воскресенье, 20 апреля 2014 г.

ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!.

ქრისტე აღდგა!


აღდგომის დღესასწაულის თარიღი მოძრავია და აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის. წელს ქრისტეს აღდგომას 20 აპრილს ვზეიმობთ. აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის დიდი მარხვა. აღდგომის დღესასწაულის, მისი თარიღის დადგენისა და ბრწყინვალე შვიდეულში არსებული ცვლილებების შესახებ “ამბიონს” მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი მელიქიძე ესაუბრა:

“ჯვარცმული ქრისტე კლდეში გამოკვეთილ საფლავში დაასვენეს და ლოდი მიაგორეს, დაუყენეს მცველთა დასი. შუაღამისას მოხდა დიდი მიწისძვრა და როგორც მახარებლები აღწერენ, იყო დიდი ნათელი. მცველები უგრძნობლად დაეცნენ. მოხდა უდიდესი სასწაული: ქრისტე აღდგა! აქედან შეიძლება უკვე მივიჩნიოთ, რომ დაიწყო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა. შეშფოთებულმა სინედრიონის წევრებმა, რომლთაც უფალი გასცეს და მიუსაჯეს ასეთი სიკვდილი – ჯვარცმა და სატანჯველი, მოისყიდეს მცველები ფულით, რომ ეთქვათ, თითქოს უფალი კი არ აღდგა, არამედ მისმა მიმდევრებმა მოიტაცეს გვამი და რომ ამაზე პასუხისმგებლები არ იქნებოდნენ ისინი, რადგან უფროსებთან უკვე მოლაპარაკებულნი იყვნენ.

მოგეხსენებათ, რომ ქრისტე ყოვლისშემძლებელი ღმერთია, რომელმაც იპოსტასურად მიიღო ადამიანური ბუნება – ქრისტე – ღმერთი, ქრისტე – კაცი, ანუ ჩვენი ბუნებრივი კაცობა და, მაშასადამე, აღადგინა ჩვენი მომკვდარი ბუნება, მოგვანიჭა დახსნა ჩვენი ცოდვებისაგან და აღდგა”.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას თანამედროვე სახე IV საუკუნიდან მიეცა. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს.

“აღდგომის დღესასწაულის თარიღი მოძრავია. მითითებულია, რომ არ უნდა ემთხვეოდეს იუდეველთა დღესასწაულს და გაზაფხულის პირველი კვირიდან მთვარის განახლებამდე პერიოდში უნდა აღინიშნოს. ეს რამდენად მართებულადაა დადგენილი, ამას ზეციური ცეცხლის გადმოსვლაც მოწმობს.


ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უფლის სასწაულია. ეს მოვლენაც ისეთივე ბუნებრივია, როგორც მზისა და მთვარის ამოსვლა და ჩასვლა. ეს არის უშუალოდ ღვთის განგებულება და ზებუნებრივი მოვლენა, რომ ყოველ აღდგომას ნიშნად აღდგომის დღესასწაულის მოახლოებისა, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ღრუბლის სახით ჩნდება ცეცხლი, რომელიც ელვისებურად გადმოდის ზეციდან და ყველა ჩამქრალი კანდელი ინთება. ამის შემდეგ შუაღამიდან იწყება აღდგომის საეკლესიო მსახურება და, ტიპიკონის განწესებულებისამებრ, გრძელდება დილამდე.

ყოველი ქრისტიანი აღდგომის დღესასწაულს ცოდვებისაგან განწმედილი უნდა შეხვდეს. უნდა დაიცვას მარხვა, თქვას აღსარება, ეზიაროს, შეეცადოს, საღმრთო რჯულის წესები დაიცვას, მისი სინანული იყოს ნამდვილი და არა – ზერელე, არ დაივიწყოს, რომ თვითონ ქრისტემ იმარხულა 40 დღე-ღამე. დიდმარხვაში ბევრი ავადმყოფი ადამიანი განკურნებულა მარხვითა და ლოცვით. თუ პიროვნებას უფლის სიყვარული აქვს, მან არ უნდა იფიქროს თავის სნეულებაზე, რომ ვერ შეძლებს მარხვას, არამედ სწამდეს, რომ ქრისტე მიუძღვის მას მარხვით, ისიც ამგვარადვე უნდა შეუდგეს უფლისაკენ მიმავალ გზას, იმ რწმენითა და სიყვარულით, რომ მაცხოვარი მას კურნებასა და მშვიდობას მისცემს. დიდი მარხვის დასრულების შემდგომ კი იგი იგრძნობს, მასში რაღაც განახლება მოხდა და სიხარული დაიშვა, რომ ქრისტე წინ წარუძღვა და დიდი ბრწყინვალებისა და ნათლის განცდა მიეცემა. როცა ეს დღესასწაული დიდი ზეიმით დასრულდება, ის ქრისტესთან და მის წმიდანებთან ერთად დიდი, წარუვალი და წარუშლელი სიხარულის მოწმე შეიქმნება.”

აღდგომის დღესასწაულისათვის, ტრადიციულად, წითლად ვღებავთ კვერცხებს. კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. ამ ჩვეულებას დიდი ხნის ისტორია აქვს. არსებობს ასეთი გადმოცემა: უფალმა ამაღლების წინ მოწაფეები სხვადასხვა ადგილას გაგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ მისი აღდგომა. საქადაგებლად მარიამ მაგდალინელიც გაეშურა. ის რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეში მივიდა, სადაც დაუბრკოლებლად შეუშვეს, რადგან ცნობილი პიროვნება იყო. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღდგა!” დაეჭვებულმა იმპერატორმა თქვა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. მოულოდნელად კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ სასწაულის შემდეგ ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

წესად დამკვიდრდა სასაფლაოზე აღდგომის დღეს, კვირას გასვლა, რაც მართებული არ არის. ამ დროს ადამიანს გლოვა არ შეშვენის. ყოველი ქრისტიანი საფლავზე მეორე დღეს, ანუ ორშაბათს უნდა გავიდეს, რათა მიცვალებულსაც ახაროს ქრისტეს აღდგომა.

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე და ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. წირვა-ლოცვა ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგებაც, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც. ამ კვირაში შემსუბუქებულია ზიარებისთვის მომზადებაც: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება.
იცვლება მისალმების წესიც. აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: “ქრიტე აღდგა!”

“საეკლესიო განწესებულებით, ყველა დღესასწაულს თავისი დღეები აქვს. ზოგი მთელი კვირა იდღესასწაულება, ზოგი – სამი დღე, მეტი ან ნაკლები. რადგანაც აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, ერთი კვირა გრძელდება. ეკლესიური ტიპიკონით, აღდგომის დღესასწაულის შემდგომ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. ამ დროს თვით ეკლესიის აღსავლის კარიც კი ღია არის ყველა ტაძარში. ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაული ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ზეციური კარიც კი ღიაა მთელი ერთი კვირის განმავლობაში. ეკლესიურ მსახურებაშიც განსაკუთრებული ღვთისმსახურებები აისახება. როგორც პირველი დღის ღვთისმსახურებაში იდღესასწაულება ქრისტეს აღდგომა, იგივე ღვთისმსახურება აღესრულება ყოველდღიურად მთელი შვიდი დღის განმავლობაში და ეს შვიდი დღე პირველი დღის, ქრისტეს აღდგომის მსგავსია. ამიტომაც ეწოდა მთელ კვირას ბრწყინვალე შვიდეული. ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მომდევნო დღეებშიც გრძელდება და მთელი ორმოცი დღის განმავლობაში იდღესასწაულება.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავზე გასვლა ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული. მიცვალებულის მოხსენიება კი ხდება ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.

ბრწყინვალე შვიდეულში დილა-საღამოს ლოცვების მაგივრად სააღდგომო საკითხავებია დაწესებული. მათ ჟამნობა ეწოდება. ასევე, იკითხება სააღდგომო სძლისპირები, ან იგალობება, ვისაც გალობა შეუძლია. ეს მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება, შაბათიდან კი გადავდივართ ჩვეულებრივ ლოცვებზე, მხოლოდ “მეუფეო ზეცათაოს” ნაცვლად იკითხება “ქრისტე აღდგა მკვდრეთით” სამგზის და “ღირს არსის” ნაცვლად “ანგელოზი ღაღადებს”. ბრწყინვალე შვიდეულში აღარ იკითხება ფსალმუნები, თუ ჯგუფურად ასრულებენ ფსალმუნებს, შეუძლიათ გაგრძელება, რადგან მისი შეწყვეტა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ფსალმუნების კითხვას შაბათიდან განვაახლებთ.”ამბობენ, ვინც აღდგომას, ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, სასუფეველში მოხვდება, რადგან აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამოთხისა კი – პირიქით, გახსნილი და თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, მათთვის ღიაა სასუფეველი ცათა.

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!



თათია ნავროზაშვილი

ambioni.ge




ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!






Комментариев нет:

Отправить комментарий