понедельник, 17 марта 2014 г.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის ცნობით, პერსონალური სანქციები რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქეს დაუწესდა, რომლებიც პასუხს აგებენ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაზე. მათ ევროპაში შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ. უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, ყირიმის ანექსიაზე უარი თქვას და უკან დაიხიოს.

მინისტერიალის დაწყებამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებით რუსეთმა საერთაშორისო ნორმები დაარღვია და ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის თქმით, "არ შეიძლება, უბრალოდ, გულხელდაკრეფილი ჯდომა და იმაზე საუბარი, რომ ეს სიტუაცია დაუშვებელია. ახლა პირველ როგში უნდა ვიფიქროთ პასუხზე და იმაზე, თუ რა პასუხი იქნება ეს".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი კი ამბობდა - "ჩვენი დღევანდელი წინადადებაა, გადავიდეთ სანქციების შემდგომ ეტაპზე, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეული პირებისთვის ვიზების აკრძალვისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ. ამავე დროს, რუსეთისთვის ყველა დიპლომატიური არხი ღია რჩება".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ეუთო-ს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნონ უკრაინაში.

"ჩვენ ეუთო-ს დამკვირვებლები უნდა გავგზავნოთ დაუყოვნებლივ უკრაინაში, მათ ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უნდა იმუშაონ და დააკვირდნენ, რას მოიმოქმედებს რუსეთი ყირიმში ან უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით", - თქვა შტაინმაიერმა.


tabula.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий