суббота, 22 марта 2014 г.

როგორ აღვზარდოთ შვილები?

შვილის არასწორი ცხოვრების გზაზე დადგომა ყველაზე მტკივნეული მშობლისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წვალობენ, იხარჯებიან, ცდილობენ, შვილებს კარგი მომავალი შეუქმნან, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ შვილი ურყევი რწმენით ეკლესიის ცოცხალ შვილად უნდა აღზარდონ, რათა მათ სულებში ქრისტე,,გამოიხატოს’’ (გალ.4-19) და ცხოვრების მიზნად ,,სულიწმიდის შეძინება’’ დაისახონ (სერაფიმე საროველის სიტყვებიდან).

ბერი პაისი შვილების აღზრდის შესახებ ამბობდა: ,,პირველად სულიერად ბავშვები ცივდებიან მაშინ, თუ მშობლებს ღია რჩებათ გრძნობათა კარები. ყველაზე მეტად მათ აციებთ დედა, თუ იგი თავმდაბლობის სამოსით არ არის შემოსილი; იგი თავისი საქციელით აცარიელებს ბავშვებს.’’ ,,მშობლების წმიდა ცხოვრება ერთგვარი შეტყობინებაა ბავშვის სულისათვის და ისინი, ბუნებრივია, დაუზიანებელი სულით დამჯერები და მოკრძალებულები იზრდებიან. ამ დროს შვილებიც ახარებენ მშობლებს და მშობლებიც – შვილებს როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მარადიულობაში, სადაც ისინი კუალად ერთად გაიხარებენ.’’


წმ. დიონისე ტაცისის თქმით, ,,ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენს შვილებს განსაზღვრულ მომენტამდე. შემდეგ კი ისინი უფალს უნდა ჩავაბაროთ. მფარველი ანგელოზი გვერდით არის. სანამ თქვენი შვილები პატარები არინ, მაშინ უნდა დაეხმაროთ, გაიგონ, რა არის სიკეთე. ეს კი ცხოვრების ღრმა აზრია.’’

ბერი თეოფილოსი გვასწავლის: ,,მშობლებმა შვილები აკვნიდან უნდა აღზარდონ. მათ უნდა ასწავლონ ბავშვებს ღვთის შიში, გზა უნდა გადაუღობონ მათ ცუდ მისწრაფებებს, არ უნდა შეუსრულონ ახირებული, უარყოფითი სურვილები. როგორც რბილი ცვილი, რომელსაც როგორსაც გინდა, ისეთს გამოძერწავ, ასევე პატარა ბავშვებისგან შეგიძლია გამოიყვანო ის, რაც გსურს. სუფთა ფურცელზე დაწერილი ასოები წარუშლელია. რასაც გაიგებს პატარა ბავშვი, სიბერემდე სამუდამოდ მასთან დარჩება.’’

მნიშვნელოვანია იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან:,,შვილები მშობლებს უკვე აკვანშივე ჰბაძავენ. ისინი ხედავენ, რას აკეთებენ უფროსები და იმეორებენ. ამიტომაც მშობლები უნდა ეცადონ, აღკვეთონ თავიანთი ვნებები. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ზოგიერთი ვნებათაგანი მათ თავის დროზე თავისი მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიიღეს. უფლის წინაშე მათ მოუწევთ პასუხისგება არა მარტო იმისთვის, რომ არ მოიკვეთეს ის ვნებები, არამედ იმისთვისაც, რომ თავიანთ შვილებს გადასცეს ისინი.

ხშირად ბავშვი გარემოს ზემოქმედებას განიცდის. მაგრამ თუ მას კეთილი ზრახვები აქვს, როდესაც გაიზრდება, უფალი მას გონებას გაუნათებს, რათა იგი მიხვდეს იმ მავნე ზემოქმედებას, რომელსაც განიცდიდა, იღვაწოს და მისგან გათავისუფლდეს…

მშობლები შვილებს სულიერად უნდა დაეხმარონ, სანამ ისინი პატარები არიან, რადგან მაშინ მათი ნაკლიც პატარაა და ადვილი აღსაკვეთი. პატარა ბავშვი ახალ კარტოფილს გვაგონებს, რომლის კანი ადვილი მოსაშორებელია. საკმარისია, კარტოფილი დაიდოს, რომ მერე კანი დანის გარეშე აღარ მოშორდეს და, გარდა ამისა, თუ გაფუჭებულიც არის, მაშინ ამავე დანით უფრო ღრმად უნდა ამოიჭრას. თუ ბავშვი ადრეული ასაკიდან მიიღებს დახმარებას და ქრისტეთი აივსება, ის ყოველთვის მასთან დარჩება. შეიძლება სიჭაბუკეში ცოტა აცდეს გზას ასაკის, ან ცუდი წრის გამო, მაგრამ მერე კვლავ დაუბრუნდება სწორ გზას, რადგან ბავშვობიდან შეთვისებული ღვთის შიში არ იკარგება.

ყველაზე რთულ, გარდამავალ ასაკში იზრდება მშობელთა ღელვა შვილთათვის და გრძელდება იქამდე, სანამ განათლებას არ მისცემენ მათ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე არ გაიყვანენ. მშობლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ შვილების დასახმარებლად ამ ასაკში. ხოლო ის, რაც მათ ძალებს აღემატება, ყოვლისშემძლე უფალს უნდა მიანდონ. თუ მშობელი თავის შვილს ღმერთს მიანდობს, იგი დაეხმარება მას იმაში, რისი გაკეთებაც თავად არ ძალუძს. თუ ბავშვები მშობლებს არ უჯერებენ, სხვადასხვა მეთოდების ძებნას სჯობს, ღმერთს მიანდონ თავიანთი შვილები. ასეთ შემთხვევაში დედამ უფალს ასე უნდა მიმართოს: ,,ღმერთო ჩემო, შვილები არ მიჯერებენ, მე მათთან ვერაფერი გავაწყვე, შენ იზრუნე მათზე.’’

ამასთან, გასათვალისწინებელია მიტროპოლიტ იოსების მოწოდება მშობლების მიმართ: ,,ნუ მიაჩვევთ ბავშვებს ცოცხალი არსების – ტარაკნის, ჩიტისა თუ ძაღლის მოკვლას. დიდობაში ისინი ადამიანებზეც აიღებენ ხელს და მშობლებსაც სასტიკად მოექცევიან… მიაჩვიეთ ბავშვები, უყვარდეთ და ეცოდებოდეთ ღვთის ყოველი ქმნილება, მათ შორის – მცენარეები.’’ ზოგიერთი დედა დასცინოდა კიდეც მეუფე იოსების ქადაგებას. წლების მერე რამდენი მათგანი იგრძნობდა აღზრდაში დაშვებული შეცდომების სიმწარეს, როდესაც საკუთარი შვილი უმოწყალოდ მოექცეოდა მას.

ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი მორწმუნე არაა, შვილი კი იძულებულია მას დაემორჩილოს. მათ შესახებ ბერი ევსევი ამბობდა: ,,როდესაც მშობლები არარელიგიურები არიან, შვილები არ უნდა ასრულებდნენ მათ ავ სურვილებს; ისინი უნდა იცავდნენ მცნებებს და ემორჩილებოდნენ ღვთის განგებულებას, რადგან პირველი დიდი მცნება ღვთის სიყვარული და მისი მცნებების დაცვაა, რაც უფრო მეტია, ვიდრე მშობლების, ნათესავების, მეგობრებისა და ნებისმიერი ახლობელი ადამიანის სიყვარული და მორჩილება, თუ მიწიერი ინტერესი.’’

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ,,ვინც უგულისყუროა შვილების მიმართ, სხვა საქმეში მოწესრიგებულიც რომ იყოს, მკაცრად დაისჯება ამ ცოდვის გამო. შვილებზე ზრუნვისა და მათი ,,უფლის სწავლითა და მოძღვრებით’’ (თესალ.6-4) აღზრდასთან შედარებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს.’’

დღევანდელ სინამდვილეში ვხვდებით შემთხვევებს, როცა მიუხედავად მშობლების მიერ სარწმუნოებრივად აღზრდისა, შვილები სიამოვნების მიღების მიზნით მრავალ უკეთურებას მიმართავენ. მშობლები კი გამუდმებით საკუთარ თავს იდანაშაულებენ, რომ აღზრდის პროცესში მათ მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვეს. ამბროსი ოპტინელი წერს: ,,აღიარებთ, რომ ბევრ რამეში თავად ხართ დამნაშავე, რომ ვერ გაზარდეთ შვილი, როგორც საჭიროა, თვითგანკიცხვა სასარგებლოა. მაგრამ დანაშაულის შეგრძნებისას ძრწოლისა და უიმედობის ნაცვლად უნდა დამდაბლდეთ და მოინანიოთ. ასე ნუ გაწუხებთ აზრი, რომ შვილის ახლანდელ მდგომარეობაში მარტო თქვენ ხართ დამნაშავე. ეს სიმართლე არ არის. ყოველ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული და თვითონ უნდა აგოს პასუხი ღვთის წინაშე.’’


მოამზადა თეონა ნოზაძემ


http://www.ambioni.ge/rogor-arvzardot-svilebi




Комментариев нет:

Отправить комментарий