среда, 19 марта 2014 г.

«პატრიარქმა ივანიშვილზე თქვა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გეტყვით, რადგან ამის უფლება არ მაქვს!»

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.


_ ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქის გაკრიტიკებას როგორ შეაფასებთ?


_ ივანიშვილის სიტყვებს ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. მის ნათქვამში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. რა თქმა უნდა, პატრიარქი უცდომელი არ არის, მაგრამ, როდესაც ეპისტოლეს აკრიტიკებ, ღვთისმეტყველის თვალსაზრისით მაინც უნდა გააკრიტიკო. პატრიარქი კი ვერ იტყვის და არ იტყვის იმას, რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილს პატრიარქი საჯაროდ არ უნდა გაეკრიტიკებინა, რადგან ჩვენი უწმინდესი ერთადერთი ავტორიტეტია, რომელიც ერს ჯერ კიდევ კრავს. რომ არა პატრიარქის ავტორიტეტი, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებდა.


ასე რომ, ივანიშვილმა ამ სიტყვებით ძალიან ცუდი რამ გააკეთა და ამის თქმა არაფრით შეიძლებოდა. არ ვიცი, მისი მოტივაცია რა იყო. მის სიტყვებში რამდენიმე არაჯანსაღი მომენტიც გამოიკვეთა. ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს. ეს ყველაფერი გამოსჭვივის არა ფრაზაში, ეკლესიაში ძალიან ბევრი ცუდი ხდებაო, რაც მართალიცაა და ნამდვილად ასეა, მაგრამ გამაოგნებელია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, _ მე და ჩემი ოჯახი გარკვეულ დონემდე ვიღებთ ეკლესიასო! ამიხსენით, რას ნიშნავს გარკვეულ დონემდე ეკლესიის მიღება? მან ასევე თქვა, ნუ გეშინიათ ეკლესიის გაკრიტიკებისო. ეს სიტყვები მე რომ მითხრა, კიდევ გასაგებია, მაგრამ ვის უთხრა? მათ, ვინც წლების განმავლობაში კბილებს ილესავენ ეკლესიაზე და ელიან მომენტს, რომ როგორმე დაგჯიჯგნონ?!


ამას რატომ ეუბნებით ისეთ ადამიანებს, რომლების ისედაც გვწეწავენ? ივანიშვილის ამ სიტყვებმა საეკლესიო წრეებში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. შეიძლება ადამიანი არ იყოს თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ, როდესაც ვერ აცნობიერებ, ეკლესიას რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს აღმშენებლობაში, უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეკლესია არის ერის დუღაბი და ამ დუღაბის შერყევა დღეს, მითუმეტეს, არ შეიძლება. თუ რამე არაჯანსაღი ხდება ეკლესიაში და ნამდვილად ხდება, კარგად ვიცი. მაგალითად, უღირსი სამღვდელო პირები... ამ ყველაფერს სხვანაირი მხარში დადგომა და მიდგომა სჭირდება და არავითარ შემთხვევაში ეკლესიისა და პატრიარქის აუგად მოხსენიება. ვინც ეკლესიას დაეჯახა, ყველამ რქები დაიმტვრია. ყოფილი პრემიერმინისტრი თუ არაჯანსაღად შეეხო ეკლესიას, მისთვისვე იქნება ცუდი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, როგორც კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ, მაშინვე ეკლესიის დამოძღვრას იწყებენ. როგორც ნოე ჟორდანია იქცეოდა თავის დროზე, ახლაც ისე იქცევიან ესენი. ჯერ ერთი პატრიარქი მოკლა, მეორე კი საპატრიარქოდან გამოაძევა. ჩვენ ქრისტეს წინაშე ყოველთვის ვაშავებთ, ამიტომაც მძიმდება ჩვენი მდგომარეობა.


პატრიარქსა და ეკლესიაზე ასე პირდაპირ სააკაშვილის ხელისუფლებასაც არ მიუტანია იერიში, თუმცა სააკაშვილი და შევარდნაძე შემოვლითი გზებით ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ უშუალოდ პატრიარქის მიმართაც. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ უღირსი სასულიერო პირები, ამაში ლომის წილი მიუძღვით სააკაშვილსა და შევარდნაძეს.


_ მაინც რატომ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს და ეკლესიას?




_ არ ვიცი. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ, როდესაც საპატრიარქოში მივედი, გულისტკივილი იგრძნობოდა. არადა, მსგავს გულისტკივილს არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის გამო არ გამოხატავდნენ. ივანიშვილის შემთხვევაში კი ძალიან შეწუხდნენ, რადგან მისი განცხადება საპატრიარქოშიც მოულოდნელი იყო. კი, ბატონო, მე გამაკრიტიკე, რატომაც არა, მაგრამ პატრიარქი?! გასაგებია, რომ პატრიარქიც ადამიანია და უცოდველი არავინაა, მაგრამ ივანიშვილმა ძალიან ცუდ კონტექსტში გამოთქვა ეს ყველაფერი და თანაც იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩასაფრებულნი არიან საპატრიარქოს წინააღმდეგ.


_ ამ განცხადების შემდეგ თუ მოინახულა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქი?


_ დღემდე არ ყოფილა.


_ პატრიარქმა რა თქვა ამ ყველაფერზე?


_ პატრიარქმა ივანიშვილზე თქვა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გეტყვით, რადგან ამის უფლება არ მაქვს...


_ ამბობთ, საპატრიარქოში აგენტებია შეგზავნილიო...


_ ვის რაში სჭირდება შეგზავნა? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად არ არის ეკლესიისთვის, აკურთხე მღვდლად და შეუშვი ეკლესიაში, ის აუცილებლად გააფუჭებს საქმეს. ელემენტარულია, მიეცი ისეთ ადამიანს ექიმის დიპლომი, რომელსაც არ აქვს მედიცინასთან შეხება და გააკეთებინე ოპერაცია, პაციენტი ხომ შემოაკვდება? ზუსტად ასეთი ვითარებაა ეკლესიაშიც!


ესაუბრა


ნინო მაისურაძე



http://geworld.net/View.php?ArtId=5622&lang=ge&Title=%C2%ABpatriarqma+ivaniSvilze+Tqva+iseTi+raRac%2C+rasac+ver+getyviT%2C+radgan+amis+ufleba+ar+maqvs%21%C2%BB



Комментариев нет:

Отправить комментарий