пятница, 30 мая 2014 г.

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ფ. ი. ზიგელი

შინაარსი:

1. შესავალი

2. ამო-ს შემსწავლელი VII საერთაშორისო კონგრესის გადაწყვეტილება

3. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, როგორც გლობალური პრობლემა

4. ამო-ს პრობლემა და გაერო


5. ამო-ს პრობლემა გაერო-ში კვლავ წამოსწიეს


**


4. ამო-ს პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია



ერებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ამო-ს კვლევის VII საერთაშორისო კონგრესზე მაინცში საკუთარ თავზე იღებენ გამბედაობას გაერო-ს ასამბლეის ყურადღება მიაპყრონ შემდეგ საკითხს:


I

გაერო-ს კონსტიტუციას პირველ რიგში უნდა აწუხებდეს ჩვენი პლანეტისა და მისი სამ მილიარდ ნახევარი მაცხოვრებლის (ამდენი იყო დედამიწის მოსახლეობა იმ პერიოდში - რედ.) უსაფრთხოება, რადგან მაღალგანვითარებულ ცივილიზაციებთან კონტაქტის შემთხვევაში, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენი მხრიდან კოსმოსის მშვიდობიანი ათვისების შედეგად, და რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე.


II

კონსტიტუციამ გაერო-ს უნდა მისცეს უმაღლესი ძალაუფლება კოსმიურ სივრცეში. ასტრო-კოსმონავტები გენერალური ასამბლეის კანონიერი წარმომადგენლები უნდა იყვნენ კოსმიურ სივრცესა და სხვა ზეციურ ობიექტებზე.


III

ჩვენი პლანეტის იონოსფერო, 80 კმ სიმაღლეზე (თეოდორ ფონ კარმანის ხაზი) 880 კმ-მდე, უნდა გამოცხადდეს დედამიწის სუვერენულ კოსმოტერიტორიად (კოსმოსში მის უსაფრთხო სარტყლად) და უნდა იმყოფებოდეს გაერო-ს იურისდიქციის ქვეშ. ეს სტატია უნდა ჩაემატოს საერთაშორისო აერონავიგაციის პარიზის ხელშეკრულებას (1919 წ.), ჩიკაგოს შეთანხმებას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ (1944 წ.) ან ყველა სხვა ნებისმიერ ხელშეკრულებასა თუ შეთანხმებას, რომელიც ამ სფეროს ეხება.


IV

ამო-ს კვლევისა და ანალიზის საკონტინენტთაშორისო ქსელი, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გამოდის წინამდებარე რეზოლუციით, წარადგენს გლობალური უსაფრთხოების საკუთარ პროექტს, რომელშიც ნათქვამია ერებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე ამო-ს კვლევის საკითხში, ასევე ამ საკითხის დაინტერესებულ მეცნიერთა, მკვლევართა და მთავრობათა შორის; ლაპარაკობს გაერო-ს ეგიდით მსოფლიო, ცენტრალიზებული და ორგანიზებული საკონტინენტთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის შექმნაზე, რომელიც უნდა აშენდეს საჯაროდ ნაჩუქარ მიწაზე, რომელიც ექსტერიტორიალურად უნდა გამოცხადდეს, რათა თავისუფლად მიისწრაფვოდეს ზემოთ დასახული მიზნებისკენ.

გთავაზობთ რა ამ მსოფლიო რეზოლუციას, კონტინენტთშორისი ქსელი მოწიწებით გთხოვთ ყველას, - სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობებს, სახელმწიფო მოღვაწეებს, საეკლესიო ხელისუფალთ, სამხედროებს, საჰაერო და საზღვაო ძალებს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, განათლების სამინისტროებს, სამეცნიერო, საწარმოო, სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს, კერძო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საწარმოებს, ყველა კერძო პირს და განსაკუთრებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, - მორალურ, ინტელექტუალურ, ფინანსურ და ყოველგვარ აუცილებელ მხარდაჭერასა და დახმარებას ამო-ს კვლევის საკონტინენტთაშორისო ინსტიტუტის შექმნის საკითხში.

1967 წლის 6 ნოემბერი. მაინცი.

კოლმენ ფონ კევიცკი, ამო-ს ანალიზისა და კვლევის საკონტინენტთაშორისო ქსელის ხელმძღვანელი, პროექტ "გლობის" შემქმნელი.

კარლ ლ. ვეიტი, ამო-ს კვლევის VII საერთაშორისო კონგრესის თავმჯდომარე.

მაინცი, დასავლეთ გერმანია.

მისი უმაღლესობა, გაერო-ს გენერალური მდივანი უ ტანი, 1967 წლის 7 ნოემბერს მაინცის კონგრესის რეზოლუციის შესახებ უწყებულ იქნა ავიაფოსტით.

მართალია ამ რეზოლუციამ ვერ ჰპოვა ჯეროვანი გამოხმაურება გაერო-ს წევრ სახელმწიფოთა მხრიდან, კოლმენ ფონ კევიცკიმ თავისი ორგანიზაციის სახელით გააგრძელა ძალისხმევა პროექტ "გლობის" შესაქმნელად. 1968 წელს მან მომმართა მე შემდეგი წერილით:

"პატივცემულ პროფესორ ფელიქს ზიგელს.

მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, ვოლოკოლამსკის გზატკეცილი, 4, მოსკოვი, საბჭოთა კავშირი.



ძვირფასო პროფესორო ზიგელ!

ამო-ს კვლევის საკონტინენტთაშორისო ქსელი გულითადად გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა სპეციალურ, ერთსაათიან სატელევიზიო პროგრამაში, რომელიც ეძღვნება ამო-ს გლობალურ პრობლემას. პროგრამის შინაარსი, ასევე მასში მოწვეულ მონაწილე სპეციალისთა სია მითითებულია ქვემოთ.

ეს მნიშვნელოვანი თემა გაშუქდება ინფორმაციის დახმარებით, სადაც ლაპარაკია ამო-სადმი კონფრონტაციის აუცილებლობაზე. ჩვენმა მთავრობებმა, ეს ობიექტები მეცნიერულად უნდა ცნონ უცხოპლანეტური სახელმწიფოების კოსმიურ ხომალდებად. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, მრავალი უთანხმოებებისდა მიუხედავად, როგორ შეუწყონ ხელი ხალხებმა ამ პრობლემის ყველასთვის სასურველ გადაწყვეტას. თქვენი მსოფლიო ავტორიტეტი და თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით უდიდეს დახმარებას გაუწევდა ხალხთა პასუხისმგებელ ხელმძღვანელობას და დამამშვიდებელ ძალად წარმოჩინდებოდა შეშფოთებული საზოგადოების წინაშე.

ამ პროგრამის ჩასატარებლად ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკულ ტელერადიოქსელთან და ვითხოვთ თქვენს თანხმობას ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

გთხოვთ, თქვენი ყურადღება მიაპყროთ ამ საკითხს რაც შეიძლება მალე, რათა სატელევიზიო ქსელთან მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მალე დამთავრდება. ხოლო თუ რაიმე პირადი მიზეზები არ გაძლევთ შესაძლებლობას ნიუ-იორკში ჩამობრძანებისა, ჩვენ შევეცდებით ავიღოთ თქვენგან ინტერვიუ იქ, სადაც თქვენ ინებებთ და მოგიხერხდებათ.

გულწრფელად თქვენი კოლმენ ფონ კევიცკი.

1968 წლის 20 მარტი.

მოწვეული პირების სია და მათი წოდებები:

ვერნერ ფონ ბრაუნი, აშშ. კოსმიური სივრცის კვლევისა და აერონავტიკის ეროვნული კომიტეტი. კოსმიური ზონდირება და სარაკეტო ტექნიკა.

ლ. მ. შასენი, სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი, საფრანგეთი. მოკავშირეთა საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ყოფილი კოორდინატორი. ცენტრალური ევროპა. ეროვნული შეიარაღებული ძალები და ამო.

არტურ კლარკი, დიდი ბრიტანეთი. ბიტანეთის პლანეტთაშორისი საზოგადოების თავმჯდომარე. მეცნიერულ-ტექნიკური თემატიკის ცნობილი ავტორი. კოსმიური მეცნიერება და კვლევა.

პროფ. დოქტორ ედვარდ კონდონი, აშშ. ატმოსფერული მოვლენების კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე. კოლორადოს უნივერსიტეტი. სამთავრობო ამო- აშშ-ს პროექტი.

კნუტ ჰამერშელდი, კანადა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია. ამო-ს პრობლემები და კომერციული ავიაცია.

პროფ. დოქტროი ალენ ჰაინეკი, აშშ. ჩრილოდასავლეთის უნივერსიტეტის ასტრონომი. ამო-ს საკითხების კონსულტანტი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში. ამო-ს კვლევის მთავარი ექსპერტი. ამო-ს დამკვირვებელი აშშ-ს ტერიტორიაზე და მისი მკვლევარი.

პროფ. დოქტორი მაკ-დონალდი, აშშ. ასტროფიზიკოსი. არიზონას უნივერსიტეტი. ატმოსფერული ფიზიკის ინსტიტუტი. ამო-ს, როგორც გლობალური საკითხის მკვლევარი. გაერო.

პროფ. დოქტორ გერმან ობერტი
, გერმანია. სარაკეტო ტექნიკის სპეციალისტი. საერთაშორისო კოსმიური მეცნიერება და სარაკეტო ტექნიკა.

პროფ. დოქტორი ედვარდ ტელერი, აშშ. კალიფორნიის უნივერსიტეტი. ატომური ფიზიკის სპეციალისტი და მეცნიერი. ატომური ენერგია და კოსმოსი.

გენერალი პორფირე სტოლიაროვი
, საბჭოთა კავშირი. საბჭოური სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი. საბჭოთა მთავრობის ამო-ს პროექტის მეთაური.

დოქტ. კურტ ვალდჰაიმი, ავსტრია. ავსტრიის ელჩი გაეროში. გაერო-ს გარე კოსმოსის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. კოსმოსის საერთაშორისო მშვიდობიანი კვლევა და გლობალური უსაფრთხოება.

პროფ. ფელიქს ზიგელი, საბჭოთა კავშირი. ამო-ს მკვლევარი. მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი. ასტრონომი. ამო-ს საერთაშორისო კვლევა".

როგორც მკითხველი შენიშნავს, კ. ფონ კევიცკი არცთუ ზუსტად იყო ინფორმირებული საბჭოთა კავშირში ამო-ს შესწავლის საკითხებთან დაკავშირებით. 1967 წელს ფრუნზეს სახელობის ავიაციისა და კოსმონავტიკის ცენტრალურ სახლში (მოსკოვი), სახლის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ლ. დ. რეინოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ამო-ს კვლევის საზოგადოებრივი (და არა სახელმწიფო) სექცია. მიუხედავად ამისა, მოხერხდა მხოლოდ სექციის ორი სხდომის ჩატარება (1967 წლის 17 მაისს და 16 ოქტომბერს), რადგან იმავე წლის ნოემბრის მიწურულს ДОСААФ-ის ცენტრალურმა კომიტეტმა, არმიის გენერალ ა. ნ. გეტმანის მეთაურობით ამ სექციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო (სწორედ ამ სექციას უწოდებს კევიცკი "ამო-ს საბჭოურ პროექტს").

ამგვარად, 1968 წლის მარტში, როდესაც მე მივიღე "იკუფონის" მოწვევა, საბჭოთა კავშირში ამო-ს შემსწავლელი საზოგადოებრივი ორგანიზაციას კი არ არსებობდა. ბუნებრივია, რომ ამ პირობებში კოლმენ ფონ კევიცკის წინადადებას მე ვერ მივიღებდი. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი, შედგა თუ არა მათ მიერ დაგეგმილი "საერთაშორისო" ტელეგადაცემა. დაახლოებით ამ დროს მე მივიღე თანამშრომლობის მოწვევა პროფ. ედვარდ კონდონისკგან, აშშ-ს სტანდარტების ეროვნული კომიტეტის დირექტორისა და კოლორადოს უნივერსიტეტის ე. წ. "კოლორადოს პროექტის" მეთაურისგან (იხ. "Наблюдения НЛО в СССР", т. 1).

რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული მიზეზების გამო შეუძლებელი იყო ლაპარაკი რაიმე თანამშროლმლობაზე, თანაც პროფ. ე. კონდონის წინადადება საკმაოდ არასერიოზული გახლდათ - რისი გამოკვლევა შეიძლებოდა სამი თვის განმავლობაში? თუმცა, თავის მოხსენებაში "ამო-ს მეცნიერული შესწავლა" (1969 წ.) კონდონი ახსენებს თავის ჩემდამი მოწერილ წერილს და "რუსების უარს" თანამშრომლობაზე. მომდევნო მოვლენებმა აჩვენა, რომ კონდონის "პროექტი" მიზნად ისახავდა არა იმდენად ამო-ს პრობლემის მეცნიერულ შესწავლას, არამედ მის დეზავუირებას საზოგადოებრივი აზრის თვალში. საბჭოთა უფიოლოგებთან საერთაშორისო კონტაქტის დამყარებას ეცადა პროფ. ჯ. მაკ-დონალდიც. 1968 წელს მისგან მივიღე წერილი, სადაც ჯ. მაკ-დონალდსი დამტვრეული რუსულით მაუწყებდა:


ამხანაგო ზიგელ!

"თანდართული წერილი ინგლისურ ენაზე შეიცავს ორ თეზისს:

1. მე უკვე წელიწადია ვმუშაობ "ამოუცნობი მფრინავი ნივთების პრობლემაზე" და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისინი რეალურია და შესაძლოა არამიწიერი წარმომავლობისაც იყოს. მე ვცდილობ დავაინტერესო მრავალი ამერიკელი მეცნიერი გამოიკვლიონ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა.

2. რადგან გაზეთში ვნახე თქვენი ნამუშევრები, ვისურვებდი მიმეღო გაზეთ "Смена"-ში ამო-ს თაობაზე გამოქვეყნებული თქვენი ამასწინანდელი სტატიის ასლი.

პატივისცემით: პროფ. ჯ. მაკ-დონალდი.

რა თქმა უნდა, მე გადავეცი მას სტატია ამო-ს შესახებ, რომელიც საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა (იხ. ჟურნალები: "Смена" №7, 1967 г.; "Байкал", №4, 1967 г.; "Техника молодёжи" №8, 1967 г. და "Вокруг Света" №1, 1968 г.)".

თუმცა, ჩვენი კონტაქტები მხოლოდ ამ სტატიებით შემოიფარგლა.

მომდევნო წლების განმავლობაში კ. ფონ კევიცკი გასაოცარი სიჯიუტით აგრძელებს გაერო-ს ხელმძღვანელობაზე "შეტევას", და დაბეჯითებით ითხოვს მისი წინადადებების მიღებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან მოკავშირეც კი იპოვა გრენადის პრემიერ-მინისტრ სერ ერიკ ჰეირის სახით. როგორც გაერო-ს სრულუფლებიანი წევრი, გრენადის სახელმწიფო უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს "იკუფონის" წინადადებას გაერო-ს ჩარჩოებში შეიქმნას დაწესებულება, რომელიც სერიოზულად შეისწავლიდა ამო-ს პრობლემის საკითხს.

მანამდე, სულ მცირე ხნით ადრე, კერძოდ, 1977 წლის 14 დეკემბერს, გაერო-ს შტაბ-ბინიდან ასოშიეიტედ პრესის სააგენტომ მსოფლიოში გაავრცელა შემდეგი სახის შეტყობინება: "გენერალურმა ასამბლეამ სამშაბათ აღნიშნა წინადადება ამო-ს შესწავლის შესახებ, მაგრამ მისი მოწონებისგან თავი შეიკავა".

ეს მოხდა იმიტომ, რომ გაერო-ს წევერბი ამო-ს მიიჩნევენ ისეთ საგნად, რომელიც განხილვად არ ღირს, - განაცხადა გრენადის ელჩმა ფრანკლინ დონალდმა. ის იყო ერთადერთი, რომელიც გამოდიოდა გენერალურ ასამბლეაზე ამო-ს საკითხებთან დაკავშირებით. უბრალოდ ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა მეტი დრო ამ ფენომენის შესასწავლად".

ასამბლეა ხმის მიცემის გარეშეც მოიწონებდა მოხსენებას, სადაც "მხედველობაშია მიღებული", და არა მოწონებული, გრენადის წინადადება იმის შესახებ, რომ გაერო-მ სხვდასხვა ქვეყნებისგან უნდა შეაგროვოს ამო-ს გარშემო არსებული დაკვირვებანი. ასამბლეა მიმართავს გაერო-ს სამდივნოს თხოვნით დაეგზავნოს გრენადის წინადადების ასლები გაერო-ს ყველა წევრ-ქვეყნის მთავრობებს, რათა მათ თავიანთი აზრი გამოთქვან ამ წინადადებაზე. შემდეგ კი მთავრობათა პასუხებს განიხილავს გაერო.

მაგრამ დონალდის გამოსვლა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისადმი დახმარების საკითხებზე დებატებში "ჩაიკარგა".

გრენადის პრემიერ-მინისტრმა ერიკ ჰეირი, რომელმაც თქვა, რომ ერთხელ უნახავს ამო, გაერო-ში თავისი კამპანია ორი წლის წინ (იგულისხმება წერილის ავტორის დრო - რედ.) წამოიწყო. ის გამოვიდა წინადადებით, რათა გაერო-ს 1978 წელი "ამო-ს წლად" გამოეცხადებინა.

ჰეირი უარყოფს ცინიკურ მინიშნებებს იმაზე, რომ ის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის რეკლამას ეწევა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ტურზმზე. მისი ერთ-ერთი ძირითადი წინადადება გახლდათ ის, რომ მას სურდა ამო-ს პრობლემის შემსწავლელი მსოფლიო კონფერენცია გრენადაში ჩატარებულიყო.

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და მსოფლიო პრესა შემოიარა შემდეგმა შეტყობინებამ:


გაგრძელება იქნება.


apocalypse.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий