пятница, 18 апреля 2014 г.

სწავლებანი - წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ვინც ღვთისადმი რწმენას კარგავს, სანაცვლოდ უგუნურებას მოიმკის. უგუნურია ადამიანი, ვინც თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს და ამ დროს უფლისა და სიცოცხლის უკვდავების მტკიცებულებას სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიაში ეძიებს. ვინც ოქრო მდიდართან ვერ პოვა, როგორ პოვებს მას არაფრის მქონესთან. 



ადამიანს უკვდავების თუ სწამს, მისთვის ეს სიკეთის მომტანია. ბოროტებით აღვსილი სული ეჭვიანია და შემთხვევითობასაა მინდობილი. მაგრამ გულის სიღრმეში ურწმუნოების და უმეცრების საფარქვეშ, იგი მცირე, ნახევრად ჩაბნელებულ სავანეს სათუთად ინახავს. აქ სინათლის სხივი ვერ აღწევს, თუმცა ამ სავანეს ბნელი სავსებით ვერ მოიცავს, რადგან მასში მომავალი ცხოვრების იმედი სუფევს.



ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან ბოროტ გრძნობებს და გონებიდან ავ ზრახვებს განაგდებს, ღვთისგან უთვალავ მინიშნებას მიიღებს. ვისაც სურს რო ირწმუნოს, იგი იხილავს და ირწმუნებს.



ამ ქვეყნად არ არსებობს სარწმუნოება, რომელსაც ესოდენ სასტიკი დევნა, წამება, ცილისწამება განეცადოს, ვიდრე ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას. გარედან მას წარმართები დევნიდნენ, შიგნიდან - ერეტიკოსები. მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველი მისი ნაბიჯი ურიცხვი მსხვერპლით არის აღბეჭდილი და უდანაშაულოთა სისხლით მორწყული. განა არ ვიცით, რომ სიკეთე ფასდაუდებელია და რომ საუკეთესო ყველაზე მეტად ფასობს.



ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცოდვისაკენ უბიძგებს. ძლივს ლოცვა ჩვევად ექცევა, რომ პირს დააღებს და იმათ ძაგებას იწყებს, ვინც ჯერ ლოცვას არ შედგომია. როგორც კი იგრძნობს, რომ ცხონების გზას დაადგა, უმალ ქვეყნიერების მოძღვრად გვევლინება, ვიდრე სულიწმიდა არ განეშორება.



ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მოკვდავისათვის ეს შეუძლებელია, თუ არ ეცოდინება, რომ არსებობდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც არც შობით და არც შობის მერე შეუცოდავს, ეს არის ღმერთკაცი - იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანური ბუნების დამდაბლებით და ღვთაებრივი ცეცხლით ცოდვა ჯვარს აცვა. როგორ შეძლებს ადამიანი თავი დააღწიოს ცოდვას, თუ მთელი თავისი არსებით არ მიენდობა ქრისტეს, რომელიც უწინარეს ცოდვისა იყო და უძლიერესია მასზე, ვინც ცოდვას თესავს და განავრცობს.



სად პოვებს ადამიანი თავის ტანჯვის მიზეზს: საკუთარ თავში, თავის მშობლებში თუ გარშემომყოფ ადამიანთა შორის. გონიერი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ტანჯვის დასაბამი და მიზეზი, უპირველესად საკუთარ თავში მოიძიოს. უგუნური კი სხვათა დადანაშაულებას არ დააყოვნებს. გონიერი არ ივიწყებს სიჭაბუკის ცოდვებს, და ამ ხსოვნას უფლისადმი შიში ახლავს, მათ გამო სასჯელს მოელის. უგუნური კი გულმავიწყია, მან გონებიდან მთელი თავისი უკეთური საქმეები წარხოცა და როდესაც მწუხარება ეწვევა, საშინლად იტანჯება და გაოცებული სვამს კითხვას: "რისთვის?" მრისხანებით დაბრმავებული ნებისმიერ არსებაზე მიუთუთებს, მიწაზეც და ცაზეც, როგორც საკუთარი ბედუკუღმართობის მიზეზებზე, მაგრამ საკუთარ თავს დამნაშავედ არასოდეს ცნობს.




სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან, სინათლეს წყვდიადთან, სიკეთეს ბოროტებასთან შეათავსებს. სოფელი ჯვარს აცვა ქრისტე. თუ ქრისტე გწამთ, როგორ უნდა გაათანაბროთ ჭეშმარიტება სიცრუესთან. განა ქრისტე თავის სწავლებას რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან ან იუდეურ ფარისევლობასთან ათანაბრებდა? "რაი მოყვასება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უცს მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (კორ. 2, 6). "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა, რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა..." (მათ. 10, 34). თუ შვილი ქრისტეს გაჰყვება, მამა კი ბნელს არ განეშორება, ქრისტეს მახვილი განყოფს მათ, რამეთუ ქრისტე მამაზე ძვირფასია. თუ ასული ქრისტეს გაჰყვება, დედა კი ქრისტეს უარყოფს, რა უნდა ჰქონდეთ მათ საერთო, ქრისტე ხომ დედაზე უტკბესია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ქრისტეს შეიყვარებს, ნათესავებს გაემიჯნოს. სავსებით საკმარისია, რომ სულიერად გაემიჯნო და ურწმუნოთა განზრახვა და საქმე არ შეიწყნარო. მორწმუნენი და ურწმუნონი თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, ორი მტრული ბანაკი ერთმანეთს დაუპირისპირდება, მაშინ ურწმუნოს ვინღა განსწავლის და გამოასწორებს?



წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და არც ბრძოლა შეეძლო. და მაინც, უფალს დრო და დრო განეშორებოდა და საკუთარ გულისთქმას აყოლილი უკეთურ გზას ადგა. სულიერად დაცემული და შეურაცხყოფილი, მონობაში იტანჯებოდა. უფალი წინასწარმეტყველთა მიერ ამხელდა მას: "ისმინე ერო ჩემო, და გიწამო შენ ისრაელო... რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანენ შენ ქუეყანით ეგვიპტით... უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არა რაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი... და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი" (ფსალ. 80, 9). ეს წინასწარმეტყველება თანამედროვე ევროპასაც ეხება. ქრისტეს სერბეთი კი ევროპას გაჰყვა, მის მოლიპულ გზას დაადგა და მასთან ერთად გადაიჩეხა. ნეტავ სერბეთს თავისი წმინდანების მოწამეობრივი გზით ევლო, მაშინ ღმერთი უშჯულოთაგან გარეშეზღუდავდა.
ევროპა თავისი ფილოსოფიის, მცდარი მოსაზრებების გზას დაადგა და მაცდუნებელ გულისთქმათა მორევში ჩაიძირა. ასეთი ევროპა სერბეთისთვის მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ევროპა დაიმსხვრა, როგორც ქვაზე თიხის ქოთანი და სერბეთსაც ნაიარევიდან ისე დასდინდა სისხლი, როგორც ბასრი ქვებით მოფენილ კლდეზე დაცურებულს. ეს გამოცდილება ძვირი დაგვიჯდა, თუ რას მოგვიტანს იგი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ.





Комментариев нет:

Отправить комментарий