воскресенье, 30 марта 2014 г.

ნაწყვეტი გაბრიელ ეპისკოპოსის ერთ-ერთი ქადაგებიდან

ქართველმა ერმა იესო ქრისტეს მართლმადიდებელი სჯული მეოთხე საუკუნეში მიიღო. მას უკან მას ყველა გარშემო მყოფნი ერნი და მეფენი გადაემტერნენ და დევნა დაუწყეს, ჯერ კერპთმსახურებმა და მერე მაჰმადიანებმა.

ვინ შეძლებს, რომ მოკლე სიტყვით გამოხატოს, თუ რამდენი ჭირი, მუსრვა, ბრძოლა და აოხრება გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში.

საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ. მაგალითად, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნიც უწინ აოხრებდნენ და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, შემდეგ კი თვითონ განქარდნენ.

რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა.

ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტებაა და ამით ჩვენ თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული.

ყურადღებით დაუკვირდი და ბევრ მაგალითს დაინახავ, რომ შენი ნაცნობი კაცი, რომელიც უწინ მდიდარი იყო და შემდეგ გაღარიბდა, დაეცა და დაგლახავდა, ამის მიზეზი ღმრთის წინააღმდეგი ცხოვრება ყოფილა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში, მეტადრე ახალგაზრდობამ ჩვენი ქვეყნისა და ერის წარსულ ცხოვრებასა და მამა-პაპის ისტორიას ყურადღება მიაქცია. ისინი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლასა და ჩვენი ენის არდავიწყებას ჩვენც მოგვიწოდებენ.

დიახ. პატიოსანი და მოსაწონია ეს მიმართულება!

მაგრამ მე ის მაკვირვებს და მაწუხებს, რომ ახლანდელ მწერლებს საკმაო ყურადღება სწორედ იმაზე არა აქვთ მიქცეული, რაც ჩვენს წინაპრებს უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდათ, რითაც ისინი გამხნევებულნი და აღტაცებულნი იყვნენ, რაც მათ მართავდა და ძალ-ღონეს აძლევდა. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა. სარწმუნოებამ დაიცვა ისინი, სარწმუნოებამ გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდე ჩვენი ერი.








Комментариев нет:

Отправить комментарий