вторник, 15 апреля 2014 г.

გლობალიზაცია და გლობალურობა - გეორგი მანძარიდისი

1. გლობალიზაცია


გლობალიზაცია – ეს მრავალგზის რთული მოვლენაა, რომელიც თავს სხვა და სხვა ხარისხზე იჩენს. ბევრი მას ეკონომიკას უკავშირებს. ეს გონიერია, რამეთუ ეკონომიკურ დონეზე, განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ დონეზე, გლობალიზაციამ უკვე მსწრაფლ განვითარებას მიაღწია. მეტიც, ეკონომიკას “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან შეუძლია მისცეს მათ და უზრუნველყოს მათი ბატონობა დედამიწაზე, რომელიც ჩვენს დროში მსოფლიო ძლიერებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, გლობალიზაცია არ წარმოადგენს ოდენ, ან უპირატესად ეკონომიკურ მოვლენას, არამედ კაცთა ცხოვრების ყველა ხარისხზე ვრცელდება: პოლიტიკურზე, ზნეობრივზე, საზოგადოებრივზე, მეცნიერულზე, კულტურულზე, სარწმუნოებრივზე, სულიერზე. არაა ძნელი დარწმუნდეთ, რომ ეკონომიკურ დონეზე გლობალიზაცია შესაბამისი სულიერი და კულტურული მუშაობითაა მომზადებული, და შედეგად, დაკავშირებულია მის მომზადებასთან.

იმ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც გლობალიზაცია წარმატებას აღწევს ჩვენს დროში, წარმოადგენს ტექნოლოგია. თანამედროვეობის ინფორმაციულმა საშუალებებმა, ინტერნეტის ჩათვლით, მოგვცეს კაცთა ცხოვრების ახალი მოდელები. მათ შესაძლებელი გახადეს ცვალებადი და გაურკვეველი საზოგადოების არსებობა, რომელსაც საკუთარი თავის მხარდაჭერა სივრცული შეზღუდვების იქით შეუძლია მხოლოდ დროის სვლისადმი ყურადღების მიქცევით. ეს საზოგადოება ერთგანზომილებიანიც კი არაა, ის ზოგადადაა მოკლებული განზომილებიანობას. რამეთუ არანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სხვა მოვლენა შეუძლებელია განხორციელდეს გარკვეულ დროში, თუკი იგი არ იმყოფება კონკრეტულ ადგილას. გლობალიზაცია ხორციელდება ადამიანთა მეშვეობით, რომელნიც გამოდიან ერთმანეთთან კავშირზე, მაგრამ მეტი არაფრით არიან დაკავშირებულნი.

ეს განზომილებას მოკლებული საზოგადოებაა, რომელსაც, არ გააჩნია რა გარკვეული ალაგი, ძალმოსილებით ვრცელდება მთელს მსოფლიოში და შეუძლებელია განიხილებოდეს, როგორც “უტოპიური” (ბერძ: ადგილს მოკლებული). მაგრამ ეს “უტოპიური” საზოგადოება იმდენად ნამდვილია თავის განხორციელებასა და შედეგებში, რომ არა მარტო გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოებაზე, არამედ აიძულებს კიდეც, გარკვეულ კონკრეტულ ადგილებზე მოსახლეთ გადაეწყვნენ და ორიენტირები შეიცვალონ თავისი მითითებების ქვეშ. ასე მაგალითად, ეკონომიკა, რომელიც ტრანსნაციონალური და ბირჟის სპეკულიანტების მოქმედებებით შენდება განზომილების არმქონე მსოფლიო საზოგადოების სახით, წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკების, თუ მრავალეროვნული საზოგადოებებით შედგენილი სახელმწიფოებისათვის დამანგრეველს. ნიშანდობლივია, რომ თვით ეკონომიკა ფინანსური ეკონომიკის დონემდე დადის და უკვე არ გააჩნია მწარმოებლური შემადგენლობა, არამედ ოდენ ფულადი, ანუ გამოგონებული თუ უფრო მართებულად რომ ითქვას, ქიმერული სახისაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკა შეიძლება თავისთვის ირჩევდეს ხელშემწყობი განვითარების ზღვრებს და ამ სახით, მსოფლიოს კონკრეტულ ქვეყნებში გამორჩევითად ხორციელდებოდეს და მოქმედებდეს. ამგვარად, მას გააჩნია ხელშემწყობი ფაქტორების ექსპლუატირების შესაძლებლობა და შეუძლია რჩებოდეს მსოფლიოს იმ საყოველთაო დეზორგანიზაციისა და გართულებებისადმი ინდიფერენტულად, რომელთაც იგი იწვევს. ამ ჭრილში არაა რთული გლობალიზაციის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის ამოცნობა.

გარემოს უწყალო ექსპლუატაცია ჩვენს ხანაში ხორციელდება ძალადობითა და სისტემატიურად ძლიერების მიერ, რომელნიც გულცივნი არიან გარესამყაროსადმი, ხოლო მისდევენ უცაბედ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა მომგებიანობას. საგულისხმოა, რომ ჩიხში შევიდა გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი სამივე მსოფლიო კონგრესი: რიო დე ჟანეიროში (1992), კიოტოში (1997), ჰააგაში (2000) იმიტომ, რომ ა.შ.შ, კანადა და იაპონიამ უარი თქვეს შეეზღუდათ მავნე ნივთიერებების გავრცელება.

გლობალიზაციის ანალოგიური სიმპტომები შეინიშნება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში: ძალადობის ინტერნაციონალიზაცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავების ზრდა, სუსტად განვითარებული ქვეყნების ექსპლუატაცია, უკმაყოფილოთა განადგურება, რამაც წარმოუდგენელ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თანამედროვე საზოგადოების ადამიანთა არაკეთილმოსურნეობაც გარკვეულწილად გლობალიზაციის მოვლენასთანაა დაკავშირებული.

იმავდროულად ფინანსური ეკონომიკის თავისთავადი განვითარება რყვნის მწარმოებლურ ეკონომიკას და ხელს უშლის მის განვითარებას. მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მკვდარ ფინანსებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე მწარმოებლურნი, როგორც შრომა, აბსურდია. ეკლესიის წმინდა მამები ყველაზე ძლიერ მოქმედი საშუალებებით მუდამ ანადგურებდნენ ფულით დაავადების სენს, სიტყვებით ილაშქრებდნენ სესხების წინააღმდეგ, რასაც ისინი ბუნების საწინააღმდეგოდ და არაადამიანურად მიიჩნევდნენ. ბასილი დიდი, პროცენტებით შემოსავლების ანტიბუნებრივი ხასიათის ხაზგასმისას, აღნიშნავს, რომ ყოველი ნივთი, რომელთათვისაც დამახასიათებელია ზრდა, წყვეტენ გამრავლებას, როდესაც თავიანთ ნორმალურ ზომას აღწევენ მაშინ, როცა პროცენტები დროის სვლასთან ერთად უსაზღვროდ იზრდებიან. ეს დაკვირვება განსაკუთრებულად დროულია ჩვენს ეპოქაში, როცა წარმოების განვითარებამ თავის ზღვარს მიაღწია.

მაგრამ გლობალიზაცია არ ვრცელდება საზოგადოების მხოლოდ ოფიციალურ ცხოვრებაზე, არამედ იჭრება ინდივიდუალური და ოჯახური ყოფიერების ყოველ გამოვლინებაში, როგორც თვითონ ადამიანურ პიროვნების შიგნით, მოაქვს რა ანგარების გამანაგურებელი სული. რა თქმა უნდა, ეს სული წარსულშიც არსებობდა. მაგრამ ჩვენს დროში მან მსოფლიო და ურყევი ბატონობა მიიღო. დღეს ყველაფერი ფულამდე დადის. მამულიშვილობა, სარწმუნოება, სინდისი, ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია, ან სჭირდება, ფულით გამოითვლება და ფულით იყიდება. მომხვეჭელობის სული ზნეობრივად ასუსტებს ადამიანს და გარეგანი განვითარების პასიურ მატარებლად ქმნის. მაშინ ყოველი ზნეობრიობა მთავრდება.

ზნეობრიობა ხომ მუდამ აისახება სულის დინამიკაზე. ზნეობრიობა არსებობის ხარისხიდან კეთილმოქმედების სიმაღლეზე ასვლას წარმოადგენს. არსებობასა და ყოფიერებას შორის განსხვავება არა რაოდენობრივია, არამედ ხარისხობრივი. ხოლო როდესაც ყოველი ხარისხი რაოდენობრივადაა წარმოდგენილი და ფულადი შესაბამისობითაა შეფასებული, მაშინ იქ ადგილი არ აქვს ეთიკას. კეთილმოქმედება ნაძალადევად დაიყვანება არსებობის დონემდე, თავს უხრის მიწიერებას და სულის დინამიკა სრულიად ირყვნება. ერთადერთ გამოსავლად ადამიანს რაოდენობრივი ცვლილებებისა და ფულის მსახურება რჩება. ამიტომ, არ იქნება გადაჭარბებული ფულის ბაცილაზე საუბარი, რომელიმაც მიიღო მსოფლიო ეპიდემიის-გლობალიზაციის ფორმა და ანადგურებს თვით ადამიანურ პიროვნულობას.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომ პავლე მოციქული სხვა და სხვა ცოდვილი მდგომარეობის ჩამოთვლისას, როგორიცაა სიძვა, ზნეობრივი უწმინდურობა, ვნება და ბოროტი გულისთქმა, მომხვეჭელობაზე ჩერდება, ახასიათებს რა მას როგორც კერპთაყვანისმცემლობას. ეს ნიშნავს, რომ ვერცხლისმოყვარე (ფულისმოყვარე – კ.ვ.) ადამიანი წყვეტს ღმერთთან ურთიერთობას და ხდება ფულის მონა. ამგვარად, ფული ღებულობს რაღაცნაირ ზებუნებრივ განზომილებას; ის ცრუღმერთი მამონა ხდება, რომელიც ებრძვის ღმერთს, შთანთქავს ადამიანს და მიჰყავს იგი უზნეობისკენ.

გლობალიზაციის ასეთი გამოვლინება უცებ არ გაჩენილა, არამედ დიდი ხნის წინ მზადდებოდა. გლობალიზაციის პროცესმა სისტემატიური ხასიათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო, როდესაც გაბატონდა ეკონომიკური განვითარების იდეოლოგემა. ეს იდეოლოგემა ოფიციალურად 1948 წელს იქნა შემოთავაზებული ა.შ.შ-ის პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის (“ტრუმენის დოქტრინა”. შდრ. “მარშალის გეგმა”) და ეგრეთ წოდებული მთელი “თავისუფალი მსოფლიოს” ძირითად იდეად გადაიქცა. ადამიანებმა ირწმუნეს იგი, მიიჩნიეს უზენაეს ბედნიერებად და საკუთარი თავი მის მსახურებაში დააყენეს. ამგვარად, ადამიანები გამომყენებელ მანქანებად გადაიქცნენ, დაკარგეს თავიანთი შინაგანი სამყარო, დაავიწყდათ საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები და თავისუფლება მომხმარებლობასა და გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას გაუთანაბრეს.

მაგრამ ეკონომიკურ განვითარებას თავისი სამანები გააჩნია. როდესაც ეს ზღვარი ირღვევა, ჩნდებიან არასასურველი შედეგები. ეს ახლანდელ ეკოლოგიურ კრიზისშიც აისახა. რაც უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯებოდა ფინანსურ ოპერაციების საზღვრების გასაფართოებლად ეკონომიკური განვითარების გზით, კრიზისი მით უფრო გაღრმავდა და ეს სხვა სფეროებსაც შეეხო. კაცთა თანამედროვე ცხოვრების ყველა დონის ავადმყოფური მდგომარეობა მიუთითებს ამ კრიზისის არსებობას თვით ისტორიულ ყოფიერებაში.

სოციალისტური სისტემის კრახისა და სამომხმარებლო საზოგადოების მტრის წინაშე შიშის გაქრობის შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში აღმოცენდა იდეოლოგიური სიცარიელე, რომელიც ბუნებრივია, რაღაცით უნდა ამოივსოს. და მისი ამოვსება ხდება გლობალიზაციით. ამჟამად, ადამიანი მოწოდებულია ან შევიდეს, ან უფრორე “თავისი თავი ჩართოს” გაურკვეველ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც თავისი ყოვლისმომცველობის გამო გამორიცხავს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ადამიანის გაუცხოებას. თუმცა, საცნაურია, რომ საზოგადოებრივი ანალიტიკოსები ზოგადად ვერ ამჩნევენ ამ სიკეთეს. და მომეტებული სიხშირით გაისმის იმათი ხმები, ვინც დარწმუნებულნი არიან, რომ კრიზისი ადამიანის ცხოვრების ხასიათს შეეხება: ადამიანმა დაკარგა იდენტურობა და არ შეუძლია ნორმალურად იქნას აღქმული საზოგადოების მიერ. კაცთა ერთობამ ისეთი განვითარების საფეხურს მიაღწია, რომ ყოველი ტრადიციული განსხვავება დაყვანილ იქნა ერთ სტანდარტამდე და ამგვარად ჩამოყალიბდა ახალი ადამიანი, რომლისთვისაც არაფერია სიწმინდე დაა წმინდა.

მეორეს მხრივ, ერებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეხებიან გლობალიზაციას, რადგან უკვე გაეცნენ მანამდე მსგავსი ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიას, მოინდომეს ეროვნულ სახელმწიფოებრიობასთან და თავიანთი არსებობის კულტურულ თავისებურებებთან დაბრუნება. ამგვარად, მანამდე სოციალისტურ ბანაკს მიკუთვნებულ ქვეყნებში, როგორც დედამიწის სხვა ისტორიულად მგრძნობიარე რეგიონებში, შეინიშნება ნაციონალიზმისა და რასიზმის მძლავრი გაცოცხლება, რასაც ყველაზე მეტად აქეზებენ და გამოიმუშავებენ საკუთარ ინტერესებისთვის ისინი, ვინც “როგორც მიიჩნევა, უკვე კარგა ხნის წინ გასცდნენ მსგავსი ტიპის პრიმიტიულ მისწრაფებებს”.

რა თქმა უნდა, გლობალიზაციას დადებითი მხარეებიც გააჩნია, რომელთა შეუმჩნევლობაც არ შეიძლება. როგორც ადამიანების ორმხრივი დაახლოების გამაადვილებელი ფაქტორი, იგი განასახიერებს ადამიანური ბუნების სიღრმისეულ მისწრაფებას. ამ თვალთახედვიდან, გლობალიზაცია არა ოდენ მისაღებია,ა რამედ აუცილებელიცაა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ეროვნული, სოციალური და სხვა ადამიანური განსხვავებები, წარმოადგენენ დაცემული ადამიანის არსებობის პირობებს, რომლებიც დაძლეულ იქნებიან. თავისი იდეალურ არსებობაში კაცობრიობა აღმოჩნდება ამ განსხვავებებს მიღმა: “არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ”(გალ. 3.28).

მაგრამ ეს მდგომარეობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ კაცთა სულიერ დონეზე გაერთიანების შემთხვევაში. ქრისტიანობა, სწორედ, ამას მისდევს. ხოლო განსხვავებულობათა წაშლა უფრო მაღალ სულიერ ხარისხზე ასვლის ერთდრუოულობის გარეშე პირიქით, ადამიანთა ერთობას მხოლოდ შლის და საზოგადოებაზე დამანგრეველად მოქმედებს. კომუნისტურმა ინტერნაციონალიზმმა ეს საქმეზე დაამტკიცა. ჩვენს დროში მსგავსი რამ ხდება გლობალიზაციაში. თუმცა, ეროვნული სახელმწიფოები სუსტდებიან და შინაგანად იშლებიან, ვერანაირად ხდება უფრო მაღალ დონეზე გარკვეული ზეეროვნული ერთობის შექმნა. ასე სუსტდება კაცთა საზოგადოების წყობადობა, რომლის სამართავადაც შემოთავაზებულია მსოფლიო ჟანდარმის უფლებამოსილებით აღჭურვილი გლობალიზებული ძალაუფლება.

ამ მსოფლიო მმართველობის ჩამოსაყალიბებლად და მხარდასაჭერად ყველაზე ძლიერ საშუალებებს მასობრივი ინფორმაციების საშუალებები წარმოადგენენ. რამეთუ ისინი კრებენ, ამუშავებენ და მთელს მსოფლიოს სთავაზობენ ცნობებს. ამგვარად მთელი კაცობრიობა ერთიანი ეზო, ერთიანი მოედანი ხდება, და შესაძლებელია მისი ნებისამებრ დაფარული სახით კონტროლირება და მიმართულების მიცემა. ხელოვნება, მეცნიერება და ტექნიკა იგივე პროცესს ემსახურებიან. ეკონომიკის გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიო მასშტაბით “ძლიერთა” კონტროლსა და ამ კონტროლის თავს მოხვევას, როგორც სოციალური ცხოვრების უმთავრესი შემადგენელისას. ასე რომ, ძალაუფლების გლობალიზაცია და ძალის ტექნიკური გამოყენება ნამდვილს ხდიან მსოფლიო ბატონობას.

მაგრამ თვალთმაქცობა, რომელსაც დღეს ეწევა გლობალიზაცია, თავისთავად შთამბეჭდავია. წარსულში არსებობდნენ განსაზღვრული ფუნდამენტალური ზნეობრივი და რელიგიური პრინციპები, რომლებიც განაპირობებდნენ გარკვეულ წონასწორობას. და თუნდაც, ეს პრინციპები “ძლიერთა უფლების” მხრივ ზეწოლას განიცდიდნენ, არ კარგავდნენ თავიანთ მნიშვნელობას. მაგრამ ახლა საქმეთა მდინარება განსხვავებულია. თვალთმაქცობას დეზინფორმაციისათვის საკუთარ ხელში აქვს მოქცეული მთელი ძალაუფლება, რათა დაამახინჯოს ყოველი ფაქტი და განახორციელოს ნებისმიერი არაადამიანური და უსამართლო ჩანაფიქრი, ეფარება რა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ჰუმანიტარული აქცია” და “ადამიანისადმი სიყვარული”. არცთუ დიდი ხნის წინანდელი მაგალითი – იუგოსლავიის დაბომბვა, რომელიც თითქოს მისი მოსახლეობის “გასათავისუფლებლად” იწარმოებოდა. ერთადერთი ანალოგი ევროპის ისტორიიდან – ესაა “ქრისტიანული” დასავლეთის მიერ გამართული ჯვაროსნული ლაშქრობები წმინდა ადგილების გასათავისუფლებლად, რომლებიც იმთავითვე ძარცვა-ტაცევით გამოვლინდა. და ორივე დასახელებულ შემთხვევაში “ქრისტიანული დასავლეთის” შეჭრის მსხვერპლი მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ერები აღმოჩნდნენ, რაც ისტორიის განმეორებითობაზე მიანიშნებს.

დამახასიათებელია, რომ კაცთა ფართო კავშირებსა და სტრუქტურებში გაერთიანება, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და ნატო და რომელნიც, ლოგიკურად, გლობალიზაციის განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ, ოდენ მომხვეჭელობით დაკავებულთა დიადი გეგმების დეტალებს წარმოადგენენ.

დღეს ადამიანი სახლიდან გაუსვლელად უკავშირდება მთელს მსოფლიოს. მაგრამ იგი მაინც ძლიერთა ამა ქვეყნისათას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუნდაც თავის სახლში რჩებოდეს. ასე რომ, საყოველთაო ურთიერთობა არათუ არ ვითარდება, არამედ მისით საზოგადოების ყოველი ჯანსაღი ქსოვილი ნადგურდება, ხოლო მტკიცდება არაადამიანური მსოფლიო ძალაუფლება. საბოლოო ჯამში, გლობალიზაცია ხდება ქიმერა, რომელიც ძალაუფლებისათვის გამოკვეთილი, თუ ფარული მებრძოლების მიერ იკვებება, ვრცელდება და იმართება.

სრულიად ცხადია, რომ მსოფლიო საზოგადოებას ვერ დააფუძნებ კაცთა უნიფიცირებაზე, არამედ მათი, როგორც პიროვნებების ამაღლებაზე. ყოველი სხვაგვარი მცდელობა ადრე თუ გვიან მიდის არა მხოლოდ იმედების მსხვრევამდე, არამედ სოციალური ცხოვრების მტკივნეულ ანომალიებამდე. ადამიანთა საზოგადოება შეიძლება ნამდვილი იყოს მხოლოდ განსხვავებულთა საზოგადოებაში, როგორც მსოფლიო სულის მქონე განუმეორებელ პიროვნებათა საზოგადოებაში.


2. გლობალიზაცია და გლობალურობა


გლობალიზაცია და გლობალურობა (საყოველთაოობა) – ეს ერთი ფუძის მქონე, მაგრამ არსობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის სიტყვებია. პირველი სიტყვა ნაძალადევ გაერთიანებასა და უნიფიკაციას ნიშნავს მაშინ, როცა მეორე საკუთარი პიროვნულობის შენარჩუნების პირობებში სულიერ ერთიანობას აღნიშნავს. გლობალიზაცია აქრობს განსაკუთრებულ თვისებებს და პიროვნებებსა და საზოგადოებებს უფორმო მასად აქცევს მაშინ, როცა გლობალურობა პატივს სცემს პიროვნებათა და საზოგადოებების განსაკუთრებულობებს და ნერგავს ცხოვრებისეულ ჰარმონიასა და სისავსეს. ბოლოს, გლობალიზაცია ხდება ოდენ დინამიკა, რადგან მთლიანად დადის გარეგან მოღვაწეობამდე მაშინ, როცა გლობალურობა სტატიურია, რამეთუ თავის საქმიანობას უპირველესად ადამიანის შინაგან სამყაროსკენ მიმართავს.

თუკი გამოვიკვლევთ ისტორიულ მონაცემებს, მაშინ დავინახავთ, რომ რომის იმპერიიდან თანამედროვე ამერიკამდე მოყოლებული არსებობდა გლობალიზაციის არაერთი მცდელობა და არცთუ ცოტა ძალისხმევა იქნა დახარჯული ამ მიმართულებით. საუბარია მიზნებზე, რომელთა მიღწევას სხვა და სხვა გზით ცდილობდნენ ადამიანებზე დესპოტური ძალაუფლების დასამყარებლად. ეს ის “გლობალიზაციებია”, რომელთა განხორციელებასაც “ხალხებზე დაუფლების მსურველნი” ესწრაფვიან, იქნება ეს უხეში, თუ გაცილებით უფრო დახვეწილი და ელასტიური ძალა, და ბატონობა. დღეს გლობალიზაციის დამკვიდრება მიმდინარეობს მეთოდურად, უფრო სისტემატურად, უფრო უსახურად, უფრო ფარულად. მასობრივი ინფორმაციების მეთოდური საშუალებებისა და ეკონომიკაზე სისტემატიური გავლენის დახმარებით მიმდინარეობს ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც ჩაანაცვლებს ხალხს, სახელმწიფოებს, საზოგადოებებს და თვით პიროვნებებს, რამეთუ ყოველივე ეს ოდენ საფეხურები გახდებიან გლობალიზაციის მიერ საკუთარი მიზნების მისაღწევად. სარწმუნოების, ხელისუფლებათა სისტემების, ზნეობრივი ფასეულობებისა და კონკრეტულ პიროვნებათა ღირსების ერთადერთ შემფასებელ კრიტერიუმად გლობალიზაციისათვის ხდება ის, თუ რასაც მოაქვს სარგებელი ამა სოფლის ძლიერთა თვალსაზრისით. ამიტომ, გლობალიზაციის მოსალოდნელმა გამარჯვებამ შეიძლება გაანადგუროს ადამიანი, როგორც პიროვნება და ეს ისტორიისა და კულტურის დასასრულს ნიშნავს.

ჯერ კიდევ არაა გარკვეული, მიგვიყვანა თუ არა ჩვენი დროის ამ ყბადაღებულმა გლობალიზაციამ განადგურების ამ წერტილამდე, თუ არა. მაგრამ დღეს ის მაინც ცნობილია, რომ გლობალიზაცია არა მხოლოდ მეთოდურად და სხვა და სხვა მხრიდან ხორციელდება, არამედ უკვე პრაქტიკულად წარმოებს, რაზეც რეალური მონაცემები და მოკლედ გადმოცემული მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფენ.

ამ გლობალიზაციის მოწინააღმდეგეა ქრისტიანული გლობალურობა (საყოველთაოობა). იგი სხვა ადამიანების კატასტროფებისა და დამორჩილებისაგან კი არა, არამედ მხოლოდ ვნებებთან ბრძოლითა და ეგოცენტრიზმის განადგურებით ცდილობს სარგებლის მიღებას. მხოლოდ ასე თუ განხორციელდება “პატიება”, ანუ კაცთა გამოსწორება და საკაცობრიო ძმობის შემომოქმედება (მოღვაწება-კ.ვ.) ყოველ კონკრეტულ პიროვნებაში. სხვაგვარად შეუძლებელია კაცთა ნამდვილი ერთობა მათი ინდივიდუალური თვისებების გარეშე. საყოველთაოობა არ შენდება პიროვნულ თვისებათა უგულვებელყოფით, არამედ უფრო მაღალ სულიერ დონეზე-ყოველი ადამიანის ნააზრევის ურთიერთთანხვედრით.

ეს საფეხური ცხადადაა მოცემული ეკლესიის მიერ “ქრისტეში”, რამეთუ ეკლესიაში ნადგურდება ეგოცენტრიზმი და იკვეთება ყოველი ადამიანის საკაცობრიო პიროვნება თავისი განუმეორებელი თვისებებით. სანამ ადამიანები ეკლესიურობის ამ დონეზე არ ამაღლდებიან, მანამ არსებობენ ეროვნული და სხვა განსხვავებები. ისინი ინარჩუნებენ თავის შეფარდებით სარგებელს, რადგან ადგილობრივი ერთობების პრინციპად მოქმედებენ, თავიანთ განსაკუთრებულობებთან ერთად აკავშირებენ რა ადამიანებს ცალკეულ ერთიანობებად. ასე ყალიბდება კაცთა შეფარდებითი ერთობა დაცემულ მდგომარეობაში. ერთდროულად სულიერ სიმაღლეზე ასვლის გარეშე ამ განსხვავებულობებზე უარის თქმა ბუნებრივად ანადგურებს ადამიანთა ერთობას და საზოგადოებაზე დამშლელად მოქმედებს.

ქრისტიანული ღვთისმეტყველებიდან ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის დაცემისა და სრულყოფის გზები-ეს ომონიმური სიტყვებია და ორივე განღმრთობისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. მაგრამ პრაქტიკულად ისინი დიამეტრალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დაცემული ადამიანის გზა ადამიანურ ძალებს ემყარება, ანუ ეს თვითგაღმერთების გზაა მაშინ, როცა მეორე ღვთის წყალობაზეა დაფუძნებული და არის გზა მადლიანი განღმრთობისა. თვითგაღმერთების შემთხვევაში ადამიანი ცდილობს თვითონ გახდეს ღმერთი, ანუ ცდილობს (უზურპირებას) მიითვისოს და დაეუფლოს ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალებით მაშინ, როცა მადლმოცემულ განღმრთობისას კაცი საკუთარ თავში ღმერთს იღებს, რომელიც ყველაფერს ეუფლება და ამავდროულად, ყველას ანიჭებს ყოველივე იმას, რაც გააჩნია. თვითგაღმერთების დროს ადამიანი შორდება ღმერთს და მოყვასს მაშინ, როცა მომადლებული განღმრთობისას მასში ერთიანობა ნარჩუნდება, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცოცხლდება ერთარსებობა და წარმოიქნება ადამიანის ესქატოლოგიური ერთქმნა.

ამგვარად, ერთის მხრივ, ჩვენ ვფლობთ მსოფლიოობას, რომელიც წარმოიქმნება, როგორც ღვთიური ცხოვრების გათავისებისა და ადამიანის სრულყოფილების, როგორც ღვთის “სახედ და ხატად” ქმნილების ნაყოფი, ხოლო მეორეს მხრივ, გლობალიზაცია, რომელიც წარმოიქმნება ძალის, ბატონობისა და თვითგაღმერთებისადმი მისწრაფება.

გლობალურობა (საყოველთაოობა) ადამიანის ცხოვრებაში ზედმეტობას არ წარმოადგენს, მაგრამ იგი დაკავშირებულია მის ხსნასთან. იმ ბოროტებას, რომელიც საკუთარი თავის განღმრთობისათვის კაცი-ადამის მიერ იქნა ნაცადი, ხომ მსოფლიო მასშტაბი გააჩნია. ცოდვასაც საკაცობრიო ხასიათი გააჩნია და მისი შედეგებიც საყოველთაოა. მსოფლიო ხასიათისაა ასევე ის საშიშროებები, რომელნიც დაკავშირებულნი არიან გარემოს დაბინძურებასთან და კლიმატის შეცვლასთან ისევე, როგორც საკაცობრიოა გენური ინჟინერიისა, თუ ატომურ ენერგიის ბოროტი გამოყენებით გამოწვეული საფრთხეები. ამიტომ, ადამიანი მართლაც გადარჩება მაშინ, როცა იმარჯვებს ცოდვის ყოველ გამოვლინებაზე: მაშინ იგი ანადგურებს საკაცობრიო მღელვარებასა და დაშლას.

საბოლოო ჯამში, ადამიანის ეს ხსნა მისი ერთობისა და კათოლიკურობის (საყოველთაოობის-კ.ვ.) აღდგენას წარმოადგენს. სანამ კაცი, როგორც პიროვნება, ან როგორც კაცობრიობა ამჩნევს საკუთარ რღვევებსა და წინააღმდეგობებს, იგი მართლაც გადარჩება. რამეთუ იგი არ ირეკლავს პირველხატის სიწმინდეს, რომელიც არის ღმერთი. ღვთის “სახედ და ხატად” ყოფნა არა მხოლოდ მხოლოდ თითოეულ ადამიანს, არამედ მთელს კაცობრიობასაც ესადაგება. ყოველი კონკრეტული ადამიანის ხსნასა, თუ საყოველთაოობაშია ჩადებული მთელი სამყაროს ხსნა და საყოველთაოობა. ადამიანი გადარჩება მაშინ, როდესაც საყოველთაო ხდება, როცა როგორც ქმნილება, ხდება ღვთის ხატის მატარებელი ერთი მთლიანობა. და სამყაროს ხსნა მაშინ ხდება, როდესაც იძენს მსოფლიო ადამიანებს, ანუ ადამიანებს, რომელთაც აღიდგინეს ღვთის “სახება და ხატება”.

ქრისტიანული საყოველთაოობას ესქატოლოგიური ხასიათი გააჩნია, რადგან მთლიანობაში შეიძლება განხორციელდეს ოდენ სამყაროს დასასრულს, ღვთის სასუფეველში. მაგრამ ეს სამყაროს დასასრული ღვთის განკაცების შემდეგ უკვე დროში არსებობს: ღვთის სასუფეველი ეკლესიის მეშვეობით უკვე ისტორიის შიგნით მოქმედებს. ესაა სწორედ ის სიახლე, რაც ქრისტეს ისტორიაში მოვლინებამ მოიტანა. ესაა ის სიახლე, რომელიც დროსა და სივრცეში შემოიტანა მარადიულმა და ხელითუქმნელმა ღმერთმა. და ამ შეუდარებელ სიახლეში ადამიანთა წინაშე ცნაურდებიან მისი სიცოცხლის განმაახლებელი უსაზღვრო თვალსაწიერები.

ასეთი განახლება მიმდინარეობს არა მეტაფიზიკურ სფეროში, არამედ მსოფლიოსა და ისტორიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროსა და ისტორიაში არსებული ყოველივე შესაძლებელია და უნდა მიღებულ-გამოყენებული იქნას მორწმუნეთა მიერ. ამ თვალთახედვიდან არაა საჭირო გლობალიზაციის ყოველი დადებითი მხარის უარყოფა, არამედ მივიღოთ და გამოვიყენოთ ქრისტიანული გლობალურობის “შეცნობისა და კეთილგანხილვისათვის”.

მართალია, ნებისმიერ ეპოქაში არცთუ ბევრს შეუძლია ამ გლობალურ ცხოვრებასთან მიახლოება. მაგრამ ასეთ ადამიანთა მნიშვნელობა განსაკუთრებით წონადია როგორც მათ გარშემომყოფთათვის, ასევე საერთოდ, მთელი მსოფლიოსთვის. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა გაკვალულ იქნას გზა, რომელზეც მთელს საზოგადოებას შეუძლია წინსვლა, გლობალურობის მიმართულებით. რამეთუ როგორ შეიძლება გლობალურობის განხორციელება, თუკი პიროვნებები და საზოგადოებები არ ვლიან ამ მიმართულებით? როგორ შეიძლება განხორციელდეს ადამიანთა შემოქმედებითი დაახლოება, თუკი არ გააჩნიათ თვითიდენტურობა და საკუთარი პიროვნების შემოქმედებისკენ სწრაფვა? ეკლესია ყოველ ადამიანს ღვთის “ხატად და მსგავსად” შექმნილად მიიჩნევს და ღირსეულ აღიქვამს ადამიანთა ტრადიციებსა და კულტურებს, როგორც მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის მხარეებს. ამადაც, იგი უფრთხილდება ყოველგვარ განსხვავებულობას და საზღვრულობას და თავისი ნაირგვარობით საკუთარ წიაღში იღებს ყველა ადამიანსა და ერს.

ეკლესიაში შესვლისა და მის საიდუმლოებებში მონაწილეობით ადამიანი ახალი შესაქმისა და ხელთუქმნელი ცხოვრების თანამონაწილე ხდება: იგი სულიერი ადამიანი ხდება. ხელთუქმნელი ღვთიური ენერგია ადამიანური ცხოვრების ონტოლოგიურ ელემენტს წარმოადგენს. მაგრამ ამ ახალი ონტოლოგიის განხორციელება არ ხდება ავტომატურად, ან მაგიურად, არამედ პირადი ინიციატივისა და პირადი პასუხისმგებლობის მიხედვით, ეკლესიის შიდადაურღვეველ სხეულში, ვნებებისა და ცოდვის წინააღმდეგ მიმართულ მტკივნეულ მოღვაწეობით. ეს ბრძოლა არაა მიმართული ქრისტიანისაგან მისი ბუნების, ან ისტორიდან მოსაცილებლად, არამედ რათა მას შეეძლოს ხელთუქმნელი ცხოვრების საკუთარი ქმნილი ბუნებისა და ისტორიის შიგნით დამკვიდრება.

გლობალურობის წინაპირობა ეგოიზმის განადგურებაა, რომელიც რყვნის ადამიანს და ამახინჯებს მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეგოიზმი ადამიანს ღმერთისა და მოყვასისაგან აშორებს. ამიტომ, მსოფლიოს ჭეშმარიტი ერთიანობა, მსოფლიოობა, შეუძლებელია ეგოიზმის ძლევის გარეშე. ამას მოწმობს მსოფლიო ისტორიაც, რომელიც ძველაღთქმისეული ადამის ეგოისტური ჩანაფიქრიდან იწყება. პირიქით, ახალი ადამს, ქრისტეს, რომელიც წარმოადგენს კიდეც მორწმუნეთა ერთიანობისა და საყოველთაოობის ბალავარსა და სახეს, სამყაროში შემოაქვს თავმდაბლობის იდეა.

ჭეშმარიტი გლობალურობა მხოლოდ მსოფლიო კაცთა მიერ მიიღწევა, რომელთაც კენოტიკურად (თვით დამდაბლება) და თავმდაბლურ პატიებით მიიახლოვეს საკუთარ თავთან მთელი მსოფლიო, ერთ მთლიანობად ქმნილი ერთარსი კაცობრიობა. ძველად ეს ჭეშმარიტება უცნაური შეიძლება ყოფილიყო. რამეთუ როგორ შეუძლია კონკრეტულ ადამიანს გახდეს მსოფლიო და რატომ შემოქმედებს კაცობრიობა მსოფლიო კაცებით? მაგრამ დღეს თვით ბიოლოგიაც კი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სხეული დამოკიდებულია ცალკეულ უჯრედზე, თითოეული, რომელიც საკუთარ თავში მთელი ორგანიზმის შესახებ ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას. ასე რომ, უჯრედები ყოველ სხეულში ერთარსნი არიან ერთმანეთისადმიც და მთელი ორგანიზმისადმიც. ეს არ ქმნის რომელიმე უჯრედს იდენტურს, არ უშლის ხელს მათ ნაირგვარობას და სხეულის კიდურების უსასრულო მრავალგვარობის ჩამოყალიბებას. ორგანიზმის ნაწილების ყოველი უჯრედი ერთი ტიპისაა, მაგრამ ისინი განსხვავდებიან, ქმნიან რა განუყოფელი სხეულის წყობასა და ერთიანობას.

როგორც ადამიანური, ასევე ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი, წარმოიქმნება უჯრედებისაგან, ყოველი მათგანი საკუთარ თავში პოტენციურად შეიცავს რა მთლს ორგანიზმს. ასე კაცობრიობაც, რათა მიაღწიოს ორგანულ ერთობას, საყოველთაოობას, საჭიროებს ადამიანებს, რომელთა შორის ყოველი საკუთარ თავში სიყვარულის ძალით დაიტევს მთელს ადამის მოდგმას.

მსოფლიოობა ერთდროულად პირად და საზოგადოებრივ საფეხურებზე იქმნება დედამიწაზე: მორწმუნე პიროვნებებზე და ინსტიტუტში. სულიწმინდის მადლი, რომელიც თავის ერთგულს ქრისტეს საყოველთაოობას უზიარებს, ეკლესიაში იმყოფება. ეკლესიია ფარგლებს გარეთ პიროვნებას არ ძალუძს დააგროვოს და შეინარჩუნოს მადლი. მაგრამ რათა ეკლესიის მცნებები პიროვნებას მადლის შესანახად ეხმარებოდნენ, თვით იგი უნდა ეფუძნებოდეს მადლს. როცა ეკლესია განეშორება ამ ბალავარს და წუთისოფელს ემორჩილება, მაშინ ცხადია, რომ ამგვარად ამა თუ იმ ხარისხში იგი თავს წევრებს წუთისოფლის მსხვერპლად ქმნის. მაშინ ეს მადლი კარგავს თავის სულიერ შინაარსს და ადვილად შეიძლება გახდეს გლობალიზაციის დასაყრდენი.

ქრისტიანული საყოველთაობის წყობის განხორციელება შესაძლებელია მსოფლიოში, თუკი გადაბრუნდება ყოფიერების საზოგადოებრივი პირამიდა და მიბრუნდება გადმობრუნებული პირამიდის მწვერვალისაკენ, ვინც არის ქრისტე. “თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური” (მარკ. 10.42-43). ყოველი ადამიანი და მთელი სამყარო, თავისუფალი აღქმისა და ქრისტეს იდეის გათავისების შესაბამისად ქრისტიანული საყოველთაოობის მონაწილე ხდება. თავმდაბლობასა და სიყვარულში, რომელიც ერთი მედლის ორი მხარეა, ადამიანის მოქმედება საკაცობრიოა და ხდება კიდეც მსოფლიო ადამიანი.

მაშასადამე, ქრისტიანული საყოველთაოობა არ მიიღწევა ზებუნებრივ, თუ ზეისტორიულ განზომილებებში, არამედ ადამიანისა და ისტორიის შიგნით, და ხორციელდება ღვაწლითა და მსხვერპლით. თავმდაბლობისა და თვითშეზღუდვის გზით, ყოფიერების გადმობრუნებული პირამიდის მწვერვალისკენ სწრაფვაში ადამიანი და მისი სიცოცხლე მთლიანად ეხსნებიან ხელთუქმნელ ცხოვრებასა და ღვთის სასუფეველს. ადამიანის პიროვნება ხდება საკაცობრიო და საყოველთაოა მისი განცდა არა ოდენ კონკრეტული ალაგის განზომილებაში, არამედ დროშიც, რამეთუ თანაუგრძნობს ყოველივეს და ლოცულობს მთელი სამყაროსა და ყოველი ქმნილებისათვის არა მხოლოდ თავისი არსებობის მოცემულ მომენტში, არამედ მთელს მის ისტორიულ პერსპექტივაში.
ამ საფუძვლისა და პერსპექტივების იქით მსოფლიოს გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა ადრე თუ გვიან, ცხადად თუ ფარულად, დესპოტურ ხასიათს იღებს და გლობალიზაციად იქცევა. თავის მხრივ, სამყაროში გამოვლინების შესაბამისად, აერთიანებს ადამიანებს და შლის მათ სულიერ და კულტურულ განუმეორებლობას. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ის, რომ ჩვენს დღეებში გლობალიზაცია უფრო და უფრო მზარდია.

გლობალიზაციის ეს მზარდი ტემპი თავისთავად შესაძლებელია არც ატარებდა სასიკვდილო საფრთხეს ისტორიისა და კულტურისადმი. თუმცაღა, სამწუხაროდ, აჩქარება ბევრ სფეროში მიმდინარეობს. მრავალი მაჩვენებელი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ანუ არა მხოლოდ ისინი, არამედ იზრდება თვითონ ცვლილებების რიტმიც. შესაბამისად, სახეზეა აჩქარების ფიზიკური პროცესი.
ცნობილია მრუდები, რომელნიც აღწერენ, წლების განმავლობაში თუ როგორ იცვლება მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურა. ასევე, ცნობილნი არიან გარემოს დაბინძურების აღმწერი მრუდები, ენერგეტიკული რესურსების გამოყენება, უწყვეტი აჩქარების სხვა მრუდები. აი, ამ მრუდებს ერთნაირი ფორმა აქვთ: თავიდან ისინი ჰორიზონტალურად მიემართებიან, მაგრამ წლებთან ერთად მუდამ ზევით მიიწევენ, ასე რომ ჩვენს დღეებში ისინი დაუდგრომლად ვერტიკალურნი ხდებიან.

ყველაზე მეტად ეს ფინანსურ ეკონომიკაში ჩანს, რომელიც, როგორც მითითებულია უშუალოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და სტიმულს აძლევს მას, ჩვენ შეგვიძლია უამრავი უცნაური მოვლენა შევამჩნიოთ, განსაკუთრებით არცთუ შორეულ წარსულში. მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი მაჩვენებელი, ნიუ იორკის დოუ-ჯონსის საფონდო ბირჟის ინდექსი (საქმიანი აქტიურობის ინდექსი) 1900-2000 წლებს შორის პერიოდში ასევე მრუდითაა აღწერილი და უწყვეტად იცვლის დახრილობის კუთხეს, ახლა კი თითქმის ვერტიკალურად მოძრაობს.

რას ნიშნავს მოძრაობის ასეთი მიმართულება? სხვას არაფერს, თუ არა სწრაფ დაცემას. ვერცერთი სისტემა ვერ შეძლებს უსაზღვრო აჩქარებას. ადრე თუ გვიან, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების თანაფარდობა ამოიწურება და სისტემა დაინგრევა. ფინანსური ბაზრის ყველა მერყეობა უფრო და უფრო მზარდი ამპლიტუდის მიხედვით აჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა ეს მომენტი. ასეთ მრუდს ატომურ რეაქტორში არსებული ტემპერატურის ზრდა რომ ეჩვენებინა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელს უბედურების მანიშნებელი სიგნალი უნდა მოეცა, რათა ადამიანებს მიდამო მიეტოვებინათ მანამ, სანამ შეძლებენ. თუკი მანომეტრი აჩვენებს, რომ გემის ორთქლის ქვაბში წნევა უწყვეტად იზრდება, მაშინ კაპიტანმა უნდა გასცეს გემის დატოვების ბრძანება. და როგორი ბრძანება მოგვივა ჩვენ დღეს? ვინაა ეს კაპიტანი, ვინც მას გასცემს? და ვინ უნდა გაიგოს ეს მითითება?

ალბათ, საჭიროა გლობალიზაციის სისტემის დასატოვებელი ბრძანების გაცემა. შესაძლოა, გამოჩნდება მამაცი კაპიტანი: ვინმე მსოფლიო კაცი, ან თანამედროვე გლობალიზაციის რომელიმე მშენებელი. ყოველ შემთხვევაში, ეს გაფრთხილება ადამიანის პიროვნებამ უნდა გაიგოს. რადგან მასში შემოქმედებს საყოველთაოობა ისევე, როგორც მასში შემოქმედებს არაადამიანური გლობალიზაცია. თუკი მსოფლიო ბაცილის საწინააღმდეგო მოძრაობა არ იქნა, თუკი პიროვნება არ შეეწინააღმდეგება მომხვეჭელობის დამანგრეველ სულსა და ძალაუფლების დატაცებას, მაშინ უპიროვნო სისტემა გაანადგურებს ადამიანის პიროვნებას და საზოგადოებრივ ცხოვრებას. შეზღუდვებზე უარისმთქმელი გლობალიზაციის უტოპიური საზოგადოება გაანადგურებს კაცთა კონკრეტულ და ნამდვილ საზოგადოებას ისევე, როგორც გარემოს, რომელშიც იგი ცხოვრობს და მოძრაობს.


3. იესო ქრისტე-მსოფლიო პიროვნება



რაც უფრო დღითი დღე ვრცელდება გლობალიზაცია, მით უფრო დროულია არსებითის გაგება ქრისტეს პიროვნებაში – მისი მსოფლიოობა (გლობალურობა). და ეს არსებითი თვისება ძალიან შესამჩნევი მიტომ კი არაა, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ჩვენი დღეების გლობალიზაციასთან, არამედ იმ სასოწარკვეთის გამოც, რომელშიც აგდებს კაცს თანამედროვე გლობალიზაცია და ამით ქრისტეს ჭეშმარიტი მსოფლიოობა უფრო სასურველი ხდება.

ქრისტე ეს ახალი კაცი და ახალი ადამია. იგი კურნავს იმ კატასტროფას, რომელიც კაცთა მოდგმაში ადამის დაცემით იქნა გამოწვეული. თუკი პირველ ადამს ეგოისტური მიზანი ამოძრავებდა და თავისი დანაშაულის სხვისთვის გადატანას ცდილობდა, მეორე ადამი, ქრისტე თავმდაბლობის კენოტიკური აზრით მოქმედებდა და საკუთარ თავზე დაიდო ყველას ბრალი. ეს იდეა ქრისტიანულ ცხოვრებას მიმართულებას აძლევს და შემოქმედებს ქრისტიანულ საყოველთაოობას. ამ აზრის გათავისებით ადამიანი უკუაგდებს ამპარტავნულ სურვილს (ლუციფერი), მიაღწიოს თვითგაღმერთებასა და ყველაზე ბატონობას, და იწყებს ცხოვრებას კაცობრიობასთან და მსოფლიოს ჭეშმარიტებასთან ერთარსობით.

ქრისტესთან ერთად სამყაროში გამოჩნდა სიმართლე ღმერთის, ადამიანისა და საზოგადოების შესახებ. გამოგვეცხადა ჭეშმარიტება სამება ღმერთის შესახებ, რომლის “სახედ და მსგავსადაა” შექმნილი კაცი, როგორც პიროვნება და საზოგადოება. ღვთის მსგავსად შექმნილი კაცობრიობა პოულობს თავის არსებით შემადგენლობას, როდესაც თანამონაწილეა თავისი სამეობრივი პირველხატის ცხოვრებისა და ენერგიის.

ამგვარად, ყოველი ადამიანი იღებს საკუთარი პიროვნების შემადგენლობას, ეზიარება რა ღვთის ენერგიასა და ცხოვრებას, რომლის სახესაც თვითონ წარმოადგენს.

ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული კაცი საკუთარ ჰიპოსტასში მოიცავს ერთიან ღმერთკაცობრივ ყოფიერებას. და ცვლილება, რომელიც წარმოებს ქრისტეს პიროვნებაში, არა მხოლოდ საკაცობრიოა, არამედ ავსებს მთელს ყოფიერებას: “და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა” (კოლ. 1.20).

როგორც კაცი, ქრისტე ფლობს სავსე კაცობრივ ბუნებას ყველა ბუნებრივი მახასიათებლით. ეს ჭეშმარიტება საგანგებოდაა აღნიშნული და ხაზგასმული ეკლესიის დოგმატიკურ სწავლებაში. სხვა და სხვა მწვალებლობები, რომლების უარყოფენ ქრისტეს კაცობრივი ბუნების სიმრთელეს, ისევე მკაცრად იქნენ უარყოფილნი ეკლესიის მიერ, როგორც ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უკუმგდები ერესები.
ჩვენი დროის გაამსოფლიურებული ადამიანი, შეიძლება ითქვას “გაშუალედებული” ქრისტიანი, ქრისტეს კაცობრივი ბუნების ირგვლივ დოგმატიკური განხილვებსა და კამათებს ზედმეტად და ოდენ ცნობისმოყვარეობის გამომწვევად თვლის. მართლაც, რა აზრია იმაში, ქრისტეს გააჩნდა სრული კაცობრივი ბუნება, თუ არა? განა არაა საკმარისი განაცხადო, რომ იგი იყო ღმერთკაცი, რომელიც ქვეყნიერებას სახსნელად მოევლინა?

მაგრამ საქმეზე ყველაფერი არცთუ ისე იოლია, როგორც ეს საშუალო ადამიანს მიაჩნია. ჩვენს წიგნში ჩვენ არ შეგვიძლია ამ დოგმატური საკითხის შინაარსის ამომწურავი ანალიზის მოცემა. მაგრამ შევეცადოთ გარკვეულწილად მაინც მივუახლოვდეთ ამ საკითხს მსოფლიოობის თვალთახედვიდან.

ქრისტეს სრული კაცობრივი ბუნება რომ არ ჰქონოდა, მის ჰიპოსტასს რომ ჰკლებოდა კაცობრივი სული, ან კაცობრივი გონება, ან კაცობრივი ქმედება, ან კაცობრივი ნება, რასაც ზოგჯერ სხვა და სხვა ერეტიკოსი იჩემებდა, მაშინ იგი არ იქნებოდა სრული კაცი. მაშინ იგი არც მსოფლიო კაცი იქნებოდა. კაცის განახლება შეუძლებელია რაიმე უპიროვნო ნიადაგზე, არამედ ქრისტეს პიროვნებაში: “რამეთუ ქრისტემ განაახლა ბუნება თავის ჰიპოსტასში” (ისააკ სირიელი). რაც ქრისტეს პიროვნებაში არაა მიღებული, ის არც განახლებულია. დაეკლესია, რომელიც არის ქრისტეს სხეული, საკუთარ წიაღში მთელი კაცობრიობის დამტევია.

ძველბერძნულ სამყაროში კაცი აღიქმებოდა, როგორც “პატარა სამყარო” (ბერძ. “მიკროკოსმოსი”). მაგრამ ეკლესიაში კაცი უფრო მაღალ საფეხურზე ადის. აქ კაცი უკვე ცნაურდება, როგორც “დიდი სამყარო მცირეში”. კაცის ეს დიდებულება ცხადდება ქრისტეში, რომელიც არის “ყოველი საგნის საზომი, ღვთიურისა და კაცობრივის” (არქიმანდრიტი სოფრონიუსი, სახაროვი). ქრისტეს პიროვნებაში იქმნება და ახლდება მთელი შესაქმე. ქმნილი იხსნება უქმნელში და ადამიანი ღვთაებრივი ცხოვრების მოზიარე ხდება.

ქრისტე, როგორც ახალი ადამი, იტევს “ადამის მთელ მოდგმას” (παγγενη τον Αδαμ), განიცდის მას, მსხვერპლად სწირავს თავს და სიკვდილის მეშვეობით სიცოცხლისკენ მიჰყავს იგი. იგი არ გაურბის სიკვდილს, არამედ ამარცხებს მას საკუთარი ღვთიურობით, რათა აღდგომის მოწილე ქმნას ადამიანი. ამგვარად, იგი გადის ადამიანური ცხოვრების ყველა საფეხურს. იგი ცხოვრობს, ჩადის ჯოჯოხეთში, რათა შეხვდეს იქ ადამის ყველა ნაშიერს. და ქრისტეს აღდგომა არაა ოდენ მარტივი ინდივიდუალური მოვლენა, არამედ ადამიანური ბუნების აღდგომაა. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლურ გადმოცემაში ქრისტეს აღდგომა გამოისახება მისი ჩასვლით ჯოჯოხეთში და იქიდან პირველქმნილ ადამიანთა ამოყვანით. და შესაბამის ხატზე ჩვეულებისამებრ იწერება არა “ქრისტეს აღდგომა”, არამედ უბრალოდ “აღდგომა”, რადგან იგი არის კიდეც კაცთა აღდგომა.

ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვას ადამიანის ხსნა, მაგრამ ხშირად არ გაგვაჩნია წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს იგი. კაცის ხსნა სინამდვილეში არის მისი სიმრთელის აღდგენა. და ეს აღდგენა ორსაფეხურიანია: ბუნებისა და პიროვნების დონეზე. თუკი კაცობრივი ერთობის აღდგენა არ ხდება კაცობრივი ბუნების საფუძველზე, მაშინ შეუძლებელია ადამიანის, როგორც პიროვნების სიმრთელის აღდგენაც.

ქრისტე-კაცთა მხსნელი, რადგან მან იხსნა ადამიანური ბუნება, მიიღო რა იგი საკუთრ ღვთაებრივ ჰიპოსტასში. იგი თვითონ გახდა საყოველთაო და აღადგინა კაცობრივი ბუნების სიმრთელე. მან ამ სიმრთელეს მიანიჭა ურყევი საფუძველი და მარადიული პერსპექტივა, რადგან მან იგი საკუთარ ღმერთკაცულ ჰიპოსტასში განახორციელა. მით უმეტეს, ქრისტე პირადადაც ერწყმის ყოველ საკაცობრიოს “შეერია რა თვითონ პირადი წმინდა სხეულის ზიარებით” (გრიგოლ პალამა) და მიანიჭა რა თითოეულს მრთელი ღმერთკაცობრივი ყოფიერება. ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება წმინდა სულის შთაგონებით (παρουσια).

მაგრამ კაცის ცხოვრებაში არაფერი არ აღესრულება კაცის მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ ღვთის ნებით. ადამიანის ხსნა და მისი პიროვნების ღმერთკაცობრივ ყოფიერებაში ჩართვა ადამიანის თავისუფალ ნებასა და თანამოღვაწეობას (συνεργασια του) ითვალისწინებს. ეს თანამშრომლობა ბუნებრივია, რომ ყალიბდება გარკვეული წინასწარგამიზვნით. და რადგანაც მიზანი, რომლისადმიც ადამიანია მოწოდებული, არის ადამიანობაზე ამაღლება, ანუ ღვთაებრიობამდე მიწვდენა, შესაბამისად თანამოღვაწება ადამიანურ საფეხურს უნდა აღემატოს. ამიტომ ღვთის მცნებების შესრულების ზღვარი, რომელშიც აღინიშნება თავისუფალი თანხმობა და ადამიანის საკუთარი თავის ხსნისათვის თანამოღვაწება, მხოლოდ სიკვდილია.

როგორც კაცი, ქრისტე არის სრული კაცის პირველხატი. ქრისტიანი მოწოდებულია საკუთარი ცხოვრებით მიბაძოს ქრისტეს ცხოვრებას. იგი მოწოდებულია გაითავისოს და განიცადოს მსოფლიო ტრაგედიის ტკივილი, რათა აღიქვას მსოფლისთან შემრიგებლური მსახურება (διακονια). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანი არ უნდა ჩაიკეტოს რაიმე სახის თვითკმარობაში, ან არ უნდა ჩათვალოს, რომ ქრისტეში ხსნა მხოლოდ მისი პირადი საქმეა.

სრულიად ნათელია, რომ ქრისტე არ იზღუდება ისტორიულ განზომილებაში მოვლინების დროითა და ადგილით, არამედ სულიწმინდაში განაგრძობს თავის მყოფობას და მოქმედებს სამყაროში ეკლესიისა და მორწმუნეთა მეშვეობით. ეკლესია, როგორც ღმერთკაცობრივი საზოგადოება, როგორც განღვთიურების შესაკრებელი, არის სამყაროს ონტოლოგიური ქმნადობის ალაგი. ესაა ადგილი, რომელშიც ადამიანები მოწოდებულები არიან, რათა რთმანეთს შორის ერთარსობა მოქმედი გახადონ, რათა მოიცვან ერთმანეთი სიყვარულით და გაერთიანდნენ წმინდა სამების მსგავსად. რათა იცნენ გლობალური კაცობრიობის საყოველთაო ჰიპოსტასებად.

ეკლესიას გააჩნია არა სტატიური, არამედ დინამიური ბუნება. იგი საზოგადოებრიობაში (εν κοινωνια) განხორციელებადი ახალი არსებობაა (το νεο γιγνεσθαι). ეკლესიის ყოველი წევრი, როგორც ქრისტეს სხეულის წევრი, მოიაზრება ქრისტეში ახალი კაცის დინამიური ცხოვრებით. იგი მადლითაა მოწოდებული გახდეს ქრისტე და საკუთარ ჰიპოსტასში ერთიანად მიიღოს კაცობრიობა. როგორც სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი აღნიშნავს: “ერთგულებმა უდნა დავინახოთ ყველა ერთგული, როგორც ერთიანი კაცი და ვიფიქროთ, რომ ქრისტე თითოეულ ჩვენთაგანშია”. თანამედროვე მოღვაწე ამბობს: “ქრისტესადმი მიყოლა ნიშნავს საკუთარ სინდისში ქრისტესთან გახსნას, რომელიც საკუთარ თავში მთლიან კაცობრიობას ატარებს: ერთიანი ხე, რომელიმე ფოთლის გამოუტოვებლად. თუკი ჩვენ ამ ცნობიერებას შევიძენთ, მაშინ ვილოცებთ როგორც ყველასთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც” (არქიმანდრიტი სოფრონიუსი). და ეს ლოცვა ის საშუალებაა, რომელსაც ჩვენ საყოველთაოობამდე მივყავართ.

ყოფიერების ჭეშმარიტება იბადება პიროვნულობაში და არა რაიმე უპიროვნო, თუ ზეპიროვნულ საწყისში. პიროვნების გარეთ და პირად ურთიერთობებში ყველაფერი იძირება არაარსში, “მოქმედ არყოფნაში” (არქიმანდრიტი სოფრონიუსი). კათოლოკურობა და მასთან ერთად მისი გარეგანი გამოხატულება-საყოველთაობა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს პიროვნებაში წარმოიქმნება, რომელშიც მყოფობს ყოფიერების სისავსე. და როგორც ქრისტეს პიროვნებაში არსებობს ყოფიერების სისავსე, ასევე ყოველი ადამიანის პიროვნებაში, რომელიც ემსგავსება ქრისტეს პიროვნებას, ეს სისავსე არსებობს განმეორებითა და მადლით. შესაბამისად, არსებობს საყოველთაოობაც.

ადამიანის გლობალურობა ჩნდება, როგორც მისი პიროვნების კათოლიკურობის გამოხატულება, ანუ როგორც მისი ჭეშმარიტი არსის-ქრისტეს ხატის გამოვლინება. გლობალიზაცია კი, პირიქით, ყველას ერთ სიბრტყეზე ასწორებს და უკარგავს სახეს, დაჰყავს ერთ დონესა და სტანდარტზე, ანადგურებს პიროვნებასა და უზღუდავს თავისუფლებას.

საყოველთაოობის ძიება, როგორც სისავსესა და კათოლიკურობაში მოძრაობა ადამიანის სწრაფვას ქმნის არსებითად. მაგრამ ამავე დროს, იგი ქრისტიანობის უმთავრესი სწრაფვაცაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ქრისტოლოგიურ სურვილს წარმოადგენს, რადგან მიმართულია ქრისტესადმი. და ეს ბუნებრივია, რადგან ქრისტე სრული კაცი და ადამიანის პირველხატია (το αρχετυπο). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ტერტულიანემ ბრძანა: “კაცის სული ბუნებით ქრისტიანი არისო” (anima naturaliterchristiana). ანუ ადამიანის ბუნება მთელი თავისი შემადგენლობით ქრისტემდე ადის. ამიტომ მისთვის ბუნებრივია მაცხოვრის ძიება. კაცობრივი გონება, სურვილი და მეხსიერება ქრისტეში ხდებიან ნამდვილად ფასეულნი. წმინდა ნიკოლოზ კავასილა აღნიშნავს, რომ ქრისტემ პირველმა და უკანასკნელმა ასახა ჭეშმარიტი და სრული კაცი თავის ზნეობით, თავის ცხოვრებით და ყველაფერ დანარჩენში.

ქრისტეს მოღვაწების ეს სურვილია არა მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი ხვდება ქრისტეს, არამედ იქაც, სადაც ადამიანს ჯერ ვერ მიუღწევია ამისათვის. ასეთი ქრისტიანული სურვილი მდგომარეობს სიბრძნის, ბედნიერების, თავისუფლების, სიყვარულის, საყოველთაოობის, უკვდავებისა და სხვათა ძიებაში, რაც ახარებს ადამიანს. ყველა ეს ძიება, რათა მათ არ მიგვიყვანონ იმედგაცრუება და სასოწარკვეთამდე, ქრისტეს საზომით უნდა იყვნენ გაზომილნი. იგია საკაცობრიო და მარადიული საზომი მთელი მსოფლიოსათვის. იგია ეტალონი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივმართოთ და გავმართოთ ჩვენი ძიებანი.

ძიება, რომელიც განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენს დროს, და რომელიც თანამედროვე ადამიანს გარკვეულწილად კატასტროფამდე მიყვანით ემუქრება, ესაა საყოველთაოობის ძიება. საერთო საჭიროებანი, საერთო სირთულეები, საერთო შიშები და საერთო იმედები დღეს ადამიანებს იმაზე მეტად აახლოებენ, ვიდრე რომელიმე წინათ არსებულ ეპოქაში. ამ ფენომენს ძლიერი ამა ქვეყნისანიც იყენებენ, რათა თავს პროპაგანდირება გაუწიონ და თავს მოგვახვიონ გლობალიზაცია. მაგრამ ეს ფენომენივე, ქრისტეთი გამოზომილი, მოწოდება გახდება ადამიანისათვის საყოველთაოობისა და მასში ცხოვრების მომცემი საკუთარი ბუნების ჭეშმარიტებისაკენ.

მაგრამ პრობლემა, რომელსაც ადამიანი მუდამ აწყდება, ესაა შეძლებისდაგვარად გავხდეთ მრთელი პიროვნებანი მსოფლიო და ერთიან კაცობრიობის ფარგლებში. როგორ ჩავიტიოთ ჩვენს გულებში სხვანი, როგორც ვიხარებდეთ სხვათა თანამყოფობით. ქრისტემ გასცა პასუხი ამ საკითხს. მაგრამ ადამიანი ჩვეულებისამებრ მოგზაურობს წუთისოფლურ ზღვაში და კარგავს იმ ბედნიერ წამს, რომელიც მას მიენიჭა. ამგვარად, ვერც ხვდება იმ ღირსებასა და ძალას, რომელიც თვითონ მასშია დაფარული.

წყარო: “Глобализация и глобальность” (Георгий Мандзаридис, профессор Фессалоникского университета им. Аристотеля, 2001)



http://targmani.wordpress.com/2012/08/19/გეორგი-მანძარიდისი-გლობ/

Комментариев нет:

Отправить комментарий