суббота, 29 марта 2014 г.

ვის შეიძლება ეწოდოს მთავარი? - წმ. იოანე ოქროპირი

ნუ ვიფიქრებთ, რომ დიდ ვინმეს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც ხალხს შიშს ჰგვრიან. მშვიდ და კეთილ კაცს არავინ უფრთხის, პირიქით, ნებისმიერი პატივს სცემს მას, უჯერებს და უყვარს. ხოლო ვინც აშინებს ადამიანებს, ვერ ხედავთ, ყველას როგორ სძულს და ეზიზღება იგი? ნუ გავხდებით ქედმაღალნი, თუკი ხალხი ჩვენ გვიფრთხის, რადგან, ჯერ-ერთი, ნამდვილ მამაკაცთაგან ჩვენი არავის შეეშინდება, მეორეც, რა ბედენაა, თუ ვინმეს ჩვენი ეშინია კიდეც. უდიდესი სიკეთეა სათნოება - დააკვირდი მის სიდიადეს: გარემოებებს, რომელთა დროსაც იგი შეიძინება, ჩვენ უბედურებებს ვუწოდებთ, თავად სათნოებას კი აღფრთოვანებულნი ვაქებთ. ვინ არ შეასხამს ხოტბას ბრძენკაცს, თუნდაც სიღატაკესა და უბედურებაში ჩავარდნილს?



ხედავ, რაოდენ დიდია სათნოების უპირატესობა, თუკი იგი ბრწყინავს იქაც, რაც უბედურებად არის შერაცხული. ადამიანო, შენ ძალაუფლებით ქედმაღლობ?!... მითხარი, მაინც ასეთი რა მოგეცა?! ერისგან მიიღე ძალაუფლება - მაშ, შინაგანადაც გაითავისე იგი. მთავარი ის კი არ არის, ვისაც ამ სახელს უწოდებენ - სინამდვილეში უნდა იყო ასეთი. მეფეც კი უძლურია, კაცი მკურნალად ან რიტორად აქციოს, არც მთავრად ვინმეს გახდომა ხელეწიფება, რადგან მთავრობისთვის განათლება და წოდება არ არის საკმარისი.

მაგალითად, ვინმემ ააშენა საავადმყოფო, შეკრიბა მოწაფენი, შეიძინა ხელსაწყოები, წამლები და დაიწყო ავადმყოფთა მოვლა - საკმარისია ეს ექიმობისთვის? არა, საჭიროა ოსტატობა, ურომლისოდაც ეს ყოველივე არათუ სასარგებლო, საზიანოც კი იქნება. ვინც მკურნალი არ არის, უმჯობესია წამალი საერთოდ არ ჰქონდეს - ასე ვეღარ შეძლებს ვერც ვინმეს განკურნებას და ვერც ვნებას. ხოლო ვისაც წამლები აქვს და მათი გამოყენება არ იცის, შეიძლება ვინმე დააზიანოს. მკურნალობა დამოკიდებულია არა ოდენ წამლების თავისებურებებზე, არამედ მათ გამომწერთა ხელოვნებაზეც - უკანასკნელის გარეშე ყველაფერი ფუჭია.


ასეა მთავარიც: ვთქვათ, იარაღად აქვს ხმა და მრისხანება, ჰყავს ჯალათები, შეუძლია ხალხის გადასახლება, დაჯილდოება, დასაჩუქრება, შექება; მისი წამალია - კანონები, სნეულნი - ქვეშევრდომნი, საავადმყოფო - სამსჯავრო, შეგირდები - მხედრობა; მაგრამ თუ მან არ იცის კურნების ხელოვნება, ეს ყოველივე საერთოდ არ მოიტანს სარგებელს... თუ სხეულის მორჩენა მოითხოვს ასეთ ზრუნვას, იგი მით უმეტეს სჭირდება სულიერ მკურნალობას, რადგან სული ხორცზე მნიშვნელოვანია. ამრიგად, მთავრის სახელის ტარება კიდევ არ ნიშნავს მთავრად ყოფნას. ზოგს ჰქვია საუკეთესო სახელი - პავლე, პეტრე, იაკობი, მაგრამ ამით ეს პიროვნებანი არ ხდებიან ისინი, ვის სახლსაც ატარებენ. მაგალითად, მე ვარ ნეტარი მოციქულის თანამოსახელე, მაგრამ მას არ ვგავარ; მე იოანეს მეძახიან, მაგრამ იოანე მოციქული არ ვარ. ისინიც არ არიან მთავარნი - მხოლოდ ჰქვიათ ასე. არსებობენ მთავრები ამ წოდების გარეშეც. ექიმებმაც შეიძლება საქმით არ გამოავლინონ თავიანთი ოსტატობა, მაგრამ სულით იყვნენ მკურნალნი. მთავარნი არიან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს მართავენ. სულზე გავლენას ახდენს სამი რამ: სახლი, ქალაქი და სახელმწიფო; ყველაფერი თანდათანობითია: ვისაც სახლის მთავრობა და მისი კარგად მართვა სურს, მან უპირველესად საკუთარი სული უნდა მოიწესრიგოს, რადგან ის არის მისი უახლოესი საცხოვრისი. თუ მას არ ძალუძს მართოს საკუთარი თავი, მართოს თავისი სული, რომლის ბატონიც თვითონ არის და რაც მარად მისია, მაშინ როგორ გაუძღვება სხვებს?!



ვინც შეძლო საკუთარი სულის მოწესრიგება, მასზე გონების გაბატონება და ვნებათა დაქვემდებარება, მას შეეძლება სახლის მართვაც, ვინც სახლს გაუძღვება - მას ქალაქისა და სახელმწიფოს მართვაც არ გაუჭირდება. თუ კაცი საკუთარ სულს ვერ იმორჩილებს, ის როგორ მოახერხებს სახელმწიფოს გაძღოლას?



ეს ყოველივე გითხარით იმიტომ, რომ ძალაუფლებით არ ვიამაყოთ, ვიცოდეთ, რა არის იგი. სხვაგვარად ეს იქნება არა ძალაუფლება, არამედ სასაცილო რამ - შეიძლება მისთვის გვეწოდებინა მონობაც და ათასობით მსგავსი სახელიც. მითხარ, რა უნდა ახასიათებდეს მთავარს, თუ არა ქვეშევრდომთათვის სარგებლისა და კეთილდღეობის მოტანა? რა იქნება ამის გარეშე? მათ როგორ მოუტანს სარგებელს ის, ვისაც საკუთარი თავისთვის არ უქმნია სიკეთე? ის, ვის სულშიც ბატონობს უთვალავი ვნება, როგორ მოთოკავს მათ სხვათა სულებში? ნუ მეტყვი, რომ ესა და ეს მთავარი ზვიადად გამომზირალი ზის ეტლში და უამრავი მცველით არის გარშემორტყმული; ნუ მიხსენებ ნურც მის სარტყელს და ნურც მის მაცნეთა შეძახილებს. მიმითითე, რა არის მთავრის განსაკუთრებულობა - ზემოხსენებული მდგომარეობა, თუ სულიერი ღირსებები; მთავარი, რომელიც განაგებს თავის ვნებებს, იმარჯვებს საკუთარ მანკიერ მისწრაფებებსა და სურვილებზე: მაგალითად, იმორჩილებს ფულისადმი ლტოლვას, იცხრობს გულისწყრომას ან მანკიერ გულსთქმას; არ ღრღნის შური, არ აფორიაქებს პატივმოყვარება; არ აფრთხობს და აძრწუნებს სიღარიბე ან არასახარბიელო ცვლილება; არ უსკდება შიშისგან გული... მაჩვენე ასეთი მთავარი - აი, ვის ეკუთვნის ძალაუფლება! მაგრამ თუ იგი მართავს ხალხს, მაგრამ თავად ემონება ვნებებს, ასეთს ყველაზე დიდ მონას ვუწოდებ. თუ კაცში შინაგანად არსებობს ანთების კერა, თუნდაც გარეგნულად საერთოდ არ ეტყობოდეს ეს სნეულება და უბრალო ხალხი მას ვერ ამჩნევდეს, ექიმები მაინც დარწმუნებით ამბობენ, რომ იგი ძლიერი ცხელებით არის შეპყრობილი. ამასვე ვიტყვი კაცზე, ვისი სულიც ვნებათა ტყვეობასა და მონობაშია - მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი ეტყობა. ის მაინც ყველაზე დიდი მონაა, რადგან მასში ღრმად ჩაბუდებულა ცოდვითი ცხელება და სულის სიღრმეში დამკვიდრებულა ვნებების მიერ თავსმოხვეული ბატონობა. ხოლო ვინც მოიშორა ეს ძალაუფლება, არ იტაცებს ბოროტი სურვილები და არ ეშინია, უგუნურებით არ ძრწის სიღატაკის, ჩრდილში ყოფნისა და ამ წუთისოფლის სხვა უსიამოვნებათა წინაშე, მას, თუნდაც დაძონძილს, დილეგში ჩაგდებულსა და ბორკილდადებულს, ვუწოდებ მთავარს, თავისუფალსა და მეფეთა ზედა აღმატებულ მეფეს.


52-ე საუბარი წიგნზე - საქმე წმიდათა მოციქულთაჲ.

თარგმნა ნინო ბელთაძემ წიგნიდან:

Св. Иоанн Златоуст, Собрание поучений, издание Свято-Троицкой Сергиевой Лавры, 1993.



http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=365:2012-07-05-10-13-04&catid=904:2011-11-10-07-18-07&Itemid=36


Комментариев нет:

Отправить комментарий