среда, 30 апреля 2014 г.

ადამიანთა სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზი განსაცდელის ჟამს

ნუგეშისცემა მათი, რომლებიც საღმრთო განგებულებით მათზე დაშვებული განსაცდელის გამო დრტვინავენ.


უფალმა იესუ ქრისტემ, როდესაც მრავალგვარი უბედურებანი გვიწინასწარმეტყველა, რომლებიც კაცთა მოდგმაზე სამყაროს აღსასრულის წინ მოიწევს და ამ განსაცდელთა სიმძიმისთვის გაგვაფრთხილა, ბრძანა, რომ "ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება" (მათე 24:13).

ამრიგად, ცხონებისთვის განსაცდელთა დათმენა აუცილებელია, მაგრამ გაგვაჩნია კი ამგვარი მოთმინება? განა ხშირად არ გვესმის ბუზღუნი საკუთარი ბედის სიმძიმესა და მოწეულ განსაცდელთა "უსამართლობაზე"? განა ხშირად არ განვიკითხავთ უფალს ამ ჭირვებათა გამო? სად ვეძებოთ ამგვარი მოუთმენლობისა და სულმოკლეობის მიზეზი?

ჭირვების ჟამს სულმოკლეობის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მრავალს მის თავზე მოწეული განსაცდელი უდიდესი ჭირვება ჰგონია, ხოლო საკუთარი თავი უკიდურეს უძლურად წარმოუდგენია. "ჩემზე უბედური არავინაა ქვეყანაზე! არავინ ისეთ უბედურებებს არ განიცდის, როგორსაც მე!" ასე დრტვინავს ზოგიერთი განსაცდელთა გამო. სცადეთ ურჩიოთ ასეთ ადამიანებს შეურიგდნენ თავიანთ ბედს, აღიჭურვონ მოთმინებით და დაემორჩილონ ღმრთის ნებას: რას გიპასუხებენ ისინი? "სიხარულით დავითმენდი ამგვარ ჭირვებას, ძალა რომ მქონდეს! ეს ჭირვება ჩემს ძალას აღემატება!" - ასეთია განსაცდელში ჩავარდნილთა პასუხი; და ამას ამბობენ ქრისტეანები, იესუ ქრისტეს მიმდევარნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ის ადამიანს არ უგზავნის იმგვარ განსაცდელს, რომლის გადატანაც არ შეუძლია: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცედლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13).

ქრისტე მაცხოვარს თავისი მიმდევრებისთვის არც მიწიერი განცხრომა აღუთქვამს და არც ბედნიერება, პირიქით, გვიწინასწარმეტყველა, რომ ჭირი და განსაცდელი გარდაუვალი იქნებოდა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად" (იოანე 16:33), ეუბნება ის თავის მიმდევრებს; და თუკი ნეტარება აღუთქვა თავის შვილებს ამ განსაცდელთა დათმენისთვის, ეს ნეტარება მათ მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში ელოდებათ: "გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში" (მათე 5:12). მეტიც, უფალმა არა თუ ის გვიწინასწარმეტყველა, რომ მრავალი ჭირი გვექნებოდა წუთისოფელში, არამედ მცნებად დაგვიდო მათი სიხარულით გადატანაც. ახლა კი განსაჯეთ, რაოდენ შევესაბამებით ქრისტეანის წმიდა სახელს, როგორ ვეწინააღმდეგებით მაცხოვრის მცნებებს, თუკი ამქვეყნიურ ჭირვებათა გამო სულვმოკლეობთ და უფლისა მიმართ ვდრტვინავთ. არა! ჭირვებათა სიმძიმე ან საკუთარი უძლურება კი არ იწვევს სულმოკლეობასა და დრტვინვას, არამედ ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება წუთისოფლის განცხრომისა და კეთილდღეობისადმი.

განა შეუძლია ადამიანს, ვინც მთელი გულით მიდრეკილია ამქვეყნიური სიამისა და განცხრომისკენ, დიდსულოვნად გადაიტანოს ყოველგვარი ჭირი და უბედურება? ცხადია, არა! რაში წარმოუდგენიათ წუთისოფლის მოყვარულთ საკუთარი ბედნიერება? - სიმდიდრეში, პატივმოყვარეობაში, ჯანმრთელობაში, განცხრომასა და წუთისოფლის სიამეების მოუკლებლობაში. ამ ხილულ სიკეთეებს არის მიჯაჭვული მათი გული, ამ წამიერი განცხრომისკენ არის მიდრეკილი მათი გონება.

მაგრამ, რადგან ხილული სიკეთენი მრავალგვარია და განცხრომაც მრავალფეროვანი, ხოლო ადამიანის სურვილი გაუმაძღარია, მიწიერი განცხრომის მეძიებელს, ყოველთვის ახალ-ახალი მოსურვებანი აღძრავს და ვერ ხვდება, რომ ახალ სიამოვნებათა ძიების ამგვარი დაუოკებელი წყურვილი ახალ-ახალი უბედურებების, სნეულებებისა და ტანჯვის მომტანი ხდება. მიწიერი, წარმავალი სიკეთეების ძიებაში ადამიანს მრავალი წინაღობა ხვდება და წუთისოფლის მოყვარულის სულს ძლიერ აშფოთებს: აქედან მოდის მისი სულმოკლეობაც და საკუთარი ბედის წყევლაც.

მაგრამ ასე როდია კაცი, ვინც წუთისოფლის სიამეებსა და ნეტარებას ჭეშმარიტი ქრისტეანული რწმენის თვალთახედვით აფასებს. ის არ სულმოკლეობს და არ დრტვინავს ღმერთის მიმართ, და თუკი ღმერთი ართმევს მიწიერ სიკეთეთ და ღმრთით დაშვებული განსაცდელი მოიწევა, თავს მოციქულის სიტყვით ინუგეშებს: "რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად" (ებრ. 11:13). ამიტომაც ამქვეყნიური სიკეთეებით ისე სარგებლობს, თითქოსდა არც ჰქონოდა და "ამ ქვეყნით მოსარგებლენი არიან როგორც მოზარალენი, ვინაიდან საწუთროს ხატი წარმავალია" (შეად. 1 კორ. 7:29-40).

სწორედ იმიტომ ვერ სძლევენ ქრისტეანს წარმავალი ჭირვებანი და უბედურებანი, იმიტომაც ვერ აგდებენ მას სულმოკლეობასა და დრტვინვაში, რომ მათ იციან წუთისოფლის მერყეობა და წარმავლობა; და თუკი ამქვეყნიური სიკეთენით მაინც ხარობენ, ღმერთს მადლობენ და როცა კარგავენ სიამეებს, დრტვინვასა და სასოწარკვეთას არ ეძლევიან, რამეთუ უწყიან - მიწიერი ბედნიერება არამდგრადია. მტკიცედ იტანენ ისინი ყოველგვარ ტანჯვას, რადგან ახსოვთ, რომ ამქვეყნად მოვლენილნი მწირნი არიან, ხოლო იმქვეყნად მოთმინების გვირგვინი და მარადიული ნეტარება ელოდებათ.

apocalypse.ge



ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ქრისტეანი სულით არასოდეს დაეცემა, ყოველთვის მშვიდადაა და ყოველგვარი განსაცდელი უხარია. მაგალითისთვის შევხედოთ წმ. მოციქულ პავლეს ცხოვრებას: არ ყოფილა განსაცდელი მას რომ არ გადაეტანოს, მას არ განეცადოს; არ ყოფილა საფრთხე ის რომ არ ჩავარდნილიყო და მაინც, იშვებდა და ხარობდა მისი სული და ყოველი განსაცდელისთვის ღმერთს მადლობდა. მაგრამ, ვინც ისეა მიჯაჭვული მიწიერ სიამეებს, რომ მათთან განშორება ვერც კი წარმოუდგენია, ბუნებრივად სულმოკლეა და ღმერთზე დრტვინავს, როდესაც ამქვეყნიურ სიამეებს მოაკლდება. არადა, არ უწყის, რომ ამგვარი სულმოკლეობის მიზეზი თვითონაა, რადგან არც იცოდა როგორ გამოეყენებინა ის, რაც გააჩნდა.

და ბოლოს, სულმოკლეობისა და ღმერთზე დრტვინვის უმთავრესი მიზეზი ღმრთისადმი არასათანადო რწმენა და მისი განგებულებისადმი არაჯეროვანი სასოებაა. ჭეშმარიტ ქრისტეანს სწამს, რომ ყოველივე რაც ჩვენს თავზე ხდება, საღმრთო განგებულებით ხდება; რომ ღმრთის ნების გარეშე ადამიანს თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება; და თუ ღმერთი მას ჭირსა და განსაცდელს უგზავნის, სჯერა, რომ ამგვარი უბედურება მას ან საკუთარი ცოდვების გამო ან კიდევ, ღმრთისადმი მისი სიყვარულის გამოსაცდელად ევლინება. ამიტომაც, ჭეშმარიტი ქრისტეანი განსაცდელის ჟამს კი არ დრტვინავს, არამედ ემორჩილება ღმრთის განგებას და მადლობს, რომ ამგვარი განსაცდელი მოუვლინა: "კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი" (ფსალმ. 118:71).

მაგრამ კაცი, ვისაც ღმრთის განგებულების მიმართ ამგვარი რწმენა არ გააჩნია და საკუთარ ტანჯვასა და განსაცდელს უბრალო შემთხვევის გამოვლენად მიიჩნევს, ბუნებრივად სულმოკლეობაში ვარდება და იწყებს საკუთარი ბედის წყევლას, რამეთუ მან არც მიზეზი იცის თავისი ჭირვებისა და არც მიზანი...

ამრიგად, ჭირვებათა სიდიდე ან ჩვენი ძალების უძლურება კი არ არის ღმრთისადმი დრტვინვისა და სასოწარკვეთის მიზეზი, არამედ წუთისოფლის სიამეთადმი ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება; ამქვეყნიური სიკეთეების გონივრულად სარგებლობის უუნარობა, ღმრთისა და მისი განგებულებისადმი ურწმუნოება. - აი, ჩვენი სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზები, როდესაც ჭირი და განსაცდელი გვევლინება!

მაშ, აღვიჭურვოთ, ძმანო, მოთმინებით და ღმრთისადმი სასოებით დავითმინოთ ყოველგვარი გაჭირვება.


Комментариев нет:

Отправить комментарий