вторник, 25 марта 2014 г.

"ვინც სიცრუეს ცილისწამებასაც დაურთავს, მისგან ღმერთი აღარც ლოცვას შეისმენს და მისი სანთელიც ჩაქრება"

უფალმა სატანაზე თქვა: "ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია". ბოროტი ძალა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ამბობს ტყუილს და იქვე თავს იმშვიდებს, რომ იმ მომენტში ეს აუცილებელი იყო, რომ სხვა გზა არ ჰქონდა ან სულაც ეს სიკეთისთვის გააკეთა. სინამდვილეში კი ყოველგვარი თავისმართლება ფუჭია, რადგან ღვთისა და კაცის წინაშე სიცრუით უდიდეს ცოდვას ჩავდივართ, რომელიც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, ხშირი აღსარებით, ზიარებით და სიკეთის კეთებით გამოისყიდება. ამ თემაზე გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).

– მამაო, რა შობს სიცრუეს და რა კატეგორიის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი ეს ცოდვა?

– სიცრუის სათავე ბოროტისეულია, ეშმაკია, რაც მისი სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს. ბერძნულად "დიაბულოს" ეწოდება და ცილისმწამებელს ნიშნავს. სიცრუეს წინ ღვთის დავიწყება უძღვის. დავიწყება იმისა, ვისაც მალაქია წინასწარმეტყველი "სიმართლის მზეს" უწოდებს. სიცრუის გამომწვევი მიზეზი, გარკვეულწილად, ამპარტავნებაა. მატყუარა ადამიანს მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ამის გამო მასში ისადგურებს შიში და საზოგადოებაში თავი ძლიერად რომ წარმოაჩინოს, ცრუობს, საკუთარ თავზე გმირობისა და გამორჩეულობის ამსახველ ტყუილ ისტორიებს თხზავს.

კაცობრიობის მტერმა ადამიანის ცოდვით დაცემისათვის თავდაპირველად ტყუილი გამოიყენა, მოატყუა ღვთის უცოდველი ქმნილებანი – პირველი ადამიანები, როდესაც უთხრა, რომ თუ სამოთხის აკრძალულ ნაყოფს შეჭამდნენ, კი არ მოკვდებოდნენ, ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი იქნებოდნენ. მას შემდეგ ყველანი ვტყუვდებით და ხიბლში ვართ. ხიბლი – ეს არის არასწორი, მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი გამორჩეულობისა და სხვებისგან აღმატებულობის შეგრძნება. ეშმაკის ყველაზე მძლავრი იარაღი კაცობრიობაში ხიბლის მიმოთესვაა.
წმინდა ალექსი ბერი წერს: "ვეცადოთ, ძმანო, რაცა ვართ, ისე გამოვჩნდეთ, ნუ ვიცვლებით ფერუმარილითა, სწორედ ესრეთ არს ყოველი მაჩვენებლობა". ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ეხმიანება იოანე ღვთისმეტყველის ნათქვამი: "ზეციურ იერუსალიმში არა შევიდეს ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაი და ტყუილისაი" (გამოცხ. 21.27). ხოლო დავით მეფსალმუნე წერს: "წარწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა". ასევე: "რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თუალთა ჩემთა" (ფს.5.7).

ტყუილი დამახასიათებელია განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანისთვის. როგორც წმინდა მამები ამბობენ, კაცობრივი დიდების სიყვარული შობს სიცრუეს. მეტწილად ხიბლისადმი მიდრეკილები ცრუობენ, ასევე არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილნი და ისინი, ამპარტავნების გამო ღმერთი რომ დავიწყებიათ და შიშსა და ძრწოლას მოუცავთ. ქრისტიანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჭეშმარიტების მსახურია, ამიტომ, ვისთვისაც უცხო არ არის შეფარული, დახვეწილი ტყუილი, არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტიანად.

სამწუხაროდ, დღეს მართლაც საკმაოდ გავრცელებულია ეს ცოდვა. სოციოლოგიური გამოკითხვებითა და ფსიქოლოგიური ტესტირებებით დადგენილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთ ტყუილს მაინც ამბობს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩვენ, ერმა თუ ბერმა, დროზე უნდა შემოვკრათ ზარებს, რათა სიცრუის ცოდვა ჩვევად არ გვექცეს. როგორც წმინდა მამები ამბობენ, თვალთმაქცობა სიცრუის დედაა. იგი გულწრფელობის საპირისპირო ფენომენია.

წმინდა ილია მართალი თავის უკვდავ პოემაში "განდეგილი" თვალთმაქცობის შესახებ წერს. იგი ასე ახასიათებს ამ სოფელს: "სად თვით სიტურფე და სათნოება ეშმაკის მახე და ცდუნებაა". სწორედ თვალთმაქცებს მიმართავს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: "სანთელი გუამისაი არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე?" (მათე, 6.22.23).
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელნი) ამ სასიკვდილო ცოდვის შესახებ წერს: "სიცრუე სიყვარულის დაკარგვაა. ვინც წრფელად უყვართ, იმას არ ატყუებენ: არ შეიძლება ორი გული სიცრუით იყოს შეერთებული. სიცრუე ფიქრობს, რომ მეორე მხარე რაღაც უცხო მტრული ბანაკია. ის, ვინც ცრუობს, თავის გულში ადამიანისადმი სიყვარულს ანადგურებს. ყოველგვარ ტყუილში ძალადობაა, ცრუს თავისი გეგმის განხორციელება და ამით სხვაზე მბრძანებლობა სურს".

ქრისტიანი მორწმუნე ისაა, ვინც სიცრუეს ჭეშმარიტება არჩია, ვინც იმიტომ მოკვდა, რომ არ ინდომა სიცოცხლე, რომელსაც თვალთმაქცობისა და მცირეოდენი გარეგნული სიცრუის ფასად სთავაზობდნენ, მაგალითად, გაჩუმებას იმ დროს, როცა სხვები მათი სახელით წარმართულ რიტუალებში მიიღებდნენ მონაწილეობას. უფლის ღალატი მათ მდუმარებითაც არ ისურვეს. სიცრუე ჭაობია, რომელიც კაცს თანდათანობით ითრევს. ის მცირედიდან იწყება. "სულ ცოტათი წავიეშმაკებ და კეთილ მიზანს მივაღწევ", – ეუბნება საკუთარ თავს ადამიანი, შემდეგ კი უფრო და უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ სულიერმა მოძღვრებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ცოდვით დამძიმებულებს არა – ნუგეში, არამედ სიმართლე მოეთხოვებათ. ჭეშმარიტება უკეთ ანუგეშებს ადამიანს, ვიდრე ალერსიანი სიტყვები, რასაც იმედგაცრუება მოსდევს.

სიმართლისმთქმელი კაცი დევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწამეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიადი აღთქმა დაგვიდო – სიმართლეს მოწყურებულნი გაძღებიან რითი? ღვთიური მადლით. "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ", – ამბობს უფალი. ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე სატანის სამეფოს განვრცობაა როგორც დედამიწაზე, ასევე კაცის გულში.

სიცრუის მიზეზი მრავლადაა: სიმხდალე, გამორჩენა, გულის არტკენის სურვილი და ა.შ. მაგრამ როგორი მიზეზიც უნდა იყოს, ამ დროს ღმერთს ივიწყებენ. უფალმა სატანაზე თქვა: "ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია". სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. იმას, ვისაც სიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაე, ახსოვდეს, რომ მეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს – სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.

– როგორ შევეწინააღმდეგოთ სიცრუეს?

– ისევე, როგორც ნებისმიერ ცოდვას, სიცრუესაც გულწრფელი სინანულითა და აღსარებით უნდა დავაღწიოთ თავი – ხშირი ზიარებით, გააზრებული ლოცვით (როცა გულითა და გონებით ვუსმენთ ჩვენ მიერ აღვლენილ ლოცვებს), საკუთარი თავის იძულებით, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლოთ ამ და სხვა ცოდვას. გარდა ამისა, აუცილებელია წმინდა წერილისა და სხვა საეკლესიო ლიტერატურის კითხვა.
წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ყველამ უწყით, რომ სიცრუე და ცილისწამება დიდი ბოროტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტამ თუ ვიცით: ამ ბოროტებაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ სიცრუესა და ცილისწამებას მცირედ ან საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. "მერედა რაო, რომ ვიცრუე? – ვამბობთ ჩვენ, – ახლა თითქმის ყველა ცრუობს, რა არის ამაში განსაკუთრებული?". ასე ვამბობთ, რაც არ არის სწორი, რადგანაც ცრუობა და ცილისწამება მართლაც უბედურებაა, თანაც დიდი უბედურება".

ქვეყნიერების მოძღვარი გვეუბნება: "გევედრებით, ძმანო, თავი ანებეთ ტყუილსა და ცილისწამებას. სიცრუე პირველი ცოდვა და ეშმაკის ხელობაა, რამეთუ იგი პირველი ეცრუა ადამს და მთელი ადამის მოდგმა დაღუპა. დაე, სხვები ნურად ჩააგდებენ სიცრუეს, ნუ მოინანიებენ და ნუ დაეხსნებიან მას. მათ სასჯელი არ ასცდებათ, ხოლო უარესი დაემართება მათ, ვინც სიცრუეს ცილისწამებასაც მიურთავს. მათგან ღმერთი აღარც ლოცვას შეისმენს, მათი სანთელიც ქრება, აღარც მათი მსხვერპლი შეიწირება და ღვთის რისხვაა მათზე მოწეული".

უფალი თავისი უსაზღვრო მოწყალების გამო უშურველად გვაძლევს სულიერ და ხორციელ სიკეთეებს, ამიტომ არ გვმართებს ამაო ზრუნვა და დრტვინვა მათი მოპოვებისათვის, რადგან ღმერთმა თავად უწყის, "რაი გვიხმს ჩვენ". ამიტომ მადლობით უნდა ვიღებდეთ იმ ყოველივეს, რასაც კაცთმოყვარე უფალი ჩვენთვის გამოიმეტებს. უნდა ვმადლობდეთ ღმერთს უმცირესი წყალობისთვისაც კი, რადგან ჩვენ, გარდა ცოდვებისა, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე

sana.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий