четверг, 3 апреля 2014 г.

სქემმონაზონი აბრაამი (ჩხეტიანი), ბერობაში ალექსი (1856-1965)

მცხეთაში სამთავროს წმ. ნინოს სახელობის მონასტრის ეზოში ერთი სამარეა, რომელთანაც ხშირად იხილავთ მომლოცველებს. საფლავის ქვის წარწერა გვაუწყებს, რომ აქ განისვენებს სქემმონაზონი აბრაამი, რომელმაც საუკუნეზე მეტი იცხოვრა ამქვეყნად.

ყოველი სამარე საიდუმლოებით არის მოცული. მაგრამ არის საფლავები, სადაც წმინდა ადგილთა მსგავსად, თავად ღვთის მადლი უსიტყვოდ მიგვანიშნებს განსვენებულის ასკეტურ ცხოვრებაზე. ასეთ საფლავთან რაღაც სიმსუბუქე და გამოუთქმელი სიხარული იგრძნობა. ის თითქოსდა თავისთან იზიდავს ადამიანებს, როგორც ნაკადულის ჩხრიალი იხმობს დაქანცულ მგზავრებს.

თაობები ცვლიან თაობებს, მდინარის ტალღებივით ზოგი მიდის და ზოგიც მოდის ამ წარმავალ წუთისოფელში, ისევე, როგორც ენაცლებიან ერთმანეთს ფოთოლცვენა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ისევ გაფურჩქვნა. დრონი მეფობენ ამ ქვეყანაზე და ტირანივით ყოველივეს ანადგურებენ, რაც შექმნილია კაცთა ხელთაგან. ოდესღაც მცხეთა დედაქალაქად იწოდებოდა, ციხე-სიმაგრის სქელი გალავნით გარშემორტყმული, რომლის მიღმა ჩინებულ ბაღში ჩაფლული მეფის სასახლეები მოჩანდა. ახლა კი მათგან ნანგრევებიც აღარ შემორჩა. მხოლოდ სიწმინდეები დგას შეურყეველად დროის გრიგალში, თითქოს მათ ჟამთა ქარიშხალი მოიგერიეს. დავიწყებას ეძლევა მმართველთა სიბრძნეც და საგმირო საქმეებიც, მაგრამ ხალხის ხსოვნაში სამუდამოდ აღბეჭდილია იმ ადამიანთა სახელები, რომელთაც უფალს მიუძღვნეს თავი და ადამიანთა მიმართ ქრისტიანული სიყვარულით ეწვოდათ გული. მათი საფლავნი სულიერი ნათლით ბრწყინავენ, დანთებულ კელაპტრებს ჰგვანან და გვაუწყებენ, რომ ისინი უხილავად ჩვენთან არიან. ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე ბერი იყო სქემმონაზონი აბრაამი. მცხეთის მკვიდრნი, რომელნიც ან პირადად იცნობდნენ ბერს, ან თავიანთი მშობლებისგან მონაყოლი გაუგონიათ განუზომელი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ მას.

ამ სიტვათა ავტორს წილად ხვდა ბედნიერება, რამდენჯერმე სიცოცხლეში ენახა მაშინ უკვე ღრმად მოხუცებული ასკეტი და ესაუბრა მასთან. ასეთი ადამიანები ძველ პატერიკთა ცოცხალ ილუსტრაციებს ჰგვანან, რადგან ისინიც იმ თაბორის ნათლის ათინათს ინახავენ სულში, რომელიც ესოდენ საკვირველად ასხივებდა თებაიდისა და გარეჯის უდაბნოებში. პირველი, რაც სქემმონაზონ აბრაამში განგაცვიფრებდათ, ეს იყო მისი კეთილი და უბოროტო ხასიათი, თითქოს მას დავიწყებოდა, რომ ცოდვა და ტყუილი არსებობდა ამქვეყნად. ის ყრმათა თვალით უცქეროდა ყოველ ადამიანს და სიცრუესა და სიავეს არავისში ეჭვობდა.

ხანდაზმულობის მიუხედავად გასაოცარი სიმსუბუქითა და სისწრაფით დადიოდა. ის სტიქაროსნის მოვალეობას ასრულებდა, ზარებს რეკავდა და საკურთხეველს აწესრიგებდა. ხშირად, როდესაც ეზოში საცეცხლურს გაახურებდა ხოლმე, სასწრაფოდ მიჰქონდა საკურთხევლისკენ, გადაჭრიდა სირბილით მთელ ტაძარს, რათა თავისი შეყოვნებით მღვდელმსახურნი არ დაებრკოლებინა. წირვის დროს იდგა და ტიროდა, ხშირად გულში მჯიღს იცემდა და თითქოს არა მარტო პირად, არამედ იმ ადამიანთა ცოდვებსაც ინანიებდა, რომელნიც ლოცვებში მოხსენიებას თხოვდნენ მას.

ერთადერთი, რაშიც მორჩილებას არ იჩენდა, იყო ის, რომ უყვარდა ერთი და იმავე ძველი, ჩამოძონძილი კაბით სიარული. მღვდლებს ძალიან უყვარდათ იგი და ამიტომ ახალ ტანსაცმელს ყიდულობდნენ ხოლმე მისთვის, მაგრამ ის სადღაც ქრებოდა და იგი კვლავ ხალათის მსგავსი ძველი შესამოსლითა და გახუნებული კუნკულით გამოჩნდებოდა ხოლმე. მე მოწმე გახლდით იმისა, რომ ერთი მღვდელმსახური საყვედურობდა მას იმის გამო, რომ მან გააჩუქა ახლად შეკერილი სკუფია და ისევ ძველით დადიოდა. ხოლო მამა აბრაამი მდუმარედ იდგა და გულისყურით უსმენდა, ისეთი სახით, თითქოს მას დანაშაულში ამხელდნენ. მაგრამ ყოველივეს ისეთი პირი უჩანდა, რომ შემდეგ სკუფიასაც იგივე ბედი ეწეოდა - ის რომელიმე ღარიბი ბერის ან მონაზვნის თავზე აღმოჩნდებოდა.

გასაოცარი იყო მამა აბრაამის უპოვარება. მას კელიაში არაფერი გააჩნდა ერთი ქეჩაგადაფარებული ტახტის, მაგიდისა და სკამის გარდა. მაგიდაზე ორი-სამი წიგნის მეტი არაფერი იდო. თუმცაღა ერთ პატარა შესწორებას შევიტან ჩემს ნათქვამში. ერთხელ, ამ მაგიდაზე პაპიროსი „ყაზბეგის“ კოლოფი შევნიშნე და გულში აზრი შემეპარა, რომ ბერი ეწეოდა. გულდამძიმებულმა გავიფიქრე: მერე რა, მოღვაწე ბერებსაც ხომ შეიძლება თავისი სისუსტეები ჰქონდეთ-მეთქი. მაგრამ, უეცრად მამა აბრაამმა გახსნა კოლოფი და იქ მე პაპიროსის ნაცვლად კოჭის ძაფი და ნემსი დავინახე, რომლითაც ბერი დახეულ შესამოსელს კემსავდა.

მამა აბრაამის შესახებ მიყვებოდა იღუმენი პიმენი(როსახანი), რომელიც ერში დურგალი ყოფილა და მას ხშირად უწევდა სვეტიცხოვლის ტაძრის სამუშაოების შესრულება. ის ამბობდა, რომ მამა აბრაამი ჩუმად ეხმარებოდა ზოგიერთ ღარიბ ოჯახს მცხეთაში. თუ ვინმე მოწყალებას გაიღებდა მისთვის ან თუ სტიქაროსნის მწირ ჯამაგირს აიღებდა, იმავე დღეს გასცემდა, ისე რომ წვრილ მონეტებსაც კი არ იტოვებდა. როცა მას სატრაპეზოდ ეძახდნენ ან პანაშვიდისთვის მოტანილი საკურთხიდან მიაწოდებდნენ რამეს, თავის კელიაში მიჰქონდა. თავისთვის მცირედს, უპირესად პურს იტოვებდა, ხოლო დანარჩენს რომელიმე ღარიბ ოჯახს მიუტანდა. ის ცდილობდა, რომ არავის გაეგო ამის შესახებ, ამიტომ საჭმელი საღამოობით მიჰქონდა, ჭიშკრიდან ჩუმად გაიპარებოდა ხოლმე და სასწრაფოდ უკან ბრუნდებოდა.

მას ლოცვა განსაკუთრებულად უყვარდა. ღამღამობით ის საათობით იდგა ტაძრის კარიბჭესთან და ლოცულობდა, შემდეგ, როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ლოცვით შემოუვლიდა ხოლმე თორმეტჯერ სვეტიცხოველს. ერთხელ, ზამთარში, როცა ტაძრის ეზოში დიდი თოვლი იდო, მამა აბრაამი ღამე თავის კანონს ასრულებდა და სვეტიცხოველს გარს უვლიდა. უკვე შეუძლოდ იყო, გონება დაუკარგავს და დილამდე თოვლში წოლილა. დილით რომ იპოვეს, ცოცხალ-მკვდარი მიასვენეს კელიაში. არქიმანდრიტმა პართენმა იგი აბრაამ დაყუდებულის სახელზე დიდ სქემაში აღკვეცა. ის შეიძლება ლოცვისთვის წამებულად ჩაითვალოს.

სქემმონაზონი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ სამთავროს მონაზვნებმა, რომლებსაც ბერი საკუთარი მამასავით უყვარდათ, პატრიარქისგან კურთხევა გამოითხოვეს, რომ ის წმინდა ნინოს ტაძრის ეზოში, მცირე სასაფლაოზე დაეკრძალათ.

ბევრი სიწმინდეა თავმოყრილი ამ ადგილზე. აქ მოღვაწეობდა წმინდა ნინო, აქ იმყოფება აკლდამა მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფალი ნანასი. აქ არის მღვდელმოწამე აბიბოსის წმინდა ნაწილები, მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული და ამ სულიერ საუნჯეს კიდევ ერთი მარგალიტი - სქემმონაზონი აბრაამის საფლავი შეემატა.


არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)

თარგმნა ირინე ბიბილაურმა


qadageba.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий