воскресенье, 30 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი - წმიდა იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)

ღვთის მტრებად და გაუცხოებულებად იმათ მივიჩნევთ, რომლებიც ან მოუნათლავები, ან ურწმუნოები, ან ბოროტადმორწმუნეები (ერეტიკოსები - რედ.) არიან; ხოლო მისი მოწინააღმდეგენი და მებრძოლნი ისინი არიან, რომლებმაც არათუ თავად უარყვეს ღვთის შიში, არამედ სასტიკად ებრძვიან და წინ აღუდგებიან ყველას, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს.



 ვისაც ღმერთის ძიება სურს, ყველა პოულობს მას, რადგან იგი არის ღმერთი და ცხოვრება ყოველთა: მორწმუნეთა და ურწმუნოთა, მართალთა და ცოდვილთა, უვნებობასა და ვნებაში მყოფთა, ღვთისმსახურთა და ურჯულოთა, ერისკაცთა და მონაზონთა, ბრძენთა და უსწავლელთა, ჯანმრთელთა და სნეულთა, ჭაბუკთა და მოხუცებულთა. როგორც ყველას ეფინება სინათლე, მზე და ჰაერი, ამგვარადვე, იგია ყველას სიცოცხლე და ყოველივე აღნიშნულის მომცემელი; და ვინც ეძებს, პოულობს მას, „რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა“ (რომ. 2. 11).



ვისაც ეგვიპტიდან გამოსვლა და ფარაონის საშინელი მონობიდან გაქცევა გვსურს, ღვთის წინაშე შუამდგომლად აუცილებლად დაგვჭირდება მოსე, რათა ჩვენთვის საქმესა და ხედვას შორის დადგეს და ღვთის წინაშე განაპყროს ხელი; რათა, ვინც მას მივყვებით, ცოდვათა ზღვა გადავლახოთ და ვნებათა ამალეკი ვძლიოთ. სცდებიან ისინი, რომლებიც ამგვარ ბრძოლას ეწევიან და ჰგონიათ, რომ წინამძღვარი არ სჭირდებათ.



ეგვიპტიდან გამოსულების წინამძღვარი მოსე იყო, ხოლო სოდომიდან გამოსულებისა - ანგელოზი. ამგვარადვე, რომლებსაც სულიერი ვნებებისგან განკურნება სწადიათ, ეგვიპტიდან გამოსულებს ჰგვანან და მოსეს მსგავსი მკურნალი ესაჭიროებათ; ხოლო რომლებსაც უბადრუკი ხორცის არაწმიდებისგან გაშიშვლება სწადიათ, ანგელოზი, ანუ ანგელოზის მსგავსი შემწე სჭირდებათ, რადგან რამდენადაც დიდია და მყრალი იარა, იმდენად დახელოვნებული მკურნალია საჭირო.



დიდებისმოყვარეობის ეშმაკები ძილში წინასწარმეტყველებენ. ისინი მომავალს გვაუწყებენ, მაგრამ მომავალი მართლა კი არ იციან, არამედ იტყუებიან: ან რაიმე სხვა საშუალებით იგებენ, რაც მოხდება; ან სადმე, სხვა ადგილას გაიგონებენ მის შესახებ, ან ნახავენ და რამდენადაც ხრიკები სჩვევიათ, მაშინვე მოდიან და გვიამბობენ. თუ მათი სიტყვისამებრ მოხდება - გაიხარებენ, და თუ არ მოხდება - არას ინაღვლებენ.



როცა დავაპირებთ, მდაბალი ზრახვებითა და საღმრთო ცხოვრებით ქედი მოვუდრიკოთ უფალს, თუ გონიერება და სიბრძნე გვაქვს, თავდაპირველად ესეც გამოვიძიოთ, გამოვიკვლიოთ და ვთქვათ: გამოვცადოთ წინამძღვარი, ვისაც უნდა გავყვეთ, რათა მესაჭის ნაცვლად მენავესთან არ მივიდეთ, მკურნალის ნაცვლად - სნეულთან, უვნებლის (აქ და ყველგან, უვნებელი - ვნებებისგან თავისუფალი - რედ.) ნაცვლად - ვნებულთან და შუაგულ ზღვაში ისე არ შევიდეთ, როგორც ნავსაყუდელში, და არ დავიხრჩოთ.



ვისაც სურს, ყოველთვის გულწრფელად სჯეროდეს წინამძღვრის, დაე, მუდამ ახსოვდეს და წარუშლელად გულით ატაროს მისი სათნოებები. და როცა ეშმაკები უნდობლობას მოუვლენენ, გაიხსენოს მისი კეთილი საქმეები და უკუაგდოს ეს უკანასკნელნი; რადგან, რამდენადაც გულში სარწმუნოება მრავლდება, იმდენად სხეულიც მხნე და გულმოდგინე მსახურებაშია; ხოლო როცა ურწმუნოებით ბრკოლდებიან, ეცემიან. როგორც მოციქული ამბობს: “ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომ. 14. 23).



როცა მოძღვრის განკითხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს: “ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი”.



ვინც უფლის მიერ მიამიტურ მორჩილებას იჩენს, კეთილი გზით მიდის, რადგან წვრილმანების ძიების შედეგად ეშმაკის მზაკვრობაში არ გაეხვევა.


ანგელოზები არ ეცემიან, ხოლო ადამიანები რამდენჯერაც ეცემიან, მაშინვე დგებიან. ეშმაკები კი დაცემის შემდეგ არასდროს დგებიან.”



ვისაც წმიდანთა ღვაწლი უკვირს, კარგად იქცევა; ვინც მათ საქმეებს დაეშურება, თავს იცხონებს; ხოლო ვისაც მთელი მათი ღვაწლის ერთბაშად აღსრულება სწადია, ცდება, რადგან ვერ შეძლებს.



ვისაც სურს, გაიგოს, აქვს თუ არა მოყვასის სიყვარული, მაშინ მიხვდება, როცა ძმის შეცდომებზე გულით იტირებს, მისი წარმატება და სიკეთე კი გაუხარდება.



ეშმაკი ძლიერ ებრძვის მორჩილებს: ზოგჯერ ოცნებით შებილწავს და გულს გაუქვავებს, უჩვეულოდ აღაშფოთებს, ცრემლს დაუშრეტს, უნაყოფოდ აქცევს, გახდის ნაყროვანს, ლოცვაში ზარმაცს, მძინარას, გონებას დაუბნელებს, რათა ათქმევინოს: “მორჩილებას არანაირი სარგებლობა მოაქვს, პირიქით, უფრო უკანაც მივდივართ”. ეშმაკი ასე ჩამოაშორებს მათ მოღვაწეობის სარბიელიდან და არ დაუშვებს, იფიქრონ, რომ თავმდაბლობის მოსაპოვებლად ხშირად სწორედ ღვთის განგებით გვერთმევა ის სულიერი საქმეები, რომლებიც ჩვენ კარგი გვგონია.



ზოგიერთს ბევრჯერ განუდევნია ეს ეშმაკი მოთმინებით, მაგრამ სანამ ამას იტყოდა, უკეთურების სხვა მრჩეველი მოსულა და სხვა სახით უცდია მისი ცდუნება.



ძალიან წყნარი ზღვის შემდეგ დიდი ღელვა და შფოთვა უნდა განვიცადოთ და ვიხილოთ.


უჩვენე მკურნალს შენი წყლულები, ნუ შეგრცხვება და დაუფარავად უთხარი: ”მამაო, ეს სენი ჩემით შემეყარა, ჩემი სიზარმაცის, და არა სხვების გამო მაქვს წყლული. არავინაა ამ ბოროტების მიზეზი, არც კაცი, არც ხორცი, არც სხვა რამ, გარდა ჩემი სიზარმაცისა და მცონარებისა”. დაე, აღსარების დროს გქონდეს დამნაშავის სახე, ბაგეები და გონება. თავდადრეკილი დადექი მსაჯულის წინ და მიწას უყურე. თუ შესაძლებელია, ცრემლებით დაალტე მსაჯულისა და მკურნალის ფეხები, როგორც ქრისტესი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვაგონონ, ან საერთოდ არ ვთქვათ აღსარება, ან სხვებს დავაბრალოთ ჩვენი ცოდვები, ან ჩვენს შეცოდებებში სხვები დავადანაშაულოთ, თითქოს მათი მიზეზით ჩაგვედინოს ყოველივე.


გამოუცდელი სხვებს არ უნდა ჩამოშორდეს და მტერს მარტო არ უნდა შეებრძოლოს. ასევე, არ უნდა დაეყუდოს ის, ვინც ჯერ კიდევ გამოუცდელია და ვისთვისაც ჯერ კიდევ კარგად არ უსწავლებიათ სულიერ ვნებებთან ბრძოლა, რადგან პირველი ხორციელად მოკვდება, ხოლო მეორე - სულიერად.



 განდევნე ძაღლი, გლოვის დროს შენთან რომ მოდის და ღმერთს უმოწყალოსა და შეუბრალებელს უწოდებს, რათა სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს. თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ცოდვის ჩადენამდე ის ღმერთს მოწყალესა და მიმტევებელს უწოდებდა.








Комментариев нет:

Отправить комментарий