среда, 19 марта 2014 г.

რას ითხოვს რეალურად ევროკავშირი?

  

ლევან ბოძაშვილი
იურისტი, ფორდჰამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის
მიწვეული პროფესორი,
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი,
ვენეციის კომისიის წევრი 2004-2008 წლებში.


ევროპული კავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისრის შტეფან ფულეს ვიზიტი გახდა ერთგვარი კატალიზატორი რამაც ამ მოკლე სტატიის დაწერა დააჩქარა. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მოყოლებული (ამ თემაზე პირველი სტატია გაზეთში 24 საათი) აქტიურად ვუჭერდი და ვუჭერ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი მაშინაც და დღესაც მიმაჩნდა და მიმაჩნია არა თავად ინტეგრაციის პროცესი როგორც ასეთი, არამედ მისი თანამდევი ფაქტორები, კერძოდ, სამართლიან, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებულ ღირებულებათა (რასაც დღეს არცთუ მთლად სწორად ვუწოდებთ მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს) დამკვიდრება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომაც, დიდი სურვილი მაქვს ის რაც ქვემოთ წერია სწორად იქნას აღქმული და შეფასებული, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებ, რომ დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში მთავარი არის არა ის თუ რა სურს ადამიანს (ადამიანს და არა სახელმწიფოს), არამედ ის თუ რამდენად შეესაბამება მისი სურვილები არსებულ წესრიგსა და სისტემას, როგორც მოცემულობას.

ბატონ ფულეს ვიზიტი და განცხადებები არის დროული და ადექვატური, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხეები, რომლებიც სახეზეა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადების პროცესის პერიოდში, და რომლებზეც ყველა საუბრობს, მათ შორის მეც, არის პრევენციულად გასანეიტრალებელი. ამ საფრთხეებში ერთ-ერთი გამოკვეთილი არის ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირთან დაახლოების იდეის დისკრედიტაცია სწორედ ევროპული ღირებულებათა სისტემის განზრახ დამახინჯებულად გადმოცემის, საზოგადოებისათვის დამაშინებელი სახით მიწოდება. ეს იყო რუსეთის ამოცანა უკრაინაში და ესაა მისი ამოცანა საქართველოშიც, როგორც ინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი, ხელისშემშლელი ტაქტიკური მოქმედება. რატომ? როგორც დასავლეთში მიიჩნევენ, ამის მიზეზი არის ის, რომ ასოცირების შეთანხმებები ზოგადად პარტნიორ ქვეყანათა სოცალურ-პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სამართლებრივ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს და ისახავს მიზნად, ხოლო ეს კი ეწინააღმდეგება ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას რადგან ტრანსფორმირებული პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია რუსული ველიკოდერჟავული სიმპატიები, შეეწინააღმდეგებიან ამას. ამდენად, ჩვენი ამოცანა ამ პროცესში მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ წინ აღვუდგეთ მსგავს მოქმედებებს, არამედ იმაშიც პირველ რიგში, რომ ამ პროცესში დავიცვათ საკუთარი იდენტურობა, ტრადიციები და შეხედულებები, მით უმეტეს, რომ, როგორც ვხედავთ, ევროკავშირი ამ ყველაფრის უარყოფას პოლიტიკურ დონეზე ჩვენგან არ მოითხოვს.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

მართალია, ევროპული კავშირი არ მოითხოვს ასოცირების შეთანხმების პროცესში ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, მაგრამ მისი მოთხოვნა უკრაინაშიც იყო და საქართველოშიც არის ე.წ. ანტიდისკიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება. რას ემყარება ეს მოთხოვნა? ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა 2000 წლიდან მოყოლებული თანდათან გახდა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენცია. ექსკლუზიურობა ნიშნავს, რომ ევროკომისია უფლებამოსილია წევრი ქვეყნებისგან ავტონომიურად, დამოუკიდებლად დაადგინოს ის მინიმალური საერთო საკანონმდებლო ფარგლები და სტანდარტები რომლებიც სავალდებულო იქნება წევრი და პარტნიორი ქვეყნებისათვის (ხელშეკრულებებიდან გამომდინარე). ამ მიმართებით ევროკავშირს მიღებული აქვს რამდენიმე დირექტივა და ამ დირექტივების საიმპლემენტაციო შესაბამისი პროგრამებიც. ეს დირექტივები მიზნად ისახავს ეფექტური სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას, ხოლო თუ რა მეთოდით და რა ფორმით განახორციელებენ მას წევრი ქვეყნები ეს მათი შიდასახელმწიფოებრივი მიხედულების, დისკრეციის საკითხია, მთავარია, რომ ძირითადი მინიმალური სტანდარტი იყოს დაცული. მსგავსი კანონის პროექტი („დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”) უკვე შექმნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ის ითვალისწინებს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების უფრო ეფექტიან რეალიზაციას. იგი მოიცავს როგორც სქესობრივი და სექსუალური თანასწორობის ზოგადად, ასევე ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში, ასევე ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო, ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის ეფექტურ უზრუნველყოფას, თორემ დაცვით ეს უფლებები, დეკლარირების დონეზე მაინც, ისედაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 14). ამ კონტექსტში ყველაზე პრობლემატური (ჩემი აზრით ხშირად ხელოვნურად ანგაჟირებული) თემა ეხება ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინებას. რა მდგომარეობა გვაქვს ამ დროისათვის ჩვენს კანონმდებლობაში? ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად არსებობს ზემოაღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა და ასევე იქიდან თუ რატომ ითხოვს ევროპული კავშირი აღნიშნული კანონის შემოღებას. საქართველოს კონსტიტუცია 36-ე მუხლში შეეხება ქორწინების საკითხებს, მეუღლეთა შორის უფლებრივ თანასწორობას, მაგრამ არაფერს ამბობს, არ განსაზღვრავს, არ აკონკრეტებს თუ ვის შორის შეიძლება შედგეს სამოქალაქო ქორწინება, ვინ შეიძლება იყვნენ მეუღლეები. განსხვავებით კონსტიტუციისგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიხედვით ქორწინება „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“. აქ კი წარმოიშობა გარკვეული წინააღმდეგობა. პირველი, არის თუ არა სამოქალაქო კოდექსის ეს მუხლი უფლებრივად დისკრიმინაციული ერთი სქესის წარმომადგენელი პირების ქორწინების რეგისტრაციის თვალსაზრისით და მეორე, ეწინააღმდეგება თუ არა ის კონსტიტუციის მე-14 მუხლს და შეეწინააღმდეგება თუ არა იგი ზემოაღნიშნულ კანონპროექტს. რა თქმა უნდა ეს გახდება სასამართლოს გადასაწყვეტი იმ შემთხვევაში თუ ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაციის მოსურნე 2 ერთი სქესის პირს საჯარო რეესტრი უარს ეტყვის ქორწინების რეგისტრაციაზე სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე. ამ დროს დადგება, როგორც ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საკითხი, ასევე კოდექსის ამ მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის მე-36 მუხლი არ ახდენს ქორწინების მონაწილეთა სქესის სავალდებულოობას, ხოლო მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე. ამდენად შანსი იმისა, რომ ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულ იქნეს სასამართლო წესით საკმაოდ დიდია. სწორედ აქ ჩნდება, რომ ეს ერთი შეხედვით სამართლებრივი საკითხი, უფრო მეტად პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ალბათობით, როგორც კი დაიწყება კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ამ პროცესს მოჰყვება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან თემის წინ წამოწევა და ამ ფონზე გარკვეული პოლიტიკური ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის ნეგატიური სახის შექმნითა და მის უარყოფითად წარმოჩენით, ისარგებლებენ. ამდენად, ახლაც, და მომავალშიც, იარსებებს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მსგავსი საკითხი ყოველთვის იქნება და გახდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება. ამის პრევენციისათვის არსებობს ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს კონსტიტუციის დონეზე და კონსტიტუციის 36-ე მუხლს დაემატოს 1-ლ ან მე-4 პუნქტად სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ქორწინება „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“. ამგვარი ჩანაწერი კონსტიტუციაში ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს საკითხით პოლიტიკურ მანიპულირებას, ევროკავშირის მტრის ხატად წარმოჩენას და არც საზოგადოებას, არც სხვას აღარ გაუჩნდება კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებით რაიმე დამატებითი მოთხოვნა და ორაზროვნება, ვინაიდან კონსტიტუცია იერარქიულად დგას ყველა სხვა სამართლებრივ აქტსა და საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მაღლა, ხოლო მისი შეცვლისათვის კი ურთულესი პროცედურაა დადგენილი. ასეთი დამატების წინააღმდეგი არ იქნება არც ევროკავშირი და არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებთაც საკითხით მანიპულირებით არ სურთ პოლიტიკური ქულების ჩაწერა.



ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий