суббота, 12 апреля 2014 г.

ბოროტება და ცოდვა სამყაროში - პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

ბოროტება და უბედურებანი


ჩვენს სასაუბრო ენაში ბოროტება ორი სახის მოვლენას ეწოდება. ხშირად ამ სიტყვაში იგულისხმება საერთოდ ყველაფერი, რაც უბედურებისა და ტანჯვის წყაროა. მეორე, უფრო ზუსტი და პირდაპირი გაგებით, ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.

ფიზიკური სამყაროს უბედურებები, მაგალითაც, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა, ცხადია, თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. სამყაროს საერთო სისტემაში ისინი აღიქმებიან ისე, როგორც ფერწერაში ნათელ საღებავებზე ლაქის დანახვა, ან საამო ბგერათა წყობაში უხეში ხმების გაგონება და სხვა. - ასე წარმოიდგენდნენ ამ მოვლენებს წმიდა მამები (ნეტარი ავგუსტინე და გრიგოლ ღვთისმეტყველი). შეუძლებელია უარყო, რომ სტიქიური მოვლენები ხშირად მგრძნობიარე ქმნილებათა და ადამიანთა უბედურებისა თუ მწუხარების მიზეზი ხდება, მაგრამ გვმართებს კეთილკრძალულებითი გრძნობით მოვიხაროთ ქედი სამყაროს ყოვლადბრძნული მოწყობის წინაშე, სადაც ბრმა სტიქიურ ძალთა და ორგანულ ქმნილებათა უსასრულოდ მრავალფეროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო და ყოველ წამს ურთიერთშეჯახებული მისწრაფებანი თანხმდებიან, ჰარმონიაში მოდიან და სამყაროს უწყვეტი განახლებისა და განვითარების წყაროდ იქცევიან.


მწუხარება და ცოდვა


უსიამოვნო, პირქუში მხარეები ჩვენი ადამიანური ცხოვრების მხიარულ მომენტებს გარკვეულწილად უფრო მძაფრად აღქმადსა და ძვირფასს ხდის. მაგრამ თავად საღვთო წერილი გვეუბნება, რომ მძიმე ტანჯვა და სნეულება არ უნდა მივიჩნიოთ სრულიად კანონიერ და ბუნებრივ მოვლენებად, ისინი უფრო ნორმიდან გადახვევას წარმოადგენენ. ზნეობაში ბოროტების გაჩენით დაიწყო კაცთა მოდგმის ტანჯვა - იგი ჩვენს ცხოვრებაში შემოსული ცოდვის შედეგია. ამას ადასტურებს ბიბლიის პირველივე გვერდები: „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი“ (შესაქ. 3,16) - ეს სიტყვები ევასთვის იყო განკუთვნილი, მისი დაცემის შემდგომ; ადამს კი ღმერთმა უთხრა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა“ (შესაქ. 3,17). მწუხარება მოევლინა ადამიანებს, როგორც მათი დასჯის, შეგონებისა და გამოსწორების საშუალება. წმ. ბასილი დიდის გამოთქმით, ტანჯვა და სიკვდილი „აღკვეთს ცოდვათა გაღრმავებას“. საღვთო წერილი მრავალ მაგალითს გვთავაზობს მწუხარებისა და ცოდვის, როგორც მიზეზსა და შედეგს შორის ურთიერთკავშირის გააზრებისთვის. „მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი“ (ფს. 3,12), „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაჲთა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“ (ფს. 118,71). თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სნეულებათა და მწუხარებათა მიზეზნი უმრავლეს შემთხვევაში. თავად ადამიანები არიან. ფიზიკურ კეთილდღეობას გამოდევნებულნი იქმნიან თავიანთი არსებობისთვის ხელოვნურ, არანორმალურ პირობებს, სასტიკ ორთაბრძოლაში ერთვებიან რაღაც დემონური განწყობის, სიამაყის, შურისგებისა და სიავის გამო.

როგორც საღვთო წერილი გვასწავლის, ზნეობრივი ბოროტების შედეგი ადამიანიდან ცხოველთა სამყაროსა და ყველა ქმნილებაზე ვრცელდება. „უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე, - წერს პავლე მოციქული და განმარტავს, - რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან იგი დაამორჩილა, სასოებით, რამეთუ თჳი იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა“ (რომ. 8,20-22).


ზნეობრივი ბოროტების არსი


წმიდა მამების მითითებით, ბოროტებას არ გააჩნია არსი, მას ღვთის მიერ შექმნილი ელემენტებისა და სამყაროს ძალთა მსგავსი ნამდვილი, დამოუკიდებელი მყოფობა არ ახასიათებს. იგი არის მხოლოდ ცოცხალ არსებათა მიდრეკა შემოქმედის მიერ დადგენილი მდგომარეობის საპირისპირო მხარეს. ამიტომაც. ბოროტების მიზეზი ღმერთი კი არა, თავად ის არსებები არიან, რომლებმაც თავი აარიდეს თავიანთი ნების შეთანხმებას საღვთო ნებასთან. ბოროტება არის ღვთის ნების, მისი მცნებებისა და ადამიანის სინდისში ჩაწერილი ზნეობრივი კანონების დარღვევა. ამ დარღვევას ცოდვა ეწოდება. ბოროტების წარმოშობა მაინც საიდან წარმოიშვა ზნეობრივი ბოროტება? ღმერთმა სამყარო სუფთა, სრულყოფილი და ბოროტებისგან თავისუფალი შექმნა. საღვთო წერილის მიხედვით, ბოროტება სამყაროში შემოვიდა დაცემის შედეგად, რომელიც ჯერ უსხეულო სულთა სამყაროში, შემდეგ კი კაცთა მოდგმაში აღმოცენდა და მთელს ცოცხალ ბუნებაზე აისახა.


orthodoxy.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий