пятница, 28 марта 2014 г.

მებრძოლი სეკულარიზმის პირისპირ.

მებრძოლი სეკულარიზმი რელიგიის წინააღმდეგ ჭიდილში შთაგონებულია, უპირველეს ყოვლისა, ანტიკათოლიკური პათოსით. თავის მხრივ, სწორედ კათოლიკური ეკლესია აღმოჩნდა დღეს ევროპული სეკულარიზმისა და ლიბერალიზმის მთავარი ოპონენტი. მაგრამ ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს პროტესტანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ( ევროპის მოსახლეობაა ) და ასევე სულ ცოტა 200 მილიონი მართლმადიდებელი. ევროპელ პროტესტანტებს სეკულარიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ, სამწუხაროდ, უწევს თანდათან დაშორება ქრისტიანობის ფუძემდებლურ საღვთისმეტყველო და ზნეობრივი ნორმებისგან, სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და მორალურ პრინციპთა წაშლა, მათი მისადაგება სეკულარ მსოფლმხედველობასთან. როგორი იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ამ გამოწვევაზე? და ვინ არიან ჩვენი მთავარი მოკავშირეები ბრძოლაში ,,ზოგადსაკაცობრიოსთან “ მიმართებით ტრადიციულ ღირებულებათა უპირატესობაზე?

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში ჩვენი მთავარი მოკავშირე კათოლიკური ეკლესიაა. ის პრობლემები, რაც დღეისათვის არსებობს კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის უკრაინასა და რუსეთში, რასაკვირველია, უნდა გადაწყდეს, მაგრამ საჭიროა ამ პრობლემათა ლოკალიზება და მისი გადაცემა ორმხრივი კომისიის გამგებლობისთვის. რაც შეეხება ევროპულ საზოგადოებრივ სივრცეს, აქ მართლმადიდებლებსა და კათოლოკეებს შორის უნდა გამოინახოს თანამშრომრომლობის გზები განეკლესიურებული მსოფლიოს წინააღმდეგ. ახლანდელ კონფლიქტს მართლმადიდებელურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის შეიძლება არადროული ვუწოდოთ ( თუმცა ისიც საკითხავია, არსებობს დროული კონფლიქტები? ), რამეთუ ის სწორედ იმ მომენტში გამწვავდა, როცა ორი ტრადიციული, საერთო რწმენით და საერთო წუხილით გამსჭვალული ეკლესიის თანამშრომლობა მებრძოლი სეკულარიზმის შემოტევის საპასუხოდ სწორედ მისწრება იქნებოდა.

სხვადასხვა მიმართულებით ტრადიციულ ღირებულებათა დაცვაში ჩვენ მოკავშირედ გვევლინებიან ხოლმე სხვა ტრადიციულ რელიგიათა, კერძოდ, ისლამისა და იუდაიზმის წარმომადგენლები. როცა საფრანგეთმა აკრძალა რელიგიურ სიმბოლოთა ტარება, ამ აკრძალვაში მოხვდა ,,დიდი და თვალშისაცემი რელიგიური ატრიბუტები’’ როგორებიცაა მუსულმანური ხიჯაბი, კიპა და დიდი ზომის ქრისტიანული ჯვარი. დარტყმა, რომლის სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა იყვნენ მუსულმანები, მიიღეს სამივე მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენლებმა. და სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ საფრანგეთის ქრისტიანთა ლიდერებმა, მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ფრონტით გაილაშქრეს იუდაიზმისა და ისლამის წარმომადგენლებთან ერთად. ყოველოვე მომხდარის კონტექსტიდან გამომდინარე , რელიგიათაშორისი დიალოგის გაფართოება განსაკუთრებით აქტუალობას იძენს. უდაოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს ამ დიალოგის განვითარება რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მთელ სივრცეში - ისეთი დიალოგის, რომელსაც შედეგად მოჰყვა სნგ-ს ქვეყნების რელიგიათა საბჭოს შექმნა. მაგრამ სასურველია, რომ მსგავსი საბჭო შეიქმნას ასევე ევროპული კავშირის ფარგლებში და რომ მასში, კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან, იუდაველებთან და მუსულმანებთან ერთად მართლმადიდებლებიც შევიდნენ.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლობას საკმაოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა ევროპულ პროცესებზე. ქვეყნებში, სადაც კათოლიკე ან პროტესტანტი მოსახლეობა სჭარბობდა, მართლმადიდებლობა ნაკლებად ცნობილი იყო ფართო მასებისათვის. საზოგადოებრივ სფეროში კი - როგორც ნაციონალურ ისე ევროპულ დონეზე - მას არანაირი შესამჩნევი როლი არ ენიჭებოდა. ეს სიტუაცია, ალბათ, შეიცვლებოდა ევროკავშირში ისეთი მართლმადიდებლური ტრადიციების სახელმწიფოთა შესვლის შემდეგ, როგრებიც ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსია. საბერძნეთთან ერთად, რომელიც 1974 წლიდან ევროკავშირის წევრია, ბალტიისპირეთთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ქრისტიანული უმცირესობა ცხოვრობს, ეს სახელმწიფოები შეადგენენ იმ ,, მართლმადიდებლურ ლობს ’’, რომელიც საკმარისი გავლენით აღიჭურვება ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურებთან სრულმასშტაბიანი დიალოგიის საწარმოებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში, პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიათა წარმომადგენლებმაც.

ასეთი დიალგი ახალა უკიდურესად საჭიროა, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანობა, კათოლიკობასთან ერთად, ხშირად ხვდება დარტყმის ქვეშ, როცა მის მიმართ სეკულარული ზომების გაატრებას ცდილობენ. 2003 წლის დასაწყისში ევროპის პარლამენტმა ხმა მისცა ქალთა მიერ ათონის წმინდა მთის მონახულების უფლებას იმის საფუძველზე, რომ ეს აკრძალვა არღვევს ,, სქესთა შორის თანასწორუფლებიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს ’’ , ასევე კანონს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე თავისივე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამ რეზოლუციამ გამოაშკარავა ევროპელ პოლიტიკოსთან სრული გულგრილობა ათონის განსაკუთრებული სტატუსის მიმართ, რომელიც არის მართლმადიდებლური ბენმონაზვნური რესპუბლიკა, სადაც ხსენებული აკრძალვა უკვე მრავალი საუკუნეა მოქმედებს. ევროდეპუტატებს სულაც არ აწუხებთ , რომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაუქმება აუცილებლად მიგვიყვანს ბერმონაზვნური ათასწლიანი წყობის ნგრევასთან: მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მათ მიერვე დადგენილ ნორმებთან ამა თუ იმ რელიგიური ერთობის საშაბამისობა - შეუსაბამობაა.

მართლმადიდებლური ეკლესია დაბეჯითებით მოითხოვს საერთო ხელისუფლების რელიგიურ - მსოფლმხედველობრივ ნეიტრალიტეტს, სახელმწიფოს ჩარევის დაუშვებლობას ეკელესიის საშინაო ცხოვრებაში. ეკლესია პატივს სცემს სახელმწიფოს საეროობის პრინციპს, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნია ამ პრინციპის გაგება როგორც ,, რადიკალური გამოდევნა ეკლესიისა ხალხის ცხოვრების ყველა სფეროდან, რელიგიურ ერთობათა ჩამოშორება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ამოცანათა გადაწყვეტაში მონაწილეობისგან ’’.

სამწუხაროდ სწორედ ასე ესმით სახელმწიფოს საეროობის პრინციპი იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული საეკლესიო წყობილება, საზოგადოებრივი არენიდან მისი გამოდევნის ფონზე. და სწორედ ამ შეხედულების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ მართლმადიდებლურმა აკლესიებმა თავიანთი ძალისხმევის გაერთიანებით ყველასთან , ვინც მზადაა დღეს დაიცვას ტრადიცული ღირებულებები იმ ლიბერალურის საპირწონედ, რელიგიური - ,,ზოგადსაკაცობრიოს’’ საპირწონედ, ვინც მზადაა დაიცვას რელიგიის უფლება საზოგადოებრივ თვითგამოხატვაში. მხოლოდ ერთიანი ფრონტით ქმედების შედეგად შეძლებენ ტრადიციული რელიგიური კონფესიები მებრძოლი სეკულარიზმის მოგერიებას.



მებრძოლი სეკულარიზმი და ქრისტიანობა.


რა არის იმ აგრესიულობის მიზეზი, რომელსაც თანამედროვე დასავლელი ლიბერალ—სეკულარისტები ამჟღავნებენ ქრისტიანობის მიმართ?
რატომ არის, რომ მათ მიერ შექმნილი პოლიტკორექტულობის წესები, რომლებიც კარგა ხანია თავისებურ “ახალი ევროპის მაშენებლის მორალურ კოდექსად ქცეულა”, თავის თავში მოიაზრებს ისლამის კრიტიკის აკრძალვას, მაგრამ ყველანაირად ხელს უწყობს ქრისტიანობის კრიტიკას? რატომ იძლევა ეს წესები შუასაუკუნეების ესპანეთში ინკვიზიციის მხეცობებზე საუბრის უფლებას, ..ხოლოკოსტის .. პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ კრძალავენ თურქეთში სომეხთა და სხვა ქრისტიანი ხალხების გენოციდის ხსენებას? რას მივაწეროთ ისტორიის გაშუქების ამგვარი მიკერძოებულობა და ცალმხრივობა? რატომ ხდება ქრისტიანობა ყოველთვის განტევების ვაცი, როცა რელიგიას აკრიტიკებენ? რატომ ვერ მოიძებნა ადგილი ქრისტიანობისთვის ევროპის კონსტიტუციაში მაშინ, როცა “ბერძნულ-რომაული” და განმანათლებლობის ეპოქის მემკვიდრეობა იქნა აღიარებული ევროპული ცივილიზაციის საფუძვლად?

ამ კითხვებზე პასუხი, მე მგონი, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში დასავლეთ ევროპის ისტორიული განვითარების თავისებურებაში იმალება . დასავლეთ ევროპელთა უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკური რწმენის მიმდევარია, ქრისტიანობის სინონიმად პირველ რიგში კათოლიკური ეკლესია მოიაზრება, რომლის ისტორიაშიც არცთუ მცირე ოდენობის ბნელი ფურცელია. კათოლიციზმი შუა საუკუნეებში თითქმის ტოტალური ხასიათის იყო, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა არამარტო სარწმუნოებრივი მოძღვრების, არამედ საზოგადოებრივი ყოფიერების სხვა სფეროებშიც. დასავლური ეკლესია აკონტროლებდა მეცნიერებასა და ხელოვნებას, ერეოდა სახელმწიფო საქმეებში, ატარებდა საომარ კამპანიებს, აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკაში. ყველაფერი ეს მიმდინარეობდა განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნისა და რელიგიურ უმცირესობათა ჩაგვრის ფონზე.

კათოლიციზმის ტოტალურ დიქტატზე პასუხად იქცა დასავლურ ქრისტიანობის ფარგლებში ფართო ანტიკათოლიკური რეაქციის ჩასახვა, რომელმაც მიგვიყვანა პროტესტანტიზმის წარმოშობამდე: დღემდე პროტესტანტული ღვთისმეტყველების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს კათოლიციზმთან პოლემიკა, სწრაფვა მისი ზეგავლენის გადალახვისკენ. კიდევ ერთ პასუხად იქცა მიზანმიმართული დექრისტიანიზაცია (უფრო ზუსტად, “დეკათოლიზაცია”) ევროპული ელიტური კულტურისა. ევროპის ფილოსოფიური აზროვნება ასევე თანდათან შორდებოდა კათოლიკობას და განმანათლებლობის ეპოქაში მასთან სრული გათანაბრებით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე “პოსტ—ქრისტიანულ”(უფრო სწორად, “პოსტკათოლიკურ”) ჰუმანიზმს. ამის პარალელურად ხდებოდა კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკური ძლევამოსილების შესუსტება. გადამწყვეტი დარტყმა კათოლიციზმის პოლიტიკურ ამბიციებს მიაყენა ფრანგულმა რევოლუციამ და ნაპოლეონის ომებმა. ვატიკანის ჯუჯა--სახელმწიფო ---- სულ ეს არის, რაც დარჩა ოდესღაც ძლევამოსილი პაპის იმპერიიდან, რომელიც მოიცავდა დასავლეთ ევროპის ძირითად ტერიტორიას.

თანამედროვე ევროპული ანტიქრისტიანობა თავისი ფესვებით, უპირველეს ყოვლისა, ანტიკათოლიციზმს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ის ყველა კონფესიას ებრძვის, არსობრივად ქრისტიანობასაც. აპროტესტებს არა თვით ფაქტს ქრისტიანული ეკლესიის არსებობისა, არამედ წინააღმდეგია ეკლესიამ ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ პროცესებზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებასა თუ კულტურაზე. მებრძოლი სეკულარიზმისთვის დასაშვებია ცალკეული ინდივიდუმის უფლებას ერთიანი ევროპის ფარგლებში იქადაგოს ნებისმიერი რელიგია ან არანაირი რელიგია არ იქადაგოს, მაგრამ ის არ ცნობს “ლეგიტიმურობას რელიგიური მსოფლმხედველობისა, როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ქმედებათა საფუძველს” . სწორედ ეს არის ხრწნადი კონფლიქტის მიზეზი სეკულარულ საზოგადოებასა და იმ ქრისტიანულ ერთობებს შორის, რომლებიც მიისწრაფიან “ქრისტიანულ ღირებულებათა განმტკიცებისაკენ უმნიშვმელოვანეს საზოგადოებრივ გადაწყვეტილებათა პროცესებში როგორც ნაციონალურ,ასევე საერთაშორისო დონეზე.”


მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.

faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий