пятница, 28 марта 2014 г.

ევროპის ისლამიზაცია თუ ისლამის ევროპეიზაცია?

   ვიქტორ ვოლსკი.

ევრაბია.

ევროპის ისლამიზაცია თუ ისლამის ევროპეიზაცია?

რამოდენიმე წლის წინ პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა ახალი სიტყვა - "ევრაბია". ტერმინი ეკუთვნის ისლამის ცნობილ მკვლევარ ქალს ბატ-იეორს, რომელიც ამტკიცებს, რომ მძლავრი მუსლიმური ანკლავები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შემთხვევით კი არ გაჩნდნენ, არამედ ისლამიზაციის გათვლილი სტრატეგიის წყალობითა და დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ ლიდერთა არაშორსმჭვრეტელობის ხელშეწყობით, რომლებსაც საკუთარი ცივილიზაცია დაღუპვამდე მიჰყავთ.

ბატ-იეორის გაფრთხილება იმთავითვე გახლდათ "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". მაგრამ ამ ბოლო დროს გაჩნდა ათეულობით წიგნი და სტატია, რომლებიც ადასტურებს ევროპის ევრაბიად გარდაქცევის საშიშროების რეალობას, სადაც ახალი ბატონები ძალდატანებით დანერგავენ ისლამს, სადაც დაუმორჩილებელი ქრისტეანები და ებრაელები ფიზიკურად განადგურდებიან, ხოლო დამორჩილებულნი - გარდაიქცევიან მონებად, რომელთაც ისლამურ ტერმინოლოგიაში "ზიმმის" უწოდებენ.

ევროპის დაისი პოლიტიკური დისკუსიების მოდური თემა გახდა. სპეციალისტთა უმრავლესობა იმ აზრზეა, რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია: საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს გადაშენების პირას მდგომი ერების ისლამიზაცია, რომლებიც იმდენად დაუძლურდნენ სულიერად, ისეთ აპათიაში გადავარდნენ, რომ ძალა არა აქვთ მცირეოდენ სერიოზული წინააღმდეგობა მაინც გაუწიონ შიდა დაპყრობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთგვარი ბოროტი სიხარულით აღნიშნავს, რომ ევროპა ისლამის მიერ უკვე დაპყრობილია, ოღონდ ეს ჯერაც ვერ შეუგნია.

თუმცა არსებობს საპირისპირო თვალსაზრისიც. მისი მქადაგებლად მოგვევლინა ცნობილი ამერიკელი სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი და მიმომხილველი რალფ პიტერსი, რომელიც მრისხანედ დაესხა თავს იმ "წინასწარმეტყველთ", რომლებიც ევროპის მოახლოებულ კრახზე იუწყებიან. მისი აზრით, ევროპელები მხოლოდ დრომდე ითმენენ მუსლიმებს, აძლევენ მათ შეასრულონ შავი სამუშოა, რომლის კეთებას ძირითადი მოსახლეობა არ კადრულობს. მაგრამ საკმარისია ამ ძირითადმა მოსახლეობამ იგრძნოს რეალური საშიშროება ისლამის დიასპორისგან, ის იმწამსვე გაიხსენებს თავის მძვინვარე წარსულს, და მაშინ მაჰმადიანებს კარგი დღე არ დაადგებათ.

პიტერსს მოჰყავს გენოციდის აქტების ვრცელი სია, რომლითაც სავსეა ევროპის ისტორია, - საყოველთაო ებრაული პოგრომებიდან და ებრაელთა და მავრთა ესპანეთიდან განდევნით დაწყებული, გასულ საუკუნეში ფრანგი ჰუგენოტებისა და სხვა ეთნიკური წმენდებით დამთავრებული. მუსლიმებს არც კი ესიზმრებათ, რა ზღვარს შეიძლება მიაღწიოს ევროპელთა სისასტიკემ, - წერს ამერიკელი ანალიტიკოსი. განა შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, თურქეთში სომხების ტლანქი ჟლეტვა, ინდუსტრიალურად დალაგებულ და დაგეგმილ ჰოლოკოსტთან?

მუსლიმები არა თუ ვერ შესძლებენ ევროპის დაპყრობას დემოგრაფიული იარაღით, არამედ მათი დღეები კონტინენტზე დათვლილია, მიიჩნევს პიტერსი. საზღვაო-საქვეითო ჯარის ამერიკულ კორპუსს თუ მოუწევს ბრესტში, ბარში ან ბერმენჰავენში დესანტის გადასხმა გენოციდისგან მოსახლეობის გადასარჩენად, ფრანგები, იტალიელები ან გერმანელები კი არ იქნებიან გადასარჩენნი, არამედ უბედური არაბები, ქურთები და თურქები, რომლებმაც, ადგილობრივ მოსახლეობაში გააღვიძეს მხეცი და ახლა მასობრივი ამოწყვეტის საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ.

ევროპის დაღუპვისა და ისლამისტური ძალების მიერ მისი დაპყრობის ყველა შავბნელი წინასწარმეტყველება ევროპის ისტორიის არცოდნიდან მომდინარეობს, ეს არის მოუთოკავი სისასტიკის ხარისხის შეუფასებლობა, რომელიც ევროპის დნკ-შია ჩადებული. არ არის საჭირო ევროპელებს ასწავლო სიძულვილი: ამ ნაწილში ისინი ასი ქულით ასწრებენ მუსლიმებს, - ამტკიცებს პიტერსი.

ვერაფერს იტყვი, სრულიად შესაძლოა... ევროპის მოსახლეობა დღესაც შუასაუკუნეების დროინდელი ქცევისა რომ იყოს. მაგრამ დრო იცვლება და მასთან ერთად ზნე-ჩვეულებებიც. და დღეს ძნელია იმისი თქმა, რა აძლევს რალფ პიტერსს საფუძველს სწამდეს, თითქოსდა დღევანდელი ევროპელები მზად არიან ისეთივე სისასტიკითა და მძვინვარებით იბრძოლონ თავიანთი ცივილიზაციისთვის, როგორც იცავდნენ მას მათი წინაპრები. არ უყურებს რა თვალებში სინამდვილეს და არს სურს რა იმის დანახვა, როგორ გარყვნა დასავლეთი ევროპა ბოლო სამოცი წლის ათეიზმმა, სოციალიზმმა და უტოპიურმა პაციფიზმმა, პიტერსი იძულებულია აპელაციისთვის ისტორიას მოუხმოს.

მის მიერ მოტანილი ზოგიერთი მაგალითი უბრალოდ უაზრობაა. როგორ არის შესაძლებელი ევროპის მცირერიცხოვანი ებრაული თემების პერიოდულ ამოწყვეტაში, რომელიც მშვიდობიანი და დაშინებული ადამიანებისგან შედგებოდა, და ამავე დროს კანონის მიხედვით ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, დავინახოთ შუასაუკუნეობრივი ევროპის მოსახლეობის მებრძოლი სული?

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მზადებისას, გერმანელმა რაინდებმა - როგორც ჩანს, რეპეტიციის თვალსაზრისით, - რეინის ქვედა ნაწილში ებრაელთა მასობრივი პოგრომები მოაწყვეს, და ისე გაერთნენ ამით, რომ პირწმინდად დაივიწყეს თავიანთი პირობა გაეთავისუფლებინათ უფლის საფლავი წარმართ სარკინოზთაგან. და ეს უნდა მივიჩნიოთ საომარი მამაცობისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვის ნიშნად?

ჰუგენოტების ამოწყვეტა? მართლაც, საფრანგეთში და, საერთოდ მთელს ევროპაში, თავის დროს ბობოქრობდა რელიგიური ომები. მაგრამ აქ ხაზი უნდა გავუსვათ სიტყვას "რელიგიური". იმ ომებს ასულდგუმლებდა ფანატიკური რწმენა და, ბუნებრივია, მძვინვარე სიძულვილი ერეტიკოსებისა და სხვაგვარად მორწმუნეებისადმი. დღეს ევროპული ქრისტეანობა პრაქტიკულად სულს ღაფავს, ევროპაში ცოცხლობს და ჯანზეა მხოლოდ ისლამი. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სკეპტიკოსი-ათეისტები, რომლებიც ძლივს მიალასლასებენ თავიანთ უსულგულო ცხოვრებას, გაიბრძოლებენ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმებიან ისლამთან თავიანთი კულტურული ღირებულებების დასაცავად. საკუთარი სიცოცხლე კონში რომ ჩადო, რაღაცის უნდა გწამდეს, რწმენა კი ევროპაში დიდი ხანია მოკვდა.

სხვა მაგალითი, რომელიც პოლკონვინკ პიტერსს მოჰყავს არის 1492 წლის მოვლენები, როდესაც ესპანეთმა ძლევამოსილებით დაასრულა ომი მუსლიმ ოკუპანტების წინააღმდეგ და თავისი საზღვრებიდან განდევნა მავრები (მათთნ ერთად კი ებრაელებიც). მაგრამ ეს სხვა დრო იყო. ესპანელები რვაასი წლის განმავლობაში ეწეოდნენ განუწყვეტელ ომებს არაბების წინააღმდეგ, და კატეგორიულად არ ეგუებოდნენ მუსლიმურ ოკუპაციას. დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა ატარებდა რელიგიურ ხასიათს, თანაც ქრისტეანები არა თუ ჩამორჩებოდნენ, არამედ ბევრად აღემატებოდნენ მტერს ფანატიზმში და მზადყოფნით მიდიოდნენ ნებისმიერ მსხვერპლზე საკუთარი რწმენის გამარჯვებისთვის.

განუწვეტელი, თაობებზე ათწლეულობით გადაჭიმულ ომებში იწრთობოდა ადამიანთა განსაკუთრებული მოდგმა. და როდესაც ჯვარმა დასძლია ნახევარმთვარე, ესპანეთის ხელისუფალნი ძალზედ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ: რა ექნათ სისხლმოწყურებული პროფესიონალი მეომრების მოზღვავებული ენერგიისთვის, რომელსაც მხოლოდ მოკვლა შეუძლია და ომის გარდა სხვა არაფრით დასაქმება არ შეუძლია. მთელი ისტორიის განმავლობაში ომების შეწყვეტა ყოველთვის ხასიათდება დამნაშავეობის ზრდითა და ესკალაციით - უსაქმოდ დარჩენილი ჯარისკაცები ალტერნატივის არარსებობის გამო მიმართავდნენ ბანდიტიზმს.

ესპანეთის საბედნიეროდ, პრობლემა თავისთავად გადაწყდა. კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა და მთელი ეს ბობოქარი მეომარი ძალა დიდებისა და სიმდიდრის ძიებაში შორეული ოკეანის ნაპირებს მიაწყდა (თუმცა, ამ ომებსაც მიზნად გააჩნდა წარმართთა "სულების ხსნის" მისია, რომელთაც "ჭეშმარიტი" სარწმუნოებისკენ ძალდატანებით აქცევდნენ). ახალი სამყაროს დაპყრობის ისტორიის კითხვისას გიკვირს კონკვისტადორთა მითიური სიმამაცე და ძალა, მათი არნახული და გასაოცარი ამტანიანობა, მათი მზადყოფნა უდრტვინველად გადაეტანათა ნებისმიერი ურვა და ჭირვება. ესენი ნამდვილად რკინისებური ჯანისა და ხასიათის ადამიანები იყვნენ.

რა შეიძლება ითქვას მათ შთამომავლებზე? ჯერ კიდევ სამოცდაათი წლის წინათ ესპანეთში ბობოქრობდა სამოქალაქო ომი, ესპანელები უხვად ხვრიდნენ საკუთარ და სხვის სისხლს მამულისთვის ბრძოლაში. მაგრამ სოციალიზმისა და პოლიტკორექტულობის რამოდენიმე ათეული წელი ექზისტენციალიზმის სასოწარკვეთასთან და ურწმუნებასთან ერთად საბოლოოდ დაასაჭურისა ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სიამაყისა და სიმამაცის ეტალონად ითვლებოდა. და საკმარისი იყო სამი წლის წინ ტერორისტებს ჩაეტარებინათ კოორდინირებული დივერსიების მთელი სერია მადრიდის ელმავლებზე, ესპანელები კოლექტიურად დაეცნენ მუხლებზე და დიდი ბოდიშები შეუთვალეს "ალ-კაიდას". ეს გასაგებიცაა: რისთვის უნდა იბრძოლო, თუკი, როგორც პოეტი ამბობს, "მომავალი ბნელია და ცარიელი"?

თავის წიგნში "ჯიჰადი ესპანეთში: ელ-ანდალუსის დაპყრობა როგორ ისლამისტების იდეა-ფიქსი", ესპანელი პოლიტიკოსი გუსტავო დე არესტეგი დეტალებში აღწერს მუსლიმთა სტრატეგიას, რომლებიც "რეკონკისტზე" - ანუ ესპანეთის განმეორებით დაპყრობაზე ოცნებობენ. რადიკალური ისლამისტები ქალაქთა რაიონების გეგმაზომიერი და გააზრებული დაპყრობის სტრატეგიის ჩარჩოებში მოქმედებენ, ასე იპყრობენ ისინი შემდეგ მთელს ქალაქებს, შემდეგ პროვინციებს, რეგიონებს და ბოლოს, მთელს ქვეყანას. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება უკვე ეთმობა ადგილებს, რომელიც ისტორიულად მავრიტანული ესპანეთის სიმბოლობს წარმოადგენენ.

ტიპიური მაგალითია - ალბაისინი, გრანადის ისტორიული კვარტალი. მასში მცხოვრები მუსლიმები დარწმუნებულნი არიან, რომ რადგან შეძლეს ალბაისინის დაპყრობა, მალე გრანადასაც და დროთა განმავლობაში მთელს - ელ-ანდალუსს, შუასაუკუნეობრივი ხალიფატის მარგალიტსაც ხელთ ჩაიგდებენ. აი როგორ აღწერს მუსლიმების ტაქტიკას ესპანეთში იტალიელი ჟურნალისტი ქალი ორიანა ფალაჩჩი, რომელიც ყველაზე მგზნებარე "ცრუწინასწარმეტყველთა" რიცხვს განეკუთვნება და რომლებიც ესოდენ აღიზიანებს პოდპოლკოვნიკ პიტერსს:

"მაჰმადიანმა ძმებმა, რომლებიც გრენადაში ჩამოვიდნენ და ალბაისინის ისტორიულ კვარტალში დასახლდნენ, იციან რას აკეთებენ. ისინი მიზანდასახულად მოქმედებენ, რომელიც შემუშავებულია ბეირუთში და დღეს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, შვეციის, დანიისა და სხვა ქვეყნებში ახორციელებენ. ალბაისინი დღეს ყველანაირი გაგებით წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში, ფეოდალური ლენი, უცხოსარწმუნოებრივი თემი, რომელიც საკუთარი კანონებით ცხოვრობს. აქვს საკუთარი საზოგადოებრივი დაწესებულებები, თავისი საკუთარი საავადმყოფო, სასაფლაო, სასაკლაო, საკუთარი გაზეთი La Hora del Islam, საკუთარი გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, სკოლები, სადაც ყურანს იზუთხავენ. და, ცხადია, გააჩნიათ საკუთარი მაღაზიები, ბაზრები, და ბანკებიც კი. უფრო მეტიც, საკუთარი ფული, რადგან ალბაისინში ფართოდ არის გავრცელებული ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომელიც დრაქმის მიხედვით არის ჩამოსხმული და რომელიც ბოადბილის - გრანადის უკანასკნელი მეფის დროს იყო მიმოქცევაში (სხვათა შორის ეს დრაქმები ჩამოსხმულია კალე სან-გრეგორიოში ესპანეთის ფინანსთა მინისტრის დაშვებით, რომელსაც ისე აქვს თავი მოკატუნებული, თითქოსდა არაფერი იცის და თავს "საზოგადოებრივი წესრიგის მხარდაჭერის" ტიპიური მოსაზრებებით იმართლებს).

დასავლეთ ევროპის დღევანდელი რეჟიმები აღმოცენდა ორი მსოფლიო ომის საშინელ სასაკლაოზე. არ არის გასაკვირი, რომ გაუგონარი სისხლისღვრით გათანგული ევროპელები წინ ვერ აღუდგნენ სოციალიზმის ტკბილ დაპირებებს, რომელიც მათ იოლ, უდარდელ ცხოვრებას ჰპირდებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ანუ დაბადებიდან სიკვდილამდე. ასე გაჩნდა "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს" ცნება, სადაც მოქალაქეებს არაფერზე ფიქრი არ სჭირდებათ, რადგან ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო მზრუნველობა ცხოვრების ყველა ასპექტზე - ჯანდაცვიდან და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფიდან მოყოლებული ბავშვების აღზრდითა და ხანდაზმულთა ზრუნვის ჩათვლით.

ევროპელებმა წყნარ გუბეში კმაყოფაზე ყოფნით ლპობა არჩიეს თავისუფლების ბობოქარ ტალღებში გაბედულ ცურვას, მისი პრობლემებითა და ძნელადგადასალახავი გადაწყვეტილებებით, მათ უარი თქვეს რისკზე. სოციალიზმის ნარკოტიკმა თავისი საქმე გააკეთა. ევროპა ლეთარგიულ ძილს მიეცა, მისი კუნთები ატროფირდა, მისი ნება კი ფატალურად დაუძლურდა.

ძველი სამყაროს სულიერ გაღატაკებაში თავისი როლი ამერიკამაც ითამაშა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მან იტვირთა თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბოროტეს მტერს არც კი შეეძლო უკეთესი საშუალება მოეძებნა ევროპელთა სულისკვეთების მოსათოკად. გათავისუფლდა რა თავდაცვაზე ფიქრისგან, ევროპამ მთელი თავისი აზროვნება და რესურსები იოლი ცხოვრების მოწყობისკენ წარმართა.

მაგრამ უცნაურია - სიამტკბილობისა და სიმშვიდისკენ რბოლამ ევროპელებს სანუკვარი ბედნიერება ვერ მოუტანა, ვერც სიმშვიდე, არამედ მხოლოდ ნაყროვანება, იმედგაცრუება, და უკმაყოფილება როგორც ცხოვრებით, ასევე საკუთარი თავითაც. როგორც ჩანს მართალი იყო არისტოტელე, რომელიც ამბობდა, რომ ჭეშმარიტად ღირებული და აზრით აღსავსე ცხოვრება მხოლოდ სამოქალაქო სათნოებებზე აგებული ცხოვრებაა და ეს სათნოებებია - ზომიერება, მამაცობა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება.

დემოგრაფიული კრიზისი, რომელიც თავიდან ვერ აიცილა ვერც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ზუსტად ასახავს ამ სულიერ უძლურებას და მომავლისადმი რწმენის დაკარგვას. რატომ უნდა გვიკვირდეს მუსლიმთა ასეთი თავდაჯერებულობა საკუთარ საბოლოო გამარჯვებაში? მათ კარგად იციან დემოგრაფიული სტატისტიკა, მათ იციან, რომ ევროპის აბორიგენი მოსახლეობა გადაშენების პირასაა, მაშინ როდესაც მუსლიმური დიასპორები სწრაფად იზრდებიან მაღალი შობადობისა და ემიგრანტების განუწყვეტელი ნაკადის მეშვეობით.

მაგრამ საქმე მარტო სტატისტიკაში როდია: არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ რა დგას მის უკან. ცნობილი კანადელი ჟურნალისტი მარკ სტაინი, რომელიც დარწმუნებული იმაში, რომ ევროპა განწირულია, მკითხველს სთავაზობს შეაფასოს კონტრასტი ორ მანდილოსანს შორის - 64 წლის პალესტინელ შაჰიდელ ქალ ფატიმა ან-ნაჯარისა და დაახლოების ამავე ასაკის ამერიკელის, ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურ, კეტრინ ჯეფერტს შორის.

პალესტინელმა თავისი პირმშო მაშინ გააჩინა, როდესაც ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, სულ მას 9 შვილი და 41 შვილიშვილი ჰყავს. თავის მხრივ ეპისკოპოსო კეტრინ ჯეფერტ შორი "ნიუ-იორკ ტაიმსისადმი" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ეკლესიის წევრები მასობრივად "განათლებულები არიან" და ამის შედეგად "შეგნებულად შეზღუდული აქვთ საკუთარი ოჯახის ზომები". მაგრამ, "ღმერთმა ხომ აკურთხა ადამიანი და დალოცა რათა გამრავლებულიყვნენ, - ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა ჟურნალისტმა. - ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეპისკოპალური ეკლესია ბიბლიურ მცნებას ანაქრონიზმად მიიჩნევს და არ არის დაინტერესებული თავისი რიგების შევსებაში შობადობის გაზრდის პროპაგანდირებით?"

"უფრო პირიქით, - სიამაყით აცხადეს ეპისკოპოსი შორი. - ჩვენ ვახალისებთ ჩვენს მრევლს შეიგნონ თავიანთი პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის წინაშე და არ გახარჯონ ბუნებრივი რესურსები იმაზე მეტად, რაც მათთვის აუცილებელია". "რა არის ეს, თუ არა სიკვდილის კულტი? - კითხულობს მარკ სტაინი. და შემდეგ: "მე კითხვა მაქვს პატივცემულ ეპისკოპოსთან: თუ ფატიმა ან-ნაჯარს 41 შვილიშვილი ჰყავს, ხოლო ჩვენი პლანეტის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე მაღალგანათლებულ ეპისკოპოსს - ერთი, დიდი-დიდი თუ ორი, - ვინ უფრო ისარგებლებს ამ რესურსებით, ვისზეც ის ასე ზრუნავს?"

მაგრამ აქ ჯეროვანია ვახსენოთ ისლამიზმისა და დასავლური კულტურის კიდევ ერთ დაპირისპირებაზე. პალესტინელმა ბებიამ თავი გაწირა საკუთარი სარწმუნოებისთვის (ან სიძულვილისთვის - მოცემულ შემთხვევაში ეს არც ისე მნიშვნელოვანია). და რა შეუძლია შეწიროს ამერიკელ ეპისკოპოს-მანდილოსანს? დესერტს ხომ არა ფიგურის შესანარჩუნებლად?! თუ ჯიპს არ იყიდის ჰაერის სისუფთავის დასაცავად? ვინ დაეჭვდება ამ ორი მანდილოსნის პაექრობიდან რომელი გაიმარჯვებს, ის ვისაც ფანატიკური მისწრაფება ამოძრავებს, თუ ის - ვინც მხოლოდ მდარე მიმდევარია მოდური ნიავქარისა?

ფრანგი სტუდენტები მზად იყვნენ ბარიკადებზე გასასვლელად, როდესაც დასაქმების სახელმწიფო გარანტიები უქმდებოდა. მაგრამ როდესაც პარიზის შემოგარენში მუსლიმური ამბოხება ბობოქრობს, ამ "საბრძოლო კოჰორტიდან" არავის მოსდის თავში ოდნავი წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს თავგასულ მაჰმადიანებს. ვინ გაბედავს მუსლიმის დეპორტირებას, თუ საფრანგეთის უმთავრეს ქალაქებში მათი პროპორცია ახალგაზრდობაში უკვე 50%-ს აღწევს?

რისი უნდა შეეშინდეთ ინგლისელ ისლამისტებს (უფრო სწორედ ინგლისში მცხოვრებ ისლამისტებს), თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუსლიმურ ანკლავებს ნებართვას აძლევს იცხოვრონ შარიათის კანონების მიხედვით და ციხეებზე ეროვნული დროშები ვერ აღუმართავთ, რათა წმ. გიორგის ჯვრის სახემ მუსლიმ-პატიმართა რელიგიური გრძნობები არ შეურაცხყოს?

ვისი უნდა ეშინოდეთ ესპანელ მუსლიმებს, თუ სოციალისტურმა მთავრობამ გააუქმა სკოლებში სავალდებულო რელიგიური განათლება, სამაგიეროდ მზადყოფნით აფინანსებს ისლამის სახელმძღვანელოს მუსლიმი ოჯახებიდან გამოსული პირველკლასელებისთვის? თუ მოსწავლე-მუსლიმები უარს ამბობენ დაწერონ ნიშანი "+", რომელიც მათ საძულველ ჯვარს მოაგონებთ, ხოლო მასწავლებლები "გაგებით" ეკიდებიან თავიანთ "მართლმორწმუნე" მოწაფეებს? ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის პრიმასს კარდინალ ანტონიაო მარია როუკოს ყველანაირი საფუძველი აქვს განგაშის გრძნობით უმზიროს მომავალს. "ვიღაცას სურს ჩვენ 711-ე წელში გადაგვაგდოს (მუსლიმების მიერ ესპანეთის დაპყრობის წელი - ავტ.), - სინანულით აცხადებს ის. - როგორც ჩანს, მალე ჩვენ ისტორიიდან ამოგვშლიან".

რა აქვს საერთო დღევანდელ მშვიდ, მტირალა შვედ პაციფისტებს და მათ მეომარ, სისხლმოწყურებულ ვიკინგებს, რომლებიც შიშის ზარს ჰგვრიდნენ შუასაუკუნეების ევროპას? ყველა ეს ხარალდები, ოლავები და რიურიკები ფულს ძარცვით, ცეცხლით და მახვილით აკეთებდნენ და ლუკმაპურსაც ამ საშუალებით მოიპოვებდნენ; იმგვარი იყო მათი სისასტიკე და იმგვარ მხეცობას ჩადიოდნენ, რომ მათზე ხსოვნა დიდი ხნით ჩარჩა ევროპულ მეხსიერებას. ინგლისის ეკლესიებში სკანდინავიელი მხეცებისგან თავდასაცავ სპეციალურ ლოცვებსაც კი კითხულობდნენ.

აი, მათი შთამომავლები კი სულ სხვა ყაიდის ადამიანები არიან. ისინი დამფრთხალი დაფაფხურობენ საკუთარი ქალაქების ქუჩებში და ძრწოლით უყურებენ მუსლიმ გარეწრებს შორტებსა და მოდურ ისლამისტურ ლოზუნგებს, რომლებიც ღაღადებენ "2030 წელს შვედეთი ჩვენი იქნება" (დემოგრაფიული მონაცემებით, მოცემულ წელს მუსლიმები ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა გახდებიან) და მოკრძალებით წერენ პრესაში, რომ ევროპელებმა დააშავეს მესამე სამყაროს წინაშე და უსიტყვოდ უნდა გაასწორონ თავიანთი დანაშაული ამ სამყაროს წარმომადგენელთა წინაშე, ხოლო თუ მუსლიმები შვედ გოგონებს აუპატიურებენ, ალბათ, სწორედ ისინი ახდნენ თავდასხმის პროვოცირებას, როდესაც გამომწვევად იცვამენ და მით უპატივცემობას ავლენენ მუსლიმური ზნეობრიობის ნორმების მიმართ.

თავის წიგნში "მარტოდ დარჩენილი ამერიკა", მარკ სტაინი წინასწარმეტყველბს, რომ მუსლიმური საშიშროების წინაშე ევროპის მოსახლეობა სამ ჯგუფად დაიყოფა. ერთნი ემიგრაციაში წავლენ, როგორც აკეთებს ამას უკვე მრავალი ჰოლანდიელი და ფრანგი; სხვები მხრებს აიჩეჩავენ და შეურიგდებიან კონტინენტის ისლამიზაციას, რის შესახებაც უკვე მოწმობს ისლამისკენ მიქცეულთა რაოდენობა; და მხოლოდ ხანში შესული მცირედი ნაწილი თუ შეეწინააღმდეგება ისლამურ უღელში თავის შეყოფას.

"ბრძოლა გააფთრებული და სასტიკი იქნება, - წერს კანადელი ჟურნალისტი, - მაგრამ მისი საბოლოო ბედი გადაწყვეტილია. ხალხი, რომელიც უარს ამბობს გამრავლებაზე, ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს მომავალზე. მეტიც, როდესაც ერს შთამომავლობის გამრავლების სურვილიც კი არა აქვს საკუთარი მომავლის გულგრილობაზე მეტყველებს... თუ თქვენ დემოგრაფიულად უარს ამბობთ მომავალზე, რა აზრი აქვს ბრძოლას ამ მომავლისთვის?"

ტომ ბეტელი ჟურნალ American Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რწმენის ჩაქრობა აუცილებლად იწვევს ცივილიზაციის დაღუპვას, რადგან ათეისტები, რომლებსაც საიქიო ცხოვრებისა არა სწამთ, განსაკუთრებულად აფასებენ მათთვის გამოყოფილ ერთადერთ სიცოცხლეს, რათა საშიშროებას დაუქვემდებარონიგი რისთვისაც გინდა იყოს. დგანან რა არჩევანის წინაშე: დაემორჩილონ თუ ებრძოლონ ისლამს, ისინი უფრო ისლამის უღელქვეშ ცხოვრებას აირჩევენ ვიდრე ბრძოლას (სხვათა შორის, სიტყვა "ისლამი" მორჩილებას ნიშნავს).

ჰოლანდიელი მწერალი ოსკარ ვან დენ ბოოგაარდი, როდესაც ბრიუსელის გაზეთ De Standaard-ის გვერდებზე გამოდიოდა, იუწყებოდა, რომ ის უდიდესი მწუხარებით ადევნებდა თვალს თავისი საყვარელი ევროპის ისლამიზაციას და "უკვე გლოვობს კიდევაც მის დაღუპვას". მას შეგნებული აქვს, რომ შეუძლებელია რაიმეს გაკეთება: მე მეომარი არ ვარ. მე ვერც ვისწავლე საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მე მხოლოდ მისით ტკბობა მასწავლეს".

ისლამის გამოჩენილ ისტორიკოსს, ბერნარდ ლუისსაც არ ეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში მუსლიმები აუცილებლად დაუქვემდებარებენ თავიანთ კონტროლს მთელს ევროპას: "ევროპელებმა დაჰკარგეს თავიანთი ცივილიზაცია და თავდაჯერებულობა. მათ უკვე აღარ სწამთ საკუთარი კულტურის და თვითდამცირების, პოლიტკორექტულობისა და მულტიკულტურალიზმის სულისკვეთებით "კაპიტულაცია" გამოუცხადეს ისლამს მთელს ფრონტზე. მისი აზრით საკითხი მხოლოდ იმაშია, რა ბედი ეწევა დასავლური ცივილიზაციის აკვანს: "იქნება კი ევროპა ისლამიზირებული თუ ის მაინც მოახერხებს ისლამის ევროპეიზაციას?"

ევროპის მუსლიმური დიასპორის კატეგორიული წინააღმდეგობა ასიმილაციის მიმართ, მისი ახალგაზრდობის განუხრელი რადიკალიზმი და ისლამის სამყაროში ექსტრემისტული და ტერორისტული მოძრაობების მზარდი პოპულარობა უთითებს იმაზე, რომ მოვლენათა განვითარების ოპტიმისტური ვარიანტი გამორიცხულია.

დამღუპველი ტენდენციების უხვი მტკიცებულებების წინაშე, რომლის მიხედვითაც ევროპა უფსკრულისკენ მიექანება, ძნელია გაიგო ევროპის მომავლის ვარდისფერ ტონებში დანახვის ის წყაროები, რომელიც უეცრად დაატყდა რალფ პიტერსს. ძნელია ახსნა ანალიტიკოსის ოპტიმიზმი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მსჯელობის და დასკვნების ულმობელობით, აქ მხოლოდ ერთადერთი ახსნა თუ შეიძლება არსებობდეს: მას იმდენად აძრწუნებს დასავლური ცივილიზაციის დაღუპვის პერსპექტივა, რომ დაითანხმა საკუთარი თავი დაეჯერებინა გადამრჩენელი ილუზიები და სასურველი მიიღო რეალობად.


შეიძლება მრავალი მაგალითის მოტანა იმის საჩვენებლად, როგორ ბადებს შემაძრწუნებელი სინამდვილის შეგნება მსგავს ფსიქოლოგიურ რეაქციას. საკმარისია ვახსენოთ თუნდაც თვითგამანადგურებელი ებრაულ-პალესტინური შეთანხმება, რომელიც ოსლოში დაიდო. ებრაელმა ლიდერებმა და მათი მოქალაქეების უმეტესობამ საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ იასირ არაფატსაც მშვიდობა სურს, თუმცა მის სიტყვებსა და საქმეებში ამგვარი დაჯერების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, ებრაელებს არ სჭირდებოდათ არანაირი არგუმენტი - ისინი შეიპყრო ვნებიანმა, გონიერებას დაუქვემდებარებელმა იმედმა როგორმე შეეწყვიტათ გაუთავებელი ომები, და არავის და არაფერს შეეძლო მათი გადარწმუნება.

რალფ პიტერსი თავის წარმოსახვაში ხედავს, როგორ უშვებენ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ღუზას ბრესტის, ბარისა და ბრემენჰავენის ყურეებში, ხოლო ამერიკის ქვეითი ჯარი გადადის ნაპირზე, რათა გადაარჩინოს ამოწყვეტის საშიშროების ქვეშ მყოფი მუსულმანობა. ვერაფერს იტყვი, ასეთი სცენარიც შესაძლებელია, ოღონდ ერთი ჩასწორებით: გენოციდის საშიშრეობა ჯვაროსანთა შთამომავლებისგან როდი წამოვა. თუ მუსლიმების გადარჩენა იქნება საჭირო, მხოლოდ მათი რადიკალური ერთმორწმუნეების, სარკინოზების შთამომავლებისგან.

წყარო: http://viktorvolsky.wordpress.com


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий