пятница, 2 мая 2014 г.

გნოსტიციზმის ხრიკები.

ავტორი: პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი

გნოსტიკოსები ეს ის ჯგუფია, რომელიც დენ ბრაუნმა თავის "და ვინჩის კოდში" განადიდა. ვინ არიან ისინი?

პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი შეშფოთებულია ცენტრალურ ტელეარხებზე გნოსტიციზმის პროპაგანდირებისადმი მართლმადიდებელთა გულგრილობით: "დღეს საკმაოდ ნორმალურ ტელეარხებზე ფსევდო-მეცნიერულ სტილში მიმდინარეობს ღიად მასონური და ანტიქრისტეანული გადაცემა. "დოკუმენტური ფილმი "კაცობრიობის მითები" "ქრისტეანობა ქრისტემდე". ეს არის აპოკრიფებისა და გნოსტიციზმის ქება-დიდება. გადაცემა გადმოთარგმნილია ინგლისურიდან. ეს არის ბოდვა იმის შესახებ, თითქოსდა გნოსტიციზმი ეკლესიის შუამავლობის ავლით ღმერთთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა... ეს არის ღიად რასისტული სწავლებანი, სადაც განდობილი "პნევმატიკოსები" უბედურ "ფსიქიკებს" ხელმძღვანელობენ... - წერს მამა ანდრია თავის ბლოგში.

ვაქვეყნებთ პროტოდიაკვან ანდრია კურაევის ლექციათა ფრაგმენტებს, რომელიც გნოსტიციზმს ეძღვნება. ლექცია წაკითხულია დანილოვის მონასტერში 2011 წელს.

გნოსტიკოსები ის ჯგუფია, რომელსაც დენ ბრაუნი აქებ-ადიდებს თავის "და ვინჩის კოდში".რას წარმოადგენენ ეს ადამიანები? ეს არის ერთგვარი სინთეზი, შესაძლოა, თავისებურიც, მაგრამ ძალზედ ადამიანური გადასვლა წარმართობიდან ბიბლურ რელიგიაზე.


აქილადან სოკრატემდე
რა არის მათში წარმართობიდან და რა ბიბლიური რელიგიიდან?

წარმართობიდან მათში შემორჩა - მრავალღმერთობა, ღმერთ-სულთა სიმრავლე. წარმართობიდანაა - იდეა კოსმოსის შესახებ, მზერის მიპყრობა კოსმოსისადმი.

ანტიკური ბერძნულ-რომაული სამყაროსთვის კოსმოსი - ეს არის წესრიგი. სიტყვა "კოსმოსი" მომდინარეობს ზმნიდან "kosmeo" (კოსმეტიკაც აქედანაა - "სილამაზე") – "ვამშვენებ". სიტყვა "კოსმოსის" ანტონიმია - "ქაოსი" ზმნისგან haieo – "ვაღებ ხახას". კოსმოსსა და ქაოსს, თანამედროვე მეცნიერული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ექტოპრიასა და ენტროპიას შორის, - ომია გაჩაღებული. ანტიკური ადამიანი ტკბება კოსმოსით, თავს მის ნაწილად მიიჩნევს.

გარბიან საუკუნეები. ანტიკური კულტურა ხანგრძლივ გზას გადის. მას სხვადასხვა სახელი შეიძლება ვუწოდოთ. შესანიშნავი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი კასიდის მიხედვით ეს არის გზა "მითიდან ლოგოსამდე". შეიძლება სხვაგვარადაც: "მამაცობიდან სათნოებამდე", ან "აქილადან სოკრატემდე" - ასეც შეიძლება ვთქვათ.

აი, აქილა - მერე რა რომ ბევრი მას მხოლოდ ფილმ "ტროადან" იცნობს. ფილმ "ტროას" თითქმის არაფერი აკავშირებს ჰომეროსთან, მაგრამ აქილა იქ მეტნაკლებად რეალურია, ჰომერომსგავსია. აქილას სულ ფეხებზე ჰკიდია რისთვის იბრძვის. მისთვის მთავარი - მამაცობაა.

ხოლო სოკრატესთვის და იმისთვის, რასაც მან "ჩემი დემონი" უწოდა (ჩვენს კულტურაში ჩვენ ვიტყოდით: "ჩემი მფარველი ანგელოზი") - ეს უკვე სულ სხვა რამეა. ეს ის გზაა, რომლის გავლას დღეს ვერ ახერხებს მრავალი ჩრდილოკავკასიელი ყმაწვილი ჩვენს ქალაქებში - მამაცობიდან სათნოებამდე. სხვადასხვა ხალხები ამ გზას სხვადასხვა საუკუნეებში გადიან და ზოგჯერ ათასწლეულებსაც ანდომებენ.

წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სიკეთე: ეს საზოგადოებრივი რეგულირების მეთოდია თუ ჩემი შინაგანი არჩევანის საკითხია?

ასე მაგალითად, 30-იანი და 50-იანი წლების ჩვენი გარეწრები - ურბანიზაციის შედეგად კოლმეურნეობებიდან დიდ ქალაქებში ჩამოდიოდნენ და, მეგაპოლისში მიღებული ანონიმურობის გამო, მიიჩნევდნენ: "რადგან დედა და მამა ვერ გვხედავენ, შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, რაც კი მოგვესურვება". ასე იქცეოდა ზოგიერთი საბჭოთა ტურისტი უცხოეთში: პროფკომისგან შორს, პარიზის ქუჩებში თავს შეიძლება ყველაფრის უფლება მისცე.

ასევე მიიჩნევენ ჩვენი ჩრდილო-კავკასიელი თანამოქალაქენიც: თავიანთ აულებში ისინი სამაგალითო ახალგაზრდები არიან, ყველაფერს იცავენ, შარიათის ყველა კანონს, მაგრამ საკმარისია დიდ როსტოვში აღმოჩნდნენ, მოსკოვზე ხომ აღარაფერს ვამბობ, იფიქრონ: "მორჩა, სოფლის უხუცესნი ვერ გვხედავენ, ამიტომაც, აქ ურწმუნოთა მიმართ შეიძლება თავს ყველაფრის უფლება მივცეთ".

"ადამიანი, რომელიც კარგად იქცევა", ყოველთვის "კარგ ადამიანს" როდი ნიშნავს. უბრალოდ მას ჯერაც არ მისცემია საბაბი გამოავლინოს თავისი სიდამპლე.

აი ეს არის აქილას ფორმაციის ადამიანი.


ორი კოსმოსი და საკუთარი თავის ძიება ანტიკურ სამყაროში

რა ხდება შემდგომ ანტიკურ სამყაროში?

ჯერ მოდის ალექსანდრე მაკედონელი. ის სინამდვილეში არის ათენის ანუ სპარტას ოკუპანტი. ეს დღეს ამაყობენ ბერძნები ალექსანდრე მაკედონელით, თორემ მაშინ არც ისე მოხიბლულნი იყვნენ მისით.

მას ცვლის რომის იმპერია.

შედეგად, ამ ბერძნული პოლისების ნაცვლად, რომლებიც ესოდენ მყუდრონი იყვნენ, და პითაგორას თქმით, "ყველა საგანთა საზომს" წარმოადგენდნენ ("ადამიანი - ყველა საგანთა საზომია") - ანუ, ადამიანის ტოლფასი ამ მცირე სამყაროების ნაცვლად, სადაც ყოველი ადამიანს ამჩნევენ და ყველას ხმას ისმენენ, მოდის სხვა წყობის კოსმოსი - ცივი და უსულგულო, უზარმაზარი იმპერია.

აქ იცვლება ადამიანთა თვითშეგრძნება, და იბადება ის, რაც შეიძლება უფრო გვიანდელი კლასიკოსის სიტყვებით აღვწეროთ: "ცათამბჯენები, ცათამბჯენები, მე კი ასე პატარა ვარ".

სიტყვა "კოსმოსი" ლექსიკონში ნარჩუნდება, მაგრამ რადიკალურად იცვლის თავის შინაარსს. ახლა კოსმოსი-წესრიგი - ეს სახლის წესრიგი როდია. ეს არის ციხის წესრიგი. კანცელარიის წესრიგი. უცხო და უსულო მანქანის წესრიგი, რომელიც მზად არის თავზეც გადაგიაროს და შენი ბედიც გაქელოს... და ეს ერთ-ერთი სოციო-კულტურული მიზეზია, თუ რატომ იწყება ქრისტეს შობამდე II საუკუნეში, ანტიკურ კულტურაშივე სერიოზული დუღილი, ინდივიდუალურობის ძიება, კითხვა იმაზე, თუ რა არის ინდივიდუალური სიცოცხლის აზრი.

ჰომეროსის ეპოქის ბერძნისთვის პირადი უკვდავების პრობლემა არ დგას, მას ის არ აინტერესებს. მან იცის, რომ ის მოკვდავია, მაგრამ ისიც იცის, რომ თავის შთამომავლებში იცოცხლებს, როგორც საბჭოთა ადამიანი. ჩვენც ხომ იმით ვინუგეშებდით თავს, რომ ვაშენებთ კომუნიზმს საკუთარი შვილებისთვის, ამიტომაც ბიოლოგიურად უკვდავნი ვიყავით, სოციალ-კულტურულად უკვდავნი, ხოლო პირადი უკვდავება - საბჭოთა ადამიანისთვის არც ისე საინტერესო გახლდათ.

და აი, ახალი აღთქმის მიჯნაზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი საუკუნით ადრე, ანტიკურ სამყაროში (ეს ვლინდება, მაგალითად, ვირგილიუსის პოეზიაში) იწყება ნოსტალგია საკუთარი იდენტურობისადმი, პიროვნების უნიკალურობისადმი. ვინ ვარ მე?


ზეკოსმიური ღმერთი

ამ ტალღაზე, კერძოდ რელიგიურ სფეროში - ცხადია, თავიდან მხოლოდ ებრაელებში, - რადგან გნოსტიკოსები აქტიურად იყენებენ ბიბლიურ მასალას - იბადება ძალზედ საინტერესო უნიკალური რელიგიური ფენომენი - გნოსტიციზმი.

ის არის არაქრისტეანული, წმიდად ძველაღთქმისეული, სრულიად წარმართული მოვლენა. გნოსტიციზმის ძირითადი თეზისები შემდეგია:

1. რწმენა ზეკოსმიური ღმრთისადმი

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ანტიკურ კულტურაში ასეთი რამ არ ყოფილა. ეს ბიბლიური იდეაა: ღმერთი ბუნებაზე მაღლაა. არა როგორც "ღმერთია ბუნება" ან "ბუნებაა ღმერთი". ოლიმპიური ღმერთები - ესეც კოსმოსის ნაწილია, თუნდაც ყველაზე მაღალი და კეთილშობილი, მაგრამ ისინიც სამყაროს კანონებს ექვემდებარებიან.

ბიბლიის ღმერთი კი სამყაროსთან და კოსმოსთან ისეთ მიმართებაშია, როგორიც, მაგალითად მე შეიეძლება მქონდეს ჩემს წიგნთან. მე შევქმენი წიგნი. როდესაც მას წაიკითხავთ, რაღაცის თქმას შესძლებთ ჩემზე, მაგრამ ჩემი წიგნი და მე - ერთი და იგივე როდი ვართ. თუ ვინმემ ჩემს წიგნს გარეკანი აახია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყური ამახია. გარდა ამისა, ჩემი წიგნის გმირები რაღაც თავგადასავლებს განიცდიან - და სულაც არ არის სავალდებულო ეს ჩემი თავგადასავლები იყოს.

და რაც ყველაზე საინტერესოა: მე შემიძლია გადავწერო ჩემი წიგნი, მისი გამოშვების შემდეგაც კი.

ალბათ მრავალ თქვენთაგანს აქვს გამოცდილება დაეწერა საკუთარი საკურსო ნაშრომი მაინც, ან დიპლომი, ან სტატია, (უკიდურეს შემთხვევაში, ჰუმანიტარულ სფეროში მაინც), და აი, იმ დროს, როდესაც თხზულება უკვე დაწერილია, უცებ მოგინდათ შეცვალოთ ბოლო ფრაზა ან უკანასკნელი აბზაცის სათავეში გადატანა გინდათ.

ავტორს აქვს ამისი უფლება.

დე ავტორის უკანასკნელი სიტყვები გახდეს პირველი, და პირველი სიტყვები გახდეს უკანასკნელი. ავტორს ეს შეუძლია, იმიტომ რომ ის წიგნზე მაღლა დგას და თავისუფალია მისგან.

2. ადამიანი არაამქვეყნიურია

ეს ბიბლიური მტკიცებულება გნოსტიკოსებშიც არის.

მეორე ბიბლიური მტკიცება გნოსტიკოსებში - ეს არის დაჯერება იმისა, რომ ადამიანის სული ზეკოსმიურია. ადამიანი - არა ამქვეყნისაგან არს. ადამიანის სული - ეს ღმრთის ხატია, და არა ოთხი სტიქიის სინთეზი. ადამიანი - ეს მიკროკოსმოსი როდია.

ძალზედ მკაფიო ციტატა: გრიგოლ ღვთისმეტყველი, ჩვენი მართლმადიდებელი წმინდანი, IV საუკუნეში იტყვის: "ადამიანი - მიკროკოსმოსში მოთავსებული მაკროკოსმოსია".

წარმართული ცნობიერებისთვის ბუნებრივია იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანი - ეს არის სამყაროს მოქმედი მოდელი. ყოველივე რაც სამყაროშია, ჩემშიც არის.

"ადამიანი - მიკროკოსმოსია", - ეს ჩვეულებრივი ფორმულაა, მაგრამ ის წარმართულია. ქრისტეანი კი მიიჩნევს, რომ მართალია, ყოველივე, რაც სამყაროშია, ჩემშიც არის: ფიზიკა ჩემშიც მოქმედებს და ქიმიაც, ასევე ბიოფიზიკა და რაღც ნანოტექნოლოგიები - ეს ყველაფერი ჩემშიც არის. მაგრამ გარდა ამისა, ადამიანში არის ის, რაც არ არის სამყაროში - ადამიანის ღმრთის მსგავსი სული. და ეს ხედვა გნოსტიკოსებშიც იყო.

3. არის თუ არა ადამიანის წარმოშობა ცოდვით დაცემის შედეგი?

მესამე ნიშანი, რაც გნოსტიკოსებს ახასიათებს არის ის, რომ მათი სკოლების უმრავლესობა აქტიურად იყენებს ბიბლიურ მასალას, მაგრამ საკმაოდ თავისებურად.

მათი ლოგიკა ასეთია: ოდესღაც სამყაროთა საწყისში, ჯერ კიდევ სანამ ადამიანი იშვებოდა, ღმერთებს შორის (მათი ღმერთების საყვარელი სახელებია - "სოფია" და "ქრისტე") მოხდა კატასტროფა.

მოხდა რაღაც ცოდვით დაცემა. ჩვეულებრივ გნოსტიკურ სქემებში ნავარაუდევია, რომ მთელი კოსმიური არეულობა მოხდა იმიტომ, რომ მესამე დონის ღმერთუკას შეუყვარდა უმაღლესი ღმერთი, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა და დაარღვია კოსმიური იერარქია. სწორედ მაშინ, როდესაც ერთი ბურთულა ამოვადა თავისი კალაპოტიდან, დაირღვა მთელი შემადგენლობა, დაიწყო რღვევა, ღმერთების ბრძოლა ურთიერთ შორის.

ამასთან ერთად სოფიას შეეძინა ღმერთუკა - ამ გონჯის სახელი იყო ალდაბაოფი (გნოსტიკოსები სპეციალურად აძლევენ თავიანთ ღმერთებს ბერძნული და რომაული სმენისთვის უშნო და ველურ სახელებს, რათა სპეციალურად გამოიწვიონ ზიზღი ზოგიერთი ღმერთისგან). ის იმ დონეზე გონჯი იყო და ყველა მიმართებაში დებილი, რომ ღმერთებმა მოიკვეთეს თავიანთი ერთობიდან და ცალკე დაასახლეს. მასთან არავინ ურთიერთობდა, რის შედეგადაც ელდაბაოფმა მიიჩნია, რომ მარტოა სამყაროში. მას ძალზედ მოსწყინდა და გადაწყვიტა რაიმე შეექმნა.

ნორმალური ღმერთი, თუნდაც მესამე დონის კვალიფიკაციის, სულიერად ქმნის. შექმენი ანგელოზები ბოლოს და ბოლოს, ან კიდევ ათეულობით სული! ამან კი არც აცია, არც აცხელა და, თიხისგან მატერია გამოძერწა.

და აჰა, ის პლასტელინისგან ძერწავს, როგორც სიმღერაშია: "მე ვძერწავ პლასტელინისგან, თიხაზე უფრო ფაქიზი პლასტელინისგან, ვძერწავ პლასტელინისგან კატებს, კლოუნებს, ძაღლებს", - ღმერთუკა ერთობა და ცდილობს მათ გაცოცხლებას. გამოსდის კიდეც. ღებულობს ამაზრზენ გონჯებს. და ის მათ საკუთარი სულის ნაწილს შთაბერავს.

ამ დროს, ღმერთუკას დედა, სოფია, დედობრივი მზრუნველობით აკვირდება, როგორ ერთობა მისი გონჯი შვილი... და მას გული წყდება... მისი შვილის სულის ნაწილი ამ გონჯებშია... კეთილი, მოდი მეც რამეს ჩავდებ ჩემგან. და ზოგიერთ ქმნილებაში სოფიამაც ჩადო თავისი სულის ნაწილი.

ცოტა მოგვიანებით გასაგები გახდება, რა გამოვიდა ყოველივე ამისგან.

ამ გონჯებმა არსებობა დაიწყეს - და ესენი ჩვენ ვართ, ადამიანები.

ხოლო ელდაფაობი - ებრაელთა ღმერთი იაჰვეა. დაიხ, სწორედ ის, ცაბაოთი. მან შექმნა ადამიანებიც და მატერიალური სამყაროც, მატერიალური კოსმოსი.


გნოსტიკური რასიზმი

საინტერესო,. ებრაელი წინასწარმეტყველები ამბობდნენ: "ჩვენმა ღმერთმა - ღმერთმა აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, შექმნა მთელი ეს სამყარო, კოსმოსი და მნათობები!" წარმართები გაკვირვებულები იყვნენ: ნუთუ ერთ ღმერთს ამდენის შექმნა შეეძლო?! და რას ამბობენ გნოსტიკოსები? "მართალს ამბობთ თქვენ, ებრაელები! სწორედ თქვენმა ღმერთმა შექმნა კოსმოსი. და ეს, ჩვენს შორის რომ დარჩეს, მას ცუდად ახასიათებს. სამყარო ხომ წარუმატებელი გამოვიდა. ამიტომაც, თქვენს გამო, ებრაელებო, თქვენი ებრაული ღმერთის გამოა ასე ყველაფერი მოუწესრიგებელი".

საინტერესოა, რომ წინასწარმეტყველთა მისიონერული არგუმენტი წინასწარმეტყველთა ერის წინააღმდეგ შემობრუნდა.

ელდაბაოფი ადამიანებით ერთობა, მისი სახელია იეჰოვა, ის არის ერთადერთი და არსებული, ადამიანები კი რატომღაც განსხვავებულები არიან.

არსებობენ ასევე კლონები, რომლებშიც ელდაბაოფს არაფერი ჩაუდვია - მოსიარულე მაიმუნები. გნოსტიკოსები მათ "ილიკებს", ანუ ხორციელ არსებებს უწოდებენ.

ამათზე მაღლა არიან ადამიანები, რომლებსაც ელდაბაოფის სულის ნაწილი გააჩნიათ და "ფსიქიკებს", ანუ მშვინვიერი არსებებს უწოდებენ.

და ბოლოს, ადამიანთა მესამე, იშვიათი კატგეგორია, რომლებშიაც რაღაც თავისი ჩადო სოფია აქამოტმა. ესენი არიან "პნევმატიკოსები", ანუ სულიერი ადამიანები.

აი ნებისმიერი გნოსტიციზმის ფუნდამენტური იდეა: ოკულტური რასიზმი. ადამიანები, თავიანთი დამსახურებისდა მიუხედავად, სულიერ რასებად იყოფიან. ეს არის ერთგვარი დასაბამიერი ონტოლოგია. ერთი რასიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. შეუძლებელია ბაზარში იყიდო სოფიას ნაწილი და გადაყლაპო. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ შეიგნო თუ ვინ ხარ, რომელ რასას განეკუთვნები.

ბუნებრივია, რომ ილიკი არასოდეს დაეთანხმება გნოსტიკოსთა იდეას. ამიტომაც, გნოსტიკოსები ამბობენ: "ჩემს ლექციაზე თუ მოხვედი და ისმენ ჩემს დარიგებას, მაშასადამე, ჩვენ სისხლისმიერი და სულისმიერი ძმები ვყოფილვართ! ჩვენ და თქვენ გონიერი და ჭკვიანი ადამიანები ვართ, ჩვენ პნევმატიკოსები ვართ სოფიისგან! ხოლო ისინი, ვისაც ჩვენი არ ესმის, - ანუ ყოველი ქრისტეანი, - ელდაბაოფის ჩერჩეტები ბრძანდებიან. ჩვენ კი განდობილთა განსაკუთრებული ჯგუფი, ეზოთერიკები ვართ".


გადმობრუნებული ბიბლია

თავად განსაჯეთ: ამ პერსპექტივაში (არადა მასში არის ერთგვარი რომანტიკა და სილამაზე) როგორ უყურებენ ბიბლიას ადამიანები, რომლებიც ასეთ სქემას ეთანხმებიან?

ისინი იყენებენ ბიბლიურ მასალას, ოღონდ ყველაფერს თავდაყირა აყენებენ.

ბიბლიური ღმერთი თუ ამბობს: "მე ვარ სამყაროს შემოქმედი", - გნოსტიკოსი ამას ეთანხმება და ამბობს: "დიახ, შენ ამ სამყაროს შემოქმედი ხარ".

შემდგომ ეს ღმერთი-შემოქმედი სამყაროს აძლევს მცნებებსა და კანონებს. გნოსტიკოსები ამბობენ: "ხომ გესმით, ვინ მოგცათ ეს კანონები? ეს ხომ ჩვენი მტერი - ჩლუნგი ელდაბაოფია. ამიტომაც, ყურადღებით დააკვირდით! ძვირფასო მსმენელებო, ისტორიაში პირველი განდობილები ჩვენ როდი ვართ. დიადი განდობილები იყვნენ ისინი, ვინც ადრე დაამხო ელდაბაოფ-ცაბაოთ-იეღოვა! იხილეთ, ბიბლიურ ისტორიაში ისინი ნახსენებნი არიან. პირველი დიადი ადამიანი - კაენია! კაენი პირველი აღსდგა იეჰოვას დიქტატურის წინააღმდეგ და თავისუფალი შემოქმედების გზას გაუდგა.

ბუნებრივია, გველი, რომელმაც ევა აცთუნა - მამაკაცია, ჩვენი ზოოპარკიდან".

ძველად ოფიტების გნოსტიკური სექტა არსებობდა. სიტყვა "ოფისი", რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, "გველს" ნიშნავს. ჩვენი სალამი ოფისურ პლანქტონს.

ძველად კაენიტთა გნოსტიკური სექტაც არსებობდა.

"ყველანი, ვინც იეჰოვას კანონებს არღვევს - ჩვენი ხალხია. ამასთან პარადოქსალურია ის, რომ რადიკალური მეამბოხე მაინც - ქრისტეა".

უნდა ითქვას, რომ ეს სქემა დღეს ძალზედ მოდურია. ამ წვრილმანების გარეშე, ძალზედ მრავალი, ინტელიგენტი ადამიანებიც კი, მიიჩნევენ, რომ ძველსა და ახალ აღთქმას შორის ომია გაჩაღებული, ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტია, ხოლო სახარების ღმერთი - კეთილი, და ეს შეუძლებელია იყოს ერთი და იგივე რელიგია.

მაგრამ თავდაპირველად ეს იდეა სწორედ გნოსტიკოსებში არსებობდა, და ეს იყო პირველი ინტელექტუალური საფრთხე, რომელიც პირველდაწყებით ეკლესიას, მოციქულთა ეკლესიას დაემუქრა.

მათთან სწარმოებდა მოციქულთა პირველი პოლემიკა, ქრისტეან ღვთისმეტყველთა პირველი თაობის პოლემიკა.


"უცნობი პუშკინი"

ომის ერთ-ერთი მეთოდი - ავტორიტეტთა მოპარვაა. იგივე გნოსტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ თქვენი ქრისტეანი მოციქულები ასწავლიდნენო ასე.

ახლა წარმოიდგინეთ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას? დღეს ჩვენ გვაქვს დამხმარე მეცნიერებათა ბრწყინვალე კრებული: ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ჰერმენევტიკა - ამიტომაც, ჩვენ შეგვიძლია მტკიცებითად ვიდავოთ, ნამდვილად ეს ადამიანია ამ ტექსტის ავტორი თუ არა? მაგრამ როგორ უნდა ექნათ ეს ძველად?

წარმოიდგინეთ, თქვენთან მოდის ადამიანი და ამბობს: "მე ვიპოვე ალექსანდრე პუშკინის ტომი. მე უფრო სრული გამოცემა მაქვს, ვიდრე თქვენ, უნიკალური, რადგან, როგორც ხედავთ, აქ მიმაგრებულია დამატება: "ლექსი საბჭოთა პასპორტზე". აი ასეთი პუშკინი თქვენ არ გცოდნიათ!"

როგორ უარვყოთ ეს ყოველივე? ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კულტურულ რეალიებზე, ენობრივ თავისებურებებზე: "აქვეა საბჭოთა რეალიები, პუშკინმა ამას არ იცნობდა!" - მე კი გეტყვით: "პუშკინი განდობილია. მან წინდაწინვე უწყოდა ის რაც მოხდებოდა, ის წინასწარმეტყველებდა. ეს კი ამტკიცებს, რომ პუშკინი ჩვენი კაცია!".



კანონის სასწაული

ეკლესიის ისტორიაში არსებობს ერთი საოცარი სასწაული. წარმოიდგინეთ რომ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირის განაპირა რეგიონში, მაგალითად, ქერჩში. და ეს რომის იმპერიის განაპირა რეგიონია. ამ წერტილში მათი საზღვრები დაემთხვა. აფხაზეთი რომისთვის ციმბირივით იყო - ამის იქით არაფერია. ოქროპირი აფხაზეთში გადაასახლეს.

და აი, ვსხედვართ მე და თქვენ ქერჩში ან ბიჭვინთაში (იმ დროს მას პიტიუნტი ერქვა) და ვატარებთ ქრისტეანთა იატაკქვეშა ყრილობას. გარეთ II საუკუნეა.

უეცრად ჩვენთან ქალაქში ჩამოსული ვიღაც ვაჭარი მოდის და გვეუბნება: "მე გიპოვეთ თქვენ! მეც მწამს ქრისტესი! მე - ქრისტეანი ვარ!".

ჩვენ მას სიხარულით ვღებულობთ. კვირა ღამეს ის კვლავ მოდის, დგება კრებულის შუაში და ამბობს: "ძმანო და დანო! გავიგე თქვენთან აქ ლუკას სახარება იკითხება. მაგრამ მეც მაქვს სახარება, ოღონდ პეტრესი! კიდევ მე შემიძლია მოგიტანოთ მარიამის სახარება! გინდათ?"

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეუბნებით, რომ გვინდა, და ის იწყებს ამ სახარებების კითხვას - ისინი ხომ დიად და წმიდა სახელებს ატარებენ. ჩვენ ვერ დავრეკავთ მოსკოვის საპატრიარქოში. ეს სტრუქტურები ჯერ არ არსებობენ - არც რომის პაპია და არც მოსკოვის ან კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ჩვენ ვერსად ვერაფერს გადავამოწმებთ, ვერ ვკითხავთ წმიდა ტიხონის უნივერსიტეტის ექსპერტებს, არსებობენ თუ არა ასეთი წიგნები. ჩვენ დამოუკიდებლად უნდა გავერკვეთ, მოსმენილი სახარებები ნამდვილია თუ არა.

ჩვენ ვუსმენთ, და იზრდება გაუგებრობა: ამ წიგნებში ქრისტე რაღაც სხვანაირია, ის არ არის, რომელიც ჩვენ მთელი გულით გვიყვარს.

ამრიგად, ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი სასწაული სწორედ ამაშია: იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ეკლესიის ცენტრალიზებული სტრუქტურები, როდესაც ეკლესია იდევნებოდა და შეუძლებელი იყო მეცნიერული კვლევა, არც საღვთისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები არსებობდა - მთელს დედამიწაზე, ეთიოპიიდან ბრიტანეთამდე და გერმანიიდან ინდოეთამდე მოფენილი ქრისტეანული თემები, - ეს დაცალკევებული ქრისტეანული საზოგადოებები აბსოლუტურად ერთნაირ წიგნებს ირჩევენ.

ჩვენთვის დღეს ცნობილია ასობით სხვადასხვა აპოკრიფი, რომლებიც II-III საუკუნეებში ვრცელდებოდა, - სწორედ მაშინ გამოარჩია ეკლესიამ თავისთვის მხოლოდ ოთხი სახარება.

ბოდავს დენ ბრაუნი, როცა ამბობს, რომ თითქოსდა სახარებების შერჩევა IV საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს მოხდა, თანაც პირველ მსოფლიო კრებაზე. არა, ბატონებო, არჩევანი ბევრად უფრო ადრე გაკეთდა. ჩვენ ამაში ვრწმუნდებით იქიდან, რომ ამ წიგნებს იმოწმებენ პირველი საუკუნეების საეკლესიო ავტორები.

მე უკვე აღარაფერს ვამბობ მურატორის კოდექსზე - სირიაში ნაპოვნ II საუკუნის ტექსტზე, რომელიც შეიცავს ეკლესიისთვის ავტორიტეტულ ტექსტთა სიას.

ავიღოთ ორიგენე - ძალზედ თავისუფლად მოაზროვნე ქრისტეანი მოღვაწე, მაგრამ ისიც კი განარჩევს კანონიკურ წიგნებს აპოკრიფებისგან.

ინტუიცია, სულიერი გამოცდილება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაცნობინებს ქრისტეანს, სად არის ხარისხიანი პური და სად დაობებული.


ცნობისმოყვარეობით ნაშობი აპოკრიფები

აპოკრიფები სხვადასხვა სახისაა. არსებობენ წმიდად ხალხური წარმოშობის აპოკრიფები - ფოლკლორი, როდესაც ბრბოს უბრალოდ სასწაული და დეტალები სწყურია. ეს არის "ქრისტეს ბავშვობის სახარება" ან "იაკობის სახარება". ეს ტიპიური ხალხური აპოკრიფია. მასში განსაკუთრებულად საზიანო არაფერია, მაგრამ მასში უამრავი სასწაულია, თანაც როგორი - სასწაულები სასწაულთა გამო.

წარმოიდგინეთ: როდესაც იესუ პატარა იყო, ერთხელ მან თავის თანატოლთან იჩხუბა, თანატოლმა მან აწყენინა - ცუდი სიტყვა უთხრა. პატარა იესუმ ერთი შეხედა მას, და სული გააცხობინა.

შემდეგ იესუ გაიზარდა, უფრო დიდი გახდა, დაიწყო სკოლაში სიარული. მაგრამ ერთხელ მასწავლებელმა მას ორიანი დაუწერა, იესუმ მასაც შეხედა და სული გააცხობინა.

და ასე შემდეგ.

აი ასეთი გულუბრყვილო ბავშვური სასწაულებია ხალხურ აპოკრიფებში. ეს მწვალებლობა როდია. ეს ხალხის ცნობისმოყვარეობის თავისებური გამოხატულებაა. ჩვენც ხომ გვსურს რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ალა პუგაჩოვას ცხოვრებაზე, ხალხს ძალზედ აინტერესებს, სად სწავლობს პუტინის გოგონა, ხოლო პრესა რატომღაც დუმს ამის შესახებ - ჰოდა, ამ თემაზე იბადებიან კიდევაც აპოკრიფები.


გნოსტიციზმი - ერთი ადგილის ტკეპნა

არსებობდნენ რთული, სადავო, ეკლესიის მიერ უარყოფილი აპოკრიფები, რომლებშიც ასევე განსაკუთრებუილად საზიანო არაფერია, მაგალითად, თომას სახარება. ის ძალზედ ახლოსაა კანონიკურ ტექსტთან, მასში საკმაოდ ბრძნული აზრებიცაა, მწვალებლობები კი არა. მაგრამ, ალბათ, ეს წიგნი საკმაოდ გვიან გამოჩნდა, და ეკლესიამაც, როგორც სიახლე, ის არ შეიწყნარა.

მაგრამ არსებობდნენ მესამე დონის წიგნები, რომლებიც მკაფიო იდეურ ნოტებს შეიცავდნენ. უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიძულვილი ადამიანის სხეულისადმი - უმთავრესი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გნოსტიკური ტექსტის გამორჩევა. აქ სულ სამი კრიტერიუმია: სიძულვილი სხეულებრიობისადმი, სიძულვილი ძველი აღთქმისადმი და, შესაბამისად, სააღდგომო ხარების, ხორცის მკვდრეთით აღდგომის უარყოფა.

რაც შეეხება ძველი აღთქმისადმი სიძულვილს - ამას ანტინომიზმი ეწოდება. "Nomos" - კანონს ნიშნავს. "ანიკანონი" - ებრაული სჯულის სიძულვილია.

შევადაროთ ორი ტექსტი: იგივე "თომას სახარება" და კანონიკური სახარება. ერთი და იგივე სიუჟეტი, მაგრამ კანონიკურ სახარებაში ქრისტე ამბობს: "თქვენ გსმენიათ, რა არის ნათქვამი წინასწარმეტყველთან..." - აპოკრიფში კი ზუსტად ასეთივე ტექსტი იქნება: ციტატა წინასწარმეტყველებიდან, ოღონდ ავტორის მითითების გარეშ. ანტინომიზმის ასეთი დახვეწილი გამოვლინება ამავდროულად ანტისემიტიზმის გამოვლინებაცაა.

ზოგჯერ პირდაპირი პოლემიკა ძველაღთქმისეულ ავტორებთან იმ დონემდე მიდის, რომ უარყოფითი ბიბლიური პერსონაჟი ლამის განიდიდება.

სამახარობლო ქადაგების უარყოფა. გნოსტიკოსებთან ცხოვნება - ეს თვითშემეცნების გნოსეოლოგიური აქტია. "მე ვცხონდი", - მაშასადამე, მე შევიცანი ჩემი ოჯახური საიდუმლო: აღმოჩნდა, რომ ბებიაჩემმა შესცოდა სენბერნართან, და მე, სინამდვილეში, სოფია აქამოტის შთამომავალი ვარ. მე საწყალმა არც კი ვიცოდი, რომ ღმერთი ვარ, არადა მართლაც ღმერთი ვარ, ოღონდ გულმავიწყი! ბიჭებმა მითხრეს".

ასეთია გნოსტიკოსის ცხოვნების გზა.

გნოსტიციზმში არავინ გთავაზობთ ერთი დონიდან მეორეზე ამაღლებას. კოსმიური ევოლუციის პროცესში არ არსებობს ღვთაებრივი მასის მატება. ხოლო კოსმიური გზა, ქრისტეანულ პლანში - თეოზისის, განღმრთობის გზაა. ღმერთი საკუთარ თავს საფუარს ადარებს, რომელსაც ცომში აგდებენ, რათა ის გარდაქმნას. "ღმერთი კაცად იქმნა, რათა ადამიანი გამხდარიყო ღმერთი". წმ. ბასილი დიდის (IV ს.) თქმით: "ადამიანი - ეს არის ცხოველი, რომელმაც განღმრთობის ბრძანება მიიღო".

ქრისტეანულ გზაზე არსებობს დინამიკა: ადამიანი მოწოდებულია გაიაროს ეს მანძილი.


რიგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელზე და სხვა თამაშები


მე ჩემი საუბარი ამ სიუჟეტებით დავიწყე, რათა განმემარტა ერთადერთი სიტყვა, ოღონდ სწორედ ის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად არ სიამოვნებთ და აღიზიანებთ არაეკლესიურ ადამიანებს. ეს არის სიტყვა "დოგმა".

თანამედროვე ადამიანს საერთოდ არ უყვარს აკრძალვები. სხვათა შორის, ეს უკულტურობის ნიშანია: კულტურის ერთ-ერთი კლასიკური განმარტებით - კულტურა ტაბუს ისეთი სისტემაა, როდესაც ადამიანი თვითონ უწესებს თავს შეზღუდვას. ყველაფერი რაც შეიძლება საჭირო როდია. ამაშია ადამიანის განსხვავება პირუტყვისგან, რადგან ადამიანი სამყაროში აზრიანად ცხოვრობს. როდესაც ის საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებს, თამაშობათა სამყაროში ებმება.

"თამაშობათა სამყარო" - ამ ტერმინთ მინდა ნიდერლანდელი ფილოსოფოსის იოჰან ჰეიზინგის იდეა გადმოგცეთ. მას აქვს შესანიშნავი წიგნი "Homo ludens - მოთამაშე ადამიანი". თამაში - როგორც არა რაიმე აუცილებლობა, ზედმეტი საქმიანობა. ჩვენ ხომ ახლა ვთამაშობთ - არცერთი თქვენთაგანი არ მოკვდებოდა, ამ ლექციაზე რომ არ მოსულიყო, ეს ხომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ გახლავთ.

როდესაც ადამიანი ასრულებს ასეთ არა აუცილებელ ქმედებებს, ცხადია, ის ადამიანურად იქცევა. ჩვენ სულ ახლახან დავრწმუნდით ამაში, როდესაც უამრავი ადამიანი ღვთისმშობლის სარტყლის სანახავად რიგში ჩადგა. მთელი კვირის განმავლობაში საეკლესიო და არასაეკლესიო პროპაგანდა ბეჯითად იმეორებდა ერთსა და იმავეს: "ადამიანებო ნუ მოზღვავდებით, სამას მეტრში, ილიას ტაძარში ზუსტად ასეთივე ცალი დევს". ადამიანები ამბობენ: "არა, ჩვენ აქეთ გვინდა". მათ კვლავ ეუბნებიან: "არ არის საჭირო ასეთი დაძაბვა, იძულება..."- "არა, ჩვენ აქეთ გვინდა".

რა დგას ყოველივე ამის უკან? მე ვფიქრობს, ფსიქოლოგიურად ეს არის სწორედ მსხვერპლის მოთხოვნილება. კულტურის სამყაროში, ტაბუს სამყაროში - ადამიანები თვითონ უქმნიან თავს პრობლემას, შემდეგ კი მათ გმირულად წყვეტენ, მაგრამ ამის მიერაც ადამიანები ხდებიან! ამის მეშვეობით ხტებიან საკუთარ თავზე მაღლა!

გარკვეული აზრით, ეს რიგი - იმის შედეგია, რომ დღეს შესაძლებელი გახდა რელიგიური ტურიზმი, მომლოცველობა კი შეუძლებელია.

როდესაც ჯდები კომფორტაბელურ ავტობუსში, თვითმფრინავში და თუნდაც იერუსალემში მიფრინავ, ან კიდევ სხვაგან, - რომელ მომლოცველობაზე შეიძლება ლაპარაკი? ეს ტურიზმია, თუნდაც რელიგიურად მოტივირებული.

სხვა საქმეა - წარსული საუკუნეები, როდესაც ადამიანი ფეხით, ჯოხმომარჯვებული და ჩანთით - არხანგელსკიდან კიევში რომ ჩავიდოდა, ან კიევიდან ათონის მთას ესტუმრებოდა, ათონიდან კი იერუსალემს; საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, არც ჯანმრთელობას ინდობდა. მომლოცველობაში უმთავრესია არა მიზანი - არამედ გზა, რომელშიც მომლოცველი იცვლება.

ეს ვითომცდა რიგი - სინამდვილეში იყო მომლოცველობის ფორმა. მოძრაობდნენ ისინი, ვინც რიგში იდგა, და არა ისინი, ვინც ამ რიგს მანქანით ჩაუვლიდა. უკანასკნელები იგივედ რჩებოდნენ და ვერაფერს ღებულობდნენ, არც იმით რომ ტაძარს ჩაუარეს, არც იმით რომ თავიანთ ბლოგებში ტაძართან რიგში მდგომ ბებიებს დასცინოდნენ.


დოგმატი: მყარი ციხე-სიმაგრე

თანამედროვე ინტელიგენცია, რომელიც ნებისმიერი ტაბუს წინააღმდეგ აპროტესტებს, და ანგრევს მათ, საკუთარ თავს ამ უკანასკნელი თაობის ხვედრისთვის ამზადებს, რადგან ამ მიმართულებით კულტურა არ ვითარდება.

განსაკუთრებით სძულთ დღეს ნებისმიერი ტაბუ აზროვნების სფეროში, ხოლო ქრისტეანული ეკლესია ზოგიერთ ტაბუს სწორედ აქ, დოგმატთა სფეროში აწესებს.

აქედან მომდინარეობს - ეკლესიის ის გააფთრებული კრიტიკა ყოველდღიურ შეგნებაში, პრესის სამყაროში და ა. შ.

დოგმატი - ეს მართლაც შეზღუდვაა. მაგრამ დოგმატი ეკლესიაში იშვება სწორედ იმისთვის, რათა გნოსტიკოსებისგან დაიცვას სახარების ქრისტეანული გაგება.

მოდი შევხედოთ კუს. თქვენ ალბათ ის გეცოდებათ: საწყალი! ათრევს ამ უზარმაზარ და მძიმე ჯავშანს, ასეთ მძიმეს... მაგრამ დავუშვათ მოიხსნა მან ეს ჯავშანი, გახდებოდა, უფრო სწრაფად ივლიდა... თითქოსდა ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა!

მაგრამ საქმე იმაშია, რომ კუს ჯავშანი აქვს იმიტომ, რომ რომელიღაც მის მეზობელს აქვს ძალზედ წამახვილებული კბილები.

ზოგჯერ კუს მეზობლებს არა აქვთ კბილები. წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა კუს საბავშვო ბაღში ჯავშნის გარეშე? პატარები მას თამაშობით სიკვდილის პირას მიიყვანდნენ.

ასეა ეკლესიაც. მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ მოფერებოდნენ ეკლესიას, როგორც დღეს, არჩევნების წინ, ყოველ პარტიას რომ სურს რომელიმე მამაოს თავის რიგებში ჩარიცხვა. როგორც ამბობენ, კომუნისტებშიც კი არის წითელი მამაო, რომელიც ზიუგანოვთან ერთად დადის წითელ კაბაში.

ანტიკურობაშიც ასე იყო.

გნოსტიციზმი - ეს არის უტილიზაციის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ანტიკური კულტურა ქრისტეანობის მონელებას ცდილობს. და იმისთვის, რათა წარმართულ სამყაროს მართლა არ მოენელებინა ქრისტეანობა, ეკლესიას თავდაცვის ფორმები უნდა შეემუშავებინა. ამათგან ერთ-ერთია კანონის შექმნა და შეგნება: ქრისტეს შესახებ დაწერილი წიგნებიდან რომელია ჩვენი და რომელია ყალბი.

ეკლესიის დაცვის სხვა ფორმა, ეს არის მემკვიდრეობითობის შეგნება და ფორმულირება. მოციქული პავლე უკანასკნელი იყო, ვისაც ქრისტემ ზეციდან მოუწოდა, უხეშად რომ ვთქვათ, დანარჩენები ადამიანებს უნდა მოეპოვებინათ, და განსწავლულიყვნენ კონკრეტული თორმეტი მოციქულის მიერ და მათგან მიეღოთ მემკვიდრეობითი ხელდასხმა.

ესეც თავდაცვის ფორმაა გნოსტიკური სამყაროს მოხეტიალე და თვითმარქვია მოძღვართა თუ წინასწარმეტყველთაგან დასაცავად.

თავდაცვის მესამე ფორმა გახლავთ ღმერთზე აზროვნების ნორმების ფიქსაცია.

დოგმატი - შეზღუდვაა, კედელია, მაგრამ კედლებიც ხომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არის ციხის კედელი, არის ციხე-სიმაგრისა. ვაი მას, ვინც დაიწყებს მთელი ბასტილიის აფეთქებას, ის შემდეგ მთელს ციხე-სიმაგრესაც აღგავს პირისაგან მიწისა. შენ მოშალე ეს კედლები, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სადღაც დარჩენილა რომელიღაც ურდო, რომელსაც შენი ბაღ-ვენახების შემხედვარეს ნერწყვი მოსდის და ერთი სული აქვს როდის შეესევა. კედელი კი მოშლილი გაქვს - ყველა დროშები და სტუმრები ჩვენსკენ მოემართებიან, ყველა სული და სტუმარი ჩვენსკენ მოეშურებიან.

დოგმატიკა ყველა ეკლესიური ადამიანისთვისაა - ეს არის სწორედ ციხე-სიმაგრის კედელი. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ეკლესიის ყველა დოგმატი (ისინი კი არც ისე ბევრია) ხელის გულზე შეიძლება დაიწერო "შპარგალკასავით", ის იცის ნებისმიერმა ბებერმა ბებიამ სამრევლო ეკლესიიდან, რადგან ეს სარწმუნოების სიმბოლოა.


დოგმატები და კანონები: სწავლება ზეცის შესახებ და კლუბის წესები


რა დასკვნები კეთდება ყოველივე ამისგან?

პირველი. ეკლესიის ყველა დოგმატი - ცაზე და ღმერთზეა, და არა მიწაზე. არ ამბობენ სიმართლეს ის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ თითქოსდა საეკლესიო დოგმატიკა ეწინააღმდეგება მეცნიერების განვითარებას, წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერულ მონაცემებთან. ეს არასწორია. ისინი უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ.

შემდეგ. რადგან ეს დოგმატები ღმერთზე და ცაზეა და არა მიწაზე, ეკლესია არ მიისწრაფვის აკონტროლოს მიწიერი ცხოვრება, მიწიერი მოდა. ეს ქრისტეანულ სამყაროს შესაძლებლობას აძლევს იყოს ძალზედ მრავალფეროვანი პოლიტიკური მოდელების შერჩევისას (მონარქიიდან რომელიმე რადიკალურ შვეიცარიულ დემოკრატიამდე), და ცხოვრების სტილის შერჩევისას.

არ უნდა აგვერიოს დოგმატები და კანონები. კანონი - ეს შიდასაეკლესიო ქცევის წესებია. კანონი - ეს არის საკუთარ თავში ეკლესიის გულგატეხილობის შედეგი, როდესაც შევიგნეთ, რომ იდეალურები არ ვყოფილვართ.

პირველი თაობის ქრისტეანებს გააჩნდათ ასეთი ესქატოლოგიური რომანტიზმი - ახალი დროება, ახალი აღთქმა, არავითარი კანონები არ გვჭირდება, ყველაფერი მადლით იმართება. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ არა. ყოველ ჩვენგანს საკუთარი თავის სახით ეკლესიაში შეაქვს წარმართული სტერეოტიპების კონტრაბანდა, ძველი ადამიანის საფუარი. როგორც დღევანდელი ნარკოკურიერები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ყლაპავენ ნარკოტიკებით სავსე პაკეტებს და კუჭით გადააქვთ საზღვარზე, ასევე ყოველ ჩვენგანსაც თავად შეაქვს სიცუდე გარეგანი სამყაროდან, და შემდეგ დიდი ხანი უნდება ყოველივე ამის გადახარშვას, მონელებას და აღმონთხევას. ამიტომაც, ჩვენ გამუდმებული კონფლიქტები გვაქვს ერთმანეთთან, ეკლესიის შიგნით, და სწორედ კანონებს ევალებათ ამ ურთიერთობათა მოწესრიგება.

და ისევ მნიშვნელოვანია: კანონები არაფრით ემუქრებიან ათეისტებს. კანონი - კლუბის წესებია. ჩვენ ჟურნალისტების სახლში ვიმყოფებით, ეს კლუბია, და მას თავისი წესები აქვს, ოღონდ ისინი მხოლოდ შემოსასვლელ კარებამდე მოქმედებენ, და არანაირად არ არეგულირებენ ქუჩაში მოძრაობას.

ზუსტად ასევე ჩვენი კანონები არ აცხადებენ პრეტენზიას არაქრისტეანულ სამყაროზე და არ მართავენ მას.

წყარო: http://www.pravmir.ru/lovushki-gnosticizma-video/



apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий