია, რომელიც ახლა გლობალიზაციის ახალ ვარიანტებში ტრასფორმირდება.


ვ. ე. ბაღდასარიანი: პირველად ამ მოდელმა აპრობაცია ფაშიზმში გაიარა.

"ოქროს მილიარდს" სხვაგვარად "გამაძღარ მილიარდსაც" უწოდებენ. ამ დაყოფის საფუძველში დევს რესურსების შეზღუდულობის პრობლემა. ძველ საზოგადოებაში ამ პრობლემას განსაკუთრებული რეფლექსიის გარეშე ეკიდებოდნენ: არ გყოფნის რესურსი - წაართვი ის მეზობელს. არსებითად ასეთი ყოველდღიური, ნახევრადზოოლოგიური ყოფიერების კონცეფცია დღესაც აქტუალურია.

გლობალური გარდატეხა XVIII–XIX საუკუნის მიჯნაზე დაიწყო თ. მალთუსისგან, რომლის თეორიის საფუძველზეც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ შესაძლებელი და მიზანშეწონილია აღმოსავლეთში შობადობის რეგულირების პოლიტიკის გატარება.

ამრიგად, კოლონიალიზმის გამართლება რესურსების შეზღუდულობის ფაქტიდან გამომდინარეობდა. გამოწვევა კი იმაშია, რომ დედამიწის სარესურსო ბაზა იწურება, და ჩვენ პრესპექტივაში რესურსების კრიზისი გველოდება. როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას? გაჩნდა ორი ისტორიული სცენარი.

პირველი მოდელი: ორგანიზებული გარღვევა ყოფიერების ახალ სარესურსო პარადიგმებთან, ხოლო პერსპექტივაში კაცობრიობის მიწიერი არსებობის საზღვრებს მიღმა გასვლა. ამგვარი ფუტუროლოგია მოითხოვდა პლანეტის ყველა ადამიანის სრულ ერთობასა და ძალისხმევის კონცენტრაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ეს მიდგომა მკაფიოდ არის ფორმულირებული რუს კოსმისტებთან. ნ. ფ. ფედოროვმა ის საერთო საქმის კონცეფციაში ჩამოაყალიბა: თუ ჩვენ ვწყვეტთ რესურსების უკმარობის პრობლემას, მაშინ კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს ამ მსოფლიოდან გამოსვლის ამოცანით. პოლიტიკურად სწორედ ეს მოდელი ხორციელდებოდა კომუნისზმის იდეოლოგიაში. ამ თვალსაზრისით კომუნიზმი - ერთ-ერთი პასუხი იყო მომავალი რესურსული უკმარობის გამოწვევაზე. კომუნიზმის გენეზისია - ქრისტეს ქადაგება: არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც მდიდარი, არც ღარიბი (ქრისტე გულისხმობდა ღმრთის სასუფეველს, სადაც ეროვნული და სოციალური განსხვავებანი გაუქმებულია, და არა სამოთხის მიწიერ იმიტაციას - რედ.).

მეორე მოდელი გულისხმობს სხვა გზას: რესურსების არათანაბარ გამოყენებას, "მდაბიო" ხარისხის მოსახლეობის რაოდენობის რეგულირების შესაძლო სცენარების შემუშავებას. ყალიბდება შეხედულება მრავალსართულიან კაცობრიობაზე, რომლის საფუძველში დევს ანთროპოლოგიური უთანასწორობის იდეა. უნდა დამტკიცდეს, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, რომ კაცობრიობის ერთობა ზღაპარია. უფლებები თავისთავად არ უქმდება, მაგრამ მას არ გააჩნია საყოველთაო მნიშვნელობა: ამ უფლებებით ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი სარგებლობს.

ამ მოდელის წინააღმდეგობა ტრადიციული მსოფლიო რელიგიების ინერციაში მდგომარეობს, რომლებიც უარყოფენ ადამიანის მოკვლას, რადგან ის სულის მქონე არსებაა. მაგრამ თუკი ერთობა არ არსებობს, თუკი კაცობრიობა არათანასწორია და სხვადასხვა "დონეზე" ნაწილდება, მაშინ ეს პრინციპები უმოქმედოა.

პირველად ამ მოდელმა აპრობაცია ფაშიზმში გაიარა. დღეს ახალი მარკერებით, სიტყვა "ფაშიზმის" ხსენების გარეშე, "ოქროს მილიარდის" კონცეფციაში იგივეს ამტკიცებენ: დაამყარონ კაცობრიობის სართულები. ვიღაც მიიღებს რესურსებს, ვიღაც კი "ბალახის ძოვის" დონით შემოიფარგლება.

"ოქროს მილიარდის" კონცეფცია - ეს უდიდესი საცთურია. ერთის შეხედვით ასეა: შედი ამ "მილიარდში" და ჭირსაც წაუღია დანარჩენი კაცობრიობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რესურსების უკმარობის პრობლემას ეს მოდელი ვერ წყვეტს, ის მხოლოდ გადადებს მის უცილობელ დადგომას. რესურსების ბაზა მაინც შემცირება და თუ დღეს მილიარდი "ოქროსია", ხვალ უკვე ნახევარმილიარდის საკითხი დადგება, ზეგ კიდევ უფრო ნაკლებისა. განა ეს არ ხდება ევროპის პერიფერიებზე?

"ოქროს მილიარდის" მოდელი დროებით აჩერებს კრიზისს, მაგრამ ვერ პასუხობს გამოწვევას, რომელსაც სამყარო აყენებს.


ვ. ნ. ლეკსინი: "ოქროს მილიარდი" - კაცობრიობის ყველაზე აგრესიული ნაწილია.

"ოქროს მილიარდი" - ეს არის სიმბოლური გამოთქმა, რომლითაც იწოდება აბსოლუტურად რეალური მოვლენა. "ტკბილი ორცხობილა ყველას ყოველთვის როდი ჰყოფნის", - მღეროდა საბჭოთა პერიოდში ინტელიგენცია. და, როგორც უკვე ითქვა, კაცობრიობის დაყოფა "ოქროს მილიარდად" და ყველა დანარჩენ ადამიანებად რესურსების უკმარობიდან გამომდინარეობს.

მდიდართა და ღარიბთა უთანასწორობა შეიძლება უზრუნველოფილ იქნას მხოლოდ ძალით, რომელიც განასხვავებს "ოქროს მილიარდს: ეს არის ყველაზე აგრესიული, შეიარაღებული და ძალის ყველაზე ხშირად გამომყენებელი ნაწილი კაცობრიობისა.

ვინ შედის "ოქროს მილიარდში"? ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია, ისრაელი. რამდენად ერთიანი და მთლიანია ეს კავშირი? ის ჰომოგენური საზოგადოება როდია. იმავე აშშ-ში - "ოქროს მილიარდის" ოქროს ნაწილში - 50 მილიონ ადამიანს არ გააჩნია სამედიცინო დაზღვევა. პრაქტიკულად ყველა დასახელებულ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი რამოდენიმე მილიონს აღწევს, თანაც ეს უმუშევრობა საკმაოდ სტაბილურია.

იტალია - "ოქროს მილიარდის" ერთ-ერთი შტოა, მაგრამ რამდენად დიდია სხვაობა ღატაკ სამხრეთსა და შედარებით უზრუნველყოფილ ჩრდილოეთს შორის! ამ მილიარდის შიგნით მიმდინარეობს მზარდი სოციალური დესტრუქციის, კრიმინალიზაციის, სუიციდის პროცესი. "ოქროს მილიარდი" - სულაც არ არის მაღალი სინჯის, არამედ ეს არის მყიფე, შინაგანად ხრწნადი და წინააღმდეგობრივი საზოგადოება.

არსებობს თუ არა გამოსავალი? შეიძლება თუ არა რესურსების უკმარობის პრობლემა გადაწყდეს მოცემული მოდელის ჩარჩოებში? წარმოვიდგინოთ ყველაზე საშინელი, მაგრამ ჰიპოთეტურად შესაძლებელი ვერსია: დედამიწაზე დარჩა მხოლოდ მილიარდი ადამიანი. ამ შემთხვევაში რესურსები ყველასაც რომ ეყოს, მაინც გამოიყოფა მისი "ოქროს" ნაწილი, რომელის არსებობას მოემსახურებიან დანარჩენნი; ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება განშრევება.

ასე, რომ საჭიროა ფიქრი არა მოსახლეობის შემცირებაზე, არამედ რესურსების ყოვლად გაუმართლებელ ფლანგვაზე, რაც მომხმარებლურ საზოგადოებას ახასიათებს. ფაქტობრივად, სწორედ ამას ქადაგებს ჩინეთი - სახელმწიფო, რომელიც ზომიერი კეთილდღეობის პირობებშია. ეს არის რესურსების მოხმარების გათანაბრების უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე "ოქროს მილიარდის" კონცეფცია წარსულს ჩაბარდება, რადგან დღევანდელი ისტორია ეწინააღმდეგება ამ მოვლენას.


ს. ს. სულაკშინი: მსოსფლიო პარაზიტიზმის ახალ სუპერკრიზისამდე მიგვიყვანს.

ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს და ვიტყვი, რომ "ოქროს მილიარდის" გაჩენის უმთავრესი მიზეზი არის არა რესურსების შეზღუდულობა, არამედ სულ სხვა რამ. არსებობს სიკეთეზე უფლების მოპოვების ორი გზა: შრომა ან მიტაცება. ამაშია, ჩემის აზრით, კონფლიქტის არსი.

"ოქროს მილიარდის" საზოგადოება ცდილობს დაამტკიცოს თავისი უფლება პარაზიტიზმზე. რა თქმა უნდა, პარაზიტი არასოდეს აღიარებს რომ პარაზიტია, პირიქით, ის ლიდერობას იჩემებს. ეს "ლიდერები" კლანური გზით ჩამოყალიბებულ ბენეფიციართა კლუბს შეადგენენ, რომელშიც შედის ზესახელმწიფოებრივი უმცირესობა. ბენეფიციართა კლუბი მსოფლიო პარაზიტია... ადრე ეს დაკავშირებული იყო ძალადობასთან, შემდეგ, როგორც კ. მარქსმა განმარტა, მისი განხორციელება დაიწყო მწარმოებელ კაპიტალზე უფლების გაცხადებით. თანამედროვე პერიოდში წართმევის მექანიზმები ჯერად მოდიფიკაციის პროცესშია.

როდესაც ჩვენს ცენტრში ვსწავლობდით თანამედროვე მსოფლიო ფინანსურ კრიზისთა ბუნებას (წიგნი უკვე მზად არის გამოსაცემად), მკაცრი და ლოგიკური მეთოდებით გამოვიანგარიშეთ, რომ ეს უმცირესობა არსებობს, და ის უპირველეს ყოფლისა მოქმედებს აშშ-ს სარეზერვო ფონდის დახმარებით, რომელიც მიმოქცევაში უშვებს მწვანე ფანტიკებს, რომლის თვითღირებულება რამოდენიმე ცენტია, ფანტიკზე კი აწერია: "ასი დოლარი". ეს პარაზიტიზმის ძალზედ დახვეწილი ფორმაა. აშშ-ს ეს ფანტიკები არაფრით უზრუნველყოფენ, რადგან ჯერ კიდევ 1970 წლებში უარი თქვეს დოლარის ოქროთი უზრუნველყოფაზე. ის, ვინც მისი ემიტირება (მიმოქცევაში გაშვება - რედ.) მოახდინა, ის არის კიდევაც ბენეფიციარი. ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული სისტემა, ამერიკელი ხალხი. მაგრამ ეს ასე არ არის. ფედერალური სარეზერვო სისტემა - ეს არის კერძო კანტორა, და ამერიკელი ხალხი მისი მძევალია. ბენეფიციართა კლუბი, როცა მას ეს სურს, ჩართავს ან გამორთავს ფინანსურ კრიზისს. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როცა მათ სჭირდებათ თავიანთი შემოსავლების გაზრდა.

ეს პარაზიტები იცავენ თავიანთ უფლებებს ომზე, სისხლისღვრაზე, ქვეყნებით მანიპულირებაზე, რეჟიმებზე და ლიდერებზე, ასევე საინფორმაციო მანიპულაციებზე. ამგვარ ზემოქმედებას უკვე დაექვემდებარა ერაყი, ახლა კი მისთვის ირანი ემზადება, მომდევნო ეტაპი იქნება - რუსეთი.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მსოფლიო დამაბალანსებელი ინსტიტუტები - გაერო და მსოფლიო სავალუტო ფონდი, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაარეგულირონ საერთაშორისო ურთიერთობები, უჩინარი ძაფებით არიან დაკავშირებულნი ბენეფიციართა ამ კლუბთან. ხდება მისი საქმიანობის სამეცნიერო დაფარვაც: აქ მოქმედებენ ს. გ. ყარა-მურზას მიერ ნახსენები რომის კლუბიც და რესურსული უკმარობის თეორიებიც.

მსოფლიო პარაზიტირებას მომხვეჭელობისა და ფუფუნებისკენ შეუზღუდავი მისწრაფების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა კი გლობალური ფინანსური სისტემის მეშვეობით, მივყავართ ახალ სუპერკრიზისამდე. ისტორიაში ასეთი "განტვირთვები", ანუ მსოფლიო ემიტენტის ფინანსური შემოსავლიანობის შემცირება, ომებსა და გლობალურ რყევებს იწვევდა. პარაზიტული პირამიდის დანგრევა გარდაუვალია.

Комментариев нет:

Отправить комментарий