вторник, 27 мая 2014 г.

ადამიანური ცნობიერების ამაზე დიდი გაუკუღმართება, დამდაბლება და დაცემა არ არსებობს

  ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით დაემხო ბოროტის მეუფება ადამიანზე, ჯოჯოხეთი შეიმუსრა და სიკვდილი დაითრგუნა. აღსრულდა საღმრთო და ადამიანური ბუნების დიდი გამარჯვება კაცობრიობის მტერზე. ახლა ადამიანს პირადი ღვაწლითა და დამსახურებით შეუძლია ცათა სასუფევლის დამკვიდრება, რადგან "ცათა სასუფეველი იიძულების და ვინც იიძულებს, ის დაიმკვიდრებს მას".

მაგრამ ბოროტი ამით საბოლოოდ არ დამარცხებულა. მას წაერთვა ადამიანთა სულებით მანიპულირების მთავარი იარაღი. სამაგიეროდ, დარჩა ასპარეზი, რომელიც კაცის გულზე გადის - იმ გულისთქმებზე, ვნებებზე, უკეთურ საქმეებზე, რომლებიც ადამიანს ღმერთს განაშორებს. ბოროტი ჯერ კიდევ ბობოქრობს ჩვენს სულებზე, გვტაცებს ყურადღებას და გვავიწყებს მთავარ მიზანს - სასუფეველს.

ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომა არა მარტო ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაზე უარის თქმაა, რაც თავისთავად ტრაგედიაა, არამედ სატანის, მისი ანტიპოდის, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ქვეშევრდომობა და თაყვანისცემა. ერთია ქრისტიანული ეკლესიისგან განდგომა და სხვადასხვა დენომინაციაში გაერთიანება (გავიხსენოთ, რომ ღმერთი აერთიანებს, ბოროტი ყოფს) და მეორეა აშკარა, მიზანმიმართული აღიარება სატანისა, როგორც მეუფისა და მბრძანებლისა, მისი მორჩილება და თაყვანისცემა. ადამიანური ცნობიერების ამაზე დიდი გაუკუღმართება, დამდაბლება და დაცემა არ არსებობს.

სპეციალისტების შეფასებით, ევროპაში ოც მილიონამდე ადამიანი მისდევს ოკულტიზმს: სწამს ასტროლოგიის, რეინკარნაციის, კოსმოსური ენერგიის ან აშკარად აღიარებს სატანიზმს. მხოლოდ გერმანიის დასავლეთ რაიონებში 85 ათასი ჩამოყალიბებული სატანისტია. თანამედროვე ინგლისში რვა ათასი მოქმედი ჯადოქარია. ბრიტანელი ფსიქიატრების მონაცემებით, მხოლოდ ინგლისში სატანას ყოველწლიურად ოთხ ათას ბავშვს სწირავენ მსხვერპლად.

როგორ ითრევენ ბავშვებს სატანისტურ სექტებში? უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება პედოფილურ პორნოწრეებში, რომლებსაც სათავეში საკმაოდ გავლენიანი ადამიანები უდგანან. გასულ წელს ლონდონში გაასამართლეს რამდენიმე ასეთი მაღალჩინოსანი, რომელთა შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ლორდთა პალატისა და ანგლიკანური ეკლესიის წევრები იყვნენ.

ამ მხრივ არც საქართველოშია უკეთესი მდგომარეობა. აღარაფერს ვამბობთ რამდენიმე წლის წინანდელ ფაქტზე, როცა ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველთა აშკარად რიტუალური მხვერპლშეწირვის მოწმენი გახდნენ; საქმე ეხება სატანისტური ინფორმაციის მოზარდი თაობისთვის ადვილად ხელმისაწვდომობას. ბავშვების უმეტესობისთვის მაგია და ჯადოქრობა სულაც არ არის ეგზოტიკა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილები ყოველივე ამით არ დაინტერესდებიან. ზღაპრები, მულტფილმები თუ გარემო მაგიითა და სატანიზმით დაინტერესების თითქმის ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კი, თუნდაც მხოლოდ თბილისში, ყოველგვარი პირობაა შექმნილი. თავი დავანებოთ იმას, რომ დედაქალაქში რამდენიმე სატანისტური ორგანიზაცია ფუნქციონირებს; მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ის ზღვა მაგიური თუ ოკულტური ლიტერატურა, რომელიც დაუფარავად იყიდება თბილისის ქუჩებში, მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. მაგალითად, მეტროს ერთ-ერთი ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ წიგნების ბაზრობაზე ასეთ ლიტერატურას უშველებელი სტენდი ეთმობა. აქ მაგიის შესწავლის მსურველთათვის ერთობ მდიდარი არჩევანია. არსებობს "მაგია დამწყებთათვის" (არ აქვს მნიშვნელობა, რომელ "პროფილს" აირჩევთ - "თეთრსა" თუ "შავს"), "მაგიის საფუძვლები", "პრაქტიკული მაგია", "ჯადოები და შელოცვები" და ა.შ ამ წიგნებით მაგიის "აკადემიური" კურსის გავლაც კი შეიძლება. თანაც ყველა გამოცემა უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხისაა.

სატანისტური კულტები განსაკუთრებით აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და რუმინეთშია გავრცელებული. ჟურნალ "ნიუსუიკის" მონაცემებით, დაახლოებით სამი მილიონი ამერიკელი სატანისტური კულტებით არის გატაცებული.

"სატანიზმის ეკლესია" 1964 წელს დაფუძნდა. ის ცირკის ყოფილმა მსახიობმა ენტონი ლა ვიმ დააარსა. "სატანის ეკლესიამ" აშშ-ში ოფიციალური რეგისტრაციის პროცედურა გაიარა, მაგრამ 1990 წელს მას ჩამოერთვა ყველა საბაჟო შეღავათი, რომლითაც რელიგიური გაერთიანებები სარგებლობდნენ.

ყოფილ საბჭოთა კავშირში სატანისტური დაჯგუფებები 70-იან წლებში მოსკოვში, ლენინგრადსა და ოდესაში გამოჩნდნენ. თავიდან ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ, მერე კი სატანიზმი თანდათანობით საბჭოეთის ყველა დიდ ქალაქში გავრცელდა.

ყველაზე დიდი ჯგუფები საბჭოეთში უკვე 80-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ. გორბაჩოვის მმართველობის დროს არაფორმალურ ახალგაზრდულ წრეებში სატანიზმი თავისებურ მოდად იქცა. ჯგუფების რიცხვი დღემდე მატულობს. მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, თუმცა, ექსპერტების აზრით, ის ათი ათასს აღემატება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, სადღეისოდ მარტო მოსკოვში ოცამდე სატანისტური ორიენტაციის სექტა და 30-ზე მეტი სატანისტური დაჯგუფებაა, რომლებშიც ორი ათასზე მეტი წევრია გაერთიანებული.

სატანისტური სექტები ძალზე არიან გავრცელებულნი და აქტიურად მოღვაწეობენ ბელორუსიაში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში.

სატანისტური დაჯგუფებები ძირითადად მკაცრი, ხუთსაფეხურიანი იერარქიის პრინციპითაა ჩამოყალიბებული. ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს, საიდანაც სატანისტები ნეოფიტებს იბირებენ, ნარკომანები, ჰომოსექსუალები, მეძავები და სხვა მანკიერების მქონე ადამიანები ქმნიან. ეს ხალხი თავისი ცხოვრების წესით დაცემული ანგელოზის წისქვილზე ასხამს წყალს.

სახელი "სატანა" სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად ჟღერს: არაბულად - შაითან, ეგვიპტურად - სეტჰ, იაპონუ-რად - ო-იამა, სირიულად - ბეხერიტ, ვალიურად - პუვკა. ამის კვალობაზე, სატანისტურ კულტად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა ის დაჯგუფება, რომელიც თაყვანს სცემს სეტჰს, ბეხერიტს, შაითანს, პუვკასა და ო-იამას. ამის მაგალითია აშშ-ში საკმაოდ ცნობილი "სეტის ტაძარი", რომელსაც სათავეში უდგას აშშ-ის არმიის პოდპოლკოვნიკი მაიკლ აკინო და ეგვიპტეში ახლახან აღმოჩენილი სექტა "შაითანის მსახურები".

ამერიკის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რამდენიმე წლის წინანდელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკაში ყოველწლიურად 1,8 მილიონი ბავშვი იკარგება. ეს სტატისტიკა მართლაც რომ შემაშფოთებელია, მაგრამ სატანიზმი ასე ვერ გავრცელდებოდა, მჭიდროდ რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული როკის კონტრკულტურასა და ნარკოტიკებთან. როკ-მუსიკა, რომელიც 60-იან წლებში ჩაისახა და ელვის სისწრაფით გავრცელდა, ახალგაზრდების ფსიქიკაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. გამოკვლევები ამტკიცებს, რომ ცნობიერებასა და ქვეცნობიერებაზე ამ დამღუპველ გავლენაში მხოლოდ სპეციფიკურ ბგერებსა და სინათლის ეფექტებს კი არ მიუძღვის ბრალი, არამედ სიმღერების ტექსტებსაც, რომლებიც ახალგაზრდების მასობრივი "მოქცევისკენ" არის მიმართული და მათ ნარკომანებად, ჰომოსექსუალისტებად და სატანისტებად ქცევას ისახავს მიზნად.

სატანიზმის იდეოლოგი მრავალი ცნობილი ადამიანი და საზოგადო მოღვაწე გამხდარა. ასი წლის წინ ფრიდრიხ ნიცშემ თავის ნარკვევებში "ანტიქრისტე" და "დიონისეს ფილოსოფია" ადამიანს "მახინჯი და ავადმყოფი ცხოველი" უწოდა. "ჩვენ გვჯერა ოლიმპოსი და არა ჯვარცმულის, - წერდა ნიცშე, - სექსუალურობა, ნარკომანია - ცხოვრებისა და მისი ტირანული პირობებისადმი უდიდესი სიხარულით მიძღვნილი სამადლობელია - აი, ეს შეადგენს წარმართული კულტურის არსს. მე ძალის პესიმიზმს უმაღლეს კულტურად მივიჩნევ. ინდივიდს აღარ სჭირდება ბოროტების გამართლება. ის ტკბება ბოროტებით და სწორედ უაზრო ბოროტება ეჩვენება ყველაზე საინტერესოდ. თუკი ადრე ადამიანს სჭირდებოდა ღმერთი, ახლა მას ხიბლავს მსოფლიო წესრიგი ღმერთის გარეშე, შემთხვევითობის სამყარო, რომელშიც საშინელებათათვისაც და ცხოველური გამოვლინებებისთვისაც მოიძებნება ადგილი".

დაბოლოს, ოკულტიზმით გატაცებული ახალგაზრდების ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა - ფერისცვალების დღესასწაულზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 17 წლის ჭაბუკმა, რომელიც ოკულტიზმით იყო გატაცებული და შავი მაგიის წიგნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ტოტალიტარული სექტების მოღვაწეობას მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო კრძალავს. ტოტალიტარული სექტების უკიდურესი გამოვლინება კი სწორედ სატანისტური სექტები გახლავთ, რომელთა იდეოლოგია მიმართულია არა მარტო ბიბლიის ფუნდამენტური მცნებების (მაგალითად, ნაცვლად მცნებისა "თაყვანი ეცი მხოლოდ ღმერთს" - გვთავაზობენ მცნებას "თაყვანი ეცი სატანას", "არა კაც კლას" მაგივრად - "მოკალი და შესწირე სატანას", "არ იმრუშო" - გვასწავლის ბიბლია, სატანიზმი კი მრუშობისაკენ მოგვიწოდებს), არამედ ადამიანის, ოჯახის, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, ეს ყოველივე კი მასშტაბით სცდება მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლის ასპარეზს, აქ უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა მათი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და უსაფრთხოებას არაფერი დაემუქროს.


მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა 


karibche.ambebi.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий