понедельник, 17 марта 2014 г.

რატომ ეკუთვნის ვლადიმირ პუტინს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?

5.მარტი.2014

  იმის მიუხედავად, რომ ნობელის პრემიაზე ნომინირებული ადამიანების ვინაობა, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია, საინფორმაციო სააგენტო Reuters დაჟინებით ამტკიცებს, რომ მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ფიგურირებს.


ხუთშაბათს, ნობელის კომიტეტის წარმომადგენლები სხდომას გამართავენ, საიმისოდ, რათა კანდიდატურები, მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ჭრილში განიხილონ.

„ნაწილობრივ ჩვენი პირველი შეხვედრის მიზანია, მსოფლიოში შექმნილი ვითარების განხილვა. კომიტეტის წევრები ეცდებიან გააკეთონ პროგნოზები მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნობელის ინსტიტუტის დირექტორმა გეირ ლუნდესტადმა.

Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინის ამბებმა მართალია, შესაძლოა რაღაც კორექტივები შეიტანოს ნომინანტების სიაში, თუმცა დღესდღეისობით პუტინი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.


საქმე იმაშია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ჯილდოზე 2013 წელსაც იყო წარდგენილი. მისი კანდიდატურა „მსოფლიო ხალხების სულიერი ერთიანობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ“ წამოაყენა.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი ტრაპეზნიკოვმა ეს არჩევანი შემდეგნაირად ახსნა: „კარგად ვიცით თუ რა მშვიდობისმყოფელური როლი შეასრულა ჩვენმა პრეზიდენტმა მძიმე რაიონებში, განსაკუთრებით ბესლანსა და სამხრეთ ოსეთში“.


სანამ ამა ქვეყნის ძლიერთა სიბრმავესა და უგუნურობაზე დაიწყებთ მოთქმას, შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დაგრში ისეთი „მშვიდობისმყოფელი“ ფიგურები იყვნენ წარდგენილნი, როგორც ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, ფიდელ კასტრო და უგო ჩავესია.

ადამიანმა, რომელსაც დღეს ბევრი პუტინის პოლიტიკურ წინაპრად მოიხსენიებს, ეს პატივი, 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის გახლეჩის გამო დაიმსახურა. რომ არა 1939 წელს დაწყებული ომი, ვინ იცის რა მოხდებოდა...


საბჭოელ ბელადს, რუსი კოლეგის მსგავსად, ეს პატივი ორჯერ ერგო. ორივეჯერ „მეორე მსოფლიო ომის დასასრულებლად გაწეული ძალისხმევის გამო“. თუმცა, როგორც ჩანს, მილიონობით დატერორებულმა და მოკლულმა ადამიანმა მაინც თავისი ქნა...


დიქტატორი ფიდელ კასტროს კანდიდატურა 2001 წელს, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისთვის წამოაყენეს.

უგო ჩავესმა კი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სასტიკად უსწორდებოდა, კომიტეტის მოწონება „ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილის გამო“ მოიპოვა. ისევდაისევ უშედეგოდ.

ახლა ნობელის კომიტეტი, უკვე მერამდენედ ცდილობს, გახდეს კაცობრიობის ისტორიაში ლამის ყველაზე დიდი აბსურდის (ცენზურა მაინც თავისას შვება) შემოქმედი და ვინ იცის, იქნებ ამჯერად ეს გამოუვიდეს კიდეც...


  ალექსანდრე გვინდაძე



Комментариев нет:

Отправить комментарий