вторник, 11 февраля 2014 г.

ქრისტეს მიერ კურთხეული ყრმა

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.


ერთ დღეს მოწაფეებმა ჰკითხეს ქრისტეს, თუ ვინ იქნება ყველაზე დიდი ცათა სასუფეველში. ქრისტემ მზერა მოავლო მის გარშემო მყოფ ხალხს. ბევრი მათგანი შვილებთან ერთად იყო მოსული. უფალმა იხმო ერთი ბიჭუნა და თქვა: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა".



გავიდა წლები, უკვე დაიქუხა მიწაზე ქრისტეს სიტყვამ და გააბრწყინა მთელი ქვეყანა, მოციქულებმაც მსოფლიოს ყოველ კუთხეში იქადაგეს უფლის სიტყვები.



ეგნატე, სწორედ ის ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეს იუდეაში ქრისტემ დალოცა, ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდა. მას კარგად ახსოვდა ის დალოცვილი დღე, როდესაც ქრისტემ მას თავისი ხელი დაადო... ეგნატე გულში იმარხავდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგებებს, რომელიც მისი მოძღვარი იყო. ბევრი ღვთაებრივი რამ უამბო მას რჩეულმა მოწაფემ.



როდესაც იმპერატორმა ტრაიანემ სომხეთისა და პართიის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან გზად ანტიოქიაში გაიარა, ეგნატე გაასამართლა და ქრისტესთვის სიკვდილი მიუსაჯა. ტრაიანემ ბრძანა ბორკილდადებული ეგნატე რომში ჩაეყვანათ და ხალხის თანდასწრებით ველური მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. აღსრულდა ეგნატეს დიდი ხნის ოცნება.



პეტრე და პავლე მოციქულთა მსგავსად მას ქრისტესთვის ბორკილები დაადეს.



ქრისტიანები მას ტირილით აცილებდნენ, თავად ეგნატე კი ზეიმობდა. მას მხოლოდ იმისი ეშინოდა, რომაელ ქრისტიანებს ხელი არ შეეშალათ მისი სიკვდილით დასჯისათვის. თავის შთაგონებულ ეპისტოლეში იგი სიკვდილის სიხარულზე საუბრობს:



"ქრისტესთვის ბორკილდადებული ვიმედოვნებ, მოგეგებოთ თქვენ, თუ უფლის ნებით მივაღწევ დასასრულს. დასაწყისი კარგია, ნეტავ გავხდები თუ არა ღირსი დაუბრკოლებლად მივიღო სანატრელი ხვედრი? თქვენი სიყვარულის მეშინია, რათა მან ხელი არ შემიშალოს. არასოდეს მომეცემა ასეთი ხელსაყრელი საშუალება, ღმერთს შევუერთდე. ნურაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ჩემს აღსასრულს ველური ნადირების მიერ. სამსხვერპლო უკვე მზად არის... ვუგალობ ღმერთს, რომ მან ინება აღმოსავლეთიდან სირიის ეპისკოპოსის დასავლეთში მიყვანა... ვლოცულობ, რომ ჩემთვის გამზადებული ნადირები ხარბად მეცნენ. მე ვაიძულებ მათ, შემჭამონ და არ მოხდეს ისე, რომ ხელი არ მახლონ, როგორც ეს ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მხეცები მსხვერპლს არ ეკარებიან. ცეცხლი და ჯვარი, ველური ნადირების დაღებული ხახა, ჩემი სხეულის მოკვეთილი და დაგლეჯილი ნაწილები – აი რა მწყურია, ოღონდ ქრისტეს შევუერთდე!"



რომში ყველამ გაიგო იმის შესახებ, რომ სირიის ეპისკოპოსი ნადირებისთვის უნდა მიეგდოთ. მთელი ქალაქი ამ სანახაობისთვის ცირკში შეიყარა. არენაზე, სადაც უნდა დასრულებულიყო ეგნატეს სიცოცხლე, მან უსაზღვროდ გახარებულმა იმით, რომ ქრისტესთვის უნდა მომკვდარიყო, შესძახა:



"რომაელებო, განა რაიმე ბოროტმოქმედებისთვის ვიღებ სიკვდილს, განა რაიმე უკანონობა ჩავიდინე და ამისთვის ვისჯები სიკვდილით; არა, მე ვკვდები მხოლოდ ჩემი ღმერთისთვის, მისდამი სიყვარულით ვარ ანთებული. მე მისი ხორბალი ვარ, ნადირთა კბილებში დავიფქვები, რათა მისთვის სუფთა პურად ვიქცე".



მაშინვე ქრისტეს აღმსარებელს ლომები მიუქსიეს, რომლებმაც დაგლიჯეს იგი და მხოლოდ ძვლები დატოვეს.



ასე აღსრულდა ეგნატეს სურვილი, მისთვის კუბოდ ნადირები ქცეულიყვნენ.



როდესაც ეგნატე ნადირების დასაჭმელად მიჰყავდათ, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. წარმართებმა ჰკითხეს, რატომ იმეორებდა იგი ამ სახელს.



– მე გულში მაქვს ეს სახელი, – უპასუხა მან, – და პირით ვაღიარებ იმას, ვისაც გულით ვატარებ.



ნადირებმა ეგნატეს ძვლებთან ერთად ხელუხლებლად დატოვეს მისი გულიც.



წარმართებმა გაიხსენეს ეგნატეს სიტყვები, რომ გულით იესო ქრისტეს სახელს ატარებდა, და გაკვეთეს მისი გული. გადმოცემის თანახმად, ჭრილის ორივე მხარეს ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული "იესო ქრისტე".



იგი ღმერთშემოსილი იყო.



თარგმნა ნინო ახალაძემ


http://martlmadidebloba.ge/tsmindanebi24.html

Комментариев нет:

Отправить комментарий