вторник, 25 февраля 2014 г.

„ყველაფერი, რისთვისაც ვცოცხლობ“ -თამარ ერისთავი

იყო დრო, როცა მთელი საქართველო მღეროდა – „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის“. ეს სიმღერა ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა ქართველ კაცს. ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში სტუდენტმა გოგონამ, თამარ ერისთავმა თარგმნა შოტლანდიური პოეზიიდან. დამწყებ პოეტსა და მთარგმნელს შოტლანდიელი პოეტები ქართველებთან ბედის მსგავსების გამო შეუყვარდა, – ეს ქვეყანაც ისეთივე დაპყრობილი და გაუტეხელი იყო, როგორიც საქართველო. მაშინ, 60-იან წლებში, როცა ნათარგმნი თამარ ერისთავის ლექტორმა, თავად მთარგმნელმა გივი გაჩეჩილაძემ ნახა, გაოგნებულმა და კიდევ უფრო გახარებულმა უთხრა, – მე ვმუშაობდი რობერტ ბერნსის თარგმანზე, მაგრამ ახლა ამ საქმეს თავს ვანებებ და შენ გადმოგცემო…
ლექტორს კარგი ინტუიცია აღმოაჩნდა, – თამარ ერისთავმა შემდგომში ბევრი გაახარა თარგმნებითა და ლექსებით, რომელსაც თავის მყუდრო ბინაში წერს და რომელშიც თავისი ქვეყნის დარდს აქსოვს…
მარადიული ღირებულებების გადაფასების დროში თამარ ერისთავის პოეზია მარადიული ღირებულებების მსახურად დარჩა.

თამარ ერისთავი: – მე ვერ შევეგუები ამ გადაფასებებს. ჩემთვის ეროვნული ღირებულებები ის ყველაფერია, რითაც და რისთვისაც ვცოცხლობ მას შემდეგ, რაც ჩემმა ბებია-ბაბუამ ხელი მომკიდა და ქართულ ანბანთან დამაყენა. ისინი სამშობლოთი და პოეზიით იყვნენ „შეპყრობილები“. დედის მხრიდან ჩემი დიდი ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ, ბაბუა კი კოტე მაყაშვილი. მამის მხრიდან პოეტები არ მყოლია ნათესაობაში, მაგრამ ბაბუაც და ბებიაც ქართული სიტყვის მსახურები იყვნენ. და თუკი მაინც პოეზიის გვერდით უნდა იყო, განა სულერთი არ არის, პოეზია ისე გიყვარს, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ ახერხებ თუ ლექსებს წერ და ასე ცოცხლობ პოეზიით?
როცა წერა-კითხვის სწავლას ვიწყებდით, მე და ჩემი ძმა მამის მშობლებთან – ალექსანდრე ერისთავსა და როსკან ნიჟარაძესთან ვცხოვრობდით.
მამა 1937 წელს დამიხვრიტეს და ისინი გვზრდიდნენ. რას არ აკეთებდნენ, რომ ქართული ანბანი მაშინ შეგვეყვარებინა, როცა წერა-კითხვას ვიწყებდით. ბაბუამ იწვალა და ხისგან ულამაზესი ქართული ასოები გამოჭრა – აბა, როგორია? უნდა გადაგველაგ-გადმოგველაგებინა და ასე შეგვედგინა სიტყვები. ჩვენს დაწერილ ყველა სიტყვაზე ეს ნატანჯი კაცი სიხარულს ვერ ფარავდა. ნელ-ნელა რუსულ ენასაც გვასწავლიდა და თარგმანსაც მაჩვევდა… ბებიამ კი, როსკან ნიჟარაძემ, რომელიც ქართული პოეზიის გარეშე ვერ სუნთქავდა, წერა-კითხვა და ქართული ლექსები ისეთი ხერხით მასწავლა. შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა: თეთრი აბრეშუმის სუფრები ჰქონდა, ბოლოში არშიებიანი, აიღებდა ნემსს და ფერად ძაფს და ამ არშიებზე ქართულ ლექსებს აქარგავდა. მე თან სუფრის გარშემო უნდა მევლო, თან, ეს ლამაზი ნაქარგი მეთვალიერებინა და მეკითხა. დღემდე მახსოვს არშიებში ჩაქარგული „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“ ან „ვფიცავ სამშობლოს, ჩემსა დაცემულს, ბედისგან დასჯილს, განაწამებსა, ჩაბალახახდილს, ჯაჭვებით შეკრულს და წითლად ნაღებს მისსა მიწებსა“…
ასე ვსწავლობდი წერა-კითხვასაც, ლექსებსაც და სამშობლოს სიყვარულსაც, ხოლო იმას, რასაც ბავშვობაში ისწავლი, ვერაფერი ამორეცხავს მეხსიერებიდან. გარშემო ვინც მყავდა, ყველა იმ დარდით იყო მოცული, რაც იმ დროს ჩვენს ქვეყანას სჭირდა… საირმის წყალი ბაბუაჩემის მიგნებულია, მას ეკუთვნოდა ის მამულები. მერე, ბაღდათიდან საირმემდე რომ რკინიგზა გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი გაყიდა, უნდოდა, ამ წყლებით ქვეყანას შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა – მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მერე, მენშევიკები რომ მიდიოდნენ ემიგრაციაში, მაინც გააცილა. თურმე საშინლად ციოდა. ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და კრაველისვე ბობოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოგკლავენ და მაგ ქუდსა და ნაბადს წაგართმევენო. ბაბუას უთქვამს, ტყე და მიწები თქვენ წამართვით და ესეც იმათი ფეშქაში იყოსო. არსად წასულა. სამშობლოში დარჩა. ბებიაჩემს ეუბნებოდა თურმე, სად წავსულიყავი, ეს მიწა როგორ დამეტოვებინაო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ამ მიწას შემოსეულმა ბოლშევიკებმა შეიწირეს, ისე როგორც ჩემი დეიდა, მარო მაყაშვილი…

- 1921 წელს თქვენი ბიძა, შალვა მაყაშვილიც იბრძოდა…

- იბრძოდა და მამამისმა, კოტე მაყაშვილმა, როცა 17 წლის შვილი ომში გაამგზავრა, ეს ლექსი დაუწერა:

შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან… და თან მიხარიან!
მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,
ამგვარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის.

რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი, -
ჯერ ბავშვი ხარ, უსუსური და სულით კი დავაჟკაცდი!
წადი, შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,
თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.

საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.

შალვას დეიდაჩემი, მარო მაყაშვილი მიჰყვა ფრონტზე და შეეწირა კიდეც კოჯორთან. ასე ზრდიდნენ მაშინ მშობლები შვილებს – სამშობლოს სიყვარულით… მარო მხოლოდ 19 წლის იყო, რომ დაიღუპა.

როცა ივანე ჯავახიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მთელი ახალგაზრდობა იმხანად საქართველოზე შემოსეულ ათასი ჯურის მტერს იყო უკვე შეწირული, – გამოვიდა და სტუდენტებს მიმართა, – ახლა სწავლის დრო არ არის, სწავლა მოიცდის, სამშობლოს სჭირდება დაცვაო. დეიდაჩემმა თურმე სხვას დაათმობინა სიაში ადგილი, – შენ მერე ჩაეწერე, გინდა თუ არა, ახლა მე უნდა წავიდეო… ასე იყო აღზრდილი და იმიტომ… 19 წლის გოგონა დღიურში წერდა, ახლა რა დროს პირად გრძნობებზე ლაპარაკია, სამშობლო იღუპებაო. მის დაკრძალვაზე ბიძაჩემი შალვა ფრონტიდან პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა მოიყვანა და გზაში მკაცრად გააფრთხილა, – აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება, კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო. მივიდა, ქაშუეთში დასვენებული და დაიტირა და მერე გორში დაეწია მშიერ, ტიტველ და გაყინულ ქართულ არმიას, რომელიც ბათუმის გასათავისუფლებლად მიდიოდა.

დეიდაჩემის დაკრძალვა ეროვნულ გლოვად იქცა. ქაშუეთის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა პანაშვიდი. მერე იქვე, სამხედრო ტაძრის გალავანთან, იუნკრებთან ერთად დაკრძალეს. დრომ მისი საფლავი იუნკრების საფლავებთან ერთად გააქრო. ხშირად ასეც ხდება. თუმცა ერის ცნობიერება ამგვარ მოვლენებს ინახავს, რომ გაჭირვებისას მტკიცედ დადგეს. დედაჩემის ოჯახისთვის კი ეს სიკვდილი ტრაგედიაც იყო და ამქვეყნად მოვლინების გამართლებაც, – ბებიაჩემი მთელი სიცოცხლე ერიდებოდა თურმე ამ ადგილებთან გავლას… მამიდაჩემი, ნათელა ერისთავიც იყო კოჯრის ფრონტზე მოწყალების დად. როცა წლები გავიდა, მეორე მამიდამ, მზიამ მიამბო, როგორ გააღვიძა ერთ დღეს წყლის ხმამ და ეგონა, წვიმსო… თურმე ნათელა მამიდა ტიროდა კოჯორში დამარცხებას, – ახლა საბოლოოდ დავიღუპეთო…

- ასეთი ხალხი რომ არ ყოფილიყო, არც საქართველო იქნებოდა. ვერც მათი შთამომავალი შეძლებდა ეროვნული ღირებულებების დაცვას…

- ჩემმა წინაპრებმა, მათ, ვინც ცოცხალი დარჩნენ, ეროვნული ღირებულებების დაცვა, ალბათ, იმითაც მოახერხეს, რომ ისეთ სამშობლოში დარჩენა ირჩიეს, სადაც ეროვნულ ღირებულებებს საგანგებოდ სპობდნენ, – ადამიანურსაც… ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო, რაც ყოველმა ქართველმა უნდა გააკეთოს. უნივერსიტეტში ვმუშაობდი, როცა შემომთავაზეს, ინგლისში გაგგზავნით და ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავეთო. მახსოვს, ძალიან გამიხარდა, – საბჭოთა წლებში ეს სასწაულს უდრიდა. გავიხედოთ და ერთხელაც იმავე უნივერსიტეტში უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა, – ამა და ამ დაწესებულებაში მობრძანდითო. რაღა თქმა უნდა, მაშინდელ უშიშროების სამსახურში. როცა მივედი, მითხრეს, – შენ ახლა ინგლისში საბჭოთა ქვეყნის შესახებ დაგელაპარაკებიან და რასაც გეტყვიან, ყველაფერი ჩვენ უნდა გვიამბოო… ერთი სიტყვით, ჯაშუშობას მთავაზობდნენ. არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა, მაგრამ ვუთხარი, – იცით, სულაც არ მინდა ოჯახთან მოშორება, არ შემიძლია. ამიტომაც მირჩევნია, მოსკოვში გამგზავნოთ-მეთქი. რას ამბობ, სად მოსკოვი და სად ინგლისიო?! დავიჟინე, გინდა თუ არა, მოსკოვში მინდა-მეთქი და… გამიშვეს!.. ეს ამბავი მხოლოდ მამიდას ვუთხარი. მერე ჩემი ძმაც გამოიძახეს უცხოეთში გასამგზავრებლად. მამიდამ გამაფრთხილა, არაფერი უთხრა, ყველას თავისი გზა აქვსო… მეც თავი შევიკავე, დაბრუნდა ჩემი ძმა და… კინაღამ მომკლა, რატომ არაფერი მითხარიო! თურმე მისთვისაც იგივე შეუთავაზებიათ და გაგიჟებულა კაცი. რა თქმა უნდა, ისიც არსად წასულა!.. აი, ასე ვიცხოვრეთ და ვიცხოვრეთ იმიტომ, რომ ქვეყანა შეგვენახა. ეს არ არის გადაჭარბებული ფრაზები. ერს რიგითი ადამიანების სამსახური აცოცხლებს.

- თქვენ ხართ პოეტი და მთარგმნელი. თქვენს ნათარგმნ შოტლანდიურ პოეზიას მთელი საქართველო იცნობს, მღეროდნენ კიდეც…

- ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთს ჰგვანან. ეს ხალხი ინგლისელებმა უფრო უარეს დღეში ჩაყარეს, ვიდრე ჩვენ რუსებმა. ინგლისელებმა შოტლანდიური სოფლები ისე გადაწვეს, რომ კვამლით დაბურულ პორტებს გემები ვეღარ აგნებდნენ. შოტლანდიის ეროვნული ღირსება პოეტმა ჰიუ მაკდაიერმიდმა ააღორძინა. ამ პოეტს დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს რობერტ ბერნსიც. მისი პოეზია გაჟღენთილია შოტლანდიური ენისა და ეროვნულობის დაკარგვის ტკივილით…

მე მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი, სადაც უნიჭიერესი მთარგმნელები იყვნენ და ვთარგმნიდი, ვწერდი კიდეც. გიორგი ლეონიძე ხშირად მეუბნებოდა, – თამარ, ლექსები წერე, თორემ მთარგმნელის სახელი რომ მოგეკერება, ვეღარ მოიცილებო… შესაძლოა, მართლაც ასე გამოვიდა, თუმც გულწრფელად ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთეს ლექსებს ვწერ, ვიდრე იმ დროს ვწერდი. სამწუხაროდ, დღეს პოეტობა დაფასებული საქმე აღარ არის. უფრო სწორად, ხალხს პოეზია ისევ უყვარს, ამ სიყვარულს რა გადააჩვევს, მაგრამ სახელმწიფოს აღარ აინტერესებს. გული მტკივა, როცა ტელევიზიებში მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. განა რამდენი წელიწადი შეიძლება იარსებოს ერმა პოლიტიკით?! პოლიტიკა ერის სულიერ ღირებულებებს ვერ ჩამოაყალიბებს, ამის გარეშე კი ქართველები აღარ ვიქნებით. გარდა ამისა, მწერლობისადმი ასეთი დამოკიდებულებით ისედაც დაცემული წიგნიერების ინტერესი კიდევ უფრო ეცემა, თუმცა ამას, მგონი, მიხვდნენ და ჩვენ გარდა, ყველამ ბრძოლა დაუწყო. რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩამივარდა რეი ბრედბერის „ფარენჰაიტი 493“-ის გამოცემა. იგი შესანიშნავი ფანტასტი მწერალი გახლავთ. წიგნში აღწერილია, როგორ იფერფლება წიგნები, რომელთაც ცეცხლში ყრიან; როგორ დევნიან იმ ადამიანებს, რომელთაც წიგნი უყვართ. განა ეს დევნა არ გვაგონებს ჩვენში წიგნიერ ადამიანებთან დამოკიდებულებას? რატომ არის ასე? – იმიტომ, რომ წიგნიერი ადამიანის დამონება ძნელია…

გული მტკივა ჩემი თაობის მწერლების იგნორირების გამო, მტკივა ახალგაზრდა მწერლების გამოც. საქართველო პოეტების ქვეყანაა და ხალხს საშუალება არ აქვს, პოეტებს იცნობდეს, – წიგნი ძვირი ღირს და ყიდვა ჭირს. ტელევიზიებში პოეზიასა და მწერლობაზე თითქმის აღარ ლაპარაკობენ. ეს კი ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს… თუმც, თავს იმით ვინუგეშებ, რომ განგებისგან ნაბოძები ნიჭი არავის მისცემს იმის საშუალებას, ჩვენი ღირებულებები განადგურდეს. მე მყავს მოწაფეები ინგლისურ ენაში, უმეტესობა ვაჟებია და როცა თავიანთ ნაწერებს მაკითხებენ, აღტაცებული ვარ, – იქ სამშობლოს სიყვარული აშკარად იკითხება. ასე რომ, თვითგადარჩენის ინსტინქტი ფხიზლად არის და რისი დაცვაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, მომავალი თაობა დაიცავს.



გაზეთი “ლიტერატურული პალიტრა” # 9 (48)
სექტემბერი 2008

burusi.wordpress.com

Комментариев нет:

Отправить комментарий