воскресенье, 2 марта 2014 г.

ანგელოზები, სიყვარულისა და მშვიდობის მსახურები, ხარობენ

ჩვენი სინანულისა და სათნოებაში წარმატების გამო, ამიტომ ცდილობენ აღგვავსონ სულიერი ჭვრეტით და ყოველგვარ სიკეთეში შეგვეწევიან. პირიქით, მრისხანებისა და ბოროტების მსახური ეშმაკები ხარობენ, როცა სათნოება მცირდება, და მთელ თავის შრომას იქით მიმართავენ, რომ ჩვენი სულები ბილწი ოცნებებისკენ წარიტაცონ.



დაე სრულიად განეშოროს შენს სულს გულღვარძლიანობის ვნება; და სრულიადაც არ დაუთმო შენში ადგილი მტრობას. რამეთუ გულში ჩაბუდებული გულღვარძლიანობა თივაში დაფარული ცეცხლივითაა. უფრო მეტად ილოცე მხურვალედ შენი შეურაცხმყოფელისთვის და სიკეთე გაუკეთე, რამდენიც ძალგიძს და რითიც შეგიძლია, რომ იხსნა შენი სული სიკვდილისაგან და ლოცვის დროს კადნიერება არ დაკარგო.



მდაბალთა სულებში უფალი განისვენებს, ხოლო ამპარტავანთა გულებში – სასირცხვილო ვნებები. რამეთუ ისე არაფერი აძლიერებს მათ ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მზვაობარი აზრები; და, პირიქით, ისე არაფერი აღმოფხვრის ძირფესვიანად სულიდან ამ ბოროტ სარეველას, როგორც ნეტარი სიმდაბლე, რომელსაც ამიტომაც სამართლიანად ეწოდება ვნებათა მკვლელი.



ყოველ განსაცდელში და ყველა ბრძოლაში ლოცვა იქონიე უძლეველ საჭურველად, – და გაიმარჯვებ ქრისტეს მადლით. მაგრამ დაე ეს ლოცვა იყოს წმინდა, როგორც გვამცნო ჩვენმა ბრძენმა მოძღვარმა: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (1 ტიმ. 2,8). – ვინც არ ზრუნავს ამგვარი ლოცვისთვის, ის განსაცდელებსა და ვნებებს მიეცემა.





წმ. თეოდორე ედესელი


Комментариев нет:

Отправить комментарий